საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (შემდგომში - "საქსტატი") მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. აღწერის პროცესმა, თავის მხრივ, არაერთი მიმართულება მოიცვა. მათ შორისაა, მოსახლეობის რაოდენობა, გეოგრაფიული გადანაწილება და მათი სოციალურ-ეკონომიკური და საბინაო მდგომარეობა.
უკანასკნელი აღწერისას ქვეყანაში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი დაფიქსირდა, რაც 2014 წლის აღწერის მაჩვენებელს აღემატება. მოსახლეობის ამგვარი მატება მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მათ შორისაა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის (სულ მცირე, 135 000-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე) ზრდაც. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში შობადობისა და მიგრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით, მოსახლეობის ამგვარი ზრდა, ამ დრომდე არაერთ კითხვასთანაა დაკავშირებული.
ამავდროულად, საქსტატის ამგვარი მაჩვენებლების შემთხვევაშიც კი, რეგიონების უმეტესობაში - თბილისის (+20.1%), აჭარისა (+20.7%) და ქვემო ქართლის (+4.2%) გარდა, მოსახლეობა მცირდება. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ მუნიციპალურ დონეზეც იკლებს. როგორც აღმოჩნდა, 64 მუნიციპალიტეტიდან 53-ში მოსახლეობა შემცირებულია.
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ქალაქებისა და დაბების ნახევარზე მეტში მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა, არაერთ მათგანში შეინიშნება კლებაც. მაგალითად, ქალაქებიდან ყველაზე მეტად მოსახლეობა ტყიბულში (-10.2%), მარტვილსა (-6.4%) და ფოთში (-6.3%) შემცირდა.
განსაკუთრებულად მწვავედ დგას სოფლების თანდათანობითი დაცარიელების საკითხი. 2014 წელთან შედარებით, სოფლის მოსახლეობა ჯამში 7.4%-ით (117 000-ზე მეტი ადამიანით) შემცირდა.
შექმნილ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში, 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 14 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხვზე მეტია. რიგ მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, ცაგერის (14 წლამდე: 12.1%; 65 წლის ზემოთ: 31.5%), ამბროლაურის (14 წლამდე: 12.2%; 65 წლის ზემოთ: 33%), ონის (14 წლამდე: 13%; 65 წლის ზემოთ: 32.5%), ტყიბულის (14 წლამდე: 14.9%; 65 წლის ზემოთ: 28.2%), ხარაგაულის (14 წლამდე: 14.9%; 65 წლის ზემოთ: 26%), ბაღდათისა (14 წლამდე: 15.8%; 65 წლის ზემოთ: 25.9%) და ლენტეხის (14 წლამდე: 14.9%; 65 წლის ზემოთ: 26%) მუნიციპალიტეტები) ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია. ეს, თავის მხრივ, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის შემცირებისა და დემოგრაფიული კრიზისის ხელშესახებ რისკებს ქმნის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (მაგ., მარნეულის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და რუსთავის მუნიციპალიტეტები) საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება.
რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობის კლების ამგვარი ტენდენცია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, შიდა და გარე მიგრაციით, შეიძლება აიხსნას. თავის მხრივ, მიგრაციის მიზეზებს შორისაა შემოსავლებზე, სოციალურ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომის არარსებობა, შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა. 2024 წლის აღწერის მიხედვით, ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს ფარგლებში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, 971 000-ს აღემატება. მონაცემების მიხედვით, შიდა მიგრანტები ყველაზე ხშირად თბილისში, იმერეთსა და აჭარაში სახლდებიან.
ზემოთ აღნიშნული პროცესები ვერ შეჩერდება, თუ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ადგილზე ვერ შექმნის ღირსეული ცხოვრების პირობებს, ადამიანებზე ორიენტირებული სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებსა და ღირსეულ სამუშაო ადგილებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ პრაქტიკებს. ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობის პირობებში, არაერთ რეგიონში დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალი იქნება.




ინსტრუქცია