[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პროტესტის ადგილას მოქალაქეების უსაფუძვლოდ შეჩერება, იდენტიფიცირება და ნივთების შემოწმება შეკრების მონაწილეების დევნას ისახავს მიზნად

გუშინ, 11 სექტემბერს, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, ჩანს, რომ პოლიცია რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტებს აჩერებდა, სთხოვდა მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, უთვალიერებდა ზურგჩანთებსა და სხვა პირად ნივთებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა დაყოვნება, მათი ნივთების შემოწმება და ჩხრეკა არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, არამედ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენისა და მათი დაშინების მიზანს ემსახურება.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ პოლიცია პროტესტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების იდენტიფიცირების გარდა, მათ პირად ნივთების გახსნასა და დათვალიერებასაც სთხოვდა, რაც ცდება ზედაპირული დათვალიერების ფარგლებს. ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით, ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას და არ მოიცავს პირადი ნივთების გახსნასა და მათ შემოწმებას. დათვალიერების შემდეგ პოლიციას ჩხრეკის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშვება, თუ დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა კანონსაწინააღმდეგო ან სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი საგანი.[1] ასეთი შემთხვევა კი, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 10 სექტემბერს არ გამოვლენილა.

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან (2024 წლის ნოემბერი) პირადი ჩხრეკა და ზედაპირული დათვალიერება აქტიურად გამოიყენება აქციის მონაწილეებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებისა და მათზე ზემოქმედების მიზნით.[2] ყველაზე ხშირად ეს საპოლიციო მექანიზმები სწორედ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე მიმდინარე მოქალაქეების მიმართ გამოიყენება. თითქმის ყველა შემთხვევაში დათვალიერება/ჩხრეკას თვითნებური და მასობრივი ფორმა აქვს. სამართალდამცავები, როგორც წესი, თავს არიდებენ ყოველგვარ განმარტებას და შესაბამისი ოქმის ადგილზე შედგენას.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეთა ზედაპირული შემოწმებისა და მათი ნივთის დათვალიერების კონკრეტულ საფუძვლებს. პოლიცია უფლებამოსილია, განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მომხდარ დანაშაულზე ან სამართალდარღვევაზე რეაგირების ან მათი პრევენციის მიზნით. პოლიციას, თითოეულ პირთან მიმართებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სჭირდება კანონისმიერი საფუძველი, რათა განახორციელოს მოქალაქის ზედაპირული შემოწმება და მისი ნივთის დათვალიერება, შესაბამისად, ყველა პირის შემოწმება, რომელიც პოტენციურად შესაძლოა საპროტესტო აქციაზე მიდიოდეს, უხეშად სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს.[3] პირადი ჩხრეკის ჩატარება კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება.[4]

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ითხოვს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ინდივიდუალური საფუძვლების დასაბუთებით უნდა მოხდეს და ჩხრეკის ამგვარი მასობრივი და არასანქცირებული გამოცდილება, მოქალაქეების თვითნებური საპოლიციო კონტროლის პრაქტიკაზე მიუთითებს და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპს ფიქტიურს ხდის.

პირადი ნივთების უსაფუძვლო შემოწმების გარდა, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან აგრეთვე დგინდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს ორი მოქალაქე, რომლებსაც პირბადე ეკეთათ, თუმცა ამის მიუხედავად, მისცეს იდენტიფიცირების შესაძლებლობა. პოლიციელებმა განმარტეს, რომ მოქალაქეები არ იყვნენ დაკავებულები და ისინი სამმართველოში არ გადაჰყავდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, გადაიყვანენ თუ არა მოქალაქეებს პოლიციის სამმართველოსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ისინი თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან ავტომატურად ითვლებიან დაკავებულებად. საპოლიციო მანქანებში აქციის მონაწილეების იძულებით ჩასმა წარმოადგენს მათი თავისუფლების შეზღუდვას და სამართალდამცავებს აქვთ ვალდებულება, განუმარტონ მოქალაქეს დაკავების საფუძველი და უფლებები.

აშკარაა, რომ პროტესტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების უსაფუძვლო დაყოვნება და მათთვის სხვადასხვა ფორმით თავისუფლების შეზღუდვა მიზნად ისახავს აქციის მონაწილეებზე ზემოქმედებას, მათ დაშინებასა და დევნას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, დარჩნენ კანონის ფარგლებში და მოქალაქეებს მისცენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ბოლო დღეებში მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და აქტივისტების უსაფუძვლო დაკავებების პარალელურად, მოქალაქეთა თვითნებური შეჩერება, იდენტიფიცირება და ნივთების შემოწმება ცხადყოფს სახელმწიფოს მიერ საპროტესტო მოძრაობის მიმართ რეპრესიული მექანიზმების სისტემურ გამოყენებას. ეს პრაქტიკა არღვევს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიზნად ისახავს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის დაშინებასა და დემორალიზებას. თვალშისაცემია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება უკავშირდება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ პოლიტიკური პროცესის კონტროლსა და თავისუფალი მოქალაქეობრივი აქტივობის ჩახშობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - რა უნდა ვიცოდეთ ჩხრეკის დროს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1rChOmea

[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - პოლიციელთა მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მასობრივი ჩხრეკა უკანონოა და მოქალაქეებზე ზეწოლას ისახავს მიზნად. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrChOwDT

[3] “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 22.

[4] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 121.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“