[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

ვინ არიან მუსლიმი მესხები?

ავტორი: ქრისტინე მარკოზია

კითხვაზე, თუ ვინ არიან მუსლიმი მესხები, პასუხი ისეთივე რთულია, როგორიც მათი ისტორია. ამ ეთნიკური ჯგუფის სახელწოდება სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის, აგრეთვე გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე იცვლებოდა და იწოდებოდნენ „მუსლიმ მესხებად“, „ქართველ მუსლიმებად“, „მესხებად“, „თურქ მესხებად“, “მუსლიმ თურქ მესხებად“, „აჰისკა თურქებად“ ან „ახალციხელებად“.

როდესაც ამავე შეკითხვით მივმართე აქ მცხოვრებ მუსლიმ მესხს, თხრობა ასე დაიწყო „მოქმედებები დაიწყო მაშინ, როდესაც უქმდება სამცხე-საათაბაგო, როგორც სახელმწიფო და იწყება ისლამის გავრცელება“. ამ კონტექსტიდან მომდინარე ნარატივი საუკუნეებს გასდევს და იწყება ცვლილებები,  რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასთან, იდენტობასთან და კულტურულ ღირებულებებთან. ქრისტიანულ დღესასწაულებს ისლამური ანაცვლებს, მიცვალებულები შერეული წესით იკრძალება, შერეული წესითვე ქორწინდებიან წყვილები, რაც გულისხმობს - ქრისტიანული და ისლამური ტრადიციების თანაბარმნიშვნელობას, ნელ-ნელა იცვლება მათი გვარებიც. 1944 წლის ნოემბრის ერთ ღამეს კი ყველა მათგანის ცხოვრება დროებით წყდება და შუა აზიაში  გრძელდება. „ვაგონებში პირველად ადიგენის რაიონის ბინადარნი ჩასვეს. როდესაც ჩვენი ვაგონი ურდულით დაკეტეს, სიბნელე ჩამოწვა ... ძალიან ნელა მივდივართ ... ნახევარი თვეა რაც გზაში ვართ“ (ვაჩნაძე, 2005:33-39), ავტობიოგრაფიულ ნაშრომში იხსენებს ნაზირა ვაჩნაძე, რომელიც სამხრეთ საქართველოდან შუა აზიაში დეპორტაციის შედეგად მოხვდა. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის დროს, ათასობით ადამიანი დაიღუპა სიცივით, შიმშილით, უჰაერობითა და ანტისანიტარიით. გამცილებელი ჯარისკაცები მათ გვამებს მიმქროლავი მატარებლიდან ისროდნენ.

ამ დღის შემდეგ გადასახლებულებს მუდმივად აწუხებთ კითხვა, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში? ეს მეხსიერება გადაეცემა თაობიდან თაობას და ზოგიერთი მათგანი, უამრავი დაბრკოლების შემდეგ, საკუთარი ძალისხმევით ახერხებს უკან დაბრუნდებას. ერთ-ერთი მუსლიმი მესხი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, იხსენებს - „თბილისში როდის წავალთ, თბილისში თითქოს ყველა პრობლემა მავიწყდება“. თუმცა აქ დაბრუნება უამრავ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

ამ სტატიის მეშვეობით შევეცდები ვისაუბრო მუსლიმი მესხების იდენტობის საკითხზე და ვუპასუხო შემდეგ შეკითხვებს: ვინ არიან მუსლიმი მესხები დღეს? როგორ შემოინახეს თაობებს შორის მუსლიმი მესხების იდენტობის მარკერები და ტრადიციები? როგორ ებმის მუსლიმ მესხობასთან დაკავშირებული იდენტიფიკაციები სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ კონტექსტებს და ფაქტორებს?

  • ჩემი ამოსავალი წერტილი

რთულია, რამდენიმე გვერდზე ზუსტად გადმოსცე მუსლიმი მესხების უახლესი ისტორია და მასთან დაკავშირებული ტრავმები, სირცხვილი, იმედის და მოლოდინის ზღვარზე ცხოვრების გამოცდილება. კულტურული იდენტობის შენარჩუნების გამო, მუსლიმი მესხები დღემდე განიცდიან ჩაგვრას და ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მათ აღმოაჩნდათ უნარი მტრულ გარემოში შეენარჩუნებინათ საკუთარი თემის იდენტობა, სოციალური ღირებულებები და ტრადიციები.

თავდაპირველად, როდესაც ამ კვლევაზე მუშაობა დავიწყე, თბილისში მცხოვრებ რამდენიმე მუსლიმ მესხს ვესაუბრე, მოგვიანებით გავიცანი რუსთავში მცხოვრები მესხების ერთი ოჯახი. დასაწყისისთვის, კვლევის ძირითადი აქცენტი იყო ურბანული გარემო და მათი ყოველდღიური რელიგიურობა. ყოველდღიური რელიგიურობა არის რელიგია, როგორც ეს გამოხატული და გამოცდილია ინდივიდების ცხოვრებაში. ინდივიდუალური რელიგიური სამყარო დაკავშირებულია რწმენასთან, ზნეობრივ ფორმებსა და რელიგიურ პრაქტიკებთან (McGuire, 2008:4). მოდერნიზაციით გამოწვეული კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების შესასწავლად ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იკვეთება კულტურები და სხვადასხვა რელიგიური იდენტობები (Ammerman, 2007:221).

მონაცემთა მოპოვებისთვის შეირჩა თვისებრივი კვლევის მეთოდები: 1) სიღრმისეული ინტერვიუ, ბიოგრაფიულ-ნარატიული ხასიათის. სიღრმისეული ინტერვიუს ფარგლებში, კვლევის ფოკუსი იყო რესპონდენტების ცხოვრება, პიროვნული მონათხრობის გზით ხდებოდა ისტორიული მოვლენების რეპრეზენტაცია და მათი რეფლექსია;  2) სამაგიდო კვლევა, ამ მეთოდზე დაყრდნობითაც, შეგვიძლია მიმოვიხილოთ ამ თემაზე არსებული კვლევები და ისტორიული წყაროები. 

  • ისტორიული კონტექსტი

წლების განმავლობაში არაერთი აკადემიური კვლევა გამოქვეყნებულა მესხებთან დაკავშირებით: მათი ტრაგიკული გადასახლება საქართველოდან შუა აზიაში, მათი, როგორც - ემიგრანტებისა და დეპორტირებულების ცხოვრება მესამე ქვეყნებში, შემდგომი რეაბილიტაცია და განსახლება, და ბოლოს დიდი ხნის ნანატრი რეპატრიაცია სამშობლოში.

ტერმინი „რეპატრიაცია“ გულისხმობს იმ პირთა დაბრუნებას, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს, რაც მათ ათავისუფლებს სხვა უცხოელის მიმართ დადგენილი მოთხოვნებისაგან. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის ვადაში მიმართონ უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს პირობადებული მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან ხუთი წლის ვადაში მათ უნდა დატოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

რეპატრიანტი მესხები მოხსენიებულნი არიან მრავალი დასახელებით: თურქი მესხები, მუსლიმი მესხები, „ახისკა“ თურქები (ახალციხელი თურქები) (Trier, 2011:5). ისინი დასახლებულნი იყვნენ მესხეთის ისტორიული რეგიონში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და დაყოფილია თურქეთსა და საქართველოს შორის, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ტერიტორიის ნაწილია. მეთვრამეტე საუკუნემდე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქ ქართველი იყო, თუმცა მეთვრამეტე საუკუნეში დიდი რაოდენობით თურქი მოსახლეობა ჩასახლდა (Sanikidze, 2004 :16). 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, ამ რეგიონში სომხებმა დაიწყეს ჩასახლება და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ისინი იქცნენ მესხეთის უდიდეს თემად (Sanikidze, 2004:16). ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის თითქმის 500 წლიანი საერთო ისტორიის მანძილზე, მესხთა საზოგადოებას ცვალებად საზღვრებში და ცივილიზაციებთან უწევდა ცხოვრება (Trier, 2011:5), რამაც გამოიწვია ამ რეგიონში მცხოვრები ხალხის ასიმილაცია და სეგრეგაცია. ამ ისტორიული ცვლილებების განმავლობაში მერყევ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში, მესხეთის მკვიდრები იყვნენ უარყოფილებიც და აღიარებულებიც. 1550 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ირანმა ოსმალეთს აღმოსავლეთ კავკასია გადასცა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ოსმალთა ბატონობის ქვეშ მოექცა (მოდებაძე, 2010:39). მიწათმფლობელობის ოსმალური წესის მიხედვით, მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეს შეეძლო მიწის ფლობა (მოდებაძე, 2010:40). ქართველ მიწათმფლობელს ორი არჩევანი ჰქონდა - ან მიეღო ისლამი, ემსახურა ოსმალთა ჯარში და შეენარჩუნებინა საკუთრება, ანდა უარი ეთქვა საკუთარ მიწებზე და მესხეთი დაეტოვებინათ (მოდებაძე, 2010:40). ძალაუფლებისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად, რეგიონში გაბატონებულმა ფეოდალურმა გვარმა - ჯაყელებმა ისლამი მიიღეს. ბექა ჯაყელის შთამომავლები, 1829 წლამდე ახალციხის საფაშოს გაუქმებამდე, თითქმის უცვლელად ფლობდნენ ფაშას ტიტულს (Sanikidze, 2004:16). თავდაპირველად უმეტესწილად თავადაზნაურობამ მიიღო ისლამი, გლეხობა დიდი ხანი ინარჩუნებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას (მოდებაძე, 2010:42). მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხების უმეტესი ნაწილიც აღიარებდა ისლამს (გოზალიშვილი, 2005:63). 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, მუსლიმი მესხები „თურქულენოვან ეროვნულ უმცირესობად“ გამოაცხადა, მათთვის აზერბაიჯანული სკოლები გახსნეს, მასწავლებლები აზერბაიჯანიდან მოიწვიეს და ბავშვებს აზერბაიჯანულად სწავლა დაუწყეს (გოზალიშვილი, 2005: 69). მესხთა იძულებითი ასიმილაცია იქამდე მივიდა, რომ ამ ხალხს ქართული გვარების ტარებასაც უკრძალავდნენ. რუსეთის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერებში კი ეს ხალხი ქართველ სუნიტებად მოიხსენიებოდა (მოდებაძე, 2010:47). „1936 წლიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ჩვენი ხალხის დისკრედიტაცია ხდებოდა“- გადმოგვცემს ხალილ გოზალიშვილი ადიგენის რაიონის სოფელ უდეს საშუალო სკოლის დირექტორის ლატიფშაჰ ბარათაშვილის მონათხრობს. 1942-1944 წლებში, პროვოკაციებმა კულმინაციურ მომენტს მიაღწია (გოზალიშვილი, 2005:71). ეს ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც სოფელ მოხეს შემოგარენში სამხედრო პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს, რათა ხელოვნურად შეექმნათ ანტისაბჭოთა გამოსვლების შთაბეჭდილება. აგრეთვე, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, მესხეთში საბრძოლო მასალისა და იარაღის სამხედრო საწყობები აღმოეჩინათ, რომელიც აკლდამებში იყო დამალული (გოზალიშვილი, 2005:72). სწორედ ეს მოვლენები შეიძლება გამხდარიყო მათი გადასახლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. 1944 წლის 15 ნოემბერს ჯავახეთის და მესხების ისტორია ძირფესვიანად შეიცვალა.

ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ზოლიდან - ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, მაშინდელი ბოგდანოვკის (ამჟამინდელი ნინოწმინდა) და აჭარის რაიონებიდან, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაიმედო, ათეულობით ათასი ადამიანი გადაასახლეს შუა აზიის რესპუბლიკებში (ჯანიაშვილი, 2006:39). 1944 წლის 24 ივლისს №7895 წერილით ლავრენტი ბერია სტალინს ატყობინებდა, რომ სახელმწიფო საზღვრების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნდა ახალციხის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის, ადიგენის და ასპინძის რაიონებიდან და აჭარის ზოგიერთი სოფსაბჭოდან გაესახლებინათ - თურქების, ქურთების და ხემშინების 16,700 კომლი (ჯანიაშვილი, 2006:43). არ გადასახლდებოდნენ ა) სხვა ეროვნების პირთან ქორწინებაში მყოფი, ეროვნებით თურქი, ქურთი და ხემშინი ქალები; ბ) გასახლების მომენტში ოჯახების ცალკეული წევრები, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ (სამსახურებრივი მივლინება, შვებულება, არყოფნა პირადი საქმეების გამო და ა.შ) თუმცა მათ აღრიცხვაზე აიყვანდნენ (бугай, 1994:12). 1945 წლის დასაწყისისთვის ყაზახეთში საქართველოდან გადასახლებული 27,859 ადამიანი ცხოვრობდა (Бараташвили, 1988:48). ოპერაციის უშუალო მიმდინარეობისას გადასახლებულნი ასე გადანაწილდნენ: უზბეკეთის სსრ-ში - 55,500 ადამიანი, ყაზახეთში - 29,500, ყირგიზეთში - 11.000 (გოზალიშვილი, 2005:82).

გადმოსახლებისთვის ბრძოლის პირველ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს 1956-1957 წლები, როდესაც მათ გადაწყვიტეს მიეღოთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შეთავაზება და  ჩასახლებულიყვნენ აზერბაიჯანის სსრ-ში. დეპორტირებულთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანში, ძირითადად, მუღანის ველზე, სათლსა და საბირაბადიის რეგიონებში ჩასახლდა (ჯანიაშვილი, 2006:46). პირველად, 1968 წლის და 1974 წლის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით, მათ შეეძლოთ უკან დაბრუნებულიყვნენ (ქამუშაძე, 2005:387). შემდეგ უკვე, 1979 წლის 12 მარტს, გაიმართა  ხელმომწერთა შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელმაც მათ თხოვნის შესრულება აღუთქვა და ამცნო, რომ აპრილში გამოვიდოდა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს დადგენილება დეპორტირებული მოსახლეობის საქართველოში მიღების შესახებ. ეს დოკუმენტი 1979 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა (ქამუშაძე, 2005:387). ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის თითქმის ყველა წარმომადგენელი დაჟინებით სთხოვდა იმდროინდელი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს: „აღდგეს სამართლიანობა ქართველი ხალხის ასე მძიმედ დაზარალებული ნაწილის მიმართ“ (ვაჩნაძე, 2005:5). ედუარდ შევარდნაძემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა, მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში მუსლიმი მესხების სამასი ოჯახი დაბრუნდა. 1988 წლის 24 ივლისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკებიდან მესხთა ოჯახების საქართველოში გადმოსახლების შესაძლებლობათა შესახებ (უმაროვ-გოზალიშვილი, 2005:97), თუმცა ეს დადგენილებები და ბრძანებულებები ქაღალდზევე რჩებოდა. ამ დოკუმენტებს მესხებისთვის საქართველოში თავისუფლად დასახლების უფლება არასოდეს მიუცია. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რომ მესხთა საქართველოში გადმოსახლება არ დაეშვათ. სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თუ სსრკ უმაღლესი საბჭოდან მათ მხოლოდ ერთადერთ პასუხს უბრუნებდნენ: „ეს საქმე თვითონ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს“, საქართველო კი პასუხობდა: „საქართველო ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს, მოსკოვს მიმართეთ“ (უმაროვ-გოზალიშვილი, 2005:98).

1989 წლის ივნისში, გაზეთ „თბილისში“, ზვიად გამსახურდიამ პოლიტიკური გაერთიანების - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა, წერდა, რომ აუცილებელი იყო სამასი ათასი დეპორტირებული მუსლიმი ქართველის სამშობლოში დაბრუნება, ხოლო ვისაც დაეკარგა ქართული თვითშეგნება და თავს თურქად მიიჩნევდა მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარება (ვაჩნაძე, 2005:5). ზვიად გამსახურდია თანადგომას უცხადებს მუსლიმ მესხებს, ომაზ ჩხეიძის წიგნში გამოქვეყნებული ხელნაწერი წერილის მიხედვით, იგი მიმართავს „ამხ ქიმერიძეს, გთხოვთ, უზრუნველყოთ უსაფრთხოება ხაშურის რ-ნში მცხოვრები ქართველი მესხების - (და არა თურქი მესხების) 9 ოჯახისა სოფელ ცხრამუხაში და წრომში. ჩვენ მათ ვიცნობთ, ვიცით, რომ მათ აღიდგინეს პასპორტში გვარები და ეროვნება, შვილები ქართულ სკოლებში ჰყავთ მიბარებული და ამჟამად ყველა ქრისტიანულად მოინათლება ხაშურის ეკლესიაში. ასე რომ მათ აღარაფერი საერთო აღარ ექნებათ თურქებთან. გთხოვთ, აგრეთვე, დაეხმაროთ სხვებს იმავე სოფლებში მალე აღიდგინონ ეროვნება და გვარები“. ხელს აწერენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, წერილი დათარიღებულია 1989 წლის 27 ივნისით (ჩხეიძე, 2007:99). მალევე, ფერღანის ველზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, როდესაც მუსლიმ მესხებს ხელმეორედ მოუწიათ გადასახლება კვლავ მწვავედ დადგა მათი საქართველოში დაბრუნების საკითხი. ამ პერიოდისთვის ზვიად გამსახურდიამ რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და მის ლოზუნგად იქცა -„არც ერთი თურქი ქართულ მიწაზე!“ (ვაჩნაძე, 2005:5). ნაზირა ვაჩნაძე საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში ვარაუდობს, რომ ამგვარი გარდასახვა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობიდან ახალდაბრუნებული ქართული ჰუმანიტარული ინტელიგენციის გავლენით მოხდა, რომლებიც დეპორტირებული მუსლიმი მესხების იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც თავს თურქებად აცხადებდნენ და ქართულად არ საუბრობდნენ (ვაჩნაძე, 2005:5). ზვიად გამსახურდია არ ყოფილა გამონაკლისი, იმავე პერიოდში ტელევიზიით გამოსვლისას აკაკი ბაქრაძე ასევე აცხადებდა - „ერთმა ლტოლვილმა მესხმაც რომ შემოაბიჯოს ქართულ მიწაზე, საქართველოს ისტორია დამთავრდება“(ვაჩნაძე, 2005:5). ამ უარყოფითი განწყობების პარალელურად სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა: „ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები დაგვიბრუნდებიან. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ მათზე“ (ვაჩნაძე, 2005:6). უმრავმა ადამიანმა გაიზიარა პატრიარქის პოზიცია და გამოთქვამდნენ მზადყოფნას ეზრუნათ მათზე, თუმცა ზვიად გამსახურდიას და აკაკი ბაქრაძის გავლენა მაშინ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. დაიწყო ანტიმესხური ისტერია, რომლის შედეგად 1989-1991 წლებში ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა უკვე ადაპტირებული მუსლიმი მესხების ორასი ოჯახი საქართველოდან ხელმეორედ გადაასახლეს (ვაჩნაძე, 2005:6).

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, უკვე 1992 წელს, იმდროინდელ სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობით ჩამოყალიბდა „დეპორტირებულ მესხთა რეპატრიაციის კომისია“ (ქამუშაძე, 2005:388). ამ დროს ხელისუფლების სათავეში უკვე ედუარდ შევარდნაძე იყო, რომლის წვლილსაც, მისი საბჭოთა კარიერის პერიოდში დადებითად აფასებენ მაგალითად, ნასაკირალში მესხების დასახლების საკითხის გადაწყვეტისას (Swerdlow, 2004:12). დიდი იყო საერთაშორისო დაინტერესებაც მესხების რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით, 1998 წელს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის და ეუთოს ინიციატივით, ჰააგასა და ვენაში  მესხების რეპატრიაციის საკითხზე შეხვედრები გაიმართა საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ამ ქვეყნებში მცხოვრები მესხური ორგანიზაციების მონაწილეობით, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ იმ პერიოდში მაინც თავი აარიდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას რეპატრიაციის დასაწყებად. 2001 წლის ბოლოსთვის რეპატრიანტთა ოფიციალური რაოდენობა 644 ადამიანს შეადგენდა. თუმცა, UNHCR[1] -ის, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2000 წლის ბოლოდან საქართველოში არც ერთი მუსლიმი მესხი არ დასახლებულა. უცნობია საქართველოში არალეგალურად დაბრუნებულთა რიცხვი. ბინადრობის დოკუმენტების და სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით, ამ ჯგუფს მძიმე გამოცდილება აქვს. მუსლიმი მესხების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი განსახლების ძირითადი ტერიტორიები იყო: იმერეთი, გურიის მხარე და თბილისი. ცნობილია, რომ სამცხე-ჯავახეთის მშობლიურ ტერიტორიაზე მხოლოდ რვა ოჯახი ჩასახლდა (Pentikäinen, 2004:17).

2007 წლის 11 ივლისს მიღებულმა კანონმა (№5361 ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირებს და მათ შთამომავლებს შეუქმნა შესაძლებლობა, მიემართათ სახელმწიფოსთვის და დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეპოვებინათ რეპატრიანტთა სტატუსი, რაც შემდგომში საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას ითვალისწინებდა. 2011 წლის მარტის საქართველოს №111 დადგენილებით ჩამოყალიბდა უწყებათაშორისო სამთავრობო საბჭო, რომლის უფლებამოსილებაა რეპატრიაციის საკითხების რეგულაციების პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული ინიციატივებისა და რეკომენდაციების შესრულება. საქართველოს მიერ ვალდებულების შესრულებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი 2014 წლის 12 სექტემბერს, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის მიღებით გადაიდგა, რომელიც ასახავს სახელმწიფოს ხედვას რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ. შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მიზანი იყო აღედგინა მოსახლეობის შელახული ღირსებები, ეთნოციდის შედეგების თანაფარდობით აღმოფხვრით, რაც გულისხმობს რეპატრიანტისთვის : 1) საქართველოს მოქალაქეობის მიცემას; 2) ეროვნებისა და გვარის აღდგენას; 3) ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე; 4) ადაპტაციას - რეინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობას. ეს პროცესი უნდა წარმართულიყო ეტაპობრივად, განსახლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. თუმცა, წლებია დადგენილი კანონმდებლობა უმოქმედოდ რჩება და მუსლიმ მესხებს ისევ კანონის გვერდის ავლით უწევთ საქართველოში დაბრუნება. მოქალაქეობის უფლების გარეშე რჩება ის მოსახლეობაც, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თემის წევრებმა არაერთხელ მიმართეს სახელისუფლებო ორგანოებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. უფლებების აღდგენის გარდა, ისინი ხელისუფლებისაგან მოითხოვენ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე, არაოფიციალურ მიმართვებში აღმოიფხვრას ტერმინები: „თურქი“, „თათარი“ და „თურქი მესხი“. მათ აგრეთვე ესაჭიროებათ სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრაცია, რაც დასაწყისისთვის გულისხმობს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების და სწავლის ხელშეწყობას. უახლოეს წარსულში, ამ კუთხით, თითქოს ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგა, როდესაც საქართველოს მთავრობის №534, 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად ხუთ სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი, საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სრულად დაუფინანსდებოდათ. ამ კანონმდებლობის თანახმად, კუთვნილი დაფინანსების მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ომარ ხოზრევანიძემაც რამდენჯერმე მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მასთან ერთად, კიდევ სხვა სტუდენტების მხრიდან, არაერთი მიმართვის მიუხედავად აღნიშნული დაფინანსება არ მიუღია არც ერთ რეპატრიანტის სტატუსის მქონე სტუდენტს. იფიციალურ წერილში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პასუხობს, რომ მათი მოთხოვნა მუშავდება.

ჩემს მიერ ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით, რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს ოთხასზე მეტ მუსლიმ მესხს, ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს საქართველოში, ზოგიერთი ოჯახი კი დროებით სხვა ქვეყანაში გაემგზავრა, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებიან აღდგენილი მოქალაქეობით და უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სივრცით.

  • თვითიდენტიფიკაცია

როდესაც  თვითიდენტიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საქართველოში დაბრუნებული მუსლიმი მესხების თვითაღქმებს. სტატიის ამ ნაწილში შევეცდებით პასუხი გავცეთ შესავალ ნაწილში დასმულ იმ მთავარ შეკითხვებს, რომლებიცაა: 1) ვინ არიან მუსლიმი მესხები დღეს? 2) როგორ შემოინახეს თაობებს შორის მუსლიმი მესხების იდენტობის მარკერები და ტრადიციები? 3) როგორ ებმის მუსლიმ მესხობასთან დაკავშირებული იდენტიფიკაციები სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ კონტექსტებს და ფაქტორებს?

მუსლიმი მესხები საკუთარ თავს  თავიანთ ოჯახებთან, სოფლებთან, შესაძლოა რეგიონთან აიგივებენ. მესხების უმრავლესობის რელიგიაა ისლამი, რომელიც დაფუძნებულია სუნიტური რწმენის ჰანაფიტურ რიტუალზე. შესაბამისად, მესხები, რომლებიც თავს რელიგიურ ადამიანად მიიჩნევენ, იცავენ რამდენიმე ტრადიციას და რელიგიურ აკრძალვას, როგორიცაა ღორის ხორცის კვების რაციონიდან ამოღება და რელიგიური დღესასწაულების დროს მარხვა. მესხთა თემში პატივს სცემენ მოლას, მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურს და ჩვეულებრივ იწვევენ ხოლმე წინადაცვეთის, ქორწინების რიტუალსა და დაკრძალვაზე. მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს შორის ბევრი მესხი აღნიშნავს ორ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც მთელი ისლამური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: რამაზან ბაირამი და ყურბან ბაირამი. რამაზან ბაირამი მოჰყვება რამაზანის თვეს, ისლამური მთვარის კალენდრის მეათე თვის პირველ დღეს. მარხვა იწყება დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე. მარხვის დროს, ვინც მარხვას იცავს, მზის ჩასვლამდე და ამოსვლის შემდეგ, თავს იკავებს ჭამისაგან და დალევისაგან. რამაზანის ზეიმის დროს, აღნიშვნა იწყება მზის ჩასვლის შემდეგ მსუბუქი ვახშმით, რომელსაც იფთარი ეწოდება. სადილის შემდეგ კითხულობენ ლოცვებს და იხსენებენ გარდაცვლილ ნათესავებს. მუსლიმი მესხებისთვის მეორე მნიშვნელობანი დღესასწაულია ყურბან ბაირამი და ტარდება ისლამური მთვარის კალენდრის დულ-ჰიჯას თვის მეათე დღეს. ამ დღეს, მუსლიმი მესხები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, სწირავენ შინაურ ცხოველებს, ძირითადად, ცხვარს. ხორცს ურიგებენ მეზობლებს, ნათესავებს და მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ აღნიშვნა, ვისაც შეიძლება ამის საშუალება არ ჰქონდეს.

თანამედროვე სოციოლოგიური ნაშრომებისთვის მნიშვნელოვანია რელიგიის საზოგადოებრივი გავლენის კვლევა ინდივიდუალურ ან კოლექტიურ აქტორებზე ფოკუსირებით. ამ  უნიტარული აქტორის მოდელში რელიგია ინდივიდის ან კოლექტივის სტაბილური, ერთიანი მახასიათებელია (Lichterman, 2012:15). ადამიანების რელიგიური გამოხატულება რელიგიური კრებების გარეთ, კონტექსტის მიხედვით  განსხვავებულია. გადასახლებისას მუსლიმი მესხების რელიგიის, რიტუალის და ტრადიციების შესაძლებლობას აფერხებდა სისტემა, რომელიც უარყოფდა რელიგიის თავისუფლებას, იგულისხმება საბჭოთა ცეზურა რელიგიის მიმართ. ოჯახის წევრებს და საზოგადოების ხანდაზმულ წევრებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდათ ისლამური სწავლებისას, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ შეეძლოთ ჰყოლოდათ რელიგიური ავტორიტეტი საზოგადოებაში (Dogan, 2018:5). მუსლიმი მესხების ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ კარგად არ არის განსწავლული ისლამურ თეოლოგიაში და მისდევს „კულტურულ ისლამს“, რომელიც მემკვიდრეობით გადმოეცემა. რედფილდის თეორიის თანახმად, მსოფლიო რელიგია შეიძლება დაიყოს „დიდ“ და „მცირე“ ტრადიციად. დიდი ტრადიცია კულტურული და რელიგიური ცენტრის ორთოდოქსული ფორმაა, პატარა ტრადიციები კი არაორთოდოქსული ფორმა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტრადიციებსა და პრაქტიკის უამრავ ელემენტს (Redfiels, 1995:13-21). რელიგიური რიტუალების გაგრძელების დიდი სურვილის გათვალისწინებით, მუსლიმი მესხების თემმა შემოიღო ცერემონიები, რომლებიც განსაზღვრავენ ამქვეყნიურ, და ამავე დროს, ცხოვრების შემდგომ პერიოდს. თითოეული ამ კულტურული პრაქტიკის ფესვები იძებნება ისლამური დოქტრინებში, რომლებიც ერწყმიან ქრისტიანულ ტრადიციებს „ჩვენ საკუთარი ადათები გვაქვს, რაც სხვა მუსლიმებს არ აქვთ და ამ ადათების მეშვეობით მივდევთ რელიგიას“, ამბობს ომარი, ერთ-ერთი რესპონდენტი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ისლამების მიღების დღიდან, საჯაროდ გამოხატული რელიგია განსხვავდებოდა პირადი რელიგიურობისგან. იძულების გამო დღისით მუსლიმები იყვნენ, ღამე კი - ქრისტიანები. თანამედროვე საქართველოში მათთვის რელიგიის გამოხატვა საჯაროდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, თვითონ ასე მიაჩნიათ. თუ მოინდომებენ, თავისუფლად შეუძლიათ ილოცონ მეჩეთში. აქ მცხოვრები მუსლიმი მესხები ძირითადად თბილისის ჯუმა მეჩეთში დადიან სალოცავად. რადგან თბილისში ბევრი მეჩეთი არ არის, ხალხის სიმრავლის გამო გარკვეული დისკომფორტი იქმნება „როდესაც სალოცავად მივდივარ ხშირად მიწევს თავისუფალი ადგილის ძებნა და მით უმეტეს რთულია ამ სიტუაციის მართვა“  ამბობს საიდი, კვლევაში მონაწილე, თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმი მესხი. იგი ფიქრობს, რომ უნდა იყოს დამატებითი სივრცე, არ არის აუცილებელი მას ერქვას მეჩეთი, უბრალოდ, ადგილი სალოცავად. აგრეთვე, ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ საზოგადოების დანარჩენი წევრების მხრიდან შეიცვალა მიმღებლობა განსხვავებული კონფესიების მიმართ. ახლა უფრო დადებითად ეპყრობიან და პატივს სცემენ სხვის რელიგიურ თავისუფლებას. ამის პარალელურად, განსაკუთრებით ახალგაზრდები, საუბრობენ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის და ეთნიკური უმცირესობების საჯარო უწყებებში დასაქმებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე საქართველოში და მიაჩნიათ, რომ რეინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად რელიგიური ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ისლამი საქართველოში  მეორეხარისხოვანი რელიგიაა.

ისლამის მიღებამ, გარკვეული გაუგებრობები წარმოშვა მესხების ეთნიკურობასთან დაკავშირებით. ადრე ასე ეწერებოდნენ: ეროვნება - ქართველი, სარწმუნოება - მუსლიმი. მოგვიანებით შეცვალეს და ჩაწერეს - მუსლიმი. იმდროინდელმა საჯარო უწყებებმა თვითონვე გააცნობიერეს, რომ მუსლიმი ეროვნება არ არის, გასწორების და ახალი ეროვნების მინიჭების მიზნით ყველას თურქი მიუწერეს, რასაც მესხების წინააღმდეგობა მოჰყვა. ვინც შეეწინააღმდეგა, მათ ოჯახები აღნუსხეს, როგორც აზერბაიჯანული, ვინც დათანხმდა თურქად ჩაწერას, მაგრამ სურდა არ დაკარგულიყო მათი მესხური ფესვები, დასახელებაში ერთი ასო შეცვალეს, ჩამოსახლებულ თურქებს - „Турк“ და ეროვნება შეცვლილ მესხებს კი - „Тюрк“.  მუსლიმი მესხების შესახებ ზოგიერთი კვლევის თანახმად, მესხური თემები მთელ მსოფლიოში აიგივებენ საკუთარ თავს განსხვავებულ კულტურულ გრძნობასთან. მათი გეოგრაფიული პოზიციები, ასევე მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს მათ კულტურულ იდენტობაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი მესხების მაგალითზე, მიგრანტები ისლამს ღვთისმოსავი თურქებისგან სწავლობენ, თუმცა თან, საკუთარ თავს სხვებისაგან განასხვავებენ. შაბათ-კვირას დადიან ღვთისმოსავი თურქების სკოლაში, იღებენ და აცნობიერებენ „დიდ ტრადიციას“, თუმცა როდესაც ამერიკელი სოციოლოგი ჰულია დოანი თავის კვლევაში მონაწილე მუსლიმ მესხ - ქალს ეკითხება, ისურვებდა თუ არა ჩაცმის ისლამური წესის მორგებას, ის პასუხობს, რომ არა - „თუ ასე მოვიქცევი, თურქ გოგოს დავემსგავსები, მე ვარ მესხი და ჩვენ ღვთისმოსავი თურქებივით თავზე არ ვიფარებთ“ (Dogan, 2018:21). ამ კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი რესპონდენტის ცოლი თავსაბურავს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში ატარებს: როდესაც მშობლებთან ჩადიან აზერბაიჯანში, ან როდესაც, აქ, თბილისში, ბიძებს სტუმრობენ. დეპორტაციის შემდეგ მუსლიმი მესხები საკუთარი თავის, მუსლიმ მესხებად განცდამ გააერთიანა და ჩამოუყალიბა მათ შეგნებული ეთნიკური იდენტობა. ტრადიციებმა, ნათესაობამ, რელიგიამ და ნებისმიერმა სხვა ეთნიკურმა მახასიათებელმა გადასახლების შემდეგ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მათ მოუწიათ, მიეღოთ ახალი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა ეს იყო ოფიციალური დემონსტრირება, გამხდარიყვნენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის წევრი და მათ ეროვნულ იდენტობაზე გავლენა ფაქტობრივად არ მოუხდენია

ახალგაზრდა თაობას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი ან თურქეთი  ისეთივე ნათესაური გრძნობა და მიჯაჭვულობა აქვს მესხეთის მიმართ. ბექა, კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი რესპონდენტი აზერბაიჯანში დაიბადა. 17 წლის იყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად. მამამისს უნდოდა, რომ ბექა სამშობლოში დაბრუნებულიყო და მშობლიური ენა შეესწავლა. თბილისში ჩამოსვლისას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა მოსამზადებელი კურსი და შემდეგ ამავე უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარა. მისმა მშობლებმა აზერბაიჯანში არჩიეს დარჩენა, მათივე სურვილი იყო, რომ სიბერე აზერბაიჯანში გაეტარებინათ, რადგან ცხოვრების უმეტესმა ნაწილმა იქ ჩაიარა და საქართველოში ჩამოსვლისას შეიძლება ვერც სამუშაო ენახათ, სხვა მესხებთანაც კავშირი დაეკარგათ, მათი ახლობლების უმეტესობა ხომ დღემდე აზერბაიჯანში ცხოვრობს.  

საქართველოში დაბრუნება მუსლიმი მესხებისთვის ახალ გამოწვევებთან ასოცირდება, ესენია: საცხოვრებლის უზრუნველყოფა, შემოსავალი, განათლება, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება. საქართველოში დაბადებულ ბავშვებსაც კი, განსხვავებულობის შიში და სიმორცხვე მოჰყვებათ. პერიოდულად იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება, უარყოფითს დადებითი ანაცვლებს, ზოგჯერ პირიქით. საქართველოში მცხოვრებლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის უფლება ჯერ არ მინიჭებიათ და აზერბაიჯანის მოქალაქეებად რჩებიან, მუდმივად უწევთ საზღვრის კვეთა სამ თვეში ერთხელ, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება და მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

  • შეჯამება

მუსლიმი მესხები, არაერთხელ გახდნენ იძულებულები გადასახლებულიყვნენ. მუდმივი დეპორტაციის პირობებში ოფიციალური მონაცემები შეიცვალა,  არასწორად შემოინახა ან დაიკარგა ფურცლებიდან და გონებიდანაც. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეიძლება გადავაწყდეთ მუსლიმ მესხებს სხვადასხვა სახელწოდებით, ასევე უცნობია მათი ამჟამინდელი რაოდენობა.

მუსლიმი მესხების იდენტობის საკითხები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული - ისტორიასთან დაკავშირებამ შექმნა მესხური კულტურის შექმნის საჭიროება. შვილებისთვის წარსულის სწავლება და ამ კონკრეტული ისტორიის გადაცემა დასტურია იმისა, რომ ისტორია აწმყოს ეხმარება შექმნა კონკრეტული პრაქტიკა, ისტორიის ინტერპრეტაციით იქმნება მათი მესხური იდენტობა და ეხმარება მათ თვითაღქმაში. რელიგიის, ენის შენარჩუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახთან და ოჯახურ ტრადიციებთან. ეს კავშირი გამომდინარეობს კულტურული კომპონენტების მომდევნო თაობებისთვის გადაცემის და შენარჩუნების აუცილებლობიდან. იდენტობები თავიანთ ტრადიციებს ავრცელებენ ტრადიციებისა და ღირებულებების მეშვეობით, რომლებიც მათთვის ძვირფასია. მონაწილეთა ინტერაქცია ადასტურებს, რომ ამ იდენტობის შენარჩუნება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია - იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც აწყდებოდნენ და აწყდებიან.

საქართველოში მცხოვრებ მესხთა, აგრეთვე, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ხანია კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები აღარ გადადგმულა. ეროვნებით ქართველი მესხები თურქებად, აზერბაიჯანელებად ან თარაქმებად მოიხსენიებიან. ის ოჯახები, რომლებიც შვიდ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობენ, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციისა, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონისა, ასევე, რეპატრიაციის კანონისა, რომლის თანახმადაც, უფლება აქვთ მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ჯერ კიდევ განსახილველთა სიაში არიან. დაუკმაყოფილებელია მათი მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება სოციალური პრობლემების გადაჭრას, მესხებით დასახლებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების ხელშეწყობა, საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფა.

წინამდებარე სტატია შეიქმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და  გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

            

ვინ_არიან_მუსლიმი_მესხები_1677659810.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

  1. Ammerman, Nancy T. Studying everyday religion: Challenges for the
    Everyday religion: Observing modern religious lives, 2007.
  2. Dogan, Hulya. What is the Role of Religion in Constructing Identity and
    Social Networks: Meskhetian Turks in the United States? 2018.
  3. Lichterman, Paul. Sociological Theory: Religion in Public Action: From Actors to Settings. American Sociological Association, 2012.
  4. McGuire, Meredith B. Lived religion: Faith and practice in everyday life.
    Oxford University Press, 2008.
  5. Redfield, Robert. The social organization of tradition. The Journal of Asian
    Studies 15,1955.
  6. Sanikidze, George, and Edward W. Walker. Islam and Islamic practices in
    Georgia, 2004.
  7. Swerdlow, S; Aydıngün, A.; Harding, C. B.; Hoover, M.; Kuznetsov, I.;
    Meskhetian Turks: An introduction to their history, culture, and
    resettlement experiences. Washington D.C.: Cultural Orientation Resource
    Center- Culture Profiile, 2004.
  8. Trier, Tom and George Tarkhan-Mouravi and Forrest Kilimnik. Meskhetians:
    Homeward Bound …, Georgia: European Centre for Minority Issues –
    Caucasus, 2011.
  9. Pentikainen, O. & Trier, T. Between Integration and Resettlement: The
    Meskhetian Turks. Flensburg, Germany: European Centre for Minority
    Issues, 2004.
  10. Бараташвили, Лятифшах, and Клара Бараташвили. Мы-месхи.
    Литературная Грузия, 1988.
  11. მოდებაძე, ვალერი. მესხური პრობლემის ანალიზი, (თბილისი:
    „კალმოსანი“, 2010).
  12. უმაროვ - გოზალიშვილი, ხალილ. მესხთა ტრაგედია, (თბილისი:
    „კავკასიური სახლი“, 2005).
  13. ქამუშაძე, გიგა. 1944 წელს მესხეთიდან გადასახლებულთა ისტორიის
    რამდენიმე საკითხი („ქართველური მემკვიდრეობა“, 2005).
  14. ვაჩნაძე, ნაზირა. დეპორტირებული მესხი ქალის - ნაზირას წიგნი, (თბილისი: „კავკასიური სახლი“, 2005).
  15. ჩხეიძე, ომაზ. ჩვენი მესხები, (თბილისი: „კავკასიური სახლი“, 2007).
  16. ჯანიაშვილი, ლავრენტი. 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გასახლებულთა ეთნოისტორიული პრობლემები, (თბილისი: „ენა და კულტურა“, 2006).

[1] UNHCR Global Report 2001 – Georgia. https://www.unhcr.org/publications/fundraising/3dafdced0/unhcr-global-report-2001-georgia.html წვდომა: დეკემბერი, 24. 2022

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“