"ამ სოფლიდან 32 ადამიანი იყო დაკავებული. უმეტესად ხდება, რომ საქონელი ჰყავთ წაყვანილი ან თავიანთ ბაღებში მუშაობენ და თავზე ადგებიან, მიჰყავთ... ამის შემდეგ, როგორ შეიძლება თქვა, რომ დაცული ხარ?", სოფელი კოშკა.
"ჩვენი ბაღების თავზე რუსული ბაზა გვაქვს", სოფელი ერგნეთი.
"ბავშვი უნდა გააფრთხილო, რომ იქითკენ არ წავიდეს, ნაკვეთს ვერ მორწყავ იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზთან სარწყავი ხაზი გადის. ამ შეზღუდვებით, ამ სტრესში გვიწევს ცხვორება", სოფელი ზარდიანთკარი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს.
ადრეული გაფრთხილების სისტემის არარსებობა, გამყოფ ხაზთან მაფრთხიელბელი ნიშნების სიმცირე, სათვალთვალო კამერების არარსებობა, პატრულის არასაკმარისი მუშაობა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობას მუდმივი საფრთხის ქვეშ აგდებს.