[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ანალიტიკური დოკუმენტები

გვარების შეცვლის და პასპორტიზაციის პრაქტიკა გალში - ასიმილაციური პოლიტიკის გაგრძელება

შესავალი

აფხაზეთში ომის დამთავრებიდან დღემდე, დე ფაქტო მთავრობების პოლიტიკა გალში მცხოვრები ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ პერიოდულად იცვლებოდა, თუმცა ის ყოველთვის დისკრიმინაციულ შინაარსს ატარებდა და გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა სისტემურ გარიყულობასა და მარგინალიზაციას განიცდიდა. დე ფაქტო ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებთან და მის მძიმე უფლებრივ და სოციალურ შედეგებთან დაკავშირებით ქართული მხარის უმოქმედობა გალის რაიონის მოსახლეობის ორმაგ მიტოვებულობას იწვევს.[1]

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სამართლებრივ სტატუსთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შექმნილი სისტემური ბარიერები გალელებს საბაზო უფლებებზე წვდომის შესაძლებლობას ართმევს. ამ უფლებებს შორისაა გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნებში და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ა.შ.[2] 2005 წლიდან აფხაზეთში მოქმედებს ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების გამო, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ აძლევს შესაძლებლობას მიიღოს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა. ეს, თავის მხრივ, ბარიერია გალელებისთვის ჩაერთონ ადგილობრივ სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მიიღონ სახელმწიფო სერვისები, დაირეგისტრირონ საკუთრება და ა.შ. დღევანდელი მოცემულობით, გალელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა[3] ბინადრობის მოწმობას ფლობს (დაახლოებით 21.000 ადამიანი)[4], რომლის საშუალებითაც შეუძლიათ ე.წ. საზღვრის კვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. გალელების დიდ უმრავლესობას არ აქვს „აფხაზური პასპორტი“, მათ ძირითადად საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა აქვთ, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაცია არ აღიარებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, აფხაზური პასპორტი დაახლოებით მხოლოდ 1000 ადამიანს ჰქონდა გალში.[5]

აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის მიხედვით, ეთნიკურად ქართველებისთვის შეუძლებელია აფხაზური პასპორტის აღება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი, რის გამოც გალელებს არ შეუძლიათ ე.წ. პასპორტის აღება, ის არის, რომ ეთნიკურად არააფხაზს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ის 1999 წლამდე („აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ გამოცხადებამდე) 5 წელი აფხაზეთში ცხოვრობდა. ეს ავტომატურად გამორიცხავს 1992-1993 წლებში გალიდან იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ეტაპობრივად დაბრუნდნენ 1994 წლიდან 1998 წლამდე და შემდეგ ისევ დევნილობაში აღმოჩნდნენ განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების გამო.[6]

2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის „დეპუტატმა“ ვალერი კვარჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მეგრული გვარების აფხაზური გვარებით შეცვლის შემთხვევაში, ეს ადამიანები შეძლებდნენ აფხაზური პასპორტის აღებას. ინიციატივა ითვალისწინებდა ცვლილებებს აფხაზეთის ე.წ. სამოქალაქო კოდექსში, ასევე სამოქალაქო აქტების შესახებ ე.წ. კანონში.

„სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის“ 66-ე მუხლის მიხედვით:

  1. „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკური აფხაზები (აბაზა), XIX-XX საუკუნეებში ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგული აფხაზური ეროვნების პირდაპირ შთამომავლებს, აქვთ უფლება აღიდგინონ აფხაზური ეროვნება და გვარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული აფხაზური ავთენტური გვარების ჩამონათვალის (შემდგომში - აფხაზური ავთენტური გვარების ჩამონათვალი) შესაბამისად.
  2. აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენა შესაძლებელია პირის მიერ თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
  3. თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენა დასაშვებია მშობლების (ან ერთი მშობლის, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ფაქტობრივად ზრუნავს მასზე) ან მეურვის განაცხადის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით, ბავშვის სურვილის სავალდებულო გათვალისწინებით. გამონაკლისია 10 წლამდე ბავშვები, რომელთა აზრის გათვალისწინება სავალდებულო არ არის.
  4. პირებისთვის, რომლებიც აღნიშნულია ამ მუხლის 1 ნაწილში და არ დაუკარგავთ საკუთარი აფხაზური ავთენტური გვარი აფხაზური ავთენტური გვარების ჩამონათვალის მიხედვით, აფხაზური ეროვნების აღდგენა ხორციელდება ამ თავის დადგენილი წესით.

მუხლი 66.2. აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის საფუძვლები

  1. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც ეთნიკური აფხაზები (აბაზა) არიან, აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის საფუძველს წარმოადგენს სურვილი, აღადგინონ საკუთარი ეროვნული თვითიდენტობა და ისტორიული სამართლიანობა.”

„კანონპროექტის“ ინიციატორ ვალერი კვარჩიას თქმით, აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება გვარის ან ეროვნების შეცვლის გზით შეეძლო ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი ჰყავდა აფხაზი ეროვნების, თუმცა „კანონი“ არ არეგულირებდა იმ ადამიანებისთვის ეროვნების დაბრუნებას, რომლებსაც არ აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა და ცხოვრობენ აფხაზეთში. აქ იგულისხმება აფხაზი ხალხი, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ცხოვრობს და ათეულობით წლების წინ გადასახლდნენ აფხაზეთიდან, ასევე, სამურზაყანოელი აფხაზები, რომლებსაც იძულებით შეუცვალეს ეროვნება. მისი განმარტებით, ამ კატეგორიაში შედიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზები), რომლებიც არიან პირდაპირი შთამომავლები იმ დევნილების, რომლები კავკასიის ომის ან რუსეთ-ოსმალეთი ომების შედეგად იძულებით გადაასახლეს აფხაზეთიდან, და ასევე მე-19-მე-20 საუკუნის სხვა მოვლენების პერიოდში შეუცვალეს გვარები, და სურთ საკუთარი გვარების და ეროვნების დაბრუნება.[7] ამავე შინაარსის ცვლილება შეეხო ე.წ. სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, აფხაზ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, საშუალება ეძლევათ „აღიდგინონ აფხაზური ეროვნული კუთვნილება“.[8] 2023 წლის 7 დეკემბერს ორივე ეს ცვლილება დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად მიიღო.[9]

სტატიაში წარმოდგენილია გალის რაიონის მოსახლეობის განწყობები და მოსაზრებები ე.წ. პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ამ მიზნით, 2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ჩატარდა კვლევა ქალაქ გალში და გალის რაიონის 6 სოფელში (ზემო ბარღეფი, სიდა, საბერიო, ლეკუხონა, ჭუბურხინჯი, ოტობაია). კვლევაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 18 რესპონდენტმა მიიღო (25-60 და 60-90 წლის), მათი კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების მიზნით, მათ ნამდვილ სახელებს არ ვასაჯაროებთ. რესპონდენტებმა გაგვიზიარეს მოსაზრებები ე.წ. აფხაზური პასპორტის აღების საჭიროებასთან და გვარების გადაკეთების ახალ მიდგომასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს პროცესი სტატიაში შეფასებულია ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, საერთაშორისო და რეგიონულ უფლებრივ ინსტრუმენტებზე დაყრდობით.

გვარების_შეცვლა_GEO_1745916133.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“