საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 21 თებერვალს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა დააინიცირეს ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში. კანონპროექტები მესამე მოსმენით პარლამენტმა 2024 წლის 29 მაისს მიიღო.[1] განმარტებითი ბარათების თანახმად, ცვლილებები ემსახურება 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის შესახებ მომზადებულ კომუნიკაციაში, საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
ევროკომისიის ანგარიში განსაზღვრავს 9 პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.[2] დოკუმენტის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერების მოთხოვნას.[3] ევროკომისია განმარტავს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს ამ ინსტიტუციების მიმართ „ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ (შემდგომში - ვენეციის კომისია) მიერ გაცემული რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვას.[4]
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესაბამისობას ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-7 პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში. ამავე რეკომენდაციის ფარგლებში, შემუშავდა ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს მოწყობის თაობაზე, თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სამუშაო ფარგლებიდან გამომდინარე, დოკუმენტში ეს საკითხი არაა გაანალიზებული.
კანონპროექტი მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. რიგ შემთხვევებში, შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების (შემდგომში სამსახურები) დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ზრდას.
[1] საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/3e52tunj, განახლებულია: 29.05.2024.
[2] ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ (ამონარიდი საქართველოს შესახებ), ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/5xhaf3z9, განახლებულია: 12.03.2024.
[3] იქვე.
[4] იქვე.
ინსტრუქცია