[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

ადამიანის უფლებათა უმწვავესი კრიზისი საქართველოში - სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად წარმოადგენს 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი ტენდენციებისა და შემთხვევების მიმოხილვას. ცხადია, რომ აღნიშნული მიმოხილვა ამომწურავი არ არის და იგი მეტწილად ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების შეფასებებს მოიცავს.

დაჩქარებულმა და აგრესიულმა ავტოკრატიზაციის პროცესმა საქართველოში 2025 წელს შემაშფოთებელი ფორმები მიიღო. "ქართულმა ოცნებამ", გარდა იმისა, რომ მთლიანად მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემები, არაკონსტიტუციური და უკანონო მექანიზმების გამოყენებით მკვეთრად დაასუსტა პოლიტიკური ოპოზიცია, ინსტიტუციურად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება, ფინანსური კრიზისისა და კოლაფსის პირას მიიყვანა მედია, ხოლო მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები საგრძნობლად შეზღუდა. ლეგიტიმაციის კრიზისის მქონე პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებებით სამართლის სისტემის გამოფიტვა ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან და მისი მზარდი დეგრადაცია სწრაფ და უკიდურესად თვითნებურ ფორმებს იღებს. მხოლოდ შეკრებებისა და მანიფესტაციების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე დაკვირვებაც კი ნათლად აჩვენებს ხელისუფლების მიზანმიმართულ მცდელობას შეზღუდოს და დაასუსტოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აღიარებისა და დაცვის ხარისხი ქვეყანაში. თანმდევად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებისა და ჯარიმების მკვეთრი ზრდა, შეკრებებზე გამოხატვის სხვადასხვა ფორმების შეზღუდვა, გზის გადაკეტვის კრიმინალიზება, ასევე შეურაცხყოფისა და ცილისწამების შემთხვევებზე გამოხატვის თავისუფლების დამცავი გარანტიების გაუქმება წარმოიშვა განსხვავებული მოსაზრებების ინსტიტუციური დევნის მძიმე მაგალითებად.

ავტორიტარული შემობრუნების პროცესს, დრამატულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ცვლილებებთან ერთად, თან ახლდა მასობრივი ძალადობა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის პროტესტების დროს გამოვლინდა და რომელიც დღემდე გამოუძიებელია. მხოლოდ სახალხო დამცველის მონაცემების შედარებაც კი სხვადასხვა პროტესტის დროს გამოყენებული ძალადობის მასშტაბს შორის აჩვენებს ძალადობისა და სისასტიკის უპრეცედენტო ზრდას საქართველოში. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20–21 ივნისის აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2% მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე; 2023 წლის 7–9 მარტის აქციებზე – 20.8%; 2024 წლის აპრილ–მაისის აქციებზე – 51.1%; 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული პირებიდან – 60%; ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში (2024 წლის 29 ნოემბერი – 2 დეკემბერი) – 79.5%; ხოლო 2025 წლის 2–3 თებერვალს მონახულებული 25 პირიდან 22, ანუ 88%, აცხადებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ავტორიტარული მმართველობის გამყარების პროცესში "ქართული ოცნება" აგრესიულად იყენებს დეზინფორმაციის, პროპაგანდის, პოლარიზაციისა და სიძულვილის კულტივირების სტრატეგიებს, რაც საზოგადოების შიგნით ერთობას ასუსტებს და აჩენს შიდა სოციალურ და კულტურულ იერარქიებს. რეჟიმის მიერ მტრულად მონიშნული კონკრეტული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლგბტქი ადამიანების უფლებების პრაქტიკული გაუქმება საქართველოში და პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობიის ნორმალიზება.

ცხადია,რომ ავტორიტარული კონტექსტი და მმართველობის ლოგიკა ზიანსა და ტანჯვას აყენებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ დანარჩენ მოქალაქეებსაც. წლის განმავლობაში ნათლად ჩანდა "ქართული ოცნების" მიერ სოციალური უკმაყოფილებების დემონსტრაციული უგულებელყოფისა (მაგალითად, ბალდის, ჭიათურის, თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულთა პროტესტი) და რეპრესირების ტენდენცია. ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ მძიმე შედეგებით აისახება ყველა სოციალური ჯგუფსა და ფენაზე.

სრულად, ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ადამიანის_უფლებათა_უმწვავესი_კრიზისი_საქართველოში_-_ანგარიში_2025___1765368168.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“