[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

მშვიდობის პოლიტიკის ცვლილება ხელისუფლებების ცვლილების პარალელურად

სტატია მომზადებულია მშვიდობის პლატფორმის წევრის მიერ. მშვიდობის პლატფორმა აერთიანებს მშვიდობისა და კონფლიქტების თემით დაინტერესებული სტუდენტების/ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც სექტემბრიდან მარტის ჩათვლით მონაწილეობდნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ლექცია-დისკუსიებში.

1989-1991 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე მნიშვნელოვნად იმატა  ნაციონალისტურმა გზავნილებმა, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებდა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების როლსა და მათი ენების პრიორიტეტიზაციის საკითხს და ხელს უწყობდა მათ გაუცხოებას. ამ ფონზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომრავლდა სეპარატისტული განწყობები, რომლებიც მანამდე ათწლეულების მანძილზე რუსეთის ხელშეწყობით იკრებდა ძალებს. ენის საკითხი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ცხინვალისთვის, ვინაიდან მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულისა და რუსული ენების გარდა ოსური ენის ოფიციალურად ცნობა იყო, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა და იმით  დაასაბუთა, რომ სამხრეთ  ოსეთი იყო ოლქი, და არა ავტონომია (ზაქარეიშვილი 2024). ამ ნაბიჯმა და  მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიას მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებამ ოსეთში უკმაყოფილების კერები გაზარდა. მეორე მხრივ, აფხაზეთში „კანონების ომისა“ და ცენტრალური ხელისუფლების უყურადღებობის გამო, რაც ზამთრის გადატრიალებისგან იყო განპირობებული, მზარდი იყო სეპარატისტული მისწრაფებები (ხაინდრავა 2024). მსგავსი განწყობებისა და ერთგვარი დამაჩქარებელი მოვლენების ფონზე ქართულ და ოსურ მხარეებს შორის 1991 წელს და ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 1992 წელს შეიარაღებული კონფლიქტები დაიწყო.

1990-იან წლებში დაწყებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები დღემდე მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მრავალ ასპექტს. ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ ფონზე მთავარი პარადიგმა, რომელიც რუსული ოკუპაციისა და ეროვნული უსაფრთხოების უპირველესი საკითხის, − ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში ყალიბდება, სამშვიდობო პოლიტიკაა. თუმცა, მისი არაერთგვაროვნება და თითოეული ხელისუფლების პირობებში კონფლიქტის ტრანსფორმაციის ახლებური მცდელობები ჯერჯერობით კონკრეტული დადებითი დინამიკის საფუძველს არ იძლევა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრეს კომპონენტად სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა რჩება.

ჩვენი ნაშრომი ოთხ ნაწილად იყოფა და სამაგიდო კვლევის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას განიხილავს. კერძოდ, კვლევაში განხილული იქნება პოსტკონფლიქტების პერიოდში გამოყენებული პარადიგმები, მათი ცვლილება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2012 წლიდან პოლიტიკური დისკურსის განახლებასთან ერთად დანერგილი მიდგომები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიების დროს გაჟღერებული ნარატივები.

1992-2003 წლები

1992 წელს სამხრეთ ოსეთში და 1993 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტების დასრულების შემდეგ ქართულმა მხარემ სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებაზე დაიწყო მუშაობა, რასაც დამატებით ართულებდა ისეთი საშინაო და საგარეო საკითხები, როგორიცაა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, სოციო-ეკონომიკური პრობლემები, რუსეთის მისწრაფებები და დასავლეთის მხრიდან  კავკასიისადმი ინტერესის ნაკლებობა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვითარება არათანაბრად განვითარდა − თბილისმა პროგრესს მიაღწია სამხრეთ ოსეთის მიმართულებით კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა სხვაგვარი ვითარება იყო აფხაზეთში.

სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი

სამხრეთ ოსეთის მიმართულებით 1992 წელს, სოჭში, დაიდო ხელშეკრულება „ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ“ რომელსაც ხელი ბორის ელცინმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს. ხელშეკრულება მოიცავდა როგორც ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას, ისე ცხინვალში საქართველოს, რუსეთისა და ეუთოს ჯარების განთავსებას (შევარდნაძე და ელცინი 1992). უკანასკნელი კონფლიქტში სამშვიდობო მისიით ჩაერთო.

გარდა ამისა, შეიქმნა „შერეული საკონტროლო კომისია“, რომელშიც რუსეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მხარეები იქნებოდნენ წარმოდგენილი და იმუშავებდნენ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ თავდაპირველად მუშაობა  აქტიურად დაიწყო, აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის გამო პროცესი ერთი წლით შეჩერდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

1993 წლის სექტემბერში საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაზარალებული რაიონების ეკონომიკური აღდგენის შეთანხმებას და ეუთოს (იმ დროისათვის ეუთკ-ს) ეგიდით განახლდა კომისიის შეხვედრები. ჩამოყალიბდა მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, თბილისი − მოსკოვი − ცხინვალი − ვლადიკავკაზი (ზაქარეიშვილი 2024). ამ დროისათვის, რუსეთი ხელს არ უშლიდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვინაიდან ჩეჩნეთის ომის ფონზე რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდებოდა კავკასიაში კიდევ ერთი დაძაბულობის კერა.

1996 წლის მაისში ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ურთიერთნდობის განმტკიცებისთვის საჭირო ზომების შესახებ“ მემორანდუმს, რომლითაც გამოხატეს მზაობა გაძლიერებულიყო სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირები, გაგრძელებულიყო დემილიტარიზაცია და მოლაპარაკებები. ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ლუდვიგ ჩიბიროვი. მნიშვნელოვანია, რომ 1998 წელს საქართველოს საზღვრებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენის შესახებ ვერბალურ შეთანხმებასაც მიაღწიეს (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

1999 წელს ეუთომ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთი გამთლიანებული საქართველოს სუბიექტი გახდებოდა, თუმცა ოსურმა მხარემ მასზე უარი განაცხადა. სამუშაო გეგმა შეიმუშავა რუსეთმაც, რომელიც ფედერალისტურ წყობას მოიცავდა, თუმცა ქართული მხარე არ იყო თანახმა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

კიდევ ერთი ინიციატივა „ბადენის დოკუმენტი“ იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთის ავტონომიასა და თვითგამორკვევის უფლებას, ისევე, როგორც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას.  დოკუმენტს ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ხელი 2000 წელს მოაწერეს, თუმცა რამდენიმე ფაქტორის გამო მას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, კერძოდ, რუსეთმა საქართველოს პროდასავლური კურსის გათვალისწინებით საბოლოოდ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, პროცესების გაწელვა გამოიწვია იმანაც, რომ მხარეები ჩიბიროვის მეორე ვადით არჩევას ელოდებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტი სადავოდ ტოვებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის კონკრეტულ ფორმას (ზაქარეიშვილი 2024) (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

შეთანხმების ჩავარდნამდე ქართული და ოსური მხარეების თანამშრომლობით აღმოცენდა ერგნეთის ბაზრობა, რომელმაც ხელი შეუწყო მხარეებს შორის ურთიერთობების დათბობასა და ნდობის აღდგენას (გეგეშიძე 2024), თუმცა მეორე მხრივ, კონტრაბანდაში გარეული პოლიტიკოსებისათვის ხელსაყრელი იყო ლეგალური მხარის რეგულაციის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, ერგნეთის ბაზრობას ექსპერტები კონფლიქტის ტრანსფორმაციის წარმატებულ მცდელობად აფასებენ.

საბოლოოდ, 2000-2003 წლებში, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიყინა, რის მიზეზებადაც შესაძლოა მივიჩნიოთ ჩიბიროვის ნაცვლად დე ფაქტო ლიდერად ედუარდ კოკოითის არჩევა, რომელსაც სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთის პოლიტიკის ცვლილება და საქართველოში აღმოცენებული საპროტესტო ტალღა.

აფხაზეთი

1993 წლის შემდეგ აფხაზეთში სიტუაცია უფრო რთულად წარიმართა. ამავე წლის 1 დეკემბერს გაეროს ეგიდით აფხაზური და ქართული მხარეები შეხვდნენ ჟენევაში და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც უზრუნველყოფდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ძალის გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, დაიდო ორი დოკუმენტი, რომლებიც აწესრიგებდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტს და ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობით დაბრუნებას (ხაინდრავა და გეგეშიძე 2011).

1994 წლის მაისში მოსკოვის შეთანხმება დაიდო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ძალების დაშორიშორებას ეხებოდა, ვინაიდან, მიუხედავად მასობრივი დაპირისპირებების შეწყვეტისა, მხარეებს შორის გრძელდებოდა პარტიზანული შეტაკებები. შევარდნაძემ დიპლომატიურ საშუალებებს მიმართა და დსთ-ს ფარგლებში მოახერხა ის, რომ დაემტკიცებინა დსთ-ს სამშვიდობო ოპერაცია, თუმცა სამშვიდობო ძალების გაგზავნის სურვილი მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა, რაც თავისთავად პრობლემური იყო ქართული მხარისთვის (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

1995 წელს კონფლიქტში კიდევ უფრო გაიზარდა გაეროს როლი, რომლის გენერალურმა მდივანმაც საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი მიავლინა. ამავდროულად, მოლაპარაკებების ფლანგზე გამოჩნდა „საქართველოს მეგობართა ჯგუფიც“, რომელშიც აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო შედიოდნენ (Coppieters 2004). ამავე წელს ჩავარდა ოქმი, რომელიც აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა შეიმუშავეს და რომლის მიხედვითაც მხარეებს უნდა შეექმნათ ერთიანი ფედერაციული სახელმწიფო. აფხაზეთმა მიიღო გარანტია, რომ არ ექნებოდა იმაზე დაბალი სტატუსი ვიდრე სსრკ-ს ფარგლებში ჰქონდა, თუმცა აფხაზურმა მხარემ შეთანხმებაზე საბოლოოდ უარი თქვა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

1997 წელს აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა რუსეთისა და გაეროს ჩართულობით ახალი ოქმი შეიმუშავეს, რომელშიც ერთიანი ფედერაციის ნაცვლად გაჩნდა ცნება საერთო ფედერაციის შესახებ, თუმცა მის ხელმოწერაზე უარი ქართულმა მხარემ თქვა რუსეთისადმი ეჭვებისა და კონცეფციის ბუნდოვანების გამო. ამავე წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ვლადისლავ არძინბა, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ჩაიყვანა, თუმცა მისი და შევარდნაძის საუბარიც უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ გაეროს ჩართულობით ჩამოყალიბდა ორმხრივი საკოორდინაციო კომისია, რომელსაც ზურაბ ლაკერბაია ხელმძღვანელობდა და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის მცირე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, ხოლო ჟენევაში ორ მხარეს შორის მაღალი დონის შეხვედრები დაიწყო, რომელსაც რუსეთი, ეუთო და მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ესწრებოდნენ (ხაინდრავა და გეგეშიძე 2011).

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისათვის რუსეთის მიერ საქართველოს დახმარება აფხაზეთთან მოლაპარაკებებში გამომდინარეობდა იქიდან, რომ რუსეთს ჩრდილოეთ ოსეთში სამხედრო კვოტებისთვის საქართველო სჭირდებოდა.  გარდა ამისა, საქართველომ კვლავ მიმართა დიპლომატიის გზას და რუსეთი დსთ-ს მიერ აფხაზეთის სანქცირებაზე დაითანხმა (გეგეშიძე 2024).

1998 წელს გალის რაიონში ქართველი პარტიზანებისა და აფხაზების შეტაკება მოხდა, რამაც გაზარდა უნდობლობა მხარეებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ 1999 წელს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო აქტი სუვერენიტეტის შესახებ (ხაინდრავა 2024), რის შემდეგაც, კვლავ გაეროს ეგიდით, მხარეებს შორის „ნდობის აღდგენის“ შეხვედრები დაიწყო.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სამხედრო პროვოკაციები, რომლებიც 2001 წელს ჩეჩენი რუსლან გელაევის კოდორის ხეობაში ქართველთა მხარდასაჭერად შესვლით დაგვირგვინდა, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მხარეებს შორის ნდობა სრულიად გააქრო. უნდობლობისაა და ცივი ურთიერთობის, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორისაა, გამომწვევი ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი სწორედ კონფლიქტის ტრანსფორმაციის მცდელობების ნაკლებობაც იყო. მაშინ, როდესაც ერგნეთის ბაზრობა ოსურ და ქართულ საზოგადოებებს საერთო საზრუნავს უქმნიდა, აფხაზეთი უფრო და უფრო უცხოვდებოდა მისგან.

2001 წელს გამოქვეყნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც „ბოდენის დოკუმენტის“ სახელითაა ცნობილი, სადაც განხილულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ჩარჩო. თუმცა, დოკუმენტი მხოლოდ ზოგადი დებულებებით შემოიფარგლებოდა და ნახსენები იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა აფხაზეთის სუვერენულობა და საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო. აფხაზებმა უარის თქმის საფუძვლად მიიჩნიეს ის, რომ რუსეთი არ იღებდა პასუხისმგებლობას მხარეებზე მოეხდინა ზეწოლა ვალდებულების შესასრულებლად. გარდა ამისა, დოკუმენტი არ მოიცავდა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ორივე მხარისთვის მიუღებელი იყო. ამავე პერიოდში დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა, რამაც მათი უმრავლესობა, აფხაზურ კანონში ჩაწერილი განსაზღვრების მიხედვით, ორმაგ, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებად აქცია (მჭედლიშვილი 2003).  მოგვიანებით რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა. ბოდენის დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ არსებული სტაგნაცია 2003 წლის თებერვალში „ჟენევის მეორე პროცესის“ დაწყებამ დაასრულა, რასაც მომავალ თვეში მოჰყვა შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა სოჭში, რომლის ფარგლებშიც მხარეები სიტუაციის განმუხტვაზე, თბილისი-სოჭი რკინიგზის აღდგენასა და დევნილების დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ თუმცა საქართველოში მომხდარმა რევოლუციამ სურათი მთლიანად შეცვალა  (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

2003-2012

სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი

თანამედროვე საქართველოში 2003 წელს ახალი პოლიტიკური ეტაპის ათვლა დაიწყო. „ვარდების რევოლუციამ“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ კორუფციისა და კონფლიქტებისგან დაღლილ ქვეყანაში ახალი იმედი გააჩინა და, შესაბამისად, − ახალი მოლოდინებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. მით უმეტეს რომ, 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, მან უმთავრეს პრიორიტეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაისახა. თუმცა, პირველი ნაბიჯები, რომელიც ახალი მთავრობის მიერ კონფლიქტის მოგვარებისკენ გადაიდგა, მშვიდობაზე მეტად სახელმწიფოს მშენებლობაზე იყო ორიენტირებული. კერძოდ, 2004 წლის 31 მაისს ახალი მთავრობის შს მინისტრის მიერ ერგნეთში ანტიკონტრაბანდული ოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ერგნეთის ბაზარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერების შემოსავლის მთავარ წყაროდ იყო ქცეული. ამრიგად, ბაზარი, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების დამყარებაში/გამყარებაში კრიტიკულ როლს თამაშობდა, ხელისუფლების განმტკიცებას შეეწირა. მომდევნო პერიოდში ეს ამბავი ოსებში ანტიქართული განწყობების გაძლიერებისა და შეიარაღებული დაპირისპირებების გამომწვევ მიზეზად იქცა მანამ, სანამ 2004 წლის აგვისტოში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდებოდა (Human Rights Watch 2009).

ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა დაიწყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამავე წლის სექტემბერში ახალი გეგმა წარადგინა: „დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი „ეტაპობრივი მოგვარების გეგმის“ იდეა, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების დაჩქარებისთვისაა შექმნილი“ − განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე (United Nation 2004). გეგმა სამი ეტაპისგან შედგებოდა: 1. ურთიერთნდობის აღდგენა ადამიანურ და პროფესიულ კავშირებზე დაფუძნებით, საზოგადოებების მეტი სეგმენტის ჩართულობით; 2. ურთიერთნდობის შენების პარალელურად კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია, შიშით სავსე კლიმატის გაქრობა და ადგილობრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კონფლიქტურ რეგიონებში (მონიტორინგი და გამჭვირვალობა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით); 3. კონფლიქტური რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება ენისა და კულტურის დაცვის, თვითმმართველობის გარანტირების, ფისკალური კონტროლისა და ცენტრალურ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის თვალსაზრისით (United Nation 2004). 5 ნოემბერს უკვე დაიწყო მხრივ ნაბიჯების გადადგმა გეგმის შესასრულებლად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიასა და დე ფაქტო ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის შეხვედრა გაიმართა რეგიონის ეტაპობრივი დემილიტარიზაციის, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური პროექტების განხორციელების განსახილველად. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის იანვარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამეტაპიანი გეგმის განახლებულ ვარიანტზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ისაუბრა და ცხინვალის რეგიონს კონსტიტუციით გარანტირებულ ფართო ავტონომიას დაჰპირდა წარმომადგენლებით ცენტრალურ სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში. ამასთანავე, განხილული იყო დევნილების დაბრუნების ხელშეწყობა და რესტიტუციის კანონი ომით გამოწვეული ზიანის კომპენსაციისთვის, მშვიდობის გარანტორად კი ევროკავშირი, მონიტორად − ეუთო იყო მიჩნეული (Peuch 2005). მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში მხოლოდ ეკონომიკური ინიციატივები ხორციელდებოდა, ხოლო კონფლიქტურ რეგიონში ადგილობრივი უსაფრთხოება მყიფე იყო (მაგალითად, 2005 წლის ტერაქტი გორში), რაც მხარეებს შორის პოლიტიკური უნდობლობის გაღრმავებას უწყობდა ხელს (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

2006 წლიდან კი კონფლიქტის განზომილება სრულად შეიცვალა. კერძოდ, შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს შსს-მ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამსახურის 4 ოფიცერი და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გადაბირებული საქართველოს 12 მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დემონსტრაციულად დააკავა და ქვეყნიდან გააძევა (წამალაშვილი 2006), რუსეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, საკონსულომ ქართველებისთვის ვიზების გაცემა  შეწყვიტა და 2000-ზე მეტი ქართველი გამოიდევნა რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით (ჩიჩუა, დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები 2019). საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კრიზისმა კონფლიქტის ფოკუსი ქართულ-ოსური განზომილებიდან ქართულ-რუსულ განზომილებაში გადაიყვანა. პარალელურად, სააკაშვილის ხელისუფლებამ რეგიონში თბილისის მიერ კონტროლირებად ქართულ-ოსურ სოფლებში ალტერნატიული არჩევნები ჩაატარა კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობისთვის მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრის შესაქმნელად. ერთ-ერთ ინტერვიუში 2011-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოებისთვის იყო მინიშნება, რომ კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის არ არსებობდა და მთავარი მხარე რუსეთი იყო. 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს და ერთ-ერთ მიზნად ქართულ-ოსური სამშვიდობო პროცესების რეფორმა იქცა. თუმცა, უკვე დაძაბული ურთიერთობის, მოგვიანებით კი, ახალი საერთაშორისო კონტექსტის ფონზე, კერძოდ, საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისა და კოსოვოს საკითხის შედეგად,  ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმები სრულად მოიშალა და ლოკალური სამხედრო პროვოკაციები სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

აფხაზეთი

სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეგულირების  სამშვიდობო პოლიტიკა არათანმიმდევრულობით გამოირჩეოდა. თავდაპირველად, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში თითქოს ამ კონფლიქტის თვალსაზრისითაც გაჩნდა იმედები. მით უმეტეს, რომ 2004 წელს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გოგა ხაინდრავა დაინიშნა, რომელიც აფხაზეთში უკვე სარგებლობდა გარკვეული ნდობით. ამასთანავე, მხარეებს შორის ჟენევაში მიმდინარეობდა ოფიციალური შეხვედრები გაეროს ეგიდით (Civil.ge 2005). ოფიციალური მოლაპარაკებების პარალელურად სამშვიდობო პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა „შლაინინგის პროცესის“ ფარგლებში მიმდინარე არაფორმალური, სამოქალაქო დიალოგის ფორმატიც. ამ უკანასკნელის წყალობით ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს კონფიდენციალურად, ყოველგვარი მესამე მხარის გარეშე, საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის საშუალება ეძლეოდათ (ზაქარეიშვილი 2008, 1). აღსანიშნავია, რომ 2005 წლის ივლისში გამართულ ამგვარ შეხვედრაზე მხარეები კონფედერაციის შექმნაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, გიორგი ვოლსკის (კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2004-2006 წლებში) თქმით, აფხაზურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერის გარანტიად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლის ალასანიას ჩასვლა მოითხოვა. ალასანიამ თანხმობა განაცხადა, თუმცა ვენაში პრეზიდენტ სააკაშვილის უარის გამო არ ჩავიდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).  მსგავსი ქმედებები ცხადად მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში აფხაზეთის რეგიონში კონფლიქტის რეგულირების თაობაზე კოორდინაცია არ არსებობდა.

მიუხედავად ყველაფრისა, სამშვიდობო პოლიტიკა ურთიერთნდობის გაღრმავებაზე კვლავ კონცენტრირდებოდა და ამის ნათელი მაგალითია ირაკლი ალასანიასა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის შეხვედრა, სადაც მხარეებს შორის ძალის არგამოყენებასა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების შესახებ დაიდო ხელშეკრულება. მხარეები საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზეც შეთანხმდნენ (United Nations Security Council 2006, 1). პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 2006 წლის 9 ივნისს წარდგენილი „საგზაო რუკა“ (რომელიც მანამდე სერგეი შამბას მიერ წარდგენილი „მომავლის გასაღების“ საპასუხო დოკუმენტი იყო). თბილისის გეგმის მიხედვით, „კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარება ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში“ და გეგმაში უპირველესად განხილული იყო აფხაზეთისა და მისი ავტონომიის სტატუსის საკითხი (Civil.ge 2006), ანუ კონფლიქტის ტრანსფორმაცია ქართული მხრისთვის სტატუსის განსაზღვრით უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამგვარი მიდგომისა, სამშვიდობო ურთიერთობის მთავარ წყალგამყოფად მაინც 2006 წელს კოდორის საკითხი იქცა, როდესაც ქართულმა მხარემ სტრატეგიულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა. აქ ქართველი სამხედროების შეყვანა სოხუმის მიერ აგრესიად (1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევად) შეფასდა (United Nations Security Council 2006, 3) და აქამდე მიღწეული ყველა მინიმალური პროგრესი გაუფასურდა.

ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო კონტექსტის ცვლილებამ. როგორც უკვე აღინიშნა, 2006 წლიდან ქართულ-რუსული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა, ამის საპირწონედ კი საქართველომ მნიშვნელოვნად დაიწყო დასავლური ინტეგრაციისკენ სვლა. შედეგად, აფხაზეთის კონფლიქტსაც ჩამოშორდა ქართულ-აფხაზური განზომილება და მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჩარჩოში დაიწყო ჩამოყალიბება. ამაზე მიუთითებდა ისიც, რომ 2007 წელს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მცდელობით დანიშნული მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებით შედეგს არ იძლეოდა (United Nations Security Council 2007, 2). “ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების ხელმეორედ არჩევის შემდეგ, 2008 წლის მარტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვლავ წარადგინა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელიც საქართველოს შიგნით აფხაზების შეუზღუდავ ავტონომიას, ცენტრალურ ხელისუფლებაში აფხაზი წარმომადგენლების არსებობას, აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეტოს უფლებასა და გალსა და ოჩამჩირეში ახალ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოიაზრებდა (Civil.ge 2008). სოხუმმა გეგმა არ მიიღო. როგორც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, სააკაშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა საინტერესო ინიციატივებს მოიცავდა, თუმცა, არ ასახავდა რეალობას და არ ითვალისწინებდა იმ დაძაბულობას, რაც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მკვეთრად შეიმჩნეოდა.

სამშვიდობო პოლიტიკაში კიდევ ერთი მცდელობა „შტაინმაიერის გეგმა“ იყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 30 ივნისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე სამნაბიჯიანი გეგმა წარადგინა: 1. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ისეთი ქმედებები, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება და დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება; 2. აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია საერთაშორისო დონორების ჩართულობით; 3. მოლაპარაკებების გზით აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა (ჩიჩუა, შტაინმაიერი და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა უკრაინისთვის. საქართველოსთვის? 2019). სააკაშვილის მიერ წარდგენილი გეგმის მსგავსად, ეს ფორმულაც არ ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემებს: კოდორის ხეობიდან ქართული სამხედროების გაყვანასა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით გაზრდილი სამშვიდობო ძალების შედეგად შექმნილ დაძაბულობას (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი

12 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შემდეგ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები დასრულდა (რეხვიაშვილი 2010). თანამედროვე საქართველომ ახალ პოლიტიკურ კონტექსტში დაიწყო ადაპტირება და სამშვიდობო პოლიტიკაც ამ ფონზე წარიმართა. ახალ რეალობაში სამშვიდობო პროცესები მხოლოდ ქართულ-რუსულ განზომილებაში მიმდინარეობდა. ამაზე მიუთითებს 2008 წელს საქართველოს მიერ დადგენილი მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, სადაც რუსეთი არა მხარეებს შორის შუამავალს, არამედ უკვე მხარეს წარმოადგენდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). იმის ფონზე, რომ რუსეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6 პუნქტს არ ასრულებდა და დამატებით, კონფლიქტის რეგიონებში პოლიტიკურ-სამხედრო პოზიციებს იმტკიცებდა და საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმურობისთვის იბრძოდა, საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს რუსეთის მიერ დე-ფაქტო რეჟიმების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პასუხად  შეიმუშავა ე.წ. არაღიარების პოლიტიკა. კერძოდ, გაეროს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პრევენცია (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ მიიღო სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რაც, თავის მხრივ, ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობებზე დაფუძნებულ, „ადამიანზე ორიენტირებულ“ ტრანსფორმაციას გულისხმობდა. უფრო კონკრეტულად კი, 3 ივლისს დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, გეგმა 4 განზომილებას მოიცავდა: ჰუმანიტარულს (ჰუმანიტარული დახმარება და სტიქიური უბედურებების დროს თანამშრომლობა კონფლიქტურ რეგიონში); ადამიანურს (საზოგადოებებს შორის ურთიერთობების აღდგენა, კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ახალგაზრდული აქტივობები და სხვა); სოციალურს (აფხაზებისა და ოსებისთვის ქართულ ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომა); ეკონომიკურს (ერთობლივი წარმოება, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა). გეგმა 7 მექანიზმის საშუალებით უნდა განხორციელებულიყო (Civil.ge 2010). იგი თავის თავად რთულად შესასრულებელ ეტაპებს მოიცავდა, მაგრამ მხარეებს შორის არსებული გაუცხოების გათვალისწინებით, კეთილდღეობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითა და რეალური ვალდებულებების აღებით,  სახელმწიფო სტრატეგია სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტი  იყო. თუმცა, ომის საკითხი ჯერ კიდევ მოუნელებელ ჭრილობად რჩებოდა და დე ფაქტო რეჟიმებმა სტრატეგია პოლიტიკის რადიკალური ცვლილების მცდელობად ვერ აღიქვეს (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). შესაბამისად, ინიციატივის უდიდესი ნაწილი განუხორციელებელი დარჩა, კონფლიქტების დარეგულირების დიდი იმედით მოსულმა „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ კი მმართველობა ჩიხში შესული სამშვიდობო პოლიტიკით დაასრულა.

2012-2023

„ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა უკრაინის ომამდე

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ სამშვიდობო პოლიტიკა თავდაპირველად მეტწილად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ორიენტირდა. წინასაარჩევნო კამპანიაშიც კოალიცია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობდა, რისთვისაც ახალი ფორმატი იყო საჭირო. კერძოდ, 2012 წლის დეკემბერში შვეიცარიაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მონაწილეობით − „პრაღის ფორმატი“ (იგივე „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“). ფორმატში ძირითადად ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დღის წესრიგში არ აყენებდა  (პერტაია 2024). ამ უკანასკნელის განხილვის ერთადერთ ფორმატს კი კვლავ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები წარმოადგენდა. ამრიგად, „ქართულმა ოცნებამ“ „პრაღის ფორმატის“ პარალელურად სამშვიდობო პოლიტიკაზე მუშაობა კვლავ ჟენევის ფორმატის კონტექსტში დაიწყო (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

ამ პირობებში ახალმა მთავრობამ მიზნად დაისახა კონფლიქტის ტრანსფორმაცია ისე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გავლენა შეემცირებინა და ერთი კონფლიქტიდან (ქართულ-რუსული) კონფლიქტების (ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, ქართულ-რუსული) განზომილებაში გადასულიყო. ამ მიმართულებით გადაიდგა კიდეც გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად შესთავაზა აფხაზეთსა და ცხინვალს დაეწყოთ პირდაპირი დიალოგი, ხოლო 2014 წელს „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი“ „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატით“ ჩანაცვლდა  (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). თუმცა, კონფლიქტურ რეგიონებში რუსული ოკუპაცია ავტომატურად ნიშნავდა საქართველოს ხელისუფლების კრიზისულ და არა პროაქტიულ, არამედ რეაქციულ რეჟიმში ყოფნას. შესაბამისად, ახალი ინიციატივების მიუხედავად, სამშვიდობო პოლიტიკაში სისტემური ცვლილება შეუძლებელი ჩანდა.

სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც 2013 წელს რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონის გასწვრივ მავთულხლართების ინტენსიური მონტაჟით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყეს  (gfsis.org.ge 2022), იმატა გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების უკანონო გატაცებების/დაკავებების ფაქტებმაც, რაც დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამრიგად, კიდევ ერთხელ ჩიხში შესული სამშვიდობო პოლიტიკა, როგორც წარსულში, ახლაც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე რჩებოდა. თუმცა, 2013 წლიდან ამ მხრივაც შეიცვალა სიტუაცია. კერძოდ, უკრაინის კრიზისი და სირიის სამოქალაქო ომით გამოწვეული მოვლენები რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს კონფლიქტებს უკანა პლანზე წევდა. რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გარდა, სამშვიდობო პოლიტიკაზე შიდა-კოალიციური კონსენსუსის არარსებობა „ქართულ ოცნებას“ სტატუს კვოს პირობებში (არაღიარების პოლიტიკის) ფუნქციონირებას ავალდებულებდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018).

2014 წელს სამშვიდობო პოლიტიკის ცვლილების ჭრილში ახალი იმედი გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებსა და ოსებს იმ დადებითი მხარეებით სარგებლობა შესთავაზა, რასაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებდა (interpressnews.ge 2014). საპასუხოდ, რუსეთმა აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“, ცხინვალთან კი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულებები გააფორმა − ეს დიპლომატიური დარტყმა და კონფლიქტური რეგიონების დე ფაქტო ანექსიის ნიშანი იყო, რადგან ხელშეკრულებები მხარეების კანონმდებლობის, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ჰარმონიზაციას ითვალისწინებდა (აბრამაშვილი და ქოიავა 2018). დროთა განმავლობაში კონფლიქტები უფრო და უფრო „გაყინულ“ ფაზაში შევიდა, დამძიმდა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებრივი/სოციალური მდგომარეობაც, რაც მეტწილად გადაადგილების თავისუფლების მხრივ არსებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლებას გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მწვავე პრობლემა მოჰყვა, რაც ამ რეგიონებში დასახლებულ ადამიანებს ჰუმანიტარულ კრიზისს უქმნის − გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია ოჯახების დაშორება, იმგვარ საარსებო რესურსებზე წვდომის წყვეტა, როგორიცაა ჯანდაცვა, სამუშაო ბაზარი, განათლება, რაც კონფლიქტის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საარსებო პირობების მნიშვნელოვნად აუარესებს (ფეირლი ჩაპიუსი 2025).

ხელისუფლება ეყრდნობოდა ჯერ კიდევ 2010 წელს შემუშავებულ სამშვიდობო პოლიტიკას − ჩართულობის სტრატეგიას, რაც წლების განმავლობაში მხარეებს შორის შეცვლილი (მეტწილად გაუარესებული) ურთიერთობის, ახალი მთავრობის პირობებში რუსეთისადმი ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ახალი კრიზისების შექმნის პირობებში რელევანტურობას კარგავდა. შედეგად, ბევრი მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ კოალიციამ პირველი 4-წლიანი მმართველობა რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაასრულა.

თუმცა, აღსანიშნავია რომ, მიუხედავად სამშვიდობო პოლიტიკაში რაიმე სახის ძირეული ცვლილების არარსებობისა, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს 2018 წელს მიღებული პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს უკანასკნელი ასახავს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიდგომას „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომობის, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ“. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან დაბრკოლებებთან. ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა, რასაც ყველაზე ცხადად გალის რაიონში ვხედავთ, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მეტად მოწყვლად და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ „საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მეორე სახელმწიფო ენის შენარჩუნება და დაცვა, რაც გულისხმობს როგორც აფხაზური ენის ცოდნისა და შესწავლის ხელშეწყობას, ისე აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის კვლევას და შემდგომ განვითარებას. აღნიშნული მიდგომა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ნაწილია და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის მიმართულებით“ (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2014).

„ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში უნდა აღინიშნოს IPRM ფორმატიც. კერძოდ, IPRM ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმია, რომლის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება 2009 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე იქნა მიღებული. IPRM ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა და მის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრისთვის. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის ხშირი შემთხვევების გათვალისწინებით, IPRM ფორმატი კრიტიკულ მექანიზმს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში, გალში IPRM მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ერგნეთში დღემდე ფუნქციონირებს და კონკრეტული გადაუდებელი შემთხვევების მოგვარებას ემსახურება (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი n.d.)

„ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ

მომდევნო წლებში ქართული მხარე ნაკლებად აქტიურობდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან მიმართებით, თუმცა კანონზომიერება, რომელიც ამ პერიოდში გამოიკვეთა, აჩვენებს, რომ კონფლიქტური რეგიონების ჭრილში ამოცანებს უშიშროების სამსახური სახავდა, რომელსაც ის პარლამენტს წარუდგენდა, მაშინ, როდესაც მიღებული პრაქტიკის მიხედვით პროცესი საპირისპიროდ უნდა წარმართულიყო. გარდა ამისა, 2022 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ომის ტრავმებით მანიპულირება და არგაღიზიანების პოლიტიკა გააძლიერა − საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და საზოგადოებასთან კიდევ ერთი ომის, „მეორე ფრონტის გახსნის“ საშიშროების შესახებ დაიწყო საუბარი, რომლისკენაც ქართულ ხელისუფლებას, მათი თქმით, დასავლეთი უბიძგებდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო, რითაც პირდაპირ გაიმეორა რუსული პროპაგანდა ომთან დაკავშირებით  (Netgazeti 2023).

სიჩუმის გარღვევა და რიტორიკის დრამატული ცვლილება ქართულმა საზოგადოებამ 2024 წელს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში იხილა, როცა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გამოსვლებში მშვიდობის იდეასა და ბოდიშის მოხდაზე დაიწყო საუბარი.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გამოსვლებისას ხშირად ახსენებდა

მშვიდობის იდეას, რომლის ერთადერთ გარანტად „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებობს აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს: „ქვეყნის ომის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებული ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ. რაც პირდაპირ ნიშნავს ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას“ (ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა რაჭაში 2024). თუმცა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მთავარი გზავნილი 14 სექტემბრის გორში გამოსვლაში გამოჩნდა, რამაც ქართული საზოგადოების შეშფოთება  გამოიწვია: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ (პირველი არხი 2024). ამით მმართველმა პარტიამ, ფაქტობრივად, ომის დაწყების პასუხისმგებლობა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას დააკისრა და სრულიად უგულებელყო რუსეთის როლი.

მართალია, უშუალოდ ბოდიშის მოხდის იდეა ხშირად აღარ განმეორებულა საზოგადოების მკვეთრი უარყოფითი რეაქციის გამო, რიტორიკა სხვა გამოსვლებშიც უცვლელი დარჩა - მაგალითად, 10 ოქტომბერს, აჭარაში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ „2008 წლის ღალატი“ და მის მსგავსად ქვეყნის ომში ჩათრევის განმეორებითი მცდელობა (bm.ge 2024). შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიებსა და 2022-2024 წლების პოლიტიკურ ველზე მთავარი ცნება “ქართული ოცნებისთვის“ მშვიდობა გახდა, რომლითაც ისინი სპეკულირებდნენ როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებთან კავშირში, აფერხებდნენ ევროინტეგრაციას და საქართველოს პარტნიორებს ახალი ომის კერის გახსნის ჩანაფიქრში ადანაშაულებდნენ. პარტიის თქმით, დასავლეთი ამისთვის ქართულ ოპოზიციასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდა.

მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები ივანიშვილის ამ რიტორიკას გამოეხმაურნენ − აფხაზურმა მხარემ „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოიწონა, თუმცაა მისი „რეალური ნაბიჯებით გამყარებაზე“ ისაუბრა, ხოლო ოსურმა მხარემ მსგავსი განცხადებები საარჩევნო ციკლს დაუკავშირა და, ისევე, როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, საქართველოს მხრიდან „პრაქტიკული ნაბიჯები მოითხოვა“ (civil.ge 2024).

2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2025 წელს “ქართული ოცნების“ პარლამენტმა შექმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია,“ რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდს შეისწავლის (რადიო თავისუფლება 2025) და კონფლიქტებთან მიმართებით პრიორიტეტად 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აქცევს. პარალელურად, პარტიის მხრიდან არ იკვეთება მიზნობრივი ნაბიჯები ოკუპაციის პირობებში ქართული სტრატეგიის შემუშავების კუთხით − მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ახალ სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დოკუმენტის მიღება ომის დასრულებამდე გადადო არასტაბილური გარემო-პირობების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ მსგავსი დოკუმენტების არსი სწორედ ახალი პოლიტიკური კონტექსტის გააზრება და მასზე დაყრდნობით განახლებული შესაძლებლობებისა თუ დაბრკოლებების ძიებაა.  გარდა ამისა, კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია 2010 წლის შემდეგ არ განახლებულა, მიუხედავად მისი დინამიკური ხასიათისა, და, შესაბამისად, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წლების განმავლობაში იკვეთება, ამავე პრობლემას აწყდება ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ვერ განსაზღვრავს ეფექტურ ნაბიჯებს დეოკუპაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

დასკვნა

შეიარაღებული კონფლიქტების დასრულების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა მთავრობის პირობებში მნიშვნელოვნად იცვლებოდა სამშვიდობო პოლიტიკა. თავდაპირველად, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, მიუხედავად ორი კონფლიქტის არათანაბრად განვითარებისა, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მრავალფეროვან ხერხებს მიმართა სიტუაციის სიმძიმის შესამცირებლად, მათ შორის − დიპლომატიას, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მცდელობას სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, სანქციებისთვის ბრძოლასა და სხვადასხვა ფორმის მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საზოგადოებაც ასრულებდა, როგორც კონკრეტული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებით. მიუხედავად კონკრეტულ შემთხვევებში მიღწეული წარმატებებისა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობა სამშვიდობო პოლიტიკის ხელშესახები პროგრესის გარეშე დასრულდა, რაც გამოწვეული იყო როგორც რუსეთის ცვალებადი პოლიტიკითა და კონფლიქტის რეგიონებში დე-ფაქტო ხელისუფლებების ცვლილებებით, ისე გეოპოლიტიკური მდგომარეობის არასტაბილურობითაც.

2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ სამშვიდობო პოლიტიკის ცვლილების მხრივაც გააჩინა იმედები. სააკაშვილის ხელისუფლებაში ჭარბად არსებობდა ინიციატივები, რომლებიც კონფლიქტის რეგულირების/ტრანსფორმაციისკენ იყო მიმართული, თუმცა სამოქმედო გეგმებში წარმოდგენილი ნაბიჯები არ ასახავდა რეალობას და უგულებელყოფდა უსაფრთხოების მხრივ იმ მყიფე მდგომარეობას, რაც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და, რაც მთავარია, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შეიმჩნეოდა. 2008 წელს საერთაშორისო გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებისა და აგვისტოს ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მრავალი საინტერესო ინიციატივის, საერთაშორისო ჩართულობისა, თუ სამშვიდობო პოლიტიკაში შემჩნეული პროგრესის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მმართველობა ოკუპირებული რეგიონებისადმი ჩიხში შესული პოლიტიკით დაასრულა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, 2012 წელს კოალიციის გამარჯვების შემდეგ, სამშვიდობო პოლიტიკამ განზომილება შეიცვალა და მეტწილად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ფოკუსირდა, რისთვისაც უკვე არსებულ ან/და ახალ ფორმატებს იყენებდა, თუმცა კონფლიქტურ რეგიონებში რუსული ოკუპაციის ფონზე კოალიციურ ხელისუფლებას მუდმივად კრიზისულ და რეაქციულ რეჟიმში უწევდა ოპერირება. ამას ემატებოდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ აქტიური პროცესი და კონფლიქტურ რეგიონებთან შექმნილი უსაფრთხოების კრიზისიც, რის შედეგადაც, „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა, ძირითადად, დამოკიდებული გახდა საერთაშორისო თანამეგობრობაზე. თუმცა გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად კონფლიქტური რეგიონებისადმი მიმართული სამშვიდობო პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და „ქართულმა ოცნებამაც“ მმართველობის პირველი ნახევარი ძირეული ცვლილებების გარეშე დაასრულა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამშვიდობო პოლიტიკაზე ფოკუსირების ნაკლებობა მანამდეც იკვეთებოდა, მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყდა ამ საკითხზე ოფიციალურ დონეზე მუშაობა და იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე მთავრობის მიდგომებშიც ცვლილებები შესულიყო, „ქართული ოცნება“ სრულად დაეყრდნო 2010-იანი წლების დასაწყისში მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს. 2022 წლიდან მთავრობის წარმომადგენლები ოკუპირებულ რეგიონებზე მხოლოდ მორიგი ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის დამყარების კონტექსტში საუბრობდნენ, რაც მიზნად კონფლიქტით ტრავმირებულ საზოგადოებაში შიშის გაღვიძებასა და ამით მანიპულაციას ისახავდა მიზნად.

საბოლოოდ, აშკარაა მშვიდობის პოლიტიკის ცვლილება ხელისუფლებების ცვლილების პარალელურად, თუმცა კონფლიქტებისადმი არასაკმარისად სიღრმისეული მიდგომის გამო, არც ერთი მმართველი პარტიის პირობებში სახეზე არ ყოფილა რაიმე ხელშესახები პროგრესი, რომლითაც კონფლიქტების მოგვარების ან/და ტრანსფორმაციის ძალისხმევა შემდეგ ეტაპზე გადავიდოდა.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

რადიო თავისუფლება. 2025. "ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების საქმიანობის შემფასებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა . თებერვალი 5. https://www.radiotavisupleba.ge/a/33304358.html.

ივანე აბრამაშვილი, რევაზ ქოიავა. 2018. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი. თბილისი: კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლი. Accessed March 2025.

ჩიჩუა, ნინო. 2019. "დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები." netgazeti.ge. February 1. Accessed March 2025. https://netgazeti.ge/news/337721/.

—. 2019. "შტაინმაიერი და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა უკრაინისთვის. საქართველოსთვის?" netgazeti.ge. October 3. Accessed March 2025. https://netgazeti.ge/news/395612/.

ფეირლი ჩაპიუსი, თეონა ფირანიშვილი. 2025. ადამიანური უსაფრთხოება გამყოფ ხაზებთან: საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პერიპეტიები . Research, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, Tbilisi: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 11.

პირველი არხი. 2024. ქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა გორში, საარჩევნო შეხვედრაზე . სექტემბერი 14. https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-gorshi-saarchevno-shekhvedraze/.

პერტაია, ლუკა. 2024. "„აბაშიძე-კარასინის“ 12 წლის ფორმატში ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა - რა ვიცით მასზე." radiotavisupleba.ge. March 11. Accessed March 2025. https://www.radiotavisupleba.ge/a/ზურაბ-აბაშიძე-გიორგი-ქაჯაიამ-ჩაანაცვლა-რა-ვიცით-მასზე/32857243.html.

გეგეშიძე, არჩილ, interview by მშვიდობის პლატფორმა. 2024. სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პარადიგმები სხვადასხვა ხელისუფლების დროს

ხაინდრავა, ივლიანე, interview by მშვიდობის პლატფორმა. 2024. აფხაზეთის საქმე

ხაინდრავა, ივლიანე, and არჩილ გეგეშიძე. 2011. Transformation of the Georgian-Abkhaz conflict: rethinking the paradigm. European Union.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 2014. "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, სამშვიდობო ინიციატივა." smr.gov.ge. Accessed March 2025. https://www.smr.gov.ge/uploads/prev/__a2beda36.pdf.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. n.d. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). Accessed May 2025. https://smr.gov.ge/ge/page/27/incident-prevention-and-response-mechanism.

ბათუმელები. 2025. ცხინვალზე ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდა“ – წულუკიანი გენერალ ყურაშვილს . მარტი 28. https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/567480/.

შევარდნაძე, ედუარდ, and ბორის ელცინი. 1992. შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ. სოჭი: UN Peacemaker.

წამალაშვილი, ეკა. 2006. "საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავებამ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უაღრესად გაართულა." radiotavisupleba.ge. September 28. Accessed March 2025. https://www.radiotavisupleba.ge/a/1548919.html.

მჭედლიშვილი, ნონა. 2003. როგორ შეხვდა 2003 წელს აფხაზეთი . იანვარი 01. https://www.radiotavisupleba.ge/a/1525672.html.

აბრამაშვილი, ივანე, and რევაზ ქოიავა. 2018. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი. თბილისი: კავკასიური სახლი.

რეხვიაშვილი, ჯიმშერ. 2010. "ორი წლის შეთანხმება, რომელიც არ სრულდება." radiotavisupleba.ge. August 12. Accessed March 2025. https://www.radiotavisupleba.ge/a/2125922.html.

ზაქარეიშვილი, პაატა. 2008. "როგორ სპობდა ნაბიჯ-ნაბიჯ "ვარდების" ხელისუფლება ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრების პროცესს." smr.gov.ge. September 19-20-22. Accessed March 2025. https://smr.gov.ge/uploads/prev/7200d6.pdf.

ზაქარეიშვილი, პაატა, interview by მშვიდობის პლატფორმა. 2024. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის საქმე მშვიდობის პლატფორმა.

bm.ge. 2024. რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში - სრული სიტყვა . ოქტომბერი 10. https://bm.ge/news/ra-tqva-bidzina-ivanishvilma-acharashi-sruli-sityva.

Civil.ge. 2006. "თბილისი აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს." Civil.ge. June 9. Accessed March 2025. https://civil.ge/ka/archives/138241.

—. 2010. "თბილისის "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა"." Civil.ge. July 7. Accessed March 2025. https://old.civil.ge/geo/article.php?id=22939.

—. 2005. "ქრონოლოგია - 2004." Civil.ge. January 5. Accessed March 2025. https://old.civil.ge/geo/article.php?id=8525.

—. 2008. "სააკაშვილის სამშვიდობო შეთავაზება აფხაზეთს - სრული ტექსტი." Civil.ge. March 28. Accessed March 2025. https://old.civil.ge/geo/article.php?id=17890.

civil.ge. 2024. ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდაზე ივანიშვილის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოეხმაურნენ . სექტემბერი 17. https://civil.ge/ka/archives/624683.

Coppieters, Bruno. 2004. "The Georgian - Abkhazian Conflict." In JEMIE - Journal on ethnopolitics and minority issues in Europe.

gfsis.org.ge. 2022. "ბორდერიზაცია - მცოცავი ოკუპაცია." gfsis.org.ge. June 10. Accessed March 2025. https://gfsis.org.ge/ge/maps/view/georgian-territories-occupied-by-russia.

Human Rights Watch. 2009. Up In Flame: Humanitarian Law Violations and Civilian Victims. New York: Human Rights Watch, 18-19. Accessed March 2025. https://www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia0109web.pdf.

interpressnews.ge. 2014. "ირაკლი ღარიბაშვილი - აფხაზ და ოს ძმებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ასოცირების ხელშეკრულების დადებითი მხარეებით." interpressnews.ge. June 27. Accessed March 2025. https://www.interpressnews.ge/ka/article/287813-irakli-garibashvili-apxaz-da-os-zmebs-shesazlebloba-akvt-isargeblon-asocirebis-xelshekrulebis-dadebiti-mxareebit.

Netgazeti. 2023. ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა . მაისი 30. https://netgazeti.ge/life/672094/.

on.ge. 2024. ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა რაჭაში . აგვისტო. https://on.ge/story/131588-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%.

Peuch, Jean-Christophe. 2005. "Georgia: President Unveils South Ossetian Peace Plan In Strasbourg." rferl.org. January 26. Accessed March 2025. https://www.rferl.org/a/1057093.html.

United Nation. 2004. "REMARKS: On the Occasion of the 59 th Session of the UN General Assembly." un.org. September 21. Accessed March 2025. https://www.un.org/webcast/ga/59/statements/geoeng040921.pdf.

United Nations Security Council. 2006. Report of the Secretary-General on the situation in Abkhazia, Georgia. United Nations, United Nations, 1. Accessed March 2025. https://www.refworld.org/reference/countryrep/unsc/2006/en/39438.

United Nations Security Council. 2006. Report of the Secretary-General on the situation in Abkhazia, Georgia. United Nations, United Nation, 3. http://www.securitycouncilreport.org/atf/cf/%7B65BFCF9B-6D27-4E9C-8CD3-CF6E4FF96FF9%7D/Georgia%20S2006%20771.pdf.

United Nations Security Council. 2007. Report of the Secretary-General on the situation in Abkhazia, Georgia. United Nations, United Nations, 2.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“