[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

წალკის საჯარო სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის ფაქტი სახელმწიფოსგან პოზიტიური ზომების მიღებას საჭიროებს  

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვრცელი დასაბუთებული წერილით  მიმართა და საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ხელშეწყობისთვის საჭირო პოზიტიური და სისტემური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

2024 წლის 2 თებერვალს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ქრისტიანმა სასულიერო პირებმა საგაკვეთილო პროცესის დროს, საკლასო ოთახები აკურთხეს და კედლებზე ჯვრები გააკრეს.[1] პროცესში მონაწილეობას იღებდა სკოლის დირექტორი და ამის შესახებ მასწავლებლების კოლექტივი,  მოსწავლეები და მათი მშობლები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი. საგულისხმოა, რომ წალკის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია.  სოფელ არწივანში ცხოვრობენ  აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, რომელთა დიდი ნაწილი მუსლიმია. სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების  ნაწილმა პროტესტი გამოთქვა მომხდარზე  და  სამართლებრივი რეაგირება მოახდინა.

აღნიშნული საკითხის  შესწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მალევე დაიწყო და რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაში  სკოლის დირექტორის მხრიდან ზოგადი განათლების კანონის მოთხოვნების დარღვევაც დაადგინა. სამინისტრომ მომხდარზე რეაგირება სკოლას მოსთხოვა და არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლაში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.

სამწუხაროდ, საჯარო სკოლებში პროზელიტიზმი და რელიგიური ინდოქტრინაცია კვლავ განგრძობად პრაქტიკად რჩება. იმავე პრობლემაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. სახალხო დამცველი რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის  კონკრეტული შემთხვევებს აღწერს.  კერძოდ  2021 წელს,  ქვემო ქართლის ორ საჯარო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოსა და „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ინიციატივით  საგაკვეთილო ციკლი  „სამშობლოსმცოდნეობის“ იქნა შემოღებული, რომელიც მკვეთრად მართლმადიდებლური კონფესიური შინაარსითა და საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების უარყოფით ხასიათდებოდა.[2] საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პროზელიტიზმს პრობლემად ასახელებს საქართველოს  სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც.  საბჭო აღნიშნავს, რომ  საჯარო სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი - ხშირია რელიგიური რიტუალების აღსრულება გაკვეთილებზე, მათ შორის ლოცვა სწავლის დაწყების წინ, აკადემიურ დროს სასულიერო პირების სკოლაში მისვლა და მოსწავლეების დალოცვა, კურთხევა და ქადაგება. ასევე, სკოლის ტერიტორიებზე  არსებობს სამლოცველო კუთხეები და ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენა.[3] ამავე ტენდენციაზე უთითებს, რამდენიმე წლის წინ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც,.[4]

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის მარეგულირებელი სხვადასხვა აქტები მოქმედებს, რომელიც ექსპლიციტურად კრძალავს საჯარო სკოლებში რელიგიურ ინდოქტრინაციას,  პროზელიტიზმსა და დისკრიმინაციას.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელიც იმთავითვე  გამორიცხავს,  მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლებისათვის ისეთი ვალდებულებების დაკისრებას. რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და სინდისს.[5] კანონის მე-13 მუხლი პირდაპირ კრძალავს „საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას.”[6] ამასთან, ზოგადი განათლების შესახებ კანონით დაუშვებლადაა ცნობილი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით განთავსება.[7] ამასთან,  ნათლადაა აკრძალული საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში რელიგიური რიტუალის ჩატარება, აკადემიური მიზნებითაც კი.[8] კანონის აღნიშნულ რეგულაციებში აშკარაა სახელმწიფოს ნება, რომ საჯარო სკოლები განიხილებოდეს რელიგიური შინაარსისაგან დაცლილ სამოქალაქო სივრცედ, სადაც რელიგია აღწევს არა როგორც მრწამსი, არამედ როგორც ცოდნის სისტემა და ამით ადგენს განათლების პოლიტიკის თანხვედრას სეკულარული ჩარჩოს მოთხოვნებთან. [9]

საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის აკრძალვის მოთხოვნა გათვალისწინებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ მასწავლებლისა და  დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსებითაც. 

ადგილობრივი საკანონმდებლო მოწესრიგების მიღმა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპის მნიშვნელობას იზიარებენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,[10] რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI),[11] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა საბჭო [12]და სხვა.

იმის გამო, რომ ექსპლიციტური საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, საჯარო სკოლებში კვლავ ხშირია რელიგიური ინდოქტრინაციისა და  პროზელიტიზმის შემთხვევები, არსებითია სახელმწიფომ პროაქტიული მიდგომებით  და სისტემური ინტერვენციებით ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური და თანასწორი საგაკვეთილო და სოციალური გარემოს მშენებლობას.

ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ

  • საჯარო სკოლებში (პრიორიტეტულად კი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო სკოლებში) პროაქტიულად შეისწავლოს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შესაძლო შემთხვევები და ტენდენციები და მათი გავლენა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებებსა და ინკლუზიაზე;
  • პრობლემის შესწავლის პროცესში გაითვალისწინოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან კონსულტაციების გავლის მნიშვნელობა;
  • კვლევის და შესაბამის სამოქალაქო აქტორებთან კონსულტაციების საფუძველზე გაატაროს პროაქტიული და სისტემური პრევენციული ღონისძიებები საჯარო სკოლებში (პრიორიტეტულად კი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო სკოლებში) ინკლუზიური, თანასწორი და რელიგიურად ნეიტრალური გარემოს შესაქმნელად. ამისთვის მათ შორის მნიშვნელოვანია, 1. სამინისტრომ აქტიურად აამაღლოს სკოლების ადმინისტრაციის და მასწავლებლების ცოდნა და სენსიტიურობა ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისი მოთხოვნებისა და უფლებრივი სტანდარტების შესახებ; 2. შეიმუშაოს მნიშვნელოვანია საჯარო სკოლებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი და მხარდამჭერი პოზიტიური პროგრამებით ხელი შეუწყოს სკოლენში მის თანმიმდევრულ დანერგვას; 3. საჯარო სკოლებში წაახალისოს მულტიკულტურული პროგრამები და პროექტების განხორციელება, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ისე ადგილობრივი თემი. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]სტატია: „გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ivIJW

[2]საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.გვ.259

[3]საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, გვ. 13, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/nKQW0

[4]სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კვლევა: „რელიგია საჯარო სკოლებში (განათლების პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების პერსპექტივიდან)“ გვ.9

[5]საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მე-18 მუხლის 1-ელი ნაწილი.

[6] საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი.

[7] საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,  მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი.

[8] იქვე. მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი.

[9]სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კვლევა: „რელიგია საჯარო სკოლებში (განათლების პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების პერსპექტივიდან)“ გვ.15

[10]United Nations,  Convention against Discrimination in Education, Article 5.1 a.ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/iBCRS

[11]ECRI, General Policy, Recommendation N10 on Combating Racism and Racial Discrimination in and through School Educatuon. Article 2.b

[12]ODIHR Advisory Council of Experts on Freedom of Religion or belief, “Toledo Guiding Principles on Teaching About Religions and Beliefs in Public Schools” p.38, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/aklrD            

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“