საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კონფლიქტების დარეგულირების და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეისწავლა სახელისუფლებო და 5 ოპოზიციური გაერთიანების/პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.
შეფასებისას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაანალიზა, თუ როგორია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების ხედვები და გეგმები დეოკუპაციის, სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.
ამ მიმართულებით შესწავლილი პოლიტიკური გაერთიანებებიდან მხოლოდ სამს აქვს წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა და გეგმა, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები ან მეტწილად გამოტოვებენ ამ საკითხს (ქართული ოცნება), ან მათი ხედვები ცალკეული ინტერვიუებში გამოთქმული და ამდენად ფრაგმენტულია (ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის).
„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამ[1], რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, სრულად გამოტოვა სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები. ისევე, როგორც 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში, „ქართული ოცნება" კვლავ არ წარმოადგენს მკაფიო ხედვებსა და სამოქმედო გეგმას, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკაში ახალ დინამიკას შემოიტანს და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით პროგრესს უზრუნველყოფს.
პროგრამაში სამშვიდობო პოლიტიკის გამოტოვება შესაძლოა ხელისუფლებამ იმით ახსნას, რომ ის აპირებს გააგრძელოს ჩართულობის სტრატეგიის არსებული გეგმის განხორციელება, რომელსაც ის წარმატებულად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ჩართულობის 2010 წლის სტრატეგია და მის საფუძველზე მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივები ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და რეალობას. აღნიშნული სტრატეგია მოძველებულია და არ ითვალისწინებს რეგიონში შექმნილ ახალ პოლიტიკურ კრიზისებს (ყარაბაღის მეორე ომი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შესუსტება, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები და ა.შ.), რომელმაც შეცვალა უსაფრთხოების სტატუს-კვო და ახალი შესაძლებლობებიც შექმნა ძირითადი აქტორებისთვის. ყოველდღიურობაში ხელისუფლება მეტწილად ხელმძღვანელობს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ინიციატივით, რომელიც, მიუხედავად მისი სიმბოლური ღირებულებისა, არ წარმოადგენს ყოვლისმომცველ ხედვას დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის რეალური პროგრესის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება სამი წლის წინ დაიწყო მუშაობა ახალ სტრატეგიაზე დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, თუმცა საზოგადოებას ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიუღია. ხელისუფლების განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე ისინი არ გეგმავენ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, რადგან არსებული კრიზისის ფონზე მომავლის პროგნოზირება რთულია. ეს მიდგომა მიუღებელია, რადგან სწორედ რეგიონულმა კრიზისებმა, მათ შორის უკრაინის ომმა, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, რაც თვისებრივად ახალი ტიპის და ძალიან გავლენიანი ბერკეტი შეიძლება გახდეს კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოებებისთვის ახალი გარანტიებისა და ალტერნატივების შეთავაზებისა და დიალოგის პროცესის დაწყების კუთხით.
კრიტიკულია ისიც, რომ ხელისუფლება ისე საუბრობს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ისე ქმნის შესაბამისი სამოქმედო გეგმების პროექტებს, რომ მას არ აქვს კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესი კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, როცა რუსეთი რეგიონში ცდილობს ეკონომიკური და სტრატეგიული რესურსების აპროპრიაციას, „ქართული ოცნება" არ წარმოადგენს ალტერნატიულ ხედვას, რომელიც მოიცავდა როგორც ამ რეგიონში მიმდინარე პროცესების შეკავებას, ისე ევროკავშირის ფარგლებში კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები საზოგადოებებისთვის საერთაშორისო გადაადგილების, განათლების, ინტერნეტის, ელექტროენერგიის, საბანკო სერვისების ახალი გზების დანახვას.
მეტიც, ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკის იდეას წინასაარჩევნო კამპანიის ინსტრუმენტალიზაციისთვის იყენებს, რაც მშვიდობის იდეის დევალვაციას იწვევს და ამცირებს საზოგადოების ნდობას. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ბევრს საუბრობს მდგრად მშვიდობაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აბსტრაქტულ შესაძლებლობებზე, ირონიულია, რომ მას არ აქვს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის ჩარჩო, მიზნები და ინსტრუმენტები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს განცხადებები უფრო პოპულისტურია და მის უკან რეალური პროცესები არ დგას.
რაც შეეხება „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას", კოალიციას ჯერჯერობით ისევ არ აქვს გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პროგრამა და მათ ხუთპუნქტიან წინასაარჩევნო პრიორიტეტებში არ არის ასახული სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები[2]. თუმცა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუს საფუძველზე[3], შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ერთიანობა" კონფლიქტების მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მთავარ ჩარჩოს ხედავს ევროკავშირში.
გიორგი ვაშაძის მოსაზრებით, ევროპული პასპორტი იქნება იმის გარანტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ის პირობები, რასაც ქართულ-ევროპული პასპორტი მათ შესთავაზებს, მათ შორის, ხარისხიანი განათლების, გადაადგილების, დასაქმებისა და განვითარების მიმართულებით. ამის ალტერნატივად აფხაზებსა და ოსებს აქვთ იზოლაციური რუსული პასპორტი, რაც ამ შესაძლებლობებს არ ქმნის. გარდა ამისა, კოალიცია „ერთიანობა" მიიჩნევს, რომ დევნილების ყოფა კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა იყოს სამაგალითო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი პენსია უნდა გახდეს 300 ლარი და გაუმჯობესდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
კოალიცია „ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებით[4], დრო არ მუშაობს ქართული მხარის სასარგებლოდ და ნაბიჯების გადადგმა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის მიზნით არის დროულად დასაწყები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დრო გადის, არც ერთი მხარე და მომავალი თაობები აღარ იქნებიან მოტივირებულები ამ საკითხის გადაწყვეტით, რაც შეზღუდავს ამ თემას მხოლოდ იურიდიულ-საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში.
ნიკა გვარამიას მოსაზრებით, თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი მიმოსვლა არის ის ორი მიმართულება, რომელზეც უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის აღდგენის მიზნით. ის ამ საკითხების მოგვარების ერთადერთ ჩარჩოდ ევროკავშირს ხედავს. მისი მოსაზრებით, თუკი საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს აფხაზ და ოს მოსახლეობაში გამოიწვევს მეტ ინტერესს საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. გვარამია ამ შემთხვევაში ასახელებს კვიპროსის თურქული ნაწილის მაგალითს, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ (83%) ხმა მისცა გაერთიანებული კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებას.
გარდა ამისა, კოალიცია „ცვლილებებისთვის" ფიქრობს, რომ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება შესაძლებლობებს შექმნის კონფლიქტით დაშორებული ხალხისთვის, რომ ნდობა აღადგინონ. ნიკა გვარამია მაგალითად მოჰყავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც არ იქნება საბოლოოდ საკმარისი ტვირთბრუნვისთვის და თუ იგივე პორტი გაკეთდება ოჩამჩირეშიც, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების აღსადგენად. მისი მოსაზრებით, ამ ურთიერთობების აღდგენა ერთ დეკადაში არის შესაძლებელი.
კოალიცია „ძლიერი საქართველო", რომელიც აერთიანებს პარტიებს „ლელო", „მოქალაქეები", „ხალხისთვის" და „თავისუფლების მოედანი", თავის საარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა"[5] წარადგინა მშვიდობის მშენებლობისა და დეოკუპაციის პოლიტიკის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება.
კოალიცია აპირებს დროულად შეიმუშაოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საერთო ეროვნული გეგმა, რომელიც საერთო პოლიტიკურ კონსენსუსს დაეფუძნება და ექნება მემკვიდრეობითი ხასიათი. კოალიცია ასევე აპირებს გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
ამის პარალელურად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსაც ითვალისწინებს, მათ შორის არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განათლებისა და დასაქმების ალტერნატივების შექმნა. ამის ჩარჩოს, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ეს კოალიციაც ევროკავშირის ფარგლებში ხედავს.
გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კოალიცია გეგმავს გამყოფ ხაზთან თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ზონების შექმნასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ასევე, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, კოალიციის აზრით, საჭიროა შეიქმნას მათი უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის სათვალთვალო სისტემების დამონტაჟებით. გარდა ამისა, კოალიციას საჭიროდ მიაჩნია „ჟენევის ფორმატის" პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის პლატფორმების შექმნა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებისთვის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით კომპლექსურ სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკას წარმოადგენს[6]. სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, პარტია დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას ევროკავშირის ჩარჩოში და დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ხედავს. „გახარია საქართველოსთვის“ პარტია, „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის მსგავსად, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეროვნული კონსენსუსზე დაფუძნებული ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანებისთვის, და მათი აზრით, ეს სტრატეგია არჩევნებიდან ერთ წელიწადში უნდა იყოს მზად.
გარდა ამისა, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში მოცემულია მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება და ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა; საოკუპაციო ხაზთან მყოფი 116 სოფლისთვის სპეციალური განვითარების კანონის შემუშავება, რომელიც ამ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პარტია გეგმავს საქართველოს მოქალაქეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და დადგენილი პროცედურების გამარტივებას. ასევე, გადადგილების თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ნეიტრალური დოკუმენტების გამოყენების არეალის გაფართოება და აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნიანი მანქანების თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ტვირთისა და გადაადგილების რეგულაციების ლიბერალიზაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ასევე გათვალისწინებულია.
უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით არის კიდევ ერთი პრიორიტეტი, ისევე როგორც აფხაზური, ოსური და ქართული იდენტობების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პარტია ასევე გეგმავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების გაძლიერებას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ კონფლიქტების მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხს აფხაზეთის დაბრუნების კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირთან, მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. პარტიის ხედვით, ძლიერი ჯარი წარმოადგენს სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი ძალისხმევის უზრუნველყოფის ერთ-ერთ გარანტს. ამასთან, „გირჩი“ გამორიცხავს კონფლიქტების ძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის შესაძლებლობას.
„გირჩი“ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგი უნდა განვითარდეს ისე, რომ იგი მიმზიდველი იყოს აფხაზეთის საზოგადოებისთვის. აღნიშნულ მიზნებში იგულისხმება რეფორმების გატარება ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით.
გარდა ამისა, პარტიამ წარმოადგინა დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გეგმა, რომელიც ეფუძნება სვანურ სამართლის პრინციპებს. ამ გეგმის მიხედვით, „ქართველი მიუთითებს, რომელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იქნება მისთვის მისაღები საკუთარი სახლის სანაცვლოდ, ხოლო აფხაზი გადაწყვეტს, დარჩეს იმ სახლში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, თუ მიიღოს ის ქონება, რომელიც ქართველმა მოითხოვა. როგორც უნდა დასრულდეს ეს არჩევანი, ორივე მხარე გარანტირებულად კმაყოფილი დარჩება."[7]
შეჯამება:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები კონფლიქტების მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით გარკვეულ გაუმჯობესებასა და მეტ კომპლექსურობას იძენს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, პროვოცირებულია მმართველი ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციით და ოპოზიციური პარტიებისთვის განსხვავებული პოლიტიკური ხედვების არსებობის აუცილებლობით, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისებითა და ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობებით, რომლებიც ქვეყანას მომავალში შესაძლოა მიეცეს. ამ ტენდენციას მოწმობს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებში უკვე გამოჩნდა საკითხები, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პარტიების პროგრამებიდან ჩანს, რომ მათ გააზრებული აქვთ იზოლაციური პოლიტიკისა და გაუცხოების პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს მშვიდობის მშენებლობის პროცესს. ისინი ცდილობენ იმუშაონ ახალ პოლიტიკურ ალტერნატივებზე და განიხილონ კომპრომისული ნაბიჯები. იზოლაციური პოლიტიკის შემსუბუქების კუთხით, ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გადაადგილების თავისუფლებასა და თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობას, რომელთა განხორციელებასაც ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციის ჩარჩოში ხედავენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ხაზს უსვამს კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზების მნიშვნელობას, რაც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დროული და აუცილებელი გზავნილია.
ამასთან, აშკარაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გააცნობიერეს ევროკავშირის როლი და პოტენციალი სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით და მისასალმებელია, რომ ისინი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას სწორედ ევროკავშირის ჩარჩოში განიხილავენ. ამ კონტექსტში, ისინი რუსული ალტერნატივის საპირისპიროდ, კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობენ ევროპას, როგორც განვითარების, განათლებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობების წყაროს. თუმცა, პარტიებს არ აქვთ დეტალური ხედვა, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის რეგიონებში, მიმდინარე ანექსიური პროცესების ზრდის ფონზე. ამასთან, არ არსებობს სტრატეგიული ხედვა და ცვლილების თეორია, თუ რა სახის ინსტიტუციური და პოლიტიკური მოწყობა უნდა შეიცვალოს, რა უნდა იყოს დეოკუპაციის სტრატეგიისა და სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ პარტიების მიერ შემოთავაზებული ხედვები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაზეა მიმართული, უფრო მეტად ჯდება კონფლიქტების ტრანსფორმაციის პარადიგმაში, თუმცა არ მოიცავს კონფლიქტების ძირითადი მიზეზების სიღრმისეულ გააზრებას და ამ კუთხით სხვადასხვა განზომილებების პოლიტიკის შემუშავებას.
ასევე, პარტიებს არ აქვთ შემუშავებული პოლიტიკური დიალოგის ფორმატი კონფლიქტის რეგიონებთან და რუსეთთან ურთიერთობისთვის, არც ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნების, მისი განახლების ან ალტერნატიული ფორმატების შექმნის საკითხები.
შესამჩნევია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა (მაგ. "გახარია საქართველოსთვის", "ძლიერი საქართველო") გააცნობიერეს ახალი სახელმწიფო სტრატეგიისა და ხედვის შემუშავების აუცილებლობა და აღსანიშნავია, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსის საჭიროებას ხედავენ.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არ აქვს სათანადოდ ჩამოყალიბებული ხედვები დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წლიდან არ განახლებულა და დოკუმენტი სათანადოდ ვერ აღიარებს დევნილთა ინტეგრაციისა და პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის მის პროგრამაში კვლავ არ ხედავს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ნამდვილ საჭიროებებს და არც სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების ახალი კონკრეტული ხედვა გააჩნია. „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა, მათი პროგრამის მიხედვით, შემოიფარგლება არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერითა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მიდგომით. თუმცა ამ მიდგომების არსი და კონკრეტული ნაბიჯები პროგრამაში არ არის განმარტებული. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქართული ოცნების ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკას ჩართულობის არსებული სტრატეგიის ჩარჩოში გააგრძელებს, ძალიან აშკარაა, რომ ის არასაკმარისი და მოძველებული მიდგომაა და ის არ პასუხობს არც რეგიონში შექნილ კრიზისებს და არც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ახალ და უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს. ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების პირობებში, კონფლიქტების მოგვარების მიზნით ევროპული შესაძლებლობების, მეთოდოლოგიებისა და მხარდაჭერის გამოყენება არაადეკვატურადაც კი გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების რიტორიკა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით პოპულისტური და ზედაპირულია. მისი პროგრამებისა და განცხადებების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოხატული ზოგადი გზავნილების მიღმა არ არსებობს პრაქტიკული ხედვა სამშვიდობო პოლიტიკაში ახალი დინამიკის შექმნისთვის.
[1] „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. პირველი არხი. 7 ოქტომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/video/qartuli-ocnebis-saarchevno-programis-prezentacia-4/
[2] ერთიანობის ხუთი პრიორიტეტი. ხელმისაწვდომია: https://cdn2.ipn.ge/media/documents/nacebi_programa_compressed.pdf
[3] ევრონიუსი: ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების ბედი - რას გეგმავენ პოლიტიკური ლიდერები. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/euronewsgeorgia/videos/556240190267775/?rdid=VRRUPho8aJsBfyzd
[4] ევრონიუსი: ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების ბედი - რას გეგმავენ პოლიტიკური ლიდერები. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/euronewsgeorgia/videos/556240190267775/?rdid=VRRUPho8aJsBfyzd
[5] “ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო გეგმა ხელმისაწვდომია: https://dzlieri9.ge/wp-content/uploads/2024/09/didi-ilias-gza-akhaliii-v2.0.pdf
[6] სრული საარჩევნო პროგრამა ხელმისაწვდომია აქ: https://forgeo.ge/upload/documents/1bcc99a3ffcea4101554651c4bcc416a.pdf
[7] გირჩის პროგრამა აფხაზეთის დაბრუნების მიმართულებით: https://girchi.com/articles/girchis-programa?fbclid=IwY2xjawF0vu5leHRuA2FlbQIxMAABHbafXmE8nEF1PPiXMADEPPiUA9xkFptvJUbePRYtpKvuPJzHekW8r7zIMA_aem_7zqz0Lr1Li_GqBjnegdeQg
ინსტრუქცია