[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

ღირსეული შრომის პლატფორმა გამოსახლებების შეჩერებას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩანიშნული გამოსახლების შემთხვევებს, სოლიდარობას უცხადებს გამოსახლების წინაშე მდგარ ოჯახებსა და დაკავებულებს და სახელმწიფოსგან გამოსახლებაზე მორატორიუმს ითხოვს, რომლის დროსაც შესაძლებელი გახდებოდა შესაბამისი კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირფესვიანი ცვლილება.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედი გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს უგულებელყოფს და უხეშად არღვევს გამოსახლების წინაშე მყოფი ადამიანების უფლებებსა და ღირსებას, რაც, 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის მკვეთრად ძალადობრივმა გამოსახლებამაც აჩვენა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უნდა მიიღონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ საცხოვრისიდან გამოსახლება თავიდან იქნას აცილებული. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლება გარდაუვალია, ეს პროცესი ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვით უნდა წარიმართოს, რაც, მათ შორის, სიცივესა და ზამთარში გამოსახლების აკრძალვასა და ძალის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. საერთაშორისო სტანდარტები ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ გამოსახლებამ ადამიანები უსახლკაროდ არ უნდა დატოვოს და შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მათ ღირსეული ალტერნატიული საცხოვრისი უნდა შესთავაზონ.

აღნიშნულის საპირწონედ, საქართველოში არსებული მდგომარეობა სავალალოა – სახელმწიფოს არ გააჩნია გამოსახლებისა და უსახლკარობის პრევენციული პოლიტიკა. სამწუხაროა, თუმცა, ფაქტია, რომ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო (უპირველესად, სასამართლო სისტემა) არ მსჯელობს გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების უსახლკარობის რისკებზე, მათ შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემის მიერ მოქალაქეების საჭიროებების უგულებელყოფას იწვევს.

უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ერთიანი საბინაო პოლიტიკის არარსებობის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დროებითი, გადატვირთული და, უმეტეს შემთხვევაში, არასათანადო სერვისების პირობებში, გამოსახლებული ოჯახები სახელმწიფოსგან ვერ იღებენ ადეკვატურ საცხოვრისს, რაც მათ უკიდურესი მოწყვლადობისთვის სწირავს.

სიტუაციას უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სიღარიბის მაღალი დონის გათვალისწინებით, ოჯახები სესხებს იღებენ, მინიმალური ბაზისური საჭიროებების (მაგ., ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა) დაკმაყოფილების გამო, მათ შორის, მევახშეებთან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, იღებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ჭარბვალიანობასა და ადამიანების კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას იწვევს. არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა, რაც ადამიანებს სესხის კაბალურ პირობებზე დათანხმებას აიძულებს, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში შრომის დაბალ ანაზღაურებასთან და შრომითი უფლებების დაუცველობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში იპოთეკურ სესხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო მტაცებლური დაკრედიტების პრევენცია. მეტიც, უკანასკნელი წლებში მევახშეობის პრაქტიკამ დიდწილად იატაკქვეშ გადაინაცვლა, რის გამოც მოვალეები კიდევ უფრო დაუცველები დარჩნენ.

გამოსახლებისა და ფულად-საკრედიტო სისტემების გამოწვევებთან ერთად, გვსურს, განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი კეკელიძის ქუჩაზე განხორციელებული გამოსახლების აგრესიულ და ძალადობრივ ხასიათს, რომლის დროსაც დააკავეს 20 აქტივისტი, ხოლო პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ზიანი მიადგათ. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურის საქმიანობის ხელშეშლასაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი აქტივისტის – გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას – დაკავება, მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ მხედველობაში მიიღოს აქტივისტების დაკავების გარემოებები, ადგილზე არსებული ვითარება და აქტივისტების მთავარი განზრახვა, შეწინააღმდეგებოდნენ გამოსახლების არაჰუმანურ და სასტიკ პრაქტიკას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღირსეული შრომის პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • გამოაცხადოს მორატორიუმი გამოსახლებებზე და ამ პერიოდში, ყველა დაინტერესებულ აქტორთან ერთად, იმუშაოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
  • გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები და შეწყვიტოს მათ მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

ხელმომწერები:

  • „ერთობა 2013“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
  • „სოლიდარობის ქსელი“
  • „გილდია“
  • „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“