საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პრო-სახელისუფლებო ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ მომღერალ ვანო თარხნიშვილს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ მომღერლის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, სოციალური ქსელები მოიცვა ძალადობის ამსახველმა ვიდეომ, რომელიც თავად თავდამსხმელებმა გადაიღეს და გაავრცელეს, მათ შორის, პრო-სახელისუფლებო მედიების მეშვეობით.
ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, 9 ივლისს, კიდევ ერთმა მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ (სასცენო სახელით Kordz) სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, მას 4-5 ადამიანი ჩაუსაფრდა, ძალადობის მუქარით დაედევნა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მანამ, სანამ მუსიკოსმა თავი ერთ-ერთ მაღაზიას არ შეაფარა. კორძაიას ცნობით, მან პოლიციას ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებას განცხადება არც თარხნიშვილის და არც კორძაიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებზე არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ძალადობრივი ჯგუფები საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან. სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი პოსტებიც გავრცელდა, სადაც პარტიასთან დაკავშირებული პირები ძალადობას, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების, მათ შორის, თარხნიშვილისა და კორძაიას, მიმართ წინასწარ აანონსებენ.
მოქალაქეების წინააღმდეგ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები კიდევ ერთხელ ნოემბერ-დეკემბრის აქციების პარალელურად გააქტიურდნენ. დღემდე, საზოგადოებისთვის არაერთი შემთხვევის შესახებაა ცნობილი, როდესაც პროტესტში ჩართული პირები ძალადობას დაექვემდებარნენ. მაგალითად, გასული თვეების განმავლობაში თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, მსახიობ გიორგი მახარაძეს, "პუბლიკას” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, აქტივისტ ვახტანგ ფიცხელაურს, ასევე, ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც ძალადობის სამიზნე “აბუ დაბიში” დეპუტატებთან დაპირისპირების გამო გახდა. არც ერთ ამ და სხვა შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს პასუხისმგებელი პირები არ დაუკავებიათ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება საჯაროდ გავრცელებულ კადრებში იყო შესაძლებელი.
საგამოძიებო უწყებების მსგავსი მიდგომა ცხადყოფს, რომ აქტივისტებისა და პროტესტის მხარდამჭერი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს კოორდინირებული ხასიათი აქვს და ის, როგორც მინიმუმ, შეწყნარებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
გარდა ფიზიკური თავდასხმების უგულებელყოფისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას სამართლებრივი მექანიზმების თვითნებური გამოყენების გზითაც ცდილობენ. 2025 წლის 8 და 9 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების წევრების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მიზნით ლაბორატორიულ კვლევაზე გადაყვანის შესახებ. პოლიტიკური პარტია “ლელოს” განცხადებით, 8 ივლისს, პოლიტიკური პარტიის სამი წევრი, ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ლევან ჯორბენაძე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. თავად ფარულავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მიზნით ტესტირებაზე გადაჰყავდათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გარდა ლელოს წევრებისა, დღეს, 9 ივლისს, ნარკოტესტირებაზე გადაიყვანეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრები, როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე.
მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებისა, რომ მიდინარე დღეებში ასეულობით მოქალაქის შემოწმება მოხდა ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებაზე, ორ დღეში, ორი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრების გადაყვანა შემოწმებაზე, აჩენს გონივრულ ვარაუდს მტკიცებისთვის, რომ პოლიტიკური აქტორების მიზანში ამოღება განზრახ ხდება და შერჩევითი ხასიათი აქვს.
სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ყველა ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება და ეფექტურად გამოიძიოს ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მტკიცებულებები დანაშაულის ორგანიზებული ხასიათის შესახებ. ეს ვალდებულება, მათ შორის, გამომდინარეობს ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვის ინტერესიდან, როგორიცაა წამების, არააადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტების დემონსტრაციული გამოუძიებლობა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მფარველობად და პასიურ დანაშაულებრივ ქმედებად.
ძალადობრივი მოვლენებისა და ინციდენტების სერია მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ავლენს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სისტემურად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიმართავს ტერორს როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრისა და პროტესტის გასაჩუმებლად. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დანაშაულის არა ინდივიდუალურ ინციდენტებთან, არამედ ორგანიზებულ და სისტემურ რეპრესიებთან, რაც არღვევს სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას და ავტორიტარული მმართველობის ღია ნიშნებს ატარებს.
ინსტრუქცია