საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ყოველწლიურად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და მიმდინარე წელს აჯამებს.
2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა, რომელიც ვერც საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გაფორმებულმა 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განმუხტა და ვერც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. პოლიტიკური კრიზისზე დაფუძნებული დღის წესრიგიდან სრულად აღმოჩნდა გამოტოვებული:
პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია განსაკუთრებით საგრძნობი იყო თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების სამუშაო სტრატეგიები საგანგებო მდგომარეობის პერსპექტივას უფრო დაეფუძნა, რომელშიც სრულად იყო იგნორირებული რეგიონებისა და ქალაქების რეალური გამოწვევები და საჭიროებები. ანტაგონიზმმა და მტრულმა რიტორიკამ დაიკავა პოლიტიკური თუ მედია-სივრცე და ვერ მოიძებნა ვერც პოლიტიკური და ვერც საზოგადოებრივი რესურსი ამ სიტუაციის განსამუხტად. პირიქით, არჩევნებზე დაფიქსირებულმა ხარვეზებმა და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ვითარების რადიკალიზებას. სააკაშვილის ფაქტორმა პოლარიზების სიტუაცია გააღრმავა და ამ ფონზე მცირე პოლიტიკური პარტიების გავლენები და საარჩევნო მაჩვენებლები კიდევ უფრო შესუსტდა.
პოლიტიკური პოლარიზების გარემომ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში მიმდინარე რთულმა და არადემოკრატიულმა შიდა პროცესებმა არსებითად დააზიანა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან ისმოდა შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ევროკავშირთან ურთიერთოების პროცესები კი აშკარად კრიზისშია შესული, რასაც არა ერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული მძიმე და საგანგაშო განცხადებაც ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად პრობლემური იყო, რაც მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასა და გამოცხადებული შიმშილობის ფონზე ადეკვატურ სამედიცინო მოპყრობაზე უარს უკავშირდებოდა. არსებული მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებისა და კლანური სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, ჩნდება ეჭვები, რომ მიხელ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და სამართლიანი ვერ იქნება. ეს მოცემულობა არღვევს არა მხოლოდ ინდივიდუალური პირის უფლებებს, არამედ შეუძლებელს ხდის წარსულის სამართლიან შეფასებას და მასზე საზოგადოებრივ შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პოლარიზებისა და კონფლიქტების კიდევ ერთი მიზეზია.
შემაშფოთებელია არჩევნების შემდგომ ცალკეულ თვითმმართველ ერთეულებში განვითარებული ტენდენციები, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით ცდილობს საკრებულოებში ახლადარჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლასა და გადმობირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე, სადაც იკვეთება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრზე იძულების ნიშნები, ემოქმედა მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესების სასარგებლოდ. მსგავსი ტენდენცია იკვეთება დმანისშიც, სადაც ასევე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რამიზ რამაზანოვის მიმართ იკვეთება ზეწოლის ნიშნები.
2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა კრებსებმა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასობრივ უკანონო მოსმენებს აჩვენებს, კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები და მათი შეღწევა მიკრო სოციალური ურთიერთობებშიც, რაც სოციალური კონტროლის და უნდობლობის უმძიმეს გამოცდილებას ქმნის.
სახელმწიფო ვალის გაზრდის ხარჯზე გაჩენილი ანტი-კრიზიზული დახმარებები და პირდაპირი ფულადი კომპენსაციები მათზე, ვინც პანდემიური შეზღუდვების დროს სამსახური დაკარგა, გარკვეულწილად პასუხობდა მწვავე სოციალურ და ეკონომიკური კრიზისს ქვეყანაში. თუმცა სახელმწიფოსთვის ისევ სირთულეს წარმოადგენს როგორც არაფორმალურად დასაქმებულთა სოციალური დაცვა, ისე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მასშტაბურ გაფიცვებსა და მშრომელთა სხვადასხვა სახის პროტესტზე. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციებს ვხედავდით. ლოკალურად მოსახლეობა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს, და მრავალდღიან პიკეტირებასაც კი მიმართავდა, რასაც სახელმწიფო იგნორირებით ან რეპრესიით პასუხობდა, ზღუდავდა პროტესტის უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას მთავარ დაპირისპირების კერებში .
2021 წელს კვლავ მწვავედ წამოიჭრა ულტა-მემარჯვენე ჯგუფების რადიკალიზებისა და ძალადობის პრობლემა. წლების განმავლობაში ამ ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლურმა პოლიტიკამ და დაუსჯელობამ, კიდევ უფრო გაზარდა ამ ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელი 2021 წლის 5-6 ივლისს, „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლენილი მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობა ალტ-ინფოს ჯგუფის ლიდერების მხრიდან, რასაც 52 ჟურნალისტის უფლების და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, მათ შორის, რამდენიმე მათგანის მიმართ ძალადობა მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების გამოძიება ამ დრომდე ფრაგმენტულად მიმდინარეობს და აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს. ამ ფონზე სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა ამ ჯგუფების მიერ პარტიებისა და ტელევიზიების დაფუძნება და ინსტიტუციური პოლიტიკის ველში მკვეთრად ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალების შემოსვლა.
მიმდინარე წელს ისევ ვიხილეთ რელიგიური და ეთნიკური კონოტაციის მქონე სოციალური კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებისთვის თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკაში პოზიტიური გარდაქმნებისა და არსებითი რეფორმების სიგნალი ისევ არ გახდა. მეტიც, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესებმა და ხელისუფლების მხრიდან მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ამ რეგიონების სუსტი ინტეგრაციის პოლიტიკის, დემოკრატიიდან გამორიცხვისა და პერიფერიალიზაციის პოლიტიკური განზრახვები.
ცხადია, რომ პოლიტიკური პოლარიზების, სუსტი დემოკრატიზაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პირობებში არსებითად შეუძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკური საკითხებზე მუშაობა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და შერიგების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანას დაუკავშირდება.
ამდენად ღრმა და გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მცდელობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფლაციამ არსებითად გააუარესა ჩვენი მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა. აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ კონფლიქტსა და უკმაყოფილებას სახელმწიფო ვერ პასუხობს გრძელვადიანი სოციალური და სამართლებრივი რეფორმებით, რაც საბოლოოდ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ქმნის და სოციალურ უიმედობას იწვევს.
სრულად, შეფასების დოკუმენტი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ინსტრუქცია