საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: Reuters
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს ომის ამ უმძიმეს რეალობაში და ჩვენს მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.
უკრაინაში რუსეთის მიერ ორგანიზებული აგრესიული სამხედრო მოქმედებები სუვერენული სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო პროვოკაციებს მიმართავდა და აღმოსავლეთ რეგიონებში შეიარაღებულ მანევრებს ახორციელებდა. რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონოდ ცნობის შემდეგ კი, დღეს დილით რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და დიდი ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო. უკანონო სამხედრო ოპერაციებს უკვე მოყვა მსხვერპლი. კიევში მშვიდობიანი მოქალაქეები მეტროს აფარებენ თავს.
ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს ომი და როგორია მისი უმძიმესი ზიანი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. 2008 წელს საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა, რომელმაც ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. ათიათასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვება და დევნილობა მოუწია. ომის შედეგად დამყარებულ რუსულ ოკუპაციას დღემდე აქვს ყოველდღიური გავლენა გამყოფი ხაზის გარშემო მცხოვრები ადამიანების ყოფაზე და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ომი მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ სიცოცხლეს, მომავალს, იმედებს შეიწირავს და მისი დაშვება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია. სამწუხაროა, რომ დღევანდელ გლობალურ წესრიგში მაღალი პოლიტიკური იდეალები და მათზე დაფუძნებული შეთანხმებები მყიფეა და ამ რეალობას მშვიდობიანი სახელმწიფოების და ხალხების ინტერესი და მომავალი ეწირება.
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში არსებული საერთაშორისო წესრიგის და სამართლის ხელყოფისა უმძიმესი გამოცდილებაა. რუსეთი აგრესიულად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებს და ნეო-იმპერიული განზრახვებითა და ინტერვენციებით გამოდის, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოებს და ხალხებს დამოუკიდებელი ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობებს ართმევს.
რუსეთის არსებული ავტორიტარული მმართველობა უკვე წლებია არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს, არამედ ჰიბრიდული და ზოგჯერ ღია ომის ლოგიკით ერევა მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. თუმცა, უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო საჯარო და ჰუმანიტარული სამართლისა და პოლიტიკური თამაშის წესების ხელყოფის ყველაზე მძიმე მაგალითია.
სამწუხაროდ, არსებულმა გლობალურმა პოლიტიკამ ამ ომის შეკავება ვერ შეძლო და რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური სანქციები საკმარისი ბერკეტი არ აღმოჩნდა ომის შესაჩერებლად. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოების კონსოლიდირება მშვიდობისთვის და რუსული სამხედრო ინტერვენციების დაუყოვნებელი შეჩერებისთვის ძირეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.
აქვე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში დაიჭიროს პრინციპული პოზიციები სუვერენული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დასაცავად და მიიღოს ყველა ჰუმანიტარული ზომა ომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად.
მშვიდობა უკრაინელ ხალხს!
ინსტრუქცია