საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
2023 წელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროინტეგრაციის მიმართულებით. წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ცალსახად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღმა, ნიშანდობლივია დემოკრატიული სივრცეების და უფლებრივი სტანდარტების მნიშვნელოვნად გაუარესება. გაზრდილი წნეხი სამოქალაქო ორგანიზაციებსა თუ მედიაზე არსებითად ართულებს მათ თავისუფალ, შეუზღუდავ მუშაობას. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული კონტროლი კიდევ უფრო შესუსტებულია. ამ კონტექსტში, კიდევ უფრო იზრდება მოლოდინი საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, რომ ადამიანის უფლებების კრიტიკულ საკითხებზე ექნება მკაფიო პოზიციები და იქნება აქტიური მებრძოლი ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად.
ინსტიტუციურ დონეზე კვლავაც მწვავე გამოწვევად რჩება სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზება და მათი ინსტრუმენტალიზება პარტიული მიზნებით. ამავდროულად, 2023 წელს შენარჩუნდა გასული წლების ტენდენცია, რომელიც სახელმწიფო უწყებების ჩაკეტილობასა და დაბალ ანგარიშვალდებულებაზე მიანიშნებდა. პრობლემურია საქართველოს პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში სამოქალაქო თუ პროფესიული ჯგუფების არასაკმარისი ჩართულობა; აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი კვლავაც რჩება ადგილად, სადაც ნაცვლად პოლიტიკური და იდეური დაპირისპირებისა, წინა ხაზზეა პიროვნული აგრესია, შეურაცხმყოფელი და აგრესიული რიტორიკა ოპონენტების მიმართ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას. საკანონმდებლო ორგანოში 2023 წელს გამორჩეულად მძიმე იყო ქალი პოლიტიკოსების მიმართ ბულინგის, ძალადობის და შეურაცხყოფის უკვე ნორმალიზებული პრაქტიკა, რომლის ავტორებიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის ლიდერები იყვნენ ხოლმე.
2023 წელი ასევე მძიმე იყო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ოკუპაციის ხაზთან რუსი სამხედროების მიერ ეკლესიასთან სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმემ შეძრა ჩვენი საზოგადოება. აფხაზეთში კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან ირაკლი ბებუა, ქრისტინე თალაკანძე და ასმათ თავაძე და მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკური ცვლილებების გამო (ომი უკრაინაში, ყარაბაღის ომი და შემდგომი ესკალაცია) აფხაზურ საზოგადოებაში გაზრდილია ბუნდოვანობა და შიშები მომავლის მიმართ, რუსეთის ფორსირებული ანექსიური ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კი სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ჩანს ადგილზე, კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლებას წინ არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. კვლავაც უცნობია, რა ეტაპზეა დეოკუპაციის და სამშვიდობო პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიების შემუშავების პროცესი და რა მიდგომებს და მიზნებს დაეფუძნება ის.
მიმდინარე წელს თვალშისაცემი იყო ადამიანის უფლებათა პოლიტიკაში და ხელისუფლების რიტორიკაში კონსერვატიული შემობრუნება. ამ კონტექსტში სულ უფრო მწვავედ დგას ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და პოლიტიკური ჰომოფობია, რაც ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებების დაცვას ართულებს. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის მარტში მთავრობის მიერ დაგვიანებით მიღებული 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებს. იგივე მიდგომაა გატარებული მთავრობის მიერ ინიცირებულ 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, რაც ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების პრინციპებთან და ევროკომისიის რეკომენდაციებთან. სხვა წლების მსგავსად, წელს თბილისი პრაიდის მიერ კერძო სივრცეში ორგანიზებული ღონისძიება ექსტრემისტული მოძრაობების მხრიდან დარბევის და ძალადობის საგანი გახდა. აღნიშნული მოძრაობის ლიდერები კვლავ დაუსჯელები რჩებიან, რაც მათ მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის აშკარაა ინდიკატორია.
მიუხედავად იმისა, რომ გამკაცრებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა, იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება კვლავ გამოწვევად რჩება. საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება წყდება, ბრალდებულ პირებთან კი ფორმდება საპროცესო შეთანხმება. სუსტია პოლიციის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემებს შორის კოორდინაცია. განსაკუთრებით სუსტ რგოლად რჩება სოციალური სამსახურები, რომლებსაც ადამიანური რესურსების დეფიციტი აქვს.
მიმდინარე წელს შემზარავი იყო 14 წლის აითაჯის მისი ე.წ. ქმრისგან მკვლელობის საქმე, რომელიც მანამდე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდა და სისტემამ, თემმა და ოჯახმა ბავშვი ვერ დაიცვა. ეს საქმე კონკრეტულ საქმეზე დანაშაულის სუსტი პრევენციის მიღმა, ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი პრევენციის სისუსტეს აჩვენებს და კიდევ უფრო დიდ სურათში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო უწყებების სათანადო ფუნქციონირების პრობლემას უკავშირდება.
მთავრობის რიტორიკაში კონსერვატიული რიტორიკის და მიდგომების გაძლიერების ფონზე ჩანს ნეგატიური ტენდენცია რელიგიური თანასწორობის მიმართულებით. ტყის კოდექსში შეტანილი დისკრიმინაციული მიდგომების შემდეგ, რომელმაც ექსკლუზიურად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაითვალისწინა ტყის მასივები გადაცემის შესაძლებლობა, პრეფერენცირების და უთანასწორობის ეს ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წელს მიღებულ თავდაცვის კოდექსშიც. ახალი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პროექტი კი ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლების მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის აშკარა გაუარესების რისკებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. სამწუხაროდ, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის მიმართულებით სტანდარტების აშკარა გაუარესების ტენდენცია ჩანს სასამართლო გადაწყვეტილებების დონეზეც (ბათუმის მეჩეთის საქმე, მარნეულში რელიგიების დისკრიმინაციული საბიუჯეტი დაფინანსების საქმე).
ეთნიკური უმცირესობების დაცვის მიმართულებით წელს დაინიცირდა ბილინგვური განათლების მასობრივი სწავლების პროგრამები, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია. თუმცა იმის გამო, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს არ შეუმუშავებია აღნიშნული რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რთულია მისი რესურსების და შესაძლებლობების ზუსტი გაზომვა. მიმდინარე წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, ეთნიკური უმცირესობების სოციალური გარიყულობის მძიმე მასშტაბებს, რომელსაც სამწუხაროდ სახელმწიფოს არსებული სოციალური პოლიტიკა არ პასუხობს. ეს უკავშირდება სახელმწიფო სერვისების როგორც გეოგრაფიულ, ასევე ენობრივ ხელმისაწვდომობას უმცირესობებისთვის.
თანასწორობის საკითხებთან ერთად, მიმდინარე წელს ასევე დიდწილად იყო სოციალური უთანასწორობა და მისგან მომდინარე უფლებრივი პრობლემები. 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა. ამასთან, 2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 32-ში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის 25 %-ს აღემატებოდა, ხოლო საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში (ქედის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტები) შემწეობის მიმღებთა წილმა მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემწეობას ვერ იღებს ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც უკიდურეს მოწყვლადობაში იმყოფებიან და სახელმწიფოსგან მხარდაჭერას საჭიროებენ.
2023 წლის განმავლობაში კვლავ დაფიქსირდა არაერთი შრომითი უფლების დარღვევა, მათ შორის, სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უგულებელყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის შეუსაბამო ანაზღაურების, გადაჭარბებული სამუშაო საათებისა და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის კუთხით. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები. დამსაქმებელთა ცნობიერებისა და ნების ნაკლებობა, დაიცვან შრომის ძირითადი სტანდარტები, ისევე როგორც სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობა და შრომითი უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა კრიტიკულ სისტემურ ჩავარდნებს ასაზრდოებს, რომელთა გამოსწორებისათვის სახელმწიფო არ ზრუნავს. ამის დასტურია ისიც, რომ წლის განმავლობაში დასაქმების არაერთ სფეროში ვიხილეთ მშრომელების მხრიდან ორგანიზებული მასობრივი პროტესტები, მათ შორის, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, მძიმე ინდუსტრიებში, სამედიცინო სექტორში, განათლების სფეროსა და მიტანის სერვისებში დასაქმებული პირების მხრიდან. 2023 წლის კიდევ ერთ პრობლემურ ტენდენციას, წინა წლების მსგავსად, წარმოადგენდა განსხვავებული აზრისა და კრიტიკული შეხედულებების გამო დასაქმებული პირების დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება.
სათანადო საცხოვრებლის უფლება და უსახლკარობასთან ბრძოლა არც წელს იყო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული. მიმდინარე წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა. თუმცა, მთავრობას არათუ არ უზრუნია უსახლკარობის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლისთვის, არამედ სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მინიმალური ვალდებულებებიც კი არ ასახა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში. ასევე იგნორირებული იყო შშმ პირთა უფლებები და მათი გამოწვევები. სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია უფლებებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებდა და უზრუნველყოფდა თემის წევრების ღირსების, ავტონომიისა და არჩევანის თავისუფლების დაცვას.
2023 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით. შოვში და გურიაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება არაერთი შეკითხვა ამ პროცესში სახელმწიფოს როლის და პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, რატომ არ იყო დანერგილი მეწყრულად სახიფათო ზონაში ადრეული გაფრთხილების სისტემები, რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფოს რეაგირება, განსაკუთრებით სტიქიის პირველ საათებში და შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება. 2023 წელსაც, ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებას, მოსახლეობის მონაწილეობის და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ადგილობრივი თემის უგულებელყოფით, კერძო ინვესტორისთვის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის 40 წლით გადაცემას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არადემოკრატიული და უკანონო გადაწყვეტილების კიდევ ერთი მაგალითი იყო რაჭის ტყეების რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქისთვის 49 წლით გადაცემა, რასაც რაჭის მოსახლეობის და მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ განგრძობითი პროტესტი მოჰყვა.
სრულად, შეფასების დოკუმენტი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია