საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 3 წელი შესრულდა. ამ იმპერიალისტურ ომს უკვე ემსხვერპლა ასობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, რამდენიმე მილიონ უკრაინელს კი უსაფრთხოების ძიებაში საკუთარი სახლის ან სამშობლოს დატოვება მოუწია. როგორც ეს იმპერიალისტურ ომებს ახასიათებს, რუსული მმართველი ელიტების მიერ დაწყებულმა ომმა, თავდაცვით ბრძოლაში მყოფი უკრაინელი ხალხის გარდა, ასობით ათასი რუსეთის მოქალაქის სიცოცხლეც გაანადგურა.
მიმდინარე ომის 3 წლის თავზე, რომლის განმავლობაშიც უკრაინელი ერი თანამოქალაქეების, თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად გმირულად წირავს თავს, სამხედრო კონფლიქტის წამოწყებაში აგრესორი რუსეთის ნაცვლად უკრაინის დადანაშაულების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ეს პოზიცია, რომლის ღიად გაჟღერებას აქამდე მხოლოდ რუსეთი და მისი მარგინალური მოკავშირეები ბედავდნენ, ბოლო თვეების განმავლობაში დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდანაც გვესმის. დასანანი და სამარცხვინოა, რომ ვიწროპარტიული ინტერესების გამო ამ ამორალურ, ფაქტობრივად დაუსაბუთებელ და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო პოზიციას ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანაც ავრცელებს.
რუსეთის მიერ დაწყებული დაპყრობითი ომის უკრაინისთვის დაბრალებას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ, ქართველებმა, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გამოვცადეთ რუსეთის აგრესია და კარგად ვიცით, რომ რუსეთს არ სჭირდება არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რათა თავს დაესხას და დაიმორჩილოს მეზობელი ქვეყნის მოსახლეობა. იმპერიული ტერიტორიული ექსპანსიის გარდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის დაპყრობით ომებს კიდევ ერთი მიზანი აქვს - არ დაუშვას დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებების ჩამოყალიბება მის სამეზობლოში. რუსეთის საზღვრებზე დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა იდეოლოგიურ საფრთხეს უქმნის სულ უფრო ავტორიტარულ მმართველ რეჟიმს, რადგან დემოკრატია გადამდებია, და ეს მათ კარგად ესმით.
ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ არა რუსეთის გამარჯვებით და უკრაინელი ხალხის გმირული თავგანწირვის გაუფასურებით. თუ რუსეთს ამ იმპერიალისტური ომისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ეს კიდევ უფრო წააქეზებს აგრესორს და საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინისა და მისი მოსახლეობის მომავალს, არამედ საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტსაც.
უკრაინის იძულება, ხელი მოაწეროს დამაზიანებელ სამშვიდობო შეთანხმებას, ძირს გამოუთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობამ ბოლო 80 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეამცირა დაპყრობითი ომები და თავიდან აირიდა მასშტაბური ადამიანური დანაკარგი.
უკრაინის მშვიდობა ვერ იქნება მხოლოდ ფორმალური ზავი. ის უნდა ემყარებოდეს სამართლიან პრინციპებს, რაც მოიცავს: ოკუპირებული ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას და უსაფრთხოების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შეამცირებს რეგიონში მორიგი სამხედრო კონფლიქტის რისკს. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმუშაოს უკრაინის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ აღდგენაზე და განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია არ იქცეს დასავლური კორპორაციების მიერ მართულ ნეოლიბერალურ ექსპერიმენტად, რომელიც ქვეყანას ვალებში ჩაძირავს და ქვეყნის შიგნით უსამართლობას გაამწვავებს. ამის ნაცვლად, ეკონომიკის ტრანსფორმაცია უნდა ემყარებოდეს სოციალურ სამართლიანობას, სადაც უკრაინის სახელმწიფოს ექნება კონტროლი სტრატეგიულ სექტორებზე. ეკონომიკური აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან პრინციპებს და არა კაპიტალის ექსპანსიას.
უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში არსებითია დევნილთა დაბრუნებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება და როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში ქალებისა და სხვა სოციალურად გარიყული ჯგუფების უფლებების გაფართოება.
უკრაინაში რუსეთის იმპერიული ომი პირდაპირ მოქმედებს ჩვენს რეგიონზე. რუსული ომის მანქანა დღეს გაძლიერებულია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის გავლენის სფეროში ავტორიტარიზმის ზრდით. არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური ცვლილებები სწორედ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებას უკავშირდება. დღეს საქართველოში რუსული ტიპის ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს ძალაუფლების კონსოლიდაციას, იყენებს რუსულ პოლიტიკურ დისკურსსა და ტექნოლოგიებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ებრძვის დემოკრატიულ ჯგუფებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენი თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული რეგიონში დემოკრატიული ძალების გაძლიერებასთან.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებთ მათ ომის დროულად და გამარჯვებით დასრულებას!
ინსტრუქცია