[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / შეფასება

აგრესიული ავტოკრატიზაციის ფონზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დამანგრეველი სოციალური და საგანმანათლებლო გავლენა ექნება

შესავალი


2026 წლის 4 თებერვალს,  „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს.

ზოგადი განათლების კუთხით გატარებული ძირითადი ცვლილებები:

  • საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი.
  • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება;
  • მოსწავლისათვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო;
  • სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება და სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემას.

უმაღლესი განათლების კუთხით გატარებული ძირითადი ცვლილებები:

  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • შეიცვალა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი ჩარჩო; ცვლილება მნიშვნელოვნად ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას, რეორგანიზაციის პროცესში ფართო დისკრეციას აძლევს მთავრობასა და განათლების მინისტრს და არ უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სათანადო მონაწილეობასა და პროცესის გამჭირვალობას;
  • აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

განათლების ეს რეფორმა, ისევე როგორც ბოლო თვეებში „ქართული ოცნების“ მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული სხვა ჩარევები, როგორებიცაა თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანება, სკოლებში კამპანია „პროფესია პოლიციელის“ განხორციელება და საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ „ღირებულებითი განათლების“ დანერგვა და მრავალი სხვა,  ემსახურება არა ქართულ განათლებს სისტემაში არსებული ნამდვილი და მწვავე პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა საერთო საცხოვრებლებლების სიმწირე და არასათანადო მდგომარეობა, სწავლის მაღალი გადასახადები და სტატუსშეჩერებული სტუდენტების მაღალი რაოდენობა, არამედ ქართული ოცნების ძალაუფლების გრძელვადიანად განმტკიცებას უკანასკნელი დამოუკიდებელი საჯარო სივრცეების საკუთარ კონტროლს ქვეშ მოქცევითა და ქართული საზოგადოების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი იდეოლოგიური გარდაქმნის გზით.

ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ სკოლები ავტორიტარული დისციპლინირებისა და ინდოქტრინაციის კერებად და ახალი, ავტორიტარული სუბიექტების სამჭედლოებად, უნივერსიტეტები კი, კერძო ბიზნესისთვის ვიწროდ სპეციალიზებული მუშახელის მიმწოდებლებად ჩამოყალიდბებიან, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი კრიტიკული აკადემიური აზრის წარმოებისა და გავრცელებისა შესაძლებლობა.

I სასკოლო განათლება და ზოგადი განათლების ინდოქტრინაციისა და პოლიტიკური განათლების რისკები

იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა, ქართული ოცნების უფრო ზოგადი და მრავლისმომცველი პოლიტიკური გეგმის ნაწილია, მნიშნველოვანია, რომ ის სხვა მიმდინარე საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცვლილებებისგან განცალკევებით არ განვიხილოთ.

ბოლო თვეებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გაჟღერდა მათ შორისაა:

ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელო, რომლის ფარგლებშიც 2-3 წლის ვადაში ამა თუ იმ საგანში მხოლოდ ერთი, განათლების სამინისტროს დაკვეთით შემუშავებული სახელმძღვანელოები დაინერგება როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებში;  საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმის დანერგვა; კამპანიაპროფესია პოლიციელისგანხორციელება;  ღირებულებითი განათლების დანერგვა საჯარო სკოლებთან ჩამოყალიბებულ კლუბებში, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები განახორციელებენ; ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 წლიდან 11 წლამდე შემცირება;

ჩამოთვლილი ცვილებების დიდი ნაწილში ავტორიტარიზმის პოტენციური ნიშნები შეიმჩნევა.

ინიციატივა ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელო,  განსაკუთრებით შეეხება ისეთ საგნებს როგორებიცაა ქართული ენა და ისტორია. ერთი სახელმძღვანელის შემუშავების საჭიროებაზე მსჯელობისას, სამინისტროს მხრიდან ძირითადი აქცენტი არა აკადემიურ საჭიროებებზე, არამედ მოსწავლეებში ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისა და პატრიოტიული სულისკვეთების დანერგვაზე გაკეთდა.[1] ქვეყანაში არსებული ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც გადაწყვეტილებები ერთპარტიულად მიიღება და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური და ინსტიტუციური დაზღვევის და ბალანსის მექანიზმები, მაღალია რისკი რომ სასკოლო სახელმძღვანელოები გამოყენებული იქნება პოლტიკური ინდოქტრინაციის, გარკვეული ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების რევიზიის და სწავლების იდეოლოგიზირებისთის. 

მართალია, ღირებულებითი განათლების პროგრამა არ არის სავალდებულო და სკოლებთან არსებულ არაფორმალური განათლების კლუბების ფარგლებში ხორციელდება, თუმცა სკოლების სეკულარულ სივრცეში რელიგიური და პოლიტიკური ინდოქტრინაციის რისკებს აჩენს. განათლების სამინისტროს მიხედვით,  პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირები მოსწავლეებს ისეთ თემებზე ესაუბრებიან როგორებიცაა რწმენა, ოჯახი და სამშობლო.[2]

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის მარეგულირებელი სხვადასხვა აქტები მოქმედებს, რომელიც ექსპლიციტურად კრძალავს საჯარო სკოლებში რელიგიურ ინდოქტრინაციას,  პროზელიტიზმსა და დისკრიმინაციას.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს,  მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლებისათვის ისეთი ვალდებულებების დაკისრებას. რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და სინდისს.[3] კანონის მე-13 მუხლი პირდაპირ კრძალავს „საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას.”[4] ამასთან, ზოგადი განათლების შესახებ კანონით დაუშვებლადაა ცნობილი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით განთავსება.[5] ამასთან,  ნათლადაა აკრძალული საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში რელიგიური რიტუალის ჩატარება, აკადემიური მიზნებითაც კი.[6] კანონის აღნიშნულ რეგულაციებში აშკარაა სახელმწიფოს ნება, რომ საჯარო სკოლები განიხილებოდეს რელიგიური შინაარსისაგან დაცლილ სამოქალაქო სივრცედ, სადაც რელიგია აღწევს არა როგორც მრწამსი, არამედ როგორც ცოდნის სისტემა და ამით ადგენს განათლების პოლიტიკის თანხვედრას სეკულარული ჩარჩოს მოთხოვნებთან.[7]

ევროპული სასამართლო საჯარო განათლების სფეროში ინდოქტრინაციას კრძალავს. მართალია, ეს არ ნიშნავს რელიგიური საგნების არაფორმალური სწავლების ბლანკეტურ გამორიცხვას, თუმცა ისინი ინდოქტრინაციის ფორმას არ უნდა იძენდნენ. სასამართლოს თანახმად, დაუშვებელია სავალდებულო საგანი ერთ რელიგიას ანიჭებდეს უპირატესობას, მაშინაც, თუ საგნის ფარგლებში სხვა „ტრადიციების“ მიმოხივლაც ხდებოდა, თუმცა მეორეხარისხოვან კონტექსტში და მათი თანაბარმნიშვნელოვან რწმენად აღიარების გარეშე.[8] ინდოქტრინაციის შეფასებას აძლევს სასამართლო ასევე იმ სავალდებულო საგნებსაც, რომელთა 50 პროცენტზე მეტი ქრისტიანულ რწმენას შეეხება და მხოლოდ, მეორეხარისხოვნად ეხება ფილოსოფიური განათლების ასპექტებს.[9] 

ამასთან, „ღირებულებითი განათლების“ პროგრამის ექსკლუზიურად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ განხორციელება, ქართულ მართლმადიდებელ სხვა კონფესის რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, რაც თავის მხრივ სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპის და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის მაღალ რისკებს ქმნის. ასევე, ბოლო ათწლეულებში, რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში გამოვლენილი პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის შემთხვევების გათვალისწინებით[10], არსებობს რისკი, რომ ეს პროგრამა გამოყენებული იქნება არამართლმადიდებელი მოსწავლეების ინდოქტრინაციისთვის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოს აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლებსა და სექციებში.

ასევე, იმისდა მიუხედავად, რომ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა სამინისტორს მტკიცებით საჯარო სკოლებთან არსებული არაფორმალური განათლების კლუბების ფარგლებში ხორციელდება და ის სავალდებულო სასკოლო საგანს არ წარმოადგენს, არ არის ნათელი თუ სინამდვილეში რამდენად თავისუფლები იქნებიან მოსწავლეები მათ გადაწყვეტილებაში მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ პროგრამაში. რაც შეეხება სავალდებულო საგნიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ პროცედურას, არ შეიძლება მოსწავლეს/მათ მშობლებს დაეკისროს საგნიდან გათავისუფლების საჭიროების დასაბუთების ტვირთი, რადგან ამას რწმენის ძალზე პირად ასპექტებზე ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მოჰყოლოდა[11] ამასთან, სასამართლოსთვის დამაკმაყოფილებელი არ არის სავალდებულო რელიგიური საგნიდან ნაწილობრივ გათავისუფლების შესაძლებლიბა, რადგან ეს დასაბუთრებასთან ერთად მშობლებს სასწავლო მასალის მუდმივი მონიტორინგის ტვირთს აკისრებდა. [12]

პროფესია პოლიციელი“- კამპანიის განხორციელება შშს-ს ინფორმაციით, მოსწავლეებში პოლიციელის საქმიანობის შესაღებ ცნობიერების ამაღლებას, პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაციას და მოსწავლეებსა და პოლიციელებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ბოლო წლებში პოლიციის როლისა და საქმიანობის მძაფრი პოლიტიზაციის კონტექსტში, სადაც პოლიცია მმართველი რეჟიმის გაგრძელებად ისახება,  ეს კამპანია, შეუძებელია არ დავინახოთ როგორც მოსწავლეების პოლიტიკური ინდოქტრინაციის მცდელობა.

სასკოლო ფორმების სავალდებულო სახით დანერგვა საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში, ასევე შესაძლოა იქნეს გაგებული როგორც უნიფორმულობის მეშვეობით მოსწავლეების დისციპლინირების ინსტრუმენტი და ავტორიტარული პედაგოგიკის კიდევ ერთი გამოვლინება. ამასთან, ისედაც მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის კონტექსტში, მოსწავლეების ოჯახებისთვის სასკოლო ფორმების შესაძენი დამატებითი ხარჯის დამატება, დისპროპორციულად დაამძიმებს ეკონომიკურად მოწყვლად და ღარიბ ოჯახებს.

ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 წლიდან 11 წლამდე შემცირება, თავისთავად უკან გადადგუმული ნაბიჯია, ისედაც მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე მყოფი ზოგადი განათლებისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოსწავლეების საბაზისო შესაძლებლობებითა და ჩვევებით აღჭურვას 12 წლიანი განათლების პირობებშიც კი ვერ ახერხებს. ამასთან, 11 წლიანი ზოგადი განათლება, საფრთხეს უქმნის ქართველი აბიტურიენტების შესაძლებლობას ჩააბარონ დასავლური უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებზე, სადაც როგორც წესი 12 წლიანი სასკოლო განათლების მოითხოვება. განათლების სამინისტროს შესაბამისი დაპირებების მიუხედვად, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველა მსურველი შეძლებს 12-ე კლასში დარეგისტრირებას და სწავლას, სავარაუდოა რომ ამ დაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი უმტკივნეულო არ იქნება და მოსწავლეებს მოუწევთ კლასებისა და შესაძლოა სკოლების გამოცვლაც 12-ე კლასის დასამთავრებლად, რასაც არასაჭირო დაბრკოლებები შეაქვს სასწავლო პროცესში. პირობის შეუსრულებლობას დისპროპორციულად უარყოფითი გავლენა ექნება დაბალშემოსავლიან და მოწყვლად ოჯახებს მიკუთვნებულ მოსწავლეების შესაძლებლობაზე ჩააბარონ დასავლური უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებსაც არ ექნებათ შესაძლებლობა ქართულ ან უცხოურ კერძო სკოლებში გაიარონ დამატებითი 12-ე კლასი.

სასკოლო განათლებაში ზემოთ აღწერილი დაგეგმილი რეფორმებიდან და მიმდინარე პროგრამებიდან ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ზოგადი განათლების მართლაც სერიოზული გამოწვევების გადაჭრის მაგივრად, მოსწავლეების დისციპლინირებასა და ინდოქტრინაციის გეგმებზე მუშაობს. სკოლები, რომლებიც ყველაზე უფრო უსაფრთხო და ნეიტრალური სივრცეები უნდა იყოს, სადაც მშობლები შვილებს განათლების მისაღებად და საბაზისო სოციალური უნარების გასავითარებლად უშვებენ, ქართული ოცნების გეგმაში იდეოლოგიური ინდოქტრინაციის პირველ საფეხურად იქცევა.

II უმაღლეს განათლებაში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიურობასა და აკადემიურ თავისუფლებებს

ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიერთების შესახებ, 2025 წლის 16 ოქტომბერს წარდგენილ და იმავე წლის 1 დეკემბერს დამტკიცებული უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის ნაწილია. კონცეფციაში აღნიშნება, რომ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლობ დაწესებულებები „ვერ უზრუნველყოფენ თანამედროვე სტანდარტების ცოდნის მიწოდებასა და პროფესიული უნარების განვითარებას სტუდენტებისთვის” რაც ასევე დამატებით პრობლემას, ახალგაზრდების უცხოეთში ემიგრაციას იწვევს. კონცეფცია 7 მთავარ თემატაურ პრობლემას ავლენს და ამ პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის რეფორმებს ითვალისწინებს. ეს რეფორმები კი, თავის მხრივ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N. 234/2-XIმპ საკანონმდებლო პროექტშია აღბეჭდილი.

კონცეფციაში იდენტიფიცირებული მთავარი გამოწვევებია: 1. უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული კონცენტრაცია თბილისში; 2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერისტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა; 3. საკადრო პოლიტიკა; 4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლვევას შორის; ხარისხიანი პროგრამების და სახელმძღვანელოების ნაკლებობა; 4. სუსტი კავშირი უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის; 6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა; 7. გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად, კონცეფცია  შესაბამის თემატურ მიზნებს სახავს, მათ შორისაა:  უმაღლესი განათლების გეოგრაფიული დეკონცენტრაციის მიზნით,  თბილისის პარალელურად ქუთაისის ქვეყნის მეორე საუნვიერსიტეტო ცენტრად ჩამოყალიბება, თბილისის განტვირთვა რუსთავის განვითრების გზით, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება თბილისსა და ქუთაისში, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის დამკვიდრება, ბაკალავრის და მაგისტრატურის პროგრამების მინიმალური ხანგრძლივობის შემცირება  შესაბამისად 4-დან 3 წლამდე და 2-დან 1 წლამდე, სასწავლო პროგრამებისა და მისაღები სტუდენტების კვოტების ცენტრალურად დამტკიცება, მისაღები კვოტების ბაზრის მოთხოვნებისთვის დაქვემდებარება, აკადემიური პერსონალის იერარქიულ რეორგანიზება წამყვანი პროფესორების ინსტიტუტის შემოღებით და დაფინანსების საგრანტო სისტემიდან სახელმწიფო დაკვეთის მოდელზე გადასვლა.

აღსანიშნავია, რომ როგორც კონცეფციის დოკუმენტი ისე შესაბამისი კანონპროექტის ტექსტი არ ციტირებს შესაბამის ემპირიულ კვლევას, ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებას ან საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან წარმოებულ დიალოგს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავდა არსებული კონცეფცია და საკანონმდებლო პროექტი.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა  უსგ-ის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) რეორგანიზაციის  წესებშიც. განმარტებითი ბარათის თანახმად  ცვლილებები მიზნად ისახავს  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უსგ-ის რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს დაზუსტებას, პროცესის ეფექტიანობის გაზრდასა და საჯარო ინტერესების დაცვას. ცვლილებების გამართლების არგუმენტად “ქართული ოცნება”სისტემური რეფორმების განხორციელებას, აკადემიური და სამეცნიერო ხარისხის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევას, ასევე საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ასახელებს.  თუმცა, შემოთავაზებული მექანიზმების შინაარსობრივი ანალიზი აჩენს სერიოზულ კითხვებს მათი კონსტიტუციურობის, პროპორციულობისა და უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვის თვალსაზრისით.

უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვის პრობლემა

საქართველოს კონსტიტუცია და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი უნივერსიტეტებს ანიჭებს აკადემიურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ ავტონომიას, რაც დემოკრატიული უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს წარმოადგენს. კანონი საქართველოს მთავრობას   უფლებას ანიჭებს რეორგანიზაციის პერიოდში “ განსაზღვრული ვადით შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული მათი ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების წესი”,[13] თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, რაც არსებითად აზიანებს ამ ავტონომიის შინაარსს.

ამასთან მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოადგილის/რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი/მოვალეობის შემსრულებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიური მმართველი ორგანო − დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით მიენიჭება აკადემიური საბჭოს ან/და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების უფლება. [14]

მართვის ორგანოების (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო) უფლებამოსილებების დროებით შეჩერება ან ჩანაცვლება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული დროებითი მმართველი საბჭოთი ქმნის რეალურ რისკს, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობა ფორმალურ ინსტიტუტად იქცეს.[15] მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამ უფლებამოსილებებს „დროებითსა და მიზნობრივად“ აცხადებს, თავად კანონი არ ადგენს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც გამორიცხავდა ამ მექანიზმის პოლიტიკური მიზნით გამოყენების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ავტონომია წარმოადგენს არა პრივილეგიას, არამედ ფუნქციურ გარანტიას აკადემიური თავისუფლების რეალიზებისთვის, რის გამოც მასზე ნებისმიერი ჩარევა ექვემდებარება მკაცრ კონსტიტუციურ ტესტს (ლეგიტიმური მიზანი – აუცილებლობა – პროპორციულობა).

გატარებული ცვლილებებით შემოთავაზებული მოდელი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებას დროებით ჩაანაცვლოს უნივერსიტეტის არჩეული მმართველი ორგანოები დანიშნული სუბიექტებით, არსობრივად არღვევს ავტონომიის ამ ფუნქციურ ბუნებას და მას ადმინისტრაციულ მმართველობამდე დაჰყავს.

კანონის მიღების პარალელურად, არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ცალსახად მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, წინ არ უძღვოდა თავად უნივერსისტეტის წარმომადგენლებთან მსჯელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება, გადახედვას არ ექვემდებარე, მიუხედავად იმისა, რა  პოზიცია ექნება თავად უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს. [16]

განათლების სისტემაში დაანოსებული ცვლილებები გააკრიტიკეს ასევე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციებმა, რომელებისც “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ არ მოიყვანონ სისრულეში მათ მიერ დაინიცირებული განათლების რეფორმა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში, რექტორთა კონფერენციების წევრები, აღნიშნავენ რომ კონცეფცია ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელთა დაცვის პასუხისმგებლობა საქართველომ ბოლონიის პროცესის და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სივრცის წევრობით აიღო. კონცეფციაში გათვალისწინებული ზომები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემისა და დაფინანსების რესტრუქტურიზაციის, სწავლის, კვლევისა და პერსონალის სტრუქტურის რეორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურის სრულად დემონტაჟს და დარჩენილი ნაწილის სრული პოლიტიკური კონტროლისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცევას.

დაგეგმილი რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანწილად საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მომავალს. ეს ასევე გაანადგურებს ბოლო წლების ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესების წარმატებებს. ამ რეფორმებმა, რომლებიც განხორციელდა ევროპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველო გახადა უმაღლესი განათლების ღირებულ ადგილად ევროპის კვლევისა და უმაღლესი განათლების სივრცეში. ამის შედეგად, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასურველი პარტნიორები არიან საერთაშორისო თანამშრომლობაში კვლევისა და სწავლების სფეროში.[17]

მთავრობისთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია

კანონმა ფართო დისკრეცია მიანიჭა საქართველოს მთავრობასა და განათლების მინისტრს,  რომელთაც შეუძლიათ განსაზღვრონ:

  • რეორგანიზაციის მიზნები;
  • მისი ფორმა და ვადები;
  • მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეზღუდვის მოცულობა;
  • დროებითი მმართველი საბჭოს უფლებამოსილებები.

აღნიშნული საკითხების ძირითადი ნაწილი არ არის დეტალურად დარეგულირებული თავად კანონში და მთლიანად მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს. მსგავის ბუნდოვანება, არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და ზრდის პოლიტიკური ჩარევის რისკს აკადემიურ სივრცეში. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ კანონში არ არის გაწერილი რეორგანიზაციის აუცილებლობის მკაფიო კრიტერიუმები და არ არსებობს ობიექტური ტესტი, რომლის საფუძველზეც შეფასდება, მართლაც არსებობს თუ არა „საჯარო ინტერესი“ კონკრეტულ შემთხვევაში.

განმარტებით ბარათში ასევე საუბარი არ არის, მოხდა თუ არა განათლების ბაზრის კვლევა,  იქნა თუ არა განათლების  სისტემა  შეფასებული და რატომ გახდა აუცილებელი უნივერსიტეტების ავტონომიაში ასეთი მასშტაბური ჩარევა.

ის,რომ საკანონმდებლო ცვლილებები,  უნივერისტეტებთან კონსულტაციის გარეშე  დაინიცირდა, მიუთითებს თავად უნივერისტეტისა და “ქართული ოცნების” გუნდის განცხადებებიც.[18] ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტექნიკურ უნივერისტეტი, სათანდოდ ვერ უზრუნველყოფს  ტექნიკური მიმართულებების განვითარებასა და გაძლიერება. [19] ამ განცხადებამდე  ერთი დღით, ადრე სამთავრობო მედიებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია,  რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ტექნიკური უნივერსიტეტი ამ განცხადებას გამოეხმაურა და კატეგორიულად მოითხოვა გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის  ბოდიშის მოხდა და ინფორმაციის   უარყოფა.[20]

პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპების უგულებელყოფა

კანონმდებელი რეორგანიზაციის მიზნებად  არაერთგან ასახელებს ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა დასაბუთებული არ არის, რატომ არის აუცილებელი სწორედ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების უფლებამოსილებების შეჩერება ამ მიზნების მისაღწევად. ალტერნატიული, ნაკლებად ინტენსიური ჩარევის მექანიზმები (მაგალითად, ზედამხედველობის გაძლიერება, ინსტიტუციური აუდიტი, რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმა) კანონპროექტში საერთოდ არ არის განხილული.

ამგვარად, ჩნდება  ობიექტური კითხვა, აკმაყოფილებს თუ არა შემოთავაზებული რეგულაცია პროპორციულობის ტესტს - არის თუ არა იგი მიზნის მისაღწევად აუცილებელი და არ გადადის თუ არა უფლებათა შეზღუდვა დასაშვებ ზღვარს.

გამჭვირვალობისა და მონაწილეობის დეფიციტი

მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, გატარებული ცვლილებები არ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ეფექტიან მონაწილეობას რეორგანიზაციის პროცესში. არ არის გათვალისწინებული:

  • სავალდებულო კონსულტაციები;
  • გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება;
  • გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც,  დროებითი მმართველი საბჭო შეიძლება ჩაენაცვლოს სწორედ იმ ორგანოებს, რომლებიც უნივერსიტეტში დემოკრატიული წარმომადგენლობის მთავარ მექანიზმს წარმოადგენენ.

დროებითობის ფორმალური ხასიათი

გატარებული საკანონმდებლო მრავალჯერ უსვამს ხაზს დროებითი მექანიზმების არსებობას, თუმცა არ განსაზღვრავს მკაცრ მაქსიმალურ ვადებს ან პირობებს, რომლებიც ავტომატურად დაასრულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველობის მოქმედებას. შედეგად, „დროებითი“ შეიძლება გადაიქცეს გახანგრძლივებულ რეჟიმად, რაც კიდევ უფრო ასუსტებს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ მდგრადობას.

მიუხედავად იმისა, რომ გატარებული ცვლილებები ფორმალურად რეორგანიზაციის პროცესის სამართლებრივი სიცხადისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად,  მისი შინაარსი მნიშვნელოვან რისკებს ქმნის უნივერსიტეტის ავტონომიის, აკადემიური თავისუფლებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპების დაცვის კუთხით. წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად აძლიერებს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, რომლებიც ამ ჩარევას პროპორციულ და გამონაკლის შემთხვევებად აქცევდა.

ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის დანერგვა, რომლის მიხედვითაც ერთ ქალაქში ამა თუ იმ ფაკულტეტის ფუნქციონირება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი, პირდაპირი გზაა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტების დასასუსტებლად, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება. დაპირებების მიუხედავად, რომ არ იგეგმება აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მისაღები რაოდენობის შემცირება, სავარაუდოა, რომ ფაკულტეტების გაერთიანების შემთხვევაში, შემცირდება მისაღებ სტუდენთან რაოდენობა, რადგან რთულად წარმოსადგენია რომ მრავალრიცხოვანი გაერთიანებული ფაკულტეტების მიღება ერთმა რომელიმე უნივერსიტეტმა შეძლოს.[21] კანონპროექტში მოცემული აკადემიური პერსონალის იერარქიული რეორგანიზება —  ასოცირებული და ასისტენტი პროფესორების სრული პროფესორებისა და წამყვანი პროფესორებისთვის დაქვემდებარება, აკადემიური პერსონალის აკადემიური თავისუფლების და ავტონომიის გაუქმების[22] და პერსონალი კარიერული მოტივაციური სტრუქტურის კონტროლისა და ცხოვრებისეული შანსების პარტიული კონტროლის მაღალ რისკებს აჩენს.  ასევე, ფაკულტეტების გაერთიანებისა და სტუდენთა რიცხვის სავარაუდო შემცირების შედეგად, იზრდება აკადემიური პერსონალის შემცირების რისკებიც, ეს განსაკუთრებით რეჟიმის მოწინააღმდეგე აკადემიურ პერსონალს ეხება. ასევე მრავალდაგროვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების ვიწროდ სპეციალიზიებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებად ჩამოყალიბება, რომლებსაც არ შეეძლებათ საკუთარი აკადემიური პრიორიტეტების განსაზღვრა და მრავალმხრივი კვლევითი და სასწავლო საქმიანობის წარმოება, მკვეთრად შეამცირებს ამ უნივერსიტეტებში მულტიდისციპლინური კვლევებისა და სწავლების შესაძლებლობას.

თბილისში სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და თბილისის განტვირთვა რუსთავის განვითარების მეშვეობით, მაღალი ალბათობით მიზნად ისახავს თბილისის ცენტრში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების გასხვისებასა და მათ ნაცვლად ახალი იფრასტრუქტურის აშენებას თბილისის პერიფერიულ უბნებსა და ქალაქ რუსთავში. ქალაქის ცენტრიდან და უნივერსიტეტების ისტორიული შენობებიდან სტუდენტური სხეულის ქალაქის გარეთ ან რუსთავში გადატანა, სავარაუდოდ მიზნად ისახავდეს სტუდენტების როგორც ტრადიციულად პროგრესული ცვლილებებისკენ მომართული კოლექტიური აქტორის გეოგრაფიულ სეგმენტაციას და განეიტრალებას, რაც მათი გეოგრაფიული დანაწევრებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრიდან მოშორებით გადანაცვლებით გახდება შესაძლებელი.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს საბაკალავრო პროგრამების მინიმუმი ხანგრძლივობის 4 წლიდან 3 წლამდე, ხოლოდ სამაგისტრო პროგრამების მინიმუმი ხანგრძლივობის 2 იდან 1 წლამდე შემცირებას. ახალი სისტემით, მაგისტრატურის დამთავრების შემთხვევაში სტუდენტს დღეს არსებული 18 წლის მაგივრად, მხოლოდ 15 წელი ექნება გატარებული საშუალო და უმაღლეს განათლებაში. სწავლის ხანგრძლივობის ასეთი რადიკალური ცვლილება, საფრთხეს უქმნის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიწოდებული განათლების ხარისხს. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მინიმუმი ხანგრძლივობის თითო წლით შემცირებას, ეს პრობლემებს ქმნის როგორც არსებული სასწავლო პროგრამების შემცირებულ ხანგრძლივობაზე გადაწყობის კუთხით, რამაც შესაძლოა მიწოდებული სასწავლო პროგრამების მკვეთრი შეკვეცა და შესაბამისად ხარისხის გაუარესება გამოწვიოს. ამასთან, ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული კვალიფიკაციების სანდოობასა და რეპუტაციას და მათ თავსებადობასა და აღიარებას ევროპისა და საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციების მიერ.

ავტორიტარულთან ერთად, რეფორმა ნეოლიბერალურიცაა – ის პიროვნების განვითარების თუ სოციალური სიკეთეების მიღწევის ნაცვლად, უმაღლესი განათლების გაცხადებულ გეგმად მის საბაზრო მოთხოვნებისთვის დაქვემდებარებას სახავს, რაც ერთის მხრივ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს კარიერის არჩევის და პიროვნების განვითრების თავისუფლებას შეუზღუდავს, მეორეს მხრივ კი მძიმე დარტყმას მიაყენებს ტრადიციულად კრიტიკული აზრის მწარმოებელი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებს.  

დასკვნა

ზოგად და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე ცვლილებები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ ნეიტრალური, ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია ან სექტორული პოლიტიკის კორექცია. ის წარმოადგენს განათლების სისტემის ფუნქციის ფუნდამენტურ გადახედვას, რომელშიც განათლება თანდათან კარგავს საზოგადოებრივი სიკეთისა და კრიტიკული აზრის განვითარების სივრცის როლს და გარდაიქმნება პოლიტიკური ლოიალობის, დისციპლინირებისა და სოციალური კონტროლის მექანიზმად. ამ პროცესში განათლება აღარ მოემსახურება თავისუფალი ადამიანის ავტონომიურ ჩამოყალიბებას, არამედ მიმართული იქნება წინასწარ განსაზღვრული სოციალური და იდეოლოგიური წესრიგის რეპროდუქციისკენ.

სასკოლო განათლების დონეზე, დისციპლინის, უნიფორმულობისა და ერთიანი შინაარსის გაძლიერება ქმნის ჰეგემონიზეულ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც განსხვავება, კრიტიკული კითხვა და პლურალიზმი სისტემურად ითრგუნება. სკოლა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა წარმოადგენდეს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სოციალური სწავლებისა და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის, გადაიქცევა ადრეული სოციალიზაციის ინსტრუმენტად, სადაც ყალიბდება მორჩილი და პოლიტიკურად ნეიტრალიზებული სუბიექტი. ასეთ პირობებში ცოდნა კარგავს ინტერპრეტაციისა და კრიტიკის შესაძლებლობას და ფუნქციონირებს როგორც დახურული, ავტორიტეტული ნარატივი.

უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს განათლების სისტემის პოლიტიკურ გადაქვემდებარებას. უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიის შესუსტება, მართვის ცენტრალიზაცია და აკადემიური თვითმმართველობის ფორმალური ინსტიტუტებად გადაქცევა არღვევს იმ სტრუქტურულ წინაპირობებს, რომელთა გარეშე აკადემიური თავისუფლება შინაარსობრივად შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტი თანდათან კარგავს საჯარო სივრცის სტატუსს და ემსგავსება ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის მთავარი ფუნქციაა წინასწარ განსაზღვრული ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების შესრულება.

ამასთან, განათლების შრომის ბაზრის ვიწრო მოთხოვნებზე დაქვემდებარება ამცირებს განათლების როგორც კრიტიკული, სოციალური და კულტურული პრაქტიკის მნიშვნელობას. სწავლება გადაიქცევა მოკლევადიან ინსტრუმენტულ პროცესად, სადაც პრიორიტეტი ენიჭება სწრაფად გამოსაყენებელ უნარებს, ხოლო ღირებულებითი, ჰუმანიტარული და კრიტიკული კომპონენტები მეორეხარისხოვნად ან ზედმეტად ცხადდება. შედეგად, განათლება კარგავს საზოგადოებრივი ცვლილების გენერირების პოტენციალს და ემსახურება არსებული ძალაუფლების სტრუქტურების სტაბილიზაციას.

აღნიშნული რეფორმები განსაკუთრებულად მძიმე შედეგებს იწვევს სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით. საჯარო განათლების სისტემის დეგრადაცია და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კავშირის შესუსტება დისპროპორციულად აზიანებს იმ ჯგუფებს, რომელთათვის განათლება სოციალური მობილობისა და განვითარების ერთადერთი რეალისტური მექანიზმია. ამგვარად, განათლება, რომელიც თეორიულად უნდა ამცირებდეს სოციალურ უთანასწორობას, პრაქტიკაში იწყებს მის გამყარებასა და ნორმალიზაციას.

საბოლოოდ, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები უნდა გავიგოთ როგორც ავტოკრატიული ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტიტუტების კონტროლს, არამედ ცოდნის წარმოების, გადაცემისა და ლეგიტიმაციის პროცესების ხელში ჩაგდებას. განათლების სისტემის ასეთი გადაკეთება ქმნის საზოგადოებას, სადაც კრიტიკული აზრი სტრუქტურულად არასასურველია, განსხვავებული პოზიცია მარგინალიზებული, ხოლო განათლება ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თეა თოფურია, ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელო, რატომ ახსენებს გამომცემლობებს სასკოლო წიგნების მომავალზე საუბარი წარსულს? რადიო თავისუფლება. 6 დეკემბერი, 2025.

https://www.radiotavisupleba.ge/a/ერთი-საგანი-ერთი-სახელმძღვანელო/33614496.html

[2] ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 20 სექტემბერი 2025.

 https://mes.gov.ge/content.php?id=14233&lang=geo&csrt=27176972451593158

[3] საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მე-18 მუხლის 1-ელი ნაწილი.

[4] საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი.

[5] საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,  მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი.

[6] იქვე. მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი.

[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კვლევა: „რელიგია საჯარო სკოლებში (განათლების პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების პერსპექტივიდან)“ გვ.15

[8] Mansur Yalçın and Others v. Turkey, no. 21163/11, 16 September 2014.

[9] Folgerø and Others v. Norway [GC], no. 15472/02, ECHR 2007-III.

[10] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, წალკის საჯარო სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის ფაქტი სახელმწიფოსგან პოზიტიური ზომების მიღებას საჭიროებს. 29 თებერვალი 2024.

https://socialjustice.org.ge/ka/products/tsalkis-sajaro-skolashi-religiuri-neitralitetis-printsipis-darghvevis-fakti-sakhelmtsifosgan-pozitiuri-zomebis-mighebas-sachiroebs#_ftn5

[11] Hasan and Eylem Zengin v. Turkey, no. 1448/04, 9 October 2007.

[12] Folgerø and Others v. Norway.

[13] უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-21 მუხლი.

[14] იქვე

[15] უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-20 მუხლის თანახმად:   . “1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.”მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა

[16] BMG, „ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე] პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ვერანაირად გადავხედავ - ზვიად გაბისონია”

https://bm.ge/news/universitetebis-gaertianebaze-politikuri-gadatsyvetileba-ukve-mighebulia-veranairad-gadavkhedav-zviad-gabisonia

[17] BMG, “ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით” https://bm.ge/news/avstriis-germaniis-polonetis-da-slovaketis-reqtorta-konferentsiebi-sheshfotebulni-arian-umaghlesi-ganatlebis-seqtorshi-mimdinare-movlenebit

[18]  რადიო თავისუფლება „გუშინ გავიგე“ - ინტერვიუ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან.

„ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დღეს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება“.

[19] ინტერპრესნიუსი, „ ირაკლი კობახიძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს - გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ მდგომარეობა, როგორც თავის დროზე შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ “,  https://www.interpressnews.ge/ka/article/861172-irakli-kobaxize-sakartvelos-teknikur-universitetshi-teknikuri-mimartuleba-ikca-gerad-es-unda-sheicvalos-gvinda-tsu-s-agvudginot-mdgomareoba-rogorc-tavis-droze-sheikmna-javaxishvilis-mier

[20] ინტერპრესნიუსი, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს “ https://www.interpressnews.ge/ka/article/861085-sakartvelos-teknikuri-universiteti-telekompania-postv-is-gadaumocmebeli-inpormaciis-gavrcelebistvis-bodishis-moxdas-stxovs/

 

[21] ქეთი ცოტნიაშივილი, ლელა ჩახაია, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ანალიზი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების კვლევების ცენტრი. 5 იანვარი, 2026. https://edresearch.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/analizis-dokumenti-2.pdf?fbclid=IwY2xjawPwn9NleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeJ6fi04R9SYGlArjfVi2vyD76cxmyuTqBNyhgG6opbA_sZ9Ixn6CGeQeySZ8_aem_AHfoKmaGX29zIfq0JeWMlQ

[22] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“