საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს,
ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას,
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს,
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს,
დღეს უკრაინა და მთელი ევროპა რუსეთის აგრესიით და პუტინის მიერ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ცვლილების მცდელობით გამოწვეული განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიო გვერდში უდგას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. უკრაინელი ხალხი დღეს იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის, არამედ ევროპელების მომავლისთვის, საქართველოს და მოლდოვას მომავლისთვის და ყველა იმ ადამიანის, ოჯახისა და სახელმწიფოსთვის, რომლის სურვილია იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ და უსაფრთხო მსოფლიოში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ზუსტად იმ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რასთან გამკლავებაც დღეს უკრაინას უწევს. უკრაინის მსგავსად, რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, გამოგვიცხადა ომი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და შეეცადა შეეცვალა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალის და ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც 2008 წელს მოუწია გაეძლო ამ უმძიმესი გამოცდისთვის, თუმცა ეს დიდი მსხვერპლის და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაციის ფასად დაუჯდა.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის ლიდერები, ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრი, დღეს ერთიანი და თავისუფალი უკრაინის ევროპელი ერების ოჯახში მიღებისკენ იხრება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას, უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად გეგმავენ უკრაინის ევროპული მისწრაფების და წევრობის პერსპექტივის შესახებ სერიოზული მსჯელობის გამართვას. ჩვენ გვსურს, გთხოვოთ, ევროკავშირის ინსტიტუტებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობის მკაფიო გზა გაუხსნათ.
უკანასკნელი რამდენიმე დღის გამავლობაში ევროკავშირის მოქალაქეები და წევრი სახელმწიფოების მთავრობები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ და რუსეთზე დაწესებული სანქციებით, ასევე სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გაწევით ცდილობენ დაიცვან უკრაინა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპელი ერების მიერ გამანადგურებელი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ყველაზე მშვიდობიანი და აყვავებული კლუბის წევრი. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი - საკუთარი სიცოცხლე გაიღონ. 2004 წლის მაიდანი, 2014 წლის ევრომაიდანი და 2022 წლის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ევროპული იდენტობის ურყევი დადასტურებაა და ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ააშენონ საკუთარი მომავალი, რომელიც თავისუფალი იქნება ტანკების, ბომბების და რუსული დიქტატისგან.
საქართველოს მოქალაქეები სრულად უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ ერთიან და განუყოფელ რეგიონად, რომელიც თანაბრად დგას რუსეთის აგრესიით, ოკუპაციით და ანექსიით გამოწვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დააკმაყოფილებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და, ანალოგიურად, კარს გაუხსნის საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.
ხელმომწერები:
ინსტრუქცია