[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

2024 წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობა ძირითადი უფლებების აღიარებისა და დაცვის, ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნაზე გადის. საგანგაშოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ სიმბოლურ დღეს სწორედ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და დევნის, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების აგრესიული მცდელობისა და სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის პირობებში ვხვდებით.

10 დღეზე მეტია თბილისი და სხვა ქალაქები მასობრივმა და უწყვეტმა მშვიდობიანმა პროტესტებმა მოიცვა. მოქალაქეები, ერთი მხრივ, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპულ ინტეგრაციაზე ღია უარს, მეორე მხრივ კი, აგრესიული ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რომელიც ცდილობს ადამიანები რეპრესირების, დასჯის და სიცრუის ტექნოლოგიებით მართოს, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და საჯარო სივრცეები კი სრულად დაიმორჩილოს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ავტორიტარიზმის მიზანი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ქონა, არამედ არსებული ეკონომიკური რესურსების სრული კონტროლი, ოლიგარქიული ინტერესების გატარება და გამდიდრებაა.

ძალადობრივი და მჩაგვრელი რეჟიმის გაფორმებას საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო წინააღმდეგობითა და თვითორგანიზებით უპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” მიერ გამოყენებული ფართომასშტაბიანი და სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეები არ წყვეტენ მშვიდობიან პროტესტს და დემონსტრაციებს.

მასობრივ პროტესტზე და უკმაყოფილებაზე “ქართული ოცნების” ერთადერთი პასუხი რეპრესიაა. ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ყოველ დღე შლის და არბევს შეკრებებს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კერძო ძალადობრივი დაჯგუფებები კი პრაქტიკულად სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს ქუჩებში. ამ დრომდე დაკავებულია 500-მდე ადამიანი, დაკავებულების უმრავლესობა ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია. პარალელურად, საპოლიციო კონტროლმა და მოქალაქეების თვითნებურმა შემოწმებებმა და ჩხრეკამ მასშტაბური ფორმები მიიღო. აშკარად დაუსაბუთებელი ბრალდებებით ათეულობით ადამიანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული. სასტიკი და მასობრივი ძალადობრივი პრაქტიკის მსხვერპლად უკვე იქცნენ, მათ შორის, არასრულწლოვანები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ორსული ქალები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ძალადობრივი პრაქტიკების გამოყენება კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ, რომელიც დღეს ქვეყანაში მოსახლეობის ინფორმირების, სახელმწიფო ორგანოებისა, თუ თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის და დოკუმენტირების ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ გაშუქებაზე პასუხია “ქართული ოცნების” განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ: გასული დღეების განმავლობაში საპოლიციო ძალების მხრიდან გამოვლინდა ჟურნალისტებზე ძალადობის ათეულობით და პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ასამდე შემთხვევა.

სამწუხაროდ, ის სახელმწიფო ორგანოებიც კი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვაზე, დამნაშავეთა გამოვლენასა და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, დღეს პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებულ და მორჩილ ინსტიტუციებს წარმოადგენენ.

სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებს საარჩევნო უფლებაც წაართვა. მზარდი ავტორიტარიზმისა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთ დემოკრატიულ გზად საქართველოს მოქალაქეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევდნენ. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ აქაც უარი თქვა მოქალაქეების მიერ თავიანთი საარჩევნო უფლების ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვით რეალიზებაზე. ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სხვა არსებით დარღვევებთან ერთად, მასობრივად დაირღვა მოქალაქეთა ხმის ფარულობა, რამაც ფუნდამენტურად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ აქტიური საარჩევნო ხმის უფლების რეალიზების, არჩევნების ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის საკითხი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, უარი თქვა საკუთარი მანდატის განხორციელებასა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვაზე, რითაც მოისპო დღეს არსებული კრიზისის სამართლებრივად გადაჭრის შესაძლებლობა.

იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებზე დემოკრატიული და ინსტიტუციური გავლენის შესაძლებლობები ქვეყანაში აღარ არსებობს და ოლიგარქის პარტიას სრულად აქვს მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დემოკრატიის, თავისუფლების და ღირსების დაცვის ერთადერთი გზა საყოველთაო წინააღმდეგობა გახდა. დღეს, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი თვალს დახუჭავენ თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე, რეჟიმი ბოლოს ყველასთან მივა და რეპრესიისგან და ავტორიტარული მმართველობის თავის დაცვის ერთადერთი გზა წინააღმდეგობა და სოლიდარობაა.

დღეს, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა ორ ძირითად საკითხზე დაიყვანება: 1. რეჟიმის უსამართლო მსხვერპლების გათავისუფლება და დამნაშავე პირების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დასჯა; 2. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარანტიების შექმნით. სწორედ ეს ორი მოთხოვნაა დღევანდელი კრიზისის დაძლევის ყველაზე სწორი გზა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი უერთდება მოქალაქეების მშვიდობიანი წინააღმდეგობის პროცესს და შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვისთვის.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“