[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი „რეალური სივრცის“ ჟურნალისტების გათავისუფლების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებებს აფასებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ  სათანადოდ ვერ შეაფასა ის გარემოება, რომ გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდის მიმართ მიღებული ზომები ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით, მიღებული გადაწყვეტილებები საქმის სათანადო განხილვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს შეიცავს.

„რეალური სივრცის“ თანამშრომელთა გათავისუფლება სცდება ინდივიდუალური შრომითი დავის ფარგლებს და კრიტიკული ჟურნალისტების დევნის საგანგაშო პრაქტიკაზე მიუთითებს. ეს პროცესი ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისის ფონზე წარიმართა და დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნა სწორედ ამ კრიზისის სათანადო გაშუქების მოთხოვნასა და ჟურნალისტური პრინციპების ერთგულებას მოჰყვა. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

2025 წლის აპრილიდან 2026 წლის მაისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 საქმედ განიხილებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანისა და შემოქმედებითი გუნდის წევრების სარჩელები გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნებით. გადაცემის წამყვანის,  ნინო ზაუტაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2026 წლის 15 აპრილს გამოაცხადა, გადაცემის შემოქმედებითი გუნდის 5 წევრის - ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიას და ტუხა კვინიკაძის საქმეზე - 2026 წლის 20 აპრილს, კიდევ 1 წევრის, მერი შიხაშვილის საქმეზე კი - 2026 წლის 20 მაისს. ყველა ამ საქმეში სასამართლომ  უარი თქვა ჟურნალისტების სარჩელების დაკმაყოფილებაზე.

გათავისუფლებული ჟურნალისტები წლების განმავლობაში მუშაობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლოს გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, პროდიუსერისა და კორესპონდენტების პოზიციებზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თანამშრომლებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო უვადო. გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი ამავე დროს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, გადაცემის შემოქმედებითი გუნდის წევრები კი ასევე პროფკავშირის წევრები იყვნენ.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მასობრივი დემონსტრაციების მომდევნო პერიოდში, საზოგადოების კრიტიკა მიმართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართაც: არაერთი შეკრება მოეწყო მაუწყებლის შენობასთან მოთხოვნით, არხს ეთერი დაეთმო დემონსტრანტებისთვისაც და სათანადოდ გაეშუქებინა შეკრების მონაწილეებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ პროტესტს შეუერთდნენ „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი და გუნდის სხვა წევრებიც. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩამოაყალიბეს მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“.

საბოლოოდ, ჟურნალისტების მხრიდან  საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, რომელიც, მათ შორის, შეეხებოდა არხის მენეჯმენტის მიერ ტელევიზიის არაჯეროვანი მართვასა და მმართველი პარტიისადმი მიკერძოებას, ჟურნალისტების ნაწილი ტელევიზიამ სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილი გადაიყვანა სხვა პოზიციაზე, ნაწილი კი იძულებული გახდა, თავად წასულიყო სამსახურიდან.

უფრო ზუსტად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წლის 21 იანვარს დაიწყო დისციპლინური საქმის წარმოება ნინო ზაუტაშვილის მხრიდან 2024 წლის 24 დეკემბერს რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს გამო. უფრო ზუსტად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, ამ ინტერვიუში „მოსარჩელე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის მენეჯმენტს ადანაშაულებდა ა) ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აზრის დევნაში, ბ) ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში, გ) თანამშრომელთა მიმართ ზეწოლაში, დ) მოვლენათა არაობიექტურ გაშუქებაში „ყოველგვარი კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მტკიცებით, „ასეთი მძიმე ბრალდებები ბუნებრივია ზიანს აყენებს მოპასუხის საქმიან რეპუტაციას და ამცირებს მის მიმართ საზოგადოების ნდობას. დისციპლინური წარმოების შედეგად, 2025 წლის 21 მარტს სამსახურიდან გათავისუფლდა გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით, გადაცემის შემოქმედებითი გუნდის 3 წევრს, სოსო კაციტაძეს, ტუხა კვინიკაძეს და თამარ მშვენიერაძეს კი იმავე საკითხებზე საჯარო განცხადებების გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წლის 11 აპრილს გამოუცხადა საყვედური. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებულ კიდევ ერთ თანამშრომელს, მერი შიხაშვილს, იგი იმ დროისთვის (2024 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის 20 ივნისამდე) სარგებლობდა ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, ის მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, თუმცა არხის ხელმძღვანელობის შესახებ საჯარო განცხადებებს არ აკეთებდა და მისთვის დისციპლინური სახდელი არ დაუკისრებიათ.

2025 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივ მაუწყებელმა გადაცემა „რეალურ სივრცეს“ საპროექტო ვადა არ გაუგრძელა და გათავისუფლების ფაქტის წინაშე დააყენა გადაცემის მთელი გუნდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, ვინაიდან, თანამშრომლების საჯარო განცხადებებმა მოახდინა გადაცემის დისკრედიტაცია და გადაცემის ობიექტურობის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ „...მაუწყებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საჯარო განცხადებათა შედეგად, დისკრედიტირებული და რეპუტაციაშელახული გადაცემისათვის აღარ გაეგრძელებინა საეთერო ვადა.” საგულისხმოა, რომ გათავისუფლებამდე, მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლებს, გადაცემის წამყვანის გამოკლებით, შესთავაზა ალტერნატიული პოზიცია, თუმცა ეს სამუშაო არ მოიცავდა საზოგადოებისთვის აქტუალური პოლიტიკური და სოციალური საკითხების გაშუქებას და, ამასთან, შეთავაზებები არ გულისხმობდა ისევ ერთ გუნდად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ნათელი იყო ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიზანი,  დაეხურა გადაცემა, დაეშალა მისი შემოქმედებითი გუნდი იმგვარად, რომ ნაწილი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა, ნაწილისთვის კი ისეთი ალტერნატიული სამუშაო შეეთავაზებინა, რომელიც სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით არ იქნებოდა მისაღები დასაქმებულებისთვის,  რაც მათი გათავისუფლების წინაპირობა იქნებოდა, ნაწილს კი ასეთი შეთავაზება იძულებულს გახდიდა, თავად წასულიყო სამსახურიდან. სინამდვილეშიც სწორედ ასე მოხდა.

საბოლოოდ, „რეალური სივრცის“ 5 ჟურნალისტი, რომლებსაც საყვედური გამოუცხადეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს 2025 წლის 5 მაისის ბრძანებებით, მერი შიხაშვილი კი მოგვიანებით, 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით გაათავისუფლეს.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2013 წლიდან გადიოდა და აშუქებდა ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ საკითხებს, მათ შორის, შრომით, გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს და სხვ. „რეალური სივრცე“ და მისი გუნდი წლების განმავლობაში ქმნიდნენ დისკუსიის გამორჩეულ სივრცეს და ადგილს უთმობდნენ ჩაგრულ და ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებსა და თემებს. აღსანიშნავია, რომ გადაცემის გუნდი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შევიწროების სამიზნე ადრეც გამხდარა. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ 2017 წელს, მენეჯმენტის მხრიდან იყო მცდელობა გადაცემა სხვა ფორმატით გასულიყო ეთერში. თუმცა, გადაცემის შესაძლო დახურვის ცნობას პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ გადაცემამ მუშაობა გააგრძელა.

წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს საქალაქო სასამართლოს სამ გადაწყვეტილებას:  2026 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებას ნინო ზაუტაშვილის საქმეზე, 2026 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებას ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიას და ტუხა კვინიკაძის სარჩელებზე და 2026 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებას მერი შიხაშვილის საქმეზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, თამარ მშვენიერაძის, ქეთევან კაპანაძის, ომარ წოწორიას, ტუხა კვინიკაძე, სოსო კაციტაძის სააპელაციო სარჩელი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ არ დააკმაყოფილა.

სამართლებრივი შეფასება

რეალური სივრცის ჟურნალისტების გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიუთითა - ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელში არც ორგანიზაციული ცვლილებები მომხდარა, არც რაიმე ეკონომიკური ან/და ტექნოლოგიური გარემოებები წარმოშობილა, რაც სამუშაო ძალის შემცირებას აუცილებელს გახდიდა. ამასთან, თანამშრომლებისთვის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ არ უცნობებიათ და არც რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუცნიათ.

ჟურნალისტების გათავისუფლების ფაქტობრივ მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებელი ასახელებს იმ გარემოებას, რომ გადაცემა „რეალურ სივრცეს“ 2025 წლის 1 მაისიდან აღარ გაუგრძელდა საპროექტო ვადა. თუმცა საპროექტო ვადის გაუგრძელებლობა, თავის მხრივ, გამოიწვია იმან, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი „ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით“, ხოლო გადაცემის გუნდის დანარჩენ წევრებს მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს იმის გამო, რომ მათი მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართ საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ რეპუტაციის შემლახავად მიიჩნია.

გადაცემის წამყვანის  საჯარო განცხადებები და მისი 2024 წლის 24 დეკემბრის ინტერვიუ შეეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებასა და შესაძლო პოლიტიკურ გავლენებს.  განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ნინო ზაუტაშვილი წარმოადგენდა არა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტსა და გადაცემის წამყვანს, არამედ ამავე დაწესებულებაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარეს. აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე, მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბარი, თანამშრომელთა ინტერესების დაცვა და მათზე როგორც კოლეგების, ისე ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მის წარმომადგენლობით ფუნქციას ბუნებრივად და განუყოფლად უკავშირდებოდა. შესაბამისად, მისი საჯარო განცხადებები დამატებით უნდა შეფასდეს სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც დაკავებული როლიდან გამომდინარე ბუნებრივად განპირობებული და არა დამსაქმებლის მიმართ არალოიალური ქცევა.

რაც შეეხება გადაცემის შემოქმედებითი გუნდის დანარჩენი წევრების გათავისუფლებას, ხაზი უნდა გაესვას გარემოებას, რომ შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს მაშინ, როცა დგინდება, რომ ეკონომიკური გარემოებები, ორგანიზაციული ან ტექნოლოგიური ცვლილებები ობიექტურად, ე.ი. დამსაქმებლის ნებისგან დამოუკიდებლად წარმოიშობა და, ამავდროულად, ამგვარად წარმოშობილი მოცემულობა სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას ქმნის. განსახილველ შემთხვევებში მოსამართლეებმა უგულებელყვეს უდავო გარემოება, რომ დამსაქმებელმა გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი თავად შექმნა გადაცემას არ გაუგრძელა საპროექტო ვადა.   

„რეალური სივრცის“ შემოქმედებითი ჯგუფის გათავისუფლების საქმეზე თავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ ჟურნალისტები საჯაროდ აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, საუბრობდნენ პოლიტიკურ გავლენებზე, პლურალიზმის პრობლემებზე, ცენზურასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევაზე. სწორედ აღნიშნული განცხადებები იქნა მიჩნეული მაუწყებლის „რეპუტაციის შემლახავად“, „ობიექტურობის დამაზიანებლად“ და საბოლოოდ გადაცემის დახურვისა და შემდგომ თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძვლად.

მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ფორმალურად უთითებს ორგანიზაციულ ცვლილებებსა და რეორგანიზაციის აუცილებლობაზე, თავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ გადაცემის დახურვა და თანამშრომელთა გათავისუფლება უშუალოდ მოჰყვა მათ მიერ გაკეთებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკის შემცველ საჯარო განცხადებებს. მეტიც, პირველ ინსტანციაში საქმის სასამართლო განხილვისას თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აღნიშნულმა განცხადებებმა მოახდინა გადაცემის დისკრედიტაცია, შეარყია მისი ობიექტურობა და გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვა. გადაწყვეტილებაში პირდაპირ აღნიშნულია: „გამომდინარე აქედან, საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისა და კანონით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, მაუწყებლის წინაშე დადგა ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების გარდაუვალი საჭიროება, რომლის ფარგლებშიც, მაუწყებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საჯარო განცხადებათა შედეგად, დისკრედიტირებული და რეპუტაციაშელახული გადაცემისათვის აღარ გაეგრძელებინა საეთერო ვადა“. ასეთ პირობებში აშკარაა, რომ სადავო ზომა რეალურად არ ყოფილა ნეიტრალური ორგანიზაციული გადაწყვეტილება, არამედ წარმოადგენდა უშუალო პასუხს „რეალური სივრცის“ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე გამოხატულ კრიტიკულ მოსაზრებებზე.

ამ მუხლის საფუძველზე გათავისუფლების მართლზომიერების კონტექსტში სასამართლოს არც ის გარემოება შეუფასებია, რომ დამსაქმებელს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება არ გამოუცია და არც დასაქმებულებისთვის უცნობებია რეორგანიზაციის დაწყების შესახებ.

სასამართლომ უარყო ის ფაქტიც, რომ 47- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტით გათავისუფლების კანონიერებისთვის დამსაქმებელს ევალება, დაამტკიცოს, რომ სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის წინაშე იდგა. განსახილველ შემთხვევაში კი საპირისპირო მოცემულობა გვაქვს, დამსაქმებელმა ვაკანტური პოზიციების შეთავაზებით თავადვე დაადასტურა, რომ არ არსებობდა სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა ფიქტიური რეორგანიზაცია გამოიყენა „არასასურველი“ თანამშრომლების თავიდან მოსაშორებლად, რომლებიც თავიანთი საჯარო კრიტიკით მენეჯმენტს დისკომფორტს უქმნიდნენ. ამ შემთხვევაში, რეორგანიზაცია თავად დამსაქმებლის მიერ შექმნილი ხელოვნური გარემოება იყო, რომელიც ჟურნალისტების გათავისუფლების გარდა სხვა მიზანს არ ემსახურებოდა; ამასთან, დამსაქმებელმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სამუშაო ძალის შემცირების საფუძველი ამ შემთხვევაში ნამდვილად არსებობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შრომით ურთიერთობებში გათავისუფლების, როგორც უკანასკნელი ზომის (ultima ratio) გამოყენება უნდა ექვემდებარებოდეს განსაკუთრებით მკაცრ შეფასებას.

ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის შემდეგ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას. უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის ანუ შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, დამსაქმებელი ხშირად ცდილობს შენიღბოს გათავისუფლების რეალური მოტივი, კერძოდ, სასამართლოს მიხედვით, „შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება, არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისთვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იყოს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება... ....დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში  განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება, გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისთვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისთვის დაწესებული ფუნქციებისგან .[1] აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის უარყოფა, მათ შორის ამ მიმართულებით შრომითი სტანდარტების გაუარესების საგანგაშო ტენდენციას აჩვენებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაცემის შემოქმედებითი გუნდის 5 წევრისა და კიდევ 1 წევრის 2 ცალ-ცალკე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთი ერთმანეთის იდენტურია; მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა ფაქტობრივი გარემოებები მსგავსია, ცხადია, შეუძლებელია, ორ სხვადასხვა მოსამართლეს სამოტივაციო ნაწილი იდენტური ფორმულირებით ჩამოეყალიბებინა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და იმაზე, რომ გადაწყვეტილებები ერთმანეთთან შეთანხმებული იყო.

შეფასება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შუქზე

ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა და მოვლენათა განვითარების ჯაჭვი ცხადყოფს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა მიმართ მიღებული ზომები  სცდება რიგითი შრომითი დავის ფარგლებს და  ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევის საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. „რეალური სივრცის“ წამყვანისა და მისი სამუშაო ჯგუფის წევრთა მიმართ დისციპლინური წარმოების წარმართვა, რასაც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საბაბით მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, განაპირობა მათ მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა მოსაზრებებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტის საქმიანობის თაობაზე. ცნობილია, რომ ნინო ზაუტაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, მათ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელმა, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, პროცესი ფორმალურად შრომის კანონმდებლობით ნებადართულ რეორგანიზაციად წარმოაჩინეს, რეალურად, მიღებული ზომები წარმოადგენდა სანქციას თანამშრომელთა მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო პოლიტიკის, მასზე შესაძლო პარტიული გავლენებისა და შიდა ცენზურის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო. შესაბამისად, საქმე მკაცრ შეფასებას მოითხოვს ადამიანის უფლებების, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების ჭრილში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლების ჟურნალისტების თანამდებობებიდან გათავისუფლებას ან მათ მიმართ ნებისმიერი სხვა სანქციის გამოყენებას, რომელიც აშკარად ან ფარულად უკავშირდება მათ საჯარო კრიტიკულ განცხადებებს, აღნიშნული ზომა, როგორც წესი, ფასდება გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევად. სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ორგანიზაციებში მომუშავე ჟურნალისტები არ კარგავენ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ დაცვას მათი შრომითი ურთიერთობის ფორმის მიუხედავად და, რომ მათ გამოხატვის თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა მოითხოვს განსაკუთრებით მკაცრ შემოწმებას დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მედიის, არსებითად მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით.[2] ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, ჩარევა განხორციელდა შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე თუ სხვა რაიმე ფორმით. გადამწყვეტია, რამდენად იყო სადავო ზომა დაკავშირებული უშუალოდ ჟურნალისტების მიერ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებთან.[3]

როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ჟურნალისტთა კრიტიკული განცხადებები იქნა მიჩნეული მაუწყებლის „რეპუტაციის შემლახავად“, „ობიექტურობის დამაზიანებლად“ და საბოლოოდ გადაცემის დახურვისა და შემდგომ თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძვლად. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ზომები არსებითად დაკავშირებული იყო მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან და წარმოადგენდა ჩარევას მათ გამოხატვის თავისუფლებაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ჩარევა განხორციელდა კანონის შესაბამისად და ისახავდა ლეგიტიმურ მიზანს, მაგალითად, როგორიცაა კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით მოცული სხვათა რეპუტაციის დაცვის მიზანი, იგი არ ექვემდებარება გამართლებას, რადგან აპელანტთა სამსახურიდან გათავისუფლება, ნინო ზაუტაშვილის შემთხვევაში სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლებისა და დანარჩენ თანამშრომელთა შემთხვევაში რეორგანიზაციის საფუძვლის ხელოვნურად შექმნის გზით, არ წარმოადგენდა აღნიშნული მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე საჯარო დებატებში და თავისუფლად გაავრცელონ ინფორმაცია და მოსაზრებები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო პოლიტიკის, მასზე შესაძლო პოლიტიკური გავლენების, პლურალიზმის ნაკლებობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებლის ინტერესი, დაიცვას საკუთარი რეპუტაცია და შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც გამოხატვა შეეხება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, სარედაქციო თავისუფლებასა და დემოკრატიული პლურალიზმის საკითხებს, ასეთი გამოხატვა განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის დაცვით სარგებლობს, ვინაიდან იგი დემოკრატიული დისკურსის ბირთვს განეკუთვნება.[4] შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეიძლება გააჩნდეს ლეგიტიმური ინტერესი საკუთარი რეპუტაციისა და მიუკერძოებლობის დაცვისა, აღნიშნული ინტერესი ვერ შეფასდება საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინტერესისაგან განცალკევებულად - მიიღოს ინფორმაცია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით არსებული შესაძლო ცენზურის, პოლიტიკური გავლენებისა და პლურალიზმის პრობლემების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნული ინტერესების რეალური და მკაცრი დაბალანსება ევროპული სასამართლოს მიერ დანერგილი ჩარევის თანაზომიერების შეფასების ტესტის გათვალისწინებით, რაც მას საერთოდ არ განუხორციელებია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტებსა და მათ დამსაქმებელ მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობას, დასაქმებულის ერთგულების, კონფიდენციალურობისა და პროფესიული დისციპლინის ვალდებულებები განსხვავებული და უფრო ფრთხილი სტანდარტით ფასდება, ვიდრე ჩვეულებრივ შრომით ურთიერთობებში, ვინაიდან ჟურნალისტური საქმიანობის არსი სწორედ ინფორმაციისა და იდეების გავრცელებასა და საზოგადოებრივ დებატებში აქტიურ მონაწილეობაში მდგომარეობს.[5] მით უფრო, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჟურნალისტის ერთგულების ვალდებულება უნდა დაბალანსდეს თავად მაუწყებლის საჯარო ბუნების, მედიაში პლურალიზმის ფუნდამენტური მნიშვნელობისა და საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესთან საპირწონედ, მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით არსებული პროცესების, შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში თანამშრომელთა განცხადებები არ შეეხებოდა კომერციულ საიდუმლოებებს, კონფიდენციალური ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნებას ან ისეთი სახის ქმედებებს, რომლებიც არსებით ზიანს აყენებდა მაუწყებლის ოპერირებას. პირიქით, მათი განცხადებები ეხებოდა სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს - მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალიზმს, პოლიტიკურ გავლენებსა და ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას. ასეთ პირობებში, მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ ერთგულებისა და თავშეკავების ვალდებულებების აბსოლუტიზაცია შეუთავსებელია როგორც მედიის განსაკუთრებულ ფუნქციასთან დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისე სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.

ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, გადაცემის წამყვანის - ნინო ზაუტაშვილის - გათავისუფლება წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას. მიუხედავად ამისა, სწორედ აღნიშნული ინტერვიუ გახდა მის მიმართ დისციპლინური წარმოებისა და შემდგომი გათავისუფლების საფუძველი. ეროვნულ სასამართლოებს არ დაუბალანსებიათ, ერთი მხრივ, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების ინტერესი, მიეღო ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებლის რეპუტაციული ინტერესები. მათ ასევე არ შეუფასებიათ, რომ გამოყენებული სანქციის რეალური მიზეზი იყო არა ორგანიზაციული ან სარედაქციო წესების დარღვევა, არამედ მომჩივნის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯარო კრიტიკა, რაც არსებითად შეესაბამება იმ გარემოებებს, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ უკვე განხილულ საქმეებში კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოყენებული სანქციის სიმძიმეს. სასამართლო არაერთხელ მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს განსაკუთრებულად მკაცრ ღონისძიებას, რომელსაც შეუძლია ძლიერი „მსუსხავი ეფექტი“ მოახდინოს არა მხოლოდ უშუალოდ დასჯილი ჟურნალისტის, არამედ მთლიანად მედიის თავისუფლებაზე, რადგან მსგავსი სანქციები სხვა ჟურნალისტებსაც უქმნის შიშს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვის მიმართ.[6] მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ღონისძიებების სიმძიმე კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ზომა შეეხო არა ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ გადაცემის მთელ გუნდს. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გაცილებით ნაკლებად შემზღუდავი და ნაკლებად მძიმე ალტერნატივებიც. მეტიც, თუკი თანამშრომელთა განცხადებები მართლაც წარმოადგენდა მაუწყებლის რეპუტაციისათვის ზიანის მიმყენებელ ცილისმწამებლურ ან აშკარად მცდარ ინფორმაციას, ბუნებრივი იქნებოდა მოპასუხეს გამოეყენებინა რეპუტაციის დაცვისთვის გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები. ამის ნაცვლად კი გამოყენებულ იქნა სწორედ ის ღონისძიება, რომელსაც ყველაზე ძლიერი „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ჟურნალისტურ თავისუფლებაზე - კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტების ჩამოშორება და მათი გადაცემის გაუქმება. ასეთ პირობებში, გამოყენებული ზომის სიმძიმე განსაკუთრებით მკაცრ პროპორციულობის კონტროლს მოითხოვდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ განუხორციელებია.

განსახილველ შემთხვევაში, ჟურნალისტების განცხადებები ეფუძნებოდა რეალურად არსებულ პროცესებს, რომლებიც, მათი შეფასებით, აზიანებდა მაუწყებლის რეპუტაციასა და საზოგადოების ნდობას. ამასთან, არ იკვეთება თანამშრომელთა მხრიდან პირადი შურისძიების, ბოროტი განზრახვის ან დამსაქმებლის უსაფუძვლო დისკრედიტაციის მიზანი. პირიქით, მათი განცხადებები მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას იმ პრობლემებზე, რომლებიც უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებასა და მის დამოუკიდებლობას შეეხებოდა. მეორე მხრივ, „საზოგადოებრივ მაუწყებელსარ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული და ხელშესახები მტკიცებულება იმისა, რომ თანამშრომელთა განცხადებებმა რეალურად გამოიწვია ისეთი მასშტაბის ზიანი, რომელიც გაამართლებდა ყველაზე მძიმე სანქციის - გადაცემის დახურვისა და ჟურნალისტების გათავისუფლების - გამოყენებას. შესაბამისად, გამოყენებული ღონისძიების სიმძიმე, რომელიც შეეხო მთელი სარედაქციო გუნდის საქმიანობის შეწყვეტას, აშკარად არაპროპორციული იყო იმ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, რომელზეცსაზოგადოებრივი მაუწყებელიფორმალურად უთითებს.

მოცემული საქმის გარემოებები არსებითად ჰგავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებს - Matúz v. Hungary და Wojtas-Kaleta v. Poland - რომლებშიც სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული სანქციები რეალურად წარმოადგენდა პასუხს მათ მიერ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე. კერძოდ, საქმეში Matúz v. Hungary ჟურნალისტი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან გაასაჯაროვა ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სარედაქციო ჩარევისა და შესაძლო ცენზურის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის დამოუკიდებლობა და მასში ცენზურის შესაძლო არსებობა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს წარმოადგენდა და ჟურნალისტის მიმართ ერთგულებისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებები ვერ გავრცელდებოდა იმავე სიმკაცრით, როგორც ჩვეულებრივ დასაქმებულებზე. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმასაც, რომ ჟურნალისტი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და არ ჰქონია ბოროტი განზრახვა.[7] ანალოგიურად, საქმეში Wojtas-Kaleta v. Poland ჟურნალისტი დაექვემდებარა დისციპლინურ სანქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკის საჯარო კრიტიკის გამო. სასამართლომ კვლავ ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და მისი დამოუკიდებლობა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანია, ხოლო ჟურნალისტის პროფესიული ერთგულების ვალდებულებები ვერ გაამართლებს იმგვარ სანქციებს, რომლებიც რეალურად კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება. ამასთან, ორივე საქმეში სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დავა მხოლოდ შრომით-სამართლებრივ ჭრილში განიხილეს, არ შეაფასეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაზომიერების საკითხი და არ შეუპირისპირეს ერთმანეთს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება და დამსაქმებლის ინტერესები.[8]

მოცემულ საქმეშიც იკვეთება ანალოგიური გარემოებები: „საზოგადოებრივი მაუწყებლისთანამშრომელთა განცხადებები შეეხებოდა მაუწყებლის დამოუკიდებლობას, პლურალიზმს, პარტიულ გავლენებსა და სარედაქციო პოლიტიკას. მათი გათავისუფლება უშუალოდ მოჰყვა აღნიშნულ საჯარო კრიტიკას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე სრულად შეაფასა მხოლოდ შრომის კანონმდებლობის პერსპექტივიდან და საერთოდ არ იმსჯელა თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საქმეებზე წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მათ შორის, ის გარემეობა არსებობდა თუ არა გავრცელებული ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესი. ომბუდმსმენის მიხედვით, ამგვარ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საჯარო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებს, გამოხატვის თავისუფლებით დაცულობის ხარისხი მაღალი, ხოლო სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვიწროა.[9]

მოცემულ საქმეში დამატებით იკვეთება კონვენციის მე-14 მუხლით დაცული ინტერესებიც. კონვენციის მე-14 მუხლი დამატებით კრძალავს კონვენციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის პროცესში ნებისმიერი, მათ შორის, პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ თანამშრომელთა კრიტიკული განცხადებები იქცა მათი გათავისუფლების საბაბად. შესაბამისად, ისინი განსხვავებულ და არსებითად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სწორედ მათ მიერ გამოხატული კრიტიკული პოზიციების გამო, მაშინ როდესაც სხვა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მსგავს კრიტიკულ მოსაზრებებს საჯაროდ არ გამოხატავდნენ, ანალოგიური ზომები არ გამოყენებულა. ასეთ პირობებში, მაუწყებლის მიერ გამოყენებული განსხვავებული მოპყრობა საჭიროებდა განსაკუთრებით დამაჯერებელ, ობიექტურ და გონივრულ გამართლებას, რაც არც დისციპლინური წარმოების ფარგლებში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ჟურნალისტების გათავისუფლების კონტექსტი

საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო სიკეთის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა, საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება და პლურალისტური, პროგრესული საზოგადოებრივი დისკუსიების წახალისება.[10] საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ უნდა ექვემდებარებოდეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას.[11] შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საჯარო მედია ორგანიზაციას გაცილებით მაღალი საჯარო პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის, ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების და მათი შრომით უფლებების პატივისცემის თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი მაუწყებელში პოლიტიკური მოტივით მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ეჭვები უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგალითისთვის, 2023 წლის დეკემბერში, ფინანსური რესტრუქტურიზაციის ფორმალური საფუძვლით, რვა სატელევიზიო გადაცემა დაიხურა. გადაწყვეტილება შეეხო სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალ პროექტებს, რომელთა წამყვანებიც პროევროპულ აქციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ღიად გამოხატავდნენ კრიტიკას "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ.[12]

ამასთან, არა ერთი დამოუკიდებელი კვლევა აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკისა და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის პრობლემას. მაგალითად, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ანგარიშის თანახმად, "პირველი არხი" მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.[13] ახალი ამბების გაშუქებისას "მოამბეში" გარდა მიკერძოებისა, იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც "ქართული ოცნების" განცხადებებს ეხმიანებოდა. "მოამბემ" მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა". ანგარიშის თანახმად, "პირველ არხს" წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს არხი ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა. ანგარიშის თანახმად, აშკარა იყო გაშუქების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების დომინანტური წარმოჩენა: "მმართველი პოლიტიკური ძალისა და ხელისუფლების ზეგავლენა ჩანდა ფაქტებისა და კომენტარების მოწოდების რიგითობაში. "მოამბის" სიუჟეტებში საბოლოო, დასკვნითი სიტყვა სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება ყოველთვის ბათილდებოდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი კონტრარგუმენტებით".

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები გახდა არა ერთი დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკული შეფასების საგანი. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ (EFJ) გასული  წლის თებერვალში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სატელევიზიო ეთერიდან "დროებით ჩამოშორება" ცენზურად და დამოუკიდებელი ჟურნალისტის პოლიტიკურ დევნად შეაფასა. ფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც საბჭოს სხდომაზე მზია ამაღლობელის საქმის არასათანადო გაშუქება გააპროტესტეს. EFJ-მ ხაზი გაუსვა მიმდინარე პროტესტისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აგრეთვე მოხსენიებულია 2025 წლის თებერვალში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომლითაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის მიმართ სანქციების დაწესება არის მოთხოვნილი. ამდენად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები განიხილება როგორც "დემოკრატიული უკუსვლის ინდიკატორი" და ის კიდევ ერთი სფეროა, რომელიც აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.[14]

საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია ინსტიტუციის ანგარიშვალდებულების ხარისხის კიდევ უფრო გაუარესებაზე მეტყველებს, მიმდინარე წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ღია კონკურსის წესით აღარ შეარჩევენ. აქამდე მოქმედი რეგულირებით,  საბჭოს წევრების მათ შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე ღია კონკურსს აცხადებდა, მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კი სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია ესაუბრებოდა და მათ ქულებით აფასებდა. ახალი წესის თანახმად კი, სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი არ გამოცხადდება, არ შეიქმნება არც სპეციალური კომისია, რომელიც კანდიდატებს პირდაპირ ეთერში გაესაუბრება.

აღსანიშნავია, ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუარესების პარალელურად, მაუწყებლის სისტემაში ჟურნალისტების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნა პრაქტიკულად ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარე წლის ივნისში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ შემთხვევაშიც, მენეჯმენტი გათავისუფლებას რეორგანიზაციის ფორმალური საფუძვლით ასაბუთებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ და სვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს, რაც ორგანიზაციის მიხედვით, მიუთითებს, რომ  გათავისუფლებები სინამდვილეში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობაა, რომელიც აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტების გათავისუფლების და სასამართლოს მხრიდან მიერ მათი სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის ფონია უფრო ფართო შეტევა შრომით უფლებებზე და სასამართლო პრაქტიკის გაუარესების ტენდენცია. 2024 წლის ნოემბრის შემდეგ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები და 1000-მდე საჯარო მოხელის გათავისუფლება აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს საჯარო ინსტიტუტები და ისინი პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს 20-ზე მეტ საჯარო მოხელეს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, საჯარო სექტორში პოლიტიკური წმენდის შედეგად გათავისუფლდნენ სამსახურიდან.  ამ საქმეების უმრავლესობაში აშკარად გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი, სხვა გარემოებები კი სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ ფორმალურ საფუძვლად არის გამოყენებული. ასეთია, პირველ რიგში, რეორგანიზაციის ხელოვნურად წამოწყებული პროცესი, სხვა შემთხვევებში კი, მოხელეთა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანა და შემდეგ მათი შეწყვეტა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში გასულ წელს შეტანილმა ცვლილებებმა გახადა შესაძლებელი. სასამართლო სისტემა, ნაცვლად შრომითი უფლებების დაცვისა, ხშირად პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად გვევლინება, რაც, მათ შორის, გამოიხატება საქმეების ხელოვნურ გაჭიანურებაში, დისკრიმინაციის დავებში მტკიცების ტვირთის მსხვერპლზე არამართლზომიერ დაკისრებაში და სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უსაფუძვლო უარყოფაში.

შეჯამება

ამდენად, აშკარაა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომის კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული „ორგანიზაციული ცვლილებები“ ფორმალურ საფარველად გამოიყენა, თუმცა თავადვე შექმნა გათავისუფლების წინაპირობა, ჯერ წამყვანის დათხოვნით, შემდეგ კი გადაცემისთვის საეთერო დროის გაუგრძელებლობით, რაც ადასტურებს, რომ გათავისუფლება საბოლოოდ კრიტიკულ განცხადებების გამო ჟურნალისტების სამაგალითოდ დასჯას ემსახურებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ რეორგანიზაციის კანონიერების შეფასებისას უგულებელყო არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, არამედ საერთოდ არ იმსჯელა ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებები შეეხებოდა საჯარო მნიშვნელობის ისეთ საკითხს, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაა. სამწუხაროდ, ეს საქმე მორიგი გამოვლინებაა ზოგადი ტენდენციისა, როდესაც სასამართლო პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე ფორმალურ-სამართლებრივი არგუმენტაციით ნიღბავს ადმინისტრაციული ორგანოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. ამგვარ გადაწყვეტილებებს აქვს მსუსხავი ეფექტი მთლიანად მედიაგარემოზე და ჟურნალისტებს თვითცენზურისკენ უბიძგებს, რაც აზიანებს საზოგადოების ინტერესს მიიღოს კრიტიკული ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო ინსტიტუციის მუშაობის თაობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში ჟურნალისტების დავის მიმდინარეობის მონიტორინგს და დასაქმებულების უფლებების დაცვის სხვადასხვა გზით მხარდაჭერას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სუსგ #ას-665-636-2016; #ას-982-2023, იხ. ასევე, „... ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ #ას-1334-2021; ას-982-2023).

„... იმისთვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები, ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ #ას-1444-1364-2017; #ას-703-2023; #ას-982-2023).

„... სასურველია თავად ორგანიზაციული ცვლილებების შეფასებაც, ობიექტური თვალსაზრისით, მისი აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის კუთხით მოხდეს, რათა დამსაქმებელმა არ განახორციელოს ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმიტომ, რომ მას ცალკეული დასაქმებულის ან დასაქმებულებისთვის ხელშეკრულების მოშლა სურს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სსკ-ის 115-ე მუხლის გამოყენებით შეფასდეს, რამდენად იყო რეორგანიზაცია ან ტექნოლოგიური ცვლილებები დამსაქმებლის ინტერესის შესაბამისი და არსებობს თუ არა მისი გამართლების საფუძველი (ლეგიტიმური მიზანი), გარდა დასაქმებულთა შემცირებისა.“

[2] Fuentes Bobo v. Spain, 2000, § 38; Wojtas-Kaleta v. Poland, 2009, § 42; Nenkova‑Lalova v. Bulgaria, 2012, § 50; Matúz v. Hungary, 2014, §§ 25-27).

[3] Nenkova‑Lalova v. Bulgaria, 2012, §§ 50-53; Matúz v. Hungary, 2014, § 25.

[4] Matúz v. Hungary, §§36-40; Wojtas-Kaleta v. Poland, §§46-47.

[5] იქვე.

[6] Fuentes Bobo v. Spain, §49; Matúz v. Hungary, §48.

[7] Matúz v. Hungary, §§ 36-51.

[8] Wojtas-Kaleta v. Poland, §§ 44-53.

[9] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლების თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2026043011332438382.pdf.

[10] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ,  მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი.

[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/2/569, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DeMrabaI.

[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღა საზოგადოებრივ მაუწყებელში: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მენეჯმენტმა უკანონოდ გაათავისუფლა, 12 აპრილი 2025, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/nino-zautashvilis-da-vasil-ivanov-chikovanis-sazogadoebrivi-mautsqeblidan-gatavisufleba-rezhimis-mkhridan-politikuri-devnis-kidev-erti-ashkara-gamovlinebaa.

[13] საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. „პირველი არხი“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა – ქარტიის წინასაარჩევნო კვლევა. MediaChecker, 20 დეკემბერი, 2024. ხელმისაწვდომია: https://www.mediachecker.ge/ka/mthavari/article/99384-pirveli-arkhi-khelisuflebis-mimarth-mikerdzoebul-saredaqcio-politikas-atarebda-qartiis-tsinaasarchevno-kvleva

[14] European Parliament resolution of 13 February 2025 on the further deterioration of the political situation in

Georgia (2025/2522(RSP))(C/2025/2251), https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52025IP0019.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“