[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / სტატია

ქართული საზოგადოებრივი აზრი ისტორიული მეხსიერების ფორმირების საწყისებთან: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა რეპატრიაციის საკითხი XX საუკუნის 80-90-იან წლებში

ავტორი: ნიკოლოზ სარაჯიშვილი

უახლესი ისტორიის ცენტრის მკვლევარი

ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

1944 წელს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან შუა აზიაში 100,000-მდე ადამიანი გადაასახლეს. მათი უკან, საქართველოში დაბრუნების საკითხი, ქართულ რეალობაში განსახილველად რამდენჯერმე წამოიჭრა. მათ შორის, უპირველესი და გამორჩეული ადგილი XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდს უკავია. ამ დროს საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეთნიკური საკითხი. სიტუაცია დაიძაბა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში. გარდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების პრობლემებისა, 1989 წლიდან განსაკუთრებით გამწვავდა 1944 წელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა თემაც, რაც სწორედ იმ პერიოდში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საზრუნავი გახდა. ქართულ პრესაში დაიწყო საკითხის განხილვა, პოზიციების დაფიქსირება, ცხარე დისკუსიები და კონფლიქტები იდეურ ნიადაგზე. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც საზოგადოება დიდი ხნის შემდეგ პირველად და საჯაროდ ყველაზე აქტიურად განიხილავდა ამ და სხვა საკითხებს, ჩამოყალიბდა პოლიტიკური დისკურსები და საზოგადოებრივი აზრი. საკითხის განხილვამდე, მცირე შესავლის სახით გვსურს შევეხოთ მესხების გადასახლებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

გადასახლება

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტერმინი „თურქი მესხები“ პირობითია და მისი ხშირად გამოყენება მისი გავრცელების მასშტაბით არის გამოწვეული.  ცხადია, იგი ზუსტად ვერ ასახავს დეპორტირებულთა ეთნიკურ შემადგენლობას, ვინაიდან „ეს ტერმინი შედგება ორი ნაწილისგან, რომელიც ერთმანეთს გამორიცხავს“ (ჯანიაშვილი 2013: 68).

1944 წლის ნოემბერში, ისტორიული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიიდან შუა აზიაში დაახლოებით 100,000 ადამიანი გადაასახლეს (ვაჭარაძე 2020). შესაბამის ბრძანებებში ეს მოსახლეობა „თურქული ეროვნების პირებად“ (ალავერდაშვილი 2008: 125) მოიხსენიება. შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ ეს მართლაც ასე იყო. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შეინიშნებოდა მოსაზღვრე თურქეთის გავლენა. ხშირი იყო საზღვრის დარღვევის ფაქტები, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთლიანი სოფელი გადასახლებულა თურქეთის ტერიტორიაზე (ჩარკვიანი 2013: 44).

გადასახლებასთან დაკავშირებულ მოვლენებს საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი  მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი შემდეგნაირად იხსენებდა: „...განწყობა გენერალიტეტის ერთ ნაწილში ისეთი იყო, რომ კავკასიის ხალხები მხოლოდ ღალატზე და გერმანელებთან გადასვლაზე ფიქრობდნენ (ჩარკვიანი 2013: 43). ამასთანავე, დასძენს, რომ მათ ჰქონდათ ცნობები, რომ თურქებმა, საზღვრის გაწმენდის მიზნით, საზღვრიდან გაასახლეს ქართველები და რომ მსგავსი მოქმედების ჩატარება საკავშირო მთავრობას აუცილებლად მიაჩნდა. თურქ მესხებს არ ჰქონდათ     საშუალება, გამოევლინათ თავიანთი მოღალატური ზრახვები, თუმცა ჩვენ ისინი ძალიან სერიოზულ სიძნელეებსა და პრობლემებს გვიქმნიდნენ... ვინც საზღვარგარეთ მიდიოდა, გასვლა მათი საშუალებით ხდებოდა. ყველა გზა იცოდნენ, კავშირი ჰქონდათ თურქეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთან და გადაჰყავდათ გაქცეული, ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანები (ჩარკვიანი 2013: 44).

გადასახლების ამ საფუძველს ზოგიერთი ავტორი ეკონომიკურ ფაქტორსაც უკავშირებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ ქმედებით საბჭოთა კავშირს შუა აზიის ჩამორჩენილი ტერიტორიების ასაყვავებლად აქ მცხოვრები მშრომელი ხალხის გამოყენება სურდა (მოდებაძე 2010: 17).

ცენტრალურ აზიამდე ჩასვლის პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდა და მას სამი ათასამდე ადამიანი შეეწირა. ბევრმა დეპორტირებულმა ვერ გაუძლო ახალ კლიმატურ პირობებსა და საცხოვრებელ ადგილთან ადაპტაციას. ამ შემთხვევაშიც, სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა რიცხვს ასახელებს. მაგალითად, კლარა ბარათაშვილის ცნობით, დაიღუპა დეპორტირებულთა ერთი მესამედი, ხოლო უმაროვ-გოზლიშვილის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 15,000-ს აღწევდა (უმაროვ-გოზალიშვილი 2005: 83).

შუა აზიის რესპუბლიკებში მათთვის შექმნეს სპეციალური ზონები, რომელთა დატოვების უფლებაც შესაბამისი ბრძანების გარეშე აკრძალული ჰქონდათ.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე ნიკიტა ხრუშჩოვი გმობს წინამორბედს და 1944 წელს ზოგიერთ დეპორტირებულ ჯგუფს (მათ შორის არ ყოფილან გადასახლებული მესხები) სამშობლოში დაბრუნების ნებას რთავს. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შსს ადმინისტრაციული ზედამხედველობისაგან განთავისუფლდნენ – ყირიმელი თათრები, ბალყარელები, თურქები – საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, ქურთები, ჰემშინები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაასახლეს. ჩამოთვლილ ეროვნებებზე შეზღუდვების მოხსნა არ გულისხმობდა მათთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მათ ასევე არ ჰქონდათ უფლება იმ ადგილებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც გადაასახლეს (მოდებაძე 2010: 80-81). ცივი ომის პერიოდში სამცხე-ჯავახეთი საბჭოთა კავშირისა და ნატოს (ამ შემთხვევაში, თურქეთის) სასაზღვრო ზონის არეალში მოექცა, შესაბამისად, საბჭოთა რეჟიმის რწმენით, პროთურქული ორიენტაციის მოსახლეობის ჩასახლება რეგიონში, სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა (Swerdlow 2006: 1836).

ფერღანას ტრაგედია, ჩამოსახლების მოთხოვნა და ქართული

საზოგადოებრივი აზრი

1989 წლამდე 1944 წელს დეპორტირებულთა ჩამოსახლების (ე. ი. რეპატრიაციის) პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 300-მდე ოჯახი ცხოვრობდა (ბლუაშვილი 2006: 5). ჩამოსახლების პროცესის გააქტიურება განაპირობა 1989 წლის მაის-ივნისში, უზბეკეთში მომხდარმა მოვლენებმა, რაც „ფერღანას ტრაგედიის“ სახელითაა ცნობილი, თუმცაღა მას ზოგჯერ „მარწყვის კონფლიქტის“ სახელითაც იხსენიებენ. რაფიკ ნიშანოვმა, უზბეკეთის სსრ ცკ კომპარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა, განაცხადა, რომ ყველაფერი მარწყვის გამო დაიწყო (Конфликт в фергане 2018). ამ ვერსიის თანახმად, მყიდველმა – მუსლიმმა მესხმა, გამყიდველი – უზბეკი, მარწყვის ჩვეულებრივზე ძვირად მიყიდვის გამო გალანძღა (Ибрагимова 2019).

პირველი შეტაკებების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ 24 მაისს, მესხებმა უზბეკი ბავშვები დახოცეს (მეტი დამაჯერებლობისთვის შეიქმნა ფოტომონტაჟიც). ამას დაემატა სხვადასხვა ჭორიც, მაგალითად, ერთ-ერთი ჭორის მიხედვით, მესხმა უზბეკი გოგონა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა (Конфликт в фергане 2018). კიდევ ერთი ვერსიით კი, უზბეკები იმ სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გააცხარა, რომლის მოხვეჭაც დეპორტირებულმა მოსახლეობამ შეძლო და უბრალო საბაბს ეძებდნენ მათ დასარბევად.

თითქმის ყველა თვითმხილველი აღნიშნავს, რომ ავტობუსებით ჩამოჰყავდათ სხვა ქალაქებში მცხოვრები შეიარაღებული ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგში მონაწილეობდნენ ამ „ბრძოლაში“ (Ибрагимова 2019).

დარბევების შედეგად დაიღუპა 103 ადამიანი, აქედან 52 დეპორტირებული. შინაგანმა ჯარებმა 16 ათასი მესხის ევაკუაცია მოახდინეს (Мы были как братья 2019). ამ ყველაფერმა დეპორტირებული მოსახლეობა და მათი შთამომავლები აიძულა, თავშესაფარი ეძებნათ.

სხვადასხვა საზოგადოებებში მაშინვე გავრცელდა სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, თუ ვის ან რას უნდა გამოეწვია ეს დაპირისპირება. „სამთავრობო შეთქმულების“ ვერსიის თანახმად, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ამბები წინასწარ დაგეგმა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

  1. მუშახელით უზრუნველეყო ცენტრალური რუსეთის რეგიონები;
  2. უზბეკი ნაციონალისტების ყურადღება სლავური მოსახლეობიდან დეპორტირებულ მესხ ხალხზე გადაეტანა;
  3. გამოეწვია ქაოსი კავკასიის ეროვნულ მოძრაობებში (მოდებაძე 2010: 84).

ალექსანდრე მოსიაშვილი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ: „იმჟამინდელი რეჟიმი ამ თემის გააქტიურებითაც ცდილობდა კიდევ უფრო მეტი თავსატეხი გაეჩინა დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნისთვის...“ და მიაჩნია, რომ ეს იყო ერთგვარი საპასუხო ქმედება 4-9 აპრილის აქციებზე თბილისში (მოსიაშვილი 2016: 84).

ეს მოსაზრება მით უფრო სარწმუნო იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ფერღანას ამბების შემდეგ, მესხები უკვე აქტიურად ფიქრობდნენ და საუბრობდნენ საქართველოში დაბრუნებაზე, ქმნიან საინიციატივო ჯგუფებს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს რეპატრიაციის საკითხზე.

ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ეთნიკურ პრობლემურ კერებს, ეროვნულ მოძრაობაში მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამდნენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჭანტურია წერდა: „არა მარტო აფხაზეთის, არამედ მარნეულ-ბოლნისის მოვლენები ინსპირირებულია ანტიდემოკრატიულ ძალთა მიერ. ასეთივე მოვლენები მოსალოდნელია ოსეთშიც... იმ ძალებს, რომლებიც ამ კონფლიქტებს იწვევენ, აწყობთ ეროვნული მოძრაობის ჩაძირვა ერთაშორისი შუღლის ჭაობში“ (საუბარი საქართველოს... 1989: 2).

ამ კატეგორიას მიაწერდნენ მესხების საკითხსაც. ეროვნულ მოძრაობაში ფერღანას მოვლენები მართლაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მონათლეს: „ფერგანის ტრაგედია ინსპირირებულია საქართველოს უბოროტესი მტრების მიერ, რათა გამწვავდეს საქართველოს ისედაც მწვავე დემოგრაფიული სიტუაცია...“ (მიმართვა ქართველი ხალხისადმი... 1990: 1).

ივანე თვალავაძე თავის მემუარულ წიგნში, „ეროვნული მოძრაობის კვალდაკვალ“, წერს, რომ ფერღანას მოვლენები პროვოცირებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავდა ქართული ეროვნული მოძრაობის შეფერხებას (თვალავაძე 2019: 216).

გადასახლებიდან დაბრუნებული და ხაშურში მცხოვრები მესხები 1989 წლის ივნისში აცხადებდნენ: „რატომ მოხდა, რომ 9 აპრილს ასე სწრაფად, უსამართლოდ და სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს ჯარის საშუალებით? რატომ ფერგანაში არ იყო დროულად აცილებული მასიური სისხლისღვრა, რატომ არ იქნა და არც დღეს არის მიღებული გადამჭრელი ზომები მთავრობის მხრიდან? ხომ არ ეძებენ „მეორე“ როდიონოვს, რათა კიდევ ერთხელ დაადანაშაულონ და გააშავონ ქართველი ხალხი...?“ (მიმართვა მიხეილ გორბაჩოვს 1989: 1).

ამ ყველაფრის ფონზე, ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფაქტობრივი წარმმართველი იყო (1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული ეს პროცესი აღმავალი ხასიათით გამოირჩეოდა), დაიწყო საკითხის განხილვა – ვინ არიან  „თურქი მესხები“? უნდა მიეცეთ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების უფლება? როგორ შეიძლება გაირჩეს გადმოსახლების 300 ათას მსურველს შორის ნამდვილი და ყალბი ქართველი?

ფერღანას მოვლენებიდან მალევე, ივნისში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა შეხვედრა, სადაც მესხების საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო. კრებაში მონაწილეობდნენ კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რეზო თაბუკაშვილი, გურამ გეგეშიძე, ლევან სანიკიძე, მერაბ მამარდაშვილი, შოთა ლომსაძე, რეზო ჯაფარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბუბა ხოტივარი, ნოდარ მანაგაძე, იური როსტი, გიგა ლორთქიფანიძე, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ელდარ შენგელაია, მიშა ჭიაურელი, მანანა ანთაძე, ნიკო ჭავჭავაძე. აჩვენეს ვიდეომასალები, რომლებიც ლაშა შონიამ, ნუგზარ ყიფიანმა და გოგა ხაინდრავამ უზბეკეთში გადაიღეს. ჩამოთვლილი პიროვნებების სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი ემხრობოდნენ დეპორტირებულთა საქართველოში ჩამოსახლების შესაძლებლობას. ამასთანავე, საჭიროდ მიაჩნდათ სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნა საკითხის გადასაჭრელად, და საკითხზე კონსესუსის მიღწევა. ფიქრობდნენ, თითო ქართულ სოფელში 4-5 დეპორტირებულის ოჯახი ჩაესახლებინათ, მათი მოვლა კი სოფელს დაკისრებოდა. გამონაკლისის სახით შეგვიძლია დავასახელოთ გიგა ლორთქიფანიძე, რომელიც გადასახლებულებს „სარწმუნოება და გულგამოცვლილ ხალხს უწოდებს“ (პრობლემა... პოზიციები... 1989: 3-4).

მსგავსი შეხვედრა გაიმართა აგვისტოშიც, რომელსაც აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, რეზო თაბუკაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჟორდანია, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ივანე თვალავაძე და დათო ბახტაძე, აგრეთვე, გადასახლებულთა ორი წარმომადგენელი და სსრკ უმაღლესი საბჭოს რუსი დეპუტატი ესწრებოდნენ (თვალავაძე 2019: 218). კრებამ გადაწყვიტა, რომ გადასახლებულთა ჩამოსახლება შეუძლებელი იყო (მათ ჩამოსახლებას მხოლოდ ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობერიძე ემხრობოდნენ). დასახელდა უარის რამდენიმე მიზეზი:

  1. აჭარასა და რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ათასობით ოჯახს ესაჭიროებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასწრაფო განსახლება, ასეთ პირობებში კი დეპორტირებულთა ჩამოსახლებაზე ფიქრიც შეუძლებელი იყო;
  2. შეუძლებლად მიიჩნიეს მათი ზოგადად მესხეთში ჩასახლება. მათი მოსაზრებით, ეს გამოიწვევდა იქ მცხოვრები ქართველებისა და სომხების დაპირისპირებას თურქული ორიენტაციის მქონე ჩასახლებულებთან;
  3. შესასწავლი იყო, თუ ვინ და რა რაოდენობით გაასახლეს საქართველოდან და ახლა ვინ ითხოვდა უკან დაბრუნებას (თვალავაძე 2019: 220).

ამასთანავე, კრებამ არგუმენტად მოიყვანა ადიგენის მცხოვრებთა მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი:

„ადიგენის რაიონის აბსოლუტურად ყველა მცხოვრები კატეგორიულად მოითხოვს:

  1. სასწრაფოდ შეწყდეს თურქების ჩამოსახლება საქართველოში, ხალხისა, რომლის ისტორიული ადგილი არასოდეს ყოფილა საქართველოს მიწა და თავისი რჯულით, გვარით, ენით და ცხოვრების წესით უცხოა ქართველი ერისთვის;
  2. შეიცვალოს „თურქი მესხების“ საკითხის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა;
  3. შეწყდეს დეზინფორმაცია პრესისა და ტელევიზიის მხრიდან, საიდანაც ვაიქართველი მეცნიერები საოცარი დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, 1944 წელს გასახლებული თურქების ქართველობას;
  4. გასახლებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან უკვე დასახლებული თურქები.
  5. უმოკლეს ხანში მოეწყოს რაიონის მოსახლეობასთან მეცნიერების, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლების შეხვედრა. ჩანაწერი შეხვედრისა გადაიცეს საქართველოს ტელევიზიით“ (თვალავაძე 2019: 222).

საკითხზე სხვადასხვა მოსაზრების მყარად გავრცელებას ხელს უწყობდა განსხვავებული მონაცემები თავად დეპორტირებულთა თანადროული მსოფლმხედველობის შესახებ. მაგალითად, „ქართულ ფილმში“ გამართულ შეხვედრაზე ისტორიკოსი შოთა ლომსაძე აცხადებდა, რომ 1944 წელს გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლების (დასძენს, რომ 400 ათასი ადამიანის) 90% სუფთა სისხლის მესხია, თურქები მხოლოდ 7%-ს შეადგენენო (პრობლემა... პოზიციები... 1989: 3; იმავეს იმეორებს ნაირა გელაშვილი, იხ. გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №43, გვ. 2). განსხვავებულ სიტუაციას წარმოაჩენს გოგა ხაინდრავა, რომელიც თავად იყო უზბეკეთის სსრ-ში, ადგილზე გაეცნო გადასახლებულებს (უმეტეს შემთხვევაში, მათ შთამომავლებს) და გადაიღო სხვადასხვა ვიდეომასალა: უმრავლესობა იქ ნამდვილი თურქია. ისინი ამას არ მალავენ. თან კატეგორიულად მოითხოვენ მესხეთში დაბრუნებას. გვემუქრებიან – „ჩვენ მესხეთში ვცხოვრობდით და მესხეთში ვიცხოვრებთო“. თუ ისინი ჩამოვიდნენ, ცუდი დღე დაგვადგება ქართველებს, რადგან არიან ჩვენი პოტენციური მტრები და არც არასოდეს არ მიიღებენ არაფერს ქართულს. ისინი თურქები არიან და ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ თურქეთში დაბრუნდნენ („თურქი მესხების“ შესახებ 1989: 2).

ერთსულოვნება არც ქართველ ისტორიკოსებს შორის ჩანდა. ნოდარ ლომოური მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ემოციებს (რომელიც წარმოიშვა ფერღანას მოვლენების შემდეგ) არ ემძლავრა და თავიანთი პოზიცია რაციონალურად ჩამოეყალიბებინათ: თუ ერისკაცი ხარ, უნდა დაიოკო გრძნობები, ჩაიკლა განცდები..., ნუთუ განცდამ დღესაც უნდა იმძლავროს გონებაზე?!... ძნელია, მაგრამ ერის მომავლის პრობლემა წყდება და ვისა აქვს უფლება ემოციებით იმოქმედოს? ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, რაც ჩვენში მოხდა, არ შეიძლება ემოციებზე, განცდებზე დავიყვანოთ!“ (ლომოური 1989: 3). დაახლოებით მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდა ისტორიკოსი შოთა ბადრიძეც, რომელიც აღნიშნავდა, რომ ფერღანას მოვლენების ამსახველი (და მომდევნო პერიოდის) კადრების ნახვის შემდეგ მხოლოდ „ქვისგან გამოთლილი“ ადამიანი თუ დარჩებოდა გულგრილი, და მაინც, ცივი გონება სვამდა კითხვას...: რა მოჰყვება იმას, რომ მაჰმადიან მესხთა ის ნაწილი, საქართველოში მოსვლას რომ თხოულობს, ერთბაშად მესხეთს დაუბრუნდეს? გავა სულ რამდენიმე წელი და საქართველოში გაიზრდება ჩვენი მასშტაბებით უზარმაზარი უზბეკურ-თურქული მასა, რომლის გაქართველება ფსიქოლოგიურად და ენობრივად ძნელი ჩანს (ბადრიძე 1989: 3). ჩამოსახლების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო მარიამ ლორთქიფანიძე, რომელსაც ამ ეტაპზე მესხთა ჩამოსახლება მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ლორთქიფანიძე 1989: 3).

შედარებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ისტორიკოს შოთა ლომსაძეს, რომელიც ნაწილობრივ ემხრობოდა ჩამოსახლებას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიიჩნევდა, რომ გადასახლებულთა უმეტესობას ქართული ორიენტაცია ჰქონდა. ჩამოსახლებულთა დასახლებას ის იმერეთისა და ქართლის სოფლებში ფიქრობდა, თუმცა დასძენდა, რომ: ამჯერად, საქართველოში შექმნილი მძიმე პირობების გამო, ეს საქმე მცირე ხნით უნდა გადაიდოს და მერე, თუ შესაძლებელი იქნა, შერჩევით ქართლ-იმერეთის სოფლებში ცალკეულ კომლებად დასახლდნენ (ლომსაძე 1989: 3).

ეროვნული მოძრაობის შიგნით არსებული გათიშულობა აგრეთვე განაპირობებდა პოზიციების განსხვავებულობას. 1989 წლის იანვარში მოწყობილ ე. წ. „ღირსების სასამართლოზე“ (ღირსების სასამართლო 1989), ეროვნული მოძრაობა პირველად გაიყო ორ დაპირისპირებულ „ბანაკად“. მათი შერიგება მთელი შემდეგი ისტორიის მანძილზე ვეღარ მოხერხდა. პირველ ჯგუფში ე. წ. რადიკალები, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და ა. შ. აღმოჩნდნენ, ხოლო მეორე, ე. წ. ლიბერალურ ჯგუფში ზურა ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე. დაპირისპირება გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ იმავე წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება არ მიიღეს ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში (ილია ჭავჭავაძის... 1989: 1). ამ ორ ფრთას შორის კონფრონტაცია მესხების რეპატრიაციის საკითხმაც გააღრმავა.

ზვიად გამსახურდიამ 3 ნოემბერს გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თქვა, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას მიზნად აქვს დასახული ნახევარი მილიონი თურქის ჩამოსახლება (ბ-ნ ზ. გამსახურდიას... 1989: 1). თუმცა, ჯერ კიდევ 3 ივლისის გაზ. „ივერიის“ ნომერში ვკითხულობთ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჭავჭავაძის მიმართვას: გადასახლებულთა შორის არიან ქართველები, რომელთაც შეინარჩუნეს თავიანთი ქართველობა და სამშობლოს სიყვარული. სწორედ, აი, ამ ნაწილის სამშობლოში დაბრუნება გვსურს ჩვენ, თანაც ეს დაბრუნება უნდა მოხდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით“. იქვე იყო აღნიშნული, რომ ისინი არა სამცხე-ჯავახეთში, არამედ სხვა ქართულ სოფლებში უნდა ჩაესახლებინათ (პოზიცია თურქი მესხების... 1989: 1).

ავტორთა ერთი ნაწილი (განსაკუთრებით კი, უცხოელები) საკითხის გარშემო შეხედულებების მთავარ ამომავალ პარადიგმად ნაციონალისტური მოტივების გამოღვიძებას მიიჩნევს. „1980-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში სულ უფრო ხშირად გაისმოდა ნაციონალისტური მოწოდებები, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის მრავალეროვან შემადგენლობას. უზბეკეთიდან გამოქცეული მესხების დიდი ნაკადიდან რამდენიმე ათასმა მაინც გაიკვლია გზა საქართველოსკენ, მიუხედავად იმისა, რომ, ნაციონალისტი ლიდერების აზრით, მათი დაბრუნება საფრთხეს უქმნიდა საქართველოს მომავალ სტაბილურობას. ზემოაღნიშნული ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო საბჭოთა მთავრობის მზაკვრული ჩანაფიქრი და მცდელობა, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნიდან სხვა პრობლემაზე გადაეტანა ყურადღება (ტრიერი, თარხან-მოურავი, კილიმნიკი 2011: 35).

საქართველოში თანდათან ძლიერდებოდა ანტაგონისტური განწყობა უზბეკეთიდან გამოქცეული ათასობით ადამიანის დაბრუნების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლით ადრე ქართველი ინტელიგენციის დახმარებით აქ დაიწყო რეპატრიანტების მიღება. მესხების დაბრუნების მიმართ კეთილგანწყობილ დისიდენტებს შორის იყო ზვიად გამსახურდია, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლის წინ შეიცვალა პოზიცია, რომელიც უფრო ადრე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ჰქონდა. ახლა უკვე მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგი იყო პოპულარული ქართველი ფილოლოგი აკაკი ბაქრაძე. თუმცა, სხვა დისიდენტები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის მერაბ კოსტავა, თამარ ჩხეიძე და მწერალი ნაირა გელაშვილი, ქვეყნის მასშტაბით არსებული უარყოფითი განწყობის მიუხედავად, კვლავ მხარს უჭერდნენ მესხების რეპატრიაციას (ტრიერი, თარხან-მოურავი, კილიმნიკი 2011: 34-35).

ტომ ტრიერსა და ავტორთა ჯგუფს უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტში, რომ ფერღანის მოვლენების შემდეგ, სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასახლებულმა თურქმა მესხებმა (უკრაინის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთის ცენტრალური ნაწილების) საქართველოში დაბრუნებისთვის აქტიურად დაიწყეს ბრძოლა, ეროვნულ მოძრაობაში ის პიროვნებები კი, ვინც აქამდე მათ ჩამოსახლებას ემხრობოდნენ (70-იან წლებში), ახლა ეწინააღმდეგებოდნენ ამას. ისტორიკოსი უჩა ბლუაშვილი წერს: ფერღანას ტრაგედიის შემდეგ საქართველოშიც გაჩაღდა კამპანია მაჰმადიან მესხთა წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები, ამჯერად, მესხთა დაბრუნების მოწინააღმდეგეთა პირველ რიგებში აღმოჩნდნენ, რამაც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მაჰმადიანი მესხების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი (ბლუაშვილი 2006: 5).

დასახელებული ავტორების მიერ ნახსენები აკაკი ბაქრაძე და ზვიად გამსახურდია, თავადვე აღნიშნავენ, რომ ისინი ცდებოდნენ, როდესაც მესხების ჩამოსახლებას ემხრობოდნენ. აკაკი ბაქრაძე იგონებდა: „...70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში მეც იმათ შორის ვიყავი, ვინც გასახლებულთა დაბრუნებას ითხოვდა. ვიყავი იმიტომ, რომ მჯეროდა იმ ისტორიკოსების, რომელნიც გვარწმუნებდნენ, რომ სამხრეთ საქართველოდან გასახლებული თურქების ძირითადი ნაწილი ქართველები არიან, ოღონდ გამაჰმადიანებულნიო... მერე პრობლემა თავად შევისწავლე და სრულიად სხვა სურათი აღმოვაჩინე. ჯერ ერთი, გასახლებულთა დიდი უმრავლესობა ეროვნებითაც და სარწმუნოებითაც თურქია და, მეორეც, ის მცირე ნაწილიც, რომელიც წარმომავლობით შეიძლება ქართველი იყოს, სარწმუნოებითა და ეროვნული ცნობიერებით თურქია (ბაქრაძე 1989: 18).

აკაკი ბაქრაძის მსგავსად, თავდაპირველად, ზვიად გამსახურდიაც ემხრობოდა დეპორტირებულთა ჩამოსახლებას: მე და ჩემი თანამოაზრეები მოვითხოვდით მათ საქართველოში ჩამოსახლებას. გეთანხმები იმაში (მიმართავს ივანე თვალავაძეს. .), რომ ეს ხდებოდა მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად და გამოყენებული გვქონდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისათვის. შემდეგ, მათთან შეხვედრებმა და საქმეში ღრმად ჩახედვამ აჩვენა, რომ გასახლებულთა უმრავლესობა თურქული ორიენტაციისანი იყვნენ და არიან დღესაც (თვალავაძე 2019: 218).

ამგვარად, ეს მოღვაწეები თავადვე აღნიშნავდნენ, რომ მათ მართლაც შეიცვალეს თავიანთი მოსაზრება, თუმცა დამოკიდებულების შეცვლის მიზეზებსაც ნათლად ხსნიან.

იყო მოსაზრებებიც, რომ საქართველოში დასახლების მსურველთა შორის უნდა გაერჩიათ ქართველები და თურქები. გოგა ხაინდრავა წერდა: „...უნდა შეიქმნას საგანგებო ჯგუფი მათი ყოფა-ცხოვრების შესწავლისათვის (რომელშიც, რასაკვირველია, ჩამოსახლება-არჩამოსახლების წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი ადამიანები არ შევლენ). ამ ჯგუფმა ხანგრძლივად უნდა იმუშაოს, გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი, მათ ადგილზევე გაუხსნას ქართული სკოლები, გადახედოს საქმეს და როგორც მდგომარეობა უკარნახებს, ისე მოიქცეს(„თურქი მესხების“ შესახებ 1989: 2). და ეს იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩამოსახლების პოტენციურ რაოდენობას 400 ათასი კაცით განსაზღვრავდნენ.

ამ მოსაზრებას იზიარებდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაც, სადაც მიაჩნდათ, რომ ჩამოსახლების კანდიდატები ადგილობრივ მესხებს უნდა შეერჩიათ: რაც შეეხება ჩამოსახლებულთა შერჩევას, ამაში უნდა გამოვიყენოთ სამშობლოში ადრე დაბრუნებული პატრიოტი მესხები, რომლებიც კარგად იცნობენ იქაურებს და შერჩევაში პრაქტიკულად არ შეცდებიან. ხოლო თუ შერჩევის უფლებას ვერ მოვიპოვებთ (მოსკოვისგან. .), სწორედ მაშინ უნდა ვთქვათ უარი ყოველგვარ ჩამოსახლებაზე (პოზიცია თურქი მესხების... 1989: 1).

საზოგადოების წრიდან მესხთა საკითხზე აქტიურობით გამოირჩეოდა ნაირა გელაშვილი. გაზეთ „ქართულ ფილმში“ მის მოსაზრებებს სამ ნომერში ვრცელი საგაზეთო ადგილი დაეთმო (იხ. გაზ. „ქართული ფილმი“, 1989 წელი, №43, 44, 45). ვინაიდან მისი მოსაზრებები კიდევ ერთი დაპირისპირების საგნად იქცა, აუცილებლად უნდა შევეხოთ მასაც. ნაირა გელაშვილის პოზიცია შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ისიც, ისევე როგორც ნაწილი მოღვაწეებისა, მიიჩნევდა, რომ დეპორტირებულებს შორის უნდა გამოერჩიათ ქართული ორიენტაციის მქონენი, რაც მარტივ ამოცანად ესახებოდა. საქართველოს უნდა მიეღო იმდენი რეპატრიანტი, რამდენსაც გასწვდებოდა ქვეყნის ეკონომიკა და დემოგრაფიული სიტუაცია. ამასთანავე, არანაირ უცხო ძალას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო გადასახლების პროცესის წარმართვაში, ეს მხოლოდ საქართველოს საქმე იყო. აღნიშნული პროცესი უნდა დაწყებულიყო დაუყოვნებლივ, ვინაიდან ყოველი დღის გასვლის პროპორციულად ისინი კარგავდნენ კავშირს ქართველობასთან. აგრეთვე, სტატიაში ის აკრიტიკებდა ნოდარ ლომოურს და მის პოზიციას „აზრთა სხვადასხვაობის აკრძალვად“ მიიჩნევდა (საუბარი მეორე 1989: 2). ამასთანავე, ის ქართულ პრესას ბრალს სდებდა ჭორების ტირაჟირებაში: ჩვენს პრესაში გამოთქმული მოსაზრებები ძირითადად წარმოადგენს ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველზე გამოტანილ უპასუხისმგებლო დასკვნებს და ბრალდებებს მაჰმადიან მესხთა მიმართ“. ხოლო ჩამოსახლების მოწინააღმდეგე პირებს „მტრის ხატის“ შექმნასა და ბოლშევიკური მეთოდების გამეორებაში, ბოლშევიკური მორალით მოქმედებაში ადანაშაულებდა. აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საზოგადოება უარყოფდა ისტორიკოსების მოსაზრებებს და რომ ლელო იმას გააქვს, ვისაც მეტი ყვირილი, აგრესია დარადიკალიზმიშეუძლია (საუბარი მესამე 1989: 2-3).

ნაირა გელაშვილის მოსაზრებებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა. თვით გაზეთის რედაქცია შენიშნავდა – სარედაქციო ფოსტისა და სატელეფონო ინფორმაციების მიხედვით მკითხველებში არის უარყოფითი დამოკიდებულებაც, აღშფოთებაც, უცენზურო და თავშეუკავებელი მრისხანებაც რედაქციისა და წერილის ავტორის მიმართ (რედაქციისაგან 1990: 2). ნაირა გელაშვილის მოსაზრებებს ზვიად გამსახურდიაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ავტორი სრულიად ვერ ერკვევა და არ იცნობს დეპორტირებულების საკითხს, ამასთანავე, მისი და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მოსაზრებები, მავნებლურია ქვეყნისთვის, რომ ყველა პუბლიკაცია უნდა შეუთანხმდეს ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიმართავს მათ: მხილებულ იქნებით როგორც საერთო საქმის მოღალატენი (ღია წერილი 1989ბ: 1).

ნაირა გელაშვილს კრიტიკულად გამოეხმაურა ოზურგეთის სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე კოტე ბერიძე: თურქ მესხთაპრობლემების გაანალიზების დროს თავად საერთოდ უარს ამბობთ სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მხარეების განხილვაზე. თქვენი შემდგომი მოსაზრებები ძირითადად მხოლოდ ემოციებზეა დამყარებული. თქვენ არცერთ წერილში არ ცდილობთ ეს პრობლემა საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურად აფეთქებასაშიშ სიტუაციასა და ცენტრიდან ინსპირირებულ ეთნოკრიზისს დაუკავშიროთ... თქვენ თვითონ ამბობთ, რომთურქ მესხთაპრობლემას ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ აქედან არავითარ დასკვნებს არ აკეთებთ (ღია წერილი... 1989ა: 4).

1989 წლის ნოემბრის ბოლოდან მუსლიმ მესხთა (და არა მხოლოდ – ნ. ს.) ჩამოსახლების პროცესს ხელის შემშლელ ფაქტორად მოევლინა საქართველოს სსრ კანონი იმიგრაციის შესახებ, რომელიც აფერხებდა სხვა რესპუბლიკებიდან მოსახლეობის ჩამოსახლებასა და დამკვიდრებას. საქართველოს სსრ-ში მცირემიწიანობა და მწარმოებლური ძალების განვითარების თანამედროვე მდგომარეობა მკვეთრად ამცირებს ტერიტორიის ტევადობას, რაც მოითხოვს რესპუბლიკაში მოსახლეობის გარედან შემოსვლის შეზღუდვას. ვინაიდან, როგორც წესი, მიგრაცია იწვევს ადგილობრივი შრომითი რესურსების დესტაბილიზაციას...“ (საქართველოს საბჭოთა... 1989: 1).

1990 წელი ახალი დაპირისპირებებით აღინიშნა საქართველოში. „პარტიულ-პოლიტიკური კონკურენცია და ბრძოლა ჩვეულებრივი მოვლენაა... საქართველოში მიმდინარე პარტიულმა ბრძოლებმა იმთავითვე შეურიგებელი დაპირისპირების სახე მიიღო...“ (შველიძე 2021: 85).

1990 წლის მარტში, მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობის პარტიათა უმეტესი ნაწილი (ისინი, ვინც შედიოდნენ ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში) ერთ საბრძოლო გეგმაზე შეთანხმდა, მესხთა საკითხი ხელახლა დადგა დღის წესრიგში. „დღე ისე არ გავა, რომ ეგრეთ წოდებული თურქი-მესხების თაობაზე პრესამ, რადიომ თუ ტელევიზიამ ახალი ამბავი არ მოიტანოს და საქართველოს ისედაც რთული ვითარება არ გაამწვავოს...“ (საუბარი ე. წ. თურქი-მესხების შესახებ 1990: 2). თუ ერთი წლის წინ, ეს ყოველივე ფერღანაში მომხდარმა ამბებმა განაპირობა, ამჯერად ამის საბაბი ტაშკენტის ოლქში მიმდინარე მოვლენები გახდა. „ვათანის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იური სარვაროვი, 25 თებერვალს დეპეშით იტყობინებოდა:

ერის გაქრობისგან გადასარჩენად ერთადერთ გამოსავლად მიგვაჩნია მათი ისტორიულ სამშობლოში ჩასახლება. ფერღანის ტრაგედიის პერიოდში ქართველი ხალხი მიუთითებდა რა საკუთარ რესპუბლიკაში ერთაშორის კონფლიქტზე, არ დაიცვა განწირული თურქი მესხები მათი უბედურებისგან და არ გაუხსნა გზა მათ მშობლიურ მიწაზე დაბრუნებას...“ შემდეგ კი დასძენს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მეორე შანსი იყო, რათა გამოეჩინათ ჰუმანურობა, კეთილშობილება და მიეცათ საშუალება თურქი მესხებისთვის, დაბრუნებოდნენ იმ ადგილს, საიდანაც ისინი 1944 წელს გადაასახლეს (დეპეშა... 1990: 2). ამ დეპეშასთან ერთად გამოქვეყნებულია კიდევ რამდენიმე ტელეგრამა რუსულ ენაზე. ტელეგრამების ბოლოს კი გაზეთის (გაზ. „ქართვლის დედა“) რედაქცია დასძენს: „...აქ კომენტარი მართლაც ზედმეტია, მაგრამ... ავტორები აშკარად დარწმუნებულები არიან, რომ მესხეთი, რომელზეც მათ დღეს პრეტენზია აქვთთურქეთის ყოფილი ტერიტორიაა, ისინი თურქები არიან და მესხეთში კომპაქტური ჩასახლება მისცემს მათ საშუალებას სამშობლოსთან შეერთებისა“. ამის შემდეგ დართულია ინტერვიუ ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტას მკვიდრ ორ მოსახლესთან, რომელთა ნაამბობშიც საკმაოდ უარყოფითი კონტექსტით არიან წარმოჩენილნი „თათრები“ (რედაქციისაგან 1990: 2).

1990 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია წარმოიშვა. ეროვნული ფორუმის შექმნისა და შემდეგში, ეროვნული კონგრესის მოწვევის გეგმა, ნაწილობრივ ჩაიშალა, ვინაიდან მას რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოეყო და 1990 წლის ოქტომბერში ჩანიშნულ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებისათვის დაიწყო ბრძოლა. ეროვნულ მოძრაობაში ამან კიდევ ერთი დაპირისპირებული კერა გააჩინა. „კონგრესისტებისა“ და უზენაესი საბჭოს არჩევნების მომხრე პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის კონფრონტაცია შეუქცევად პროცესად იქცა და მესხების ჩამოსახლების საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია. ხოლო მას შემდეგ, რაც ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა, საკითხის განხილვამ უკვე ახალ, სამთავრობო დონეზე გადაინაცვლა.

შეჯამება

1989 წლის აპრილიდან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საბჭოთა ხელისუფლება ფაქტობრივად ვეღარ აკონტროლებდა. ქვეყნის მართვა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იკისრა. დაიწყო ისტორიის გადაფასების პროცესიც. ყალიბდება შეხედულებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე. მათი განხილვისა და საზოგადოებრივი მსჯელობების მთავარ სივრცედ და ინფორმაციის გავრცელების საშუალებად კი მაშინდელი პრესა და მიტინგები იყო.

განსახილველ პერიოდში, ვერ მოხერხდა საერთო დამოკიდებულების ჩამოყალიბება დეპორტირებულთა რეპატრიაციის საკითხის შესახებ. ამას კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. საკითხის სპეციალისტებსა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოების დაბნეულობასაც იწვევდა.

საქმე ის არის, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერების პოზიციები დიდ გავლენას ახდენდა მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე და, შესაბამისად, აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს. ვინაიდან ყველაზე დიდი პოპულარობით ზვიად გამსახურდია სარგებლობდა, სწორედ მისი მოსაზრებები იქცეოდა საზოგადოებრივი აზრის ნაწილად. როგორც სტატიაში წარმოვაჩინეთ, ეს დამოკიდებულება, უმთავრესად უარყოფითი იყო.

როგორც აღვნიშნეთ, 1944 წელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა რეპატრიაციის საკითხმა ქართულ რეალობაში რამდენჯერმე იჩინა თავი. ყოველ ჯერზე, საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საზოგადოებრივ აზრს. ჩვენი დაკვირვებით, საკითხთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საწყისი, სწორედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდზე მოდის, რამაც განაპირობა ჩვენი ამ საკითხით დაინტერესება.

თავად დეპორტირებულ მესხთა დამოკიდებულება 1989-1991 წლებში მიმდინარე დისკუსიისადმი, შეიძლება ამ მოკლე მონაკვეთიდანაც დავინახოთ:

„რა ვუყოთ 1989-91 წლების იმ საშინელ სინამდვილეს, როცა ქართველი ერის წარმომადგენლებმა საკუთარი სისხლი და ხორცი, ბოროტი იმპერიისაგან გატანჯული მაჰმადიანი მესხები ... განდევნეს საკუთარი სამშობლოდან... აქცენტის გაკეთება ჩვენი მუსულმანობის შესახებ და ამით ჩვენს კეთილსაიმედობაში ან ქართველობაში ეჭვის შეტანა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარის თქმა, რასაც ქართული საზოგადოება ხმამაღლა არ გამოთქვამს, მაგრამ გულისხმობს – დამღუპველია როგორც მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსათვის, ისე ქართველი ერისათვის, რადგან ასეთი მიდგომა ქართველ ხალხში და ქართულ სახელმწიფოში ამკვიდრებენ:

  • უნდობლობის, ეჭვიანობის, დაუნდობლობის და გულცივობის, ბოლშევიკურ ფსიქოლოგიას;
  • ტოტალიტარულ და სტერეოტიპულ აზროვნებას;
  • არამართლმადიდებლური აღმსარებლობის მოქალაქეების დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას;
  • ქართულ სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში მუსლიმანი ქართველების უგულებელყოფას, მათზე უარის თქმას;
  • ფლიდობას, ფარისევლობას, პოპულიზმს;
  • ქედმაღლობას, ყალბ პატრიოტიზმს და ისტორიის ფალსიფიკაციას;
  • საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმანი ერების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას;
  • თანამედროვე და სტრატეგიული აზროვნების უნარს მოკლებულ, ანტიდემოკრატიული და პროფაშისტური ცნობიერების მქონე პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკურ აზროვნებას;
  • ისტორიული რეალობის უარყოფას (პაპიძე 2001: 202-203).

მას შემდეგ, რაც 1991 წლის დეკემბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყანაში არეულობამ და უკიდურესმა გაჭირვებამ დაისადგურა, რეპატრიაციის საკითხებით დაინტერესება შენელდა. 1995 წლიდან, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები პრეზიდენტის ხელში აღმოჩნდა და შესაბამისად, მოხდა ხელისუფლების ერთგვარი ცენტრალიზაცია, სიტუაციის მეტ-ნაკლები დასტაბილურება, ეს საკითხი კვლავ გააქტიურდა. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, გაიზარდა დასავლურ ინსტიტუციებში გაწევრიანების სურვილიც. ამან ქვეყნის ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ დეპორტირებულთა რეპატრიაციის ვალდებულება იყო. ბუნებრივია, მსგავსი ვალდებულებები მომდევნო ორ ხელისუფლებასაც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის, რეპატრიაციის პროცესი საკმაოდ სუსტად არის მხარდაჭერილი და სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, წარმმართველიაფ ქართული საზოგადოებრივი აზრი, რომელიც დეპორტირებულთა მიმართ არცთუ მცირე შემთხვევებში, კვლავ უარყოფითი დამოკიდებულების მატარებელია.

წინამდებარე სტატია შეიქმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და  გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

            

ქართული_საზოგადოებრივი_აზრი_ისტორიული_მეხსიერების_ფორმირების_საწყისებთან_1676893373.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

წიგნები:

ბაქრაძე 1989: ბაქრაძე აკაკი, რწმენა, თბილისი, „მერანი“, 1989;

ბლუაშვილი 2006: ბლუაშვილი უჩა, სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობა და რაოდენობა, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2006;

თვალავაძე 2019: თვალავაძე ივანე, ეროვნული მოძრაობის კვალდაკვალ, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2019;

მოდებაძე 2011: მოდებაძე ვ., მესხური პრობლემის ანალიზი, მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პრობლემები, გამომცემლობა „კალმოსანი“, თბილისი, 2010;

ტრიერი, თარხან-მოურავი, კილიმნიკი 2011: ტრიერი ტ., თარხან-მოურავი გ., კილიმნიკი ფ., მესხები: გზა შინისაკენ... უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრი – კავკასია (ECMI), 2011;

უმაროვ-გოზალიშვილი 2005: უმაროვ გოზალიშვილი ხ., მესხთა ტრაგედია,

კავკასიური სახლი, თბილისი, 2005;

ჩარკვიანი 2013: ჩარკვიანი გელა, ინტერვიუ მამასთან, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2013;

შველიძე 2021: შველიძე დიმიტრი, პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში 1987-1992, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2021;

ჯანიაშვილი 2013: ჯანიაშვილი ლ., საქართველოში თურქთა ინფილტრაციის ისტორია და მესხეთიდან  დეპორტირებულთა იდენტობის საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში, კრებულში: დეპორტირებული მესხები – წარსული და დღევანდელობა, თბილისი, 2013;

პერიოდული გამოცემები:

ალავერდაშვილი 2008: დავით ალავერდაშვილი, ვინ არიან ე. წ. „თურქი მესხები“? საარქივო მოამბე, 2008, №3, გვ. 125;

ბადრიძე 1989: ბადრიძე შ., ბუმერანგი? გაზ. „კომუნისტი“, 1989, 27 ივნისი, №147 (26 488), გვ. 3;

- . გამსახურდიას... 1989: ბ-ნ ზ. გამსახურდიას ზოგიერთი განცხადების გამო, გაზ. „ივერია“, 1989, №17, 15 ნოემბერი, გვ. 1;

დეპეშა... 1990: დეპეშა... გაზ. „ქართვლის დედა“, 1990, №9, გვ. 2;

თურქი მესხებისშესახებ 1989: „თურქი მესხების“ შესახებ, გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №32 (133), 16 აგვისტო, გვ. 2;

ილია ჭავჭავაძის... 1989: ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დარბაზის განცხადება „ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის“ შესახებ, გაზ. „ივერია“, 1989, №16, 3 ნოემბერი, გვ. 1;

ლომოური 1989: ლომოური ნოდარ, ალტერნატივა არ არსებობს, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 27 ივნისი, №147 (26 488), გვ. 3;

ლომსაძე 1989: ლომსაძე შოთა, ვინ არის „მესხი“ და ვინ „თურქი მესხი“, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 27 ივნისი, №147 (26 488), გვ. 3;

ლორთქიფანიძე 1989: ლორთქიფანიძე მ., ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი ფურცელი, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 27 ივნისი, №147 (26 488), გვ. 3;

მიმართვა მიხეილ გორბაჩოვს 1989: მიმართვა მიხეილ გორბაჩოვს, გაზ. „ივერია“, 1989, 12 სექტემბერი, №13, გვ. 1;

მიმართვა ქართველი ხალხისადმი 1990: მიმართვა ქართველი ხალხისადმი, (საქართველოს ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია), გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990, №26. გვ. 1;

მოსიაშვილი 2016: მოსიაშვილი ა., დამოკიდებულება ე.წ. „თურქი მესხების“ საკითხისადმი საქართველოში XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები №2 (19), გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2016, გვ. 84-90;

პაპიძე 2002: პაპიძე ანვარ, ჩვენი გულისტკივილი, კრებულში: 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, რეაბილიტაციის და ინტეგრაციის პრობლემები, მოხსენებათა კრებული, თბილისი, 2001. გვ. 202-206;

პოზიცია თურქი მესხების... 1989: პოზიცია თურქი მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით (ხაზი ჩემია – ნ. ს.), გაზ. ივერია, 1989, №10, 3 ივლისი, გვ. 1;

პრობლემა... პოზიციები... 1989: პრობლემა... პოზიციები... გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №25 (126), გვ. 3-4;

რედაქციისაგან: რედაქციისაგან, გაზ. „ქართვლის დედა“, 1990, №9, გვ. 2;

საუბარი .. თურქი-მესხების შესახებ 1990: საუბარი ე. წ. თურქი-მესხების შესახებ, „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990, №46, გვ. 2;

საუბარი მეორე 1989: პოზიცია, საუბარი მეორე, გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №43(144), 1-ლი ნოემბერი, გვ. 2-3;

საუბარი მესამე 1989: პოზიცია, საუბარი მესამე, გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №44 (145), 8 ნოემბერი, გვ. 2-3;

საუბარი საქართველოს... 1989: საუბარი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გია ჭანტურიასთან, „ქართული ფილმი“, 1989, 26 ივლისი, №29 (130), გვ. 2;

საქართველოს საბჭოთა 1989: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონი იმიგრაციის შესახებ, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 26 ნოემბერი, №272, გვ. 1;

ღია წერილი.... 1989: ღია წერილი გაზეთ „ქართული ფილმის“ რედაქციას, ქალბატონ ნაირა გელაშვილს, ბატონ რეზო ჩხეიძეს, გაზ. „ქართვლის დედა“, 1989, 30 ნოემბერი, №7, გვ. 1-2;

ღია წერილი 1989: ღია წერილი გაზეთ „ქართული ფილმის“ რედაქციისადმი, გაზ. „ქართული ფილმი“, 1989, №45 (146), 15 ნოემბერი, გვ. 1;

Swerdlow 2006: Swerdlow S., Understanding Post-Soviet Ethnic Discrimination and the Effective Use of U.S. Refugee Resettlement: The Case of the Meskhetian Turks of Krasnodar Krai, California Law Review, Vol. 94, №6, 2006, გვ. 1827-1878;

ინტერნეტ რესურსები:

ვაჭარაძე 2020: ვაჭარაძე ანტონ, 1944 წლის ოფიციალური დოკუმენტები საქართველოში მცხოვრები უმცირესობების გადასახლების თაობაზე, https://idfi.ge/ge/official_documents_of_1944_on_the_deportation_of_minorities_living_in_southern_georgia ბოლოს დამოწმებულია 27.12.2021;

ღირსების სასამართლო 1989: ღირსების სასამართლო, https://www.youtube.com/watch?v=A7v6zHKQ3bc , ბოლოს დამოწმებულია 19.01.2022;

Конфликт в фергане 2018: Конфликт в фергане, https://womandiamond.ru/konflikt-v-fergane-uzbekistan/#ftoc-heading-3 ;

Ибрагимова 2019: Ибрагимова Г., Ферганская резня, Почему произошла трагедия, всколыхнувшая Советский Союз, https://ria.ru/20190603/1555121171.html ბოლოს დამოწმებულია 01.10.2022;

Мы были как братья 2019: „Мы были как братья»: 30 лет кровавым погромам в Фергане, https://www.gazeta.ru/science/2019/06/05_a_12395305.shtml?updated ბოლოს დამოწმებულია 10.01.2022

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“