[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / სტატია

პანდემიის ეფექტი: როცა სახელმწიფო მარნეულში შეხვდა მოქალაქეებს

ავტორი: თეა ქამუშაძე

შესავალი

კოვიდპანდემია, როგორც გლობალური მოვლენა, საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო კარგად დაგვანახა სირთულეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი თანამედროვე ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი მთავარი, რაც კოვიდპანდემიამ ვირუსთან ერთად მოგვიტანა, იყო სახელმწიფო ინსტიტუტებთან უშუალო შეხება და ამ შეხვედრის შთაბეჭდილებები. პანდემიამ არსებითად წარმოაჩინა სახელმწიფოს როლი კრიზისულ პირობებში, მისი სუსტი და ნაკლოვანი მხარეები. სახელმწიფო იყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები და მათი აღმასრულებელი (Lehtinen M & Brunila T 2021). პანდემიის მართვის პირობებში, სახელმწიფო, ბევრად უფრო საგრძნობი, კონკრეტული და ხელშესახები გახდა მოქალაქეებისთვის (Nyers 2006). სწორედ ასეთ ვითარებაში გამოჩნდა მისი აღქმის პრობლემურობა, განსაკუთრებით, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მხრიდან. შედარებით მძაფრად ეს იმ მოქალაქეებმა განიცადეს, რომლებსაც მანამდე მსგავსი გამოცდილება ნაკლებად, ან საერთოდ არ ჰქონიათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფოს გაგება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისათვის განსხვავებული შინაარსებით დაიტვირთა და წინააღმდეგობრივ გამოცდილებად ჩამოყალიბდა. დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ კი, ჯერაც ვერ მოახერხა საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის შესაძლებლობაში (ზვიადაძე, ჯიშკარიანი 2018). სწორედ თანასწორობის საკითხი წარმოჩინდა მთელი სიმწვავით პანდემიის მართვის პირობებში, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ორი რაიონი, მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. თანასწორობის უზრუნველყოფა, კომუნიკაციის გზების ძიება საკუთარ მოქალაქეებთან და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება იქცა ქართული სახელმწიფოს თვითლუსტრაციის ფორმად კოვიდრეალობაში. რეალობა, რომელიც უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე პანდემიის მართვა, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის რთულ და ხანგრძლივ გზაზე ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოს სისუსტეებსა და, რიგ შემთხვევაში, მის უუნარობაზე თანაბრად უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა. პანდემიის პირობებში გამოცხადებული საკარანტინო ზონების ახლოდან გაცნობა კი იმ საზოგადოების თავისებურებებს დაგვანახებს, რომელიც ვირუსთან ერთად უცხოდ მოინიშნა.

სტატიაში შევეცდები გამოვკვეთო სახელმწიფოს როლი პანდემიის პერიოდში, თუ როგორ აღიქმებოდა მისი ცალკეული გადაწყვეტილება თუ ქმედება, აზერბაიჯანული თემის მხრიდან. ამ საკითხებზე მსჯელობისათვის, კონკრეტულად მარნეულში განვითარებული მოვლენებიდან მოვიხმობ მაგალითებს. საინტერესოა, თუ როგორ გამოჩნდა სახელმწიფო კრიზისის პერიოდში, რას მოელოდა და რა მიიღო მისგან მოსახლეობამ. რა გამოაჩინა ვირუსის საფრთხის გაცნობიერებამ ქართულ საზოგადოებაში და როგორ გავუმკლავდით იმ გამოწვევებს, რომლებიც პანდემიამ ხელახლა და უფრო მეტი სიმწვავით დააყენა დღის წესრიგში. სტატიაში, ვეცდები მოვახდინო ადგილის, როგორც ტერიტორიის, კონცეპტუალიზება. საინტერესოა, რით არის იგი გამორჩეული, რეგიონისა თუ ქვეყნის მასშტაბით? რატომ ჩაკეტეს მარნეული პანდემიის საწყის ეტაპზევე (23/3/2020)? მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ზოგადად როგორია მარნეულის, როგორც ადგილის, აღქმა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებში. როგორ აყალიბებს ჩვენს წარმოდგენებს საკუთარი თავისა და „სხვის“ შესახებ. შესაბამისად, ვიმსჯელებთ ლოგიკაზე, რომელმაც სახელმწიფო ამ მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. რამდენად აუცილებელი, გარდაუვალი თუ კანონზომიერი იყო სახელმწიფოს მხრიდან მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებად გამოცხადება. აქვე, საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ამ მომენტის კონცეპტუალიზება, როგორც „საომარი ვითარებისა“, როდესაც პანდემიის პირობებში, ძალაუფლების გამოვლენა პოლიტიკური ონტოლოგიის ნაწილად იქცევა. როგორ ცდილობს სახელმწიფო არსებული შფოთვის სამართავად ომის ეფექტის გამოყენებას. ამგვარად საერთო შფოთვა და დაუცველობის განცდა, შიშის სახით ფორმირდება, რომელიც უფრო ადვილად კონტროლირებადი და მართვადია. ლეტინენი და ბრუნილა საერთო სტატიაში, პანდემიის პოლიტიკური ონტოლოგიის შესახებ, ცდილობენ აჩვენონ, თუ როგორ მივყავართ სახელმწიფოს მხრიდან ომის ონტოლოგიის გამოყენებას, რასისტულ გამოვლინებებამდე, როდესაც ვირუსთან ერთად, „მტრად“, „საფრთხედ“ სხვა ერის წარმომადგენლები და სხვადასხვა უმცირესობები განიხილებიან  (Lehtinen M & Brunila T 2021).

სტატიაში ასევე განვიხილავ, მოსახლეობის რეაქციას ჩაკეტვისა და შეზღუდვების დაწესებაზე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ უკიდურეს ზომებზე. პროტესტის რა გზები და ფორმები აირჩია რაიონის მოსახლეობამ უკმაყოფილების გამოსახატავად. რამდენად ორგანიზებული იყო პროტესტი და რა კონკრეტული შედეგები მოჰყვა ამ წინააღმდეგობას. სტატიაში ასევე ვისაუბრებ  ადაპტაციის იმ გზებზე, რომლებიც მოსახლეობამ პანდემიასთან, სახელმწიფო რეგულაციებთან თანაცხოვრებისათვის გამონახა. აქვე აუცილებლად შევეხები აზერბაიჯანული თემისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრადიციულ ელემენტს - ქორწილს, რომელიც პანდემიის გამო არსებითად შეიზღუდა. შესაბამისად, ქორწილების „ფარულად“ გამართვა, პანდემიის გარკვეული ეტაპიდან მოყოლებული, პროტესტის სხვა ფორმებთან ერთად, შეიძლება სახელმწიფო სანქციების მიმართ თავისებურ პასუხად, რეაქციად განვიხილოთ. სტატიის დასკვნით ნაწილში კი შევაჯერებთ მიღებულ გამოცდილებას, რომელიც მარნეულში პანდემიასთან ერთად სახელმწიფოს გამოჩენას და მასთან უშუალო შეხებას მოჰყვა. ვიმსჯელებთ აზერბაიჯანული თემის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე, როგორიც პანდემიური რეალობის ნაწილზე.

კვლევის მეთოდოლოგია

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, იგი მოიცავს როგორც საველე ეთნოგრაფიულ კვლევას, ისე არსებული სამეცნიერო და პერიოდული გამოცემის მიმოხილვას. სპეციალურად კვლევისათვის, გავაკეთე რვა ჩაღრმავებული ინტერვიუ იმ ადამიანებთან, რომელებსაც პანდემიის პირობებში მოუწიათ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ყოფილიყვნენ ერთგვარი „შუამავლები“, ჩართულიყვნენ იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებსაც სახელმწიფო და მოქალაქეები ვერ ართმევდნენ თავს. ჩემი მთხრობელები, პანდემიის პირობებში, ხმამაღლა საუბრობდნენ მარნეულის მოსახლეობის წუხილებზე და, შეიძლება ითქვას, რომ ამით ერთგვარად აბალანსებდნენ იმ ზიანს, რომელიც ადგილობრივ თემსა და ქართულ საზოგადოებას, მათ შორის დარღვეული კომუნიკაციის გამო ადგებოდათ. პანდემიიდან მოკლე დროში, სწორედ მათგან გავიგებთ იმ განცდებისა და გამოცდილების შესახებ, როგორადაც კოვიდრეალობა იქცა უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში. ჩემი მთხრობელები არიან პანდემიური ამბების პერსონაჟებიც, გმირები, რომლებიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიას ჩვენთან ერთად წერენ. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ინტერვიუ ჩაწერილია ქართულ ენაზე. 8 მთხრობელიდან, 6 ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რომელთაც ქართული ენის სწავლების შესაძლებლობა არა ბავშვობაში, არამედ, მოგვიანებით მიეცათ. დანარჩენი ორი, მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი და სომეხი რესპონდენტები, ამ რაიონისათვის უმცირესობაში მყოფ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ. ექვსი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მთხრობელიდან, მხოლოდ ერთი არ ცხოვრობს მარნეულში, თუმცა საკუთარი აქტივისტური საქმიანობით მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მასთან. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხების კვლევას, მართალია, პანდემიის დასრულების შემდეგ შევუდექი, თუმცა ჩემი პროფესიული და ყოველდღიური საქმიანი გამოცდილებით ათ წელზე მეტია ვთანამშრომლობ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემთან და ახლოდან ვაკვირდები ინტეგრაციის რთულ და მტკივნეულ პროცესს. გარდა იმისა, რომ ქართულ ენას ვასწავლი საქართველოს აზერბაიჯანულ და სომეხ მოქალაქეებს, წლების მანძილზე ჩართული ვიყავი თსუ ქართული ენის „1+4“ პროგრამის ადმინისტრირებაში, მათ შორის, პანდემიის პერიოდშიც. შესაბამისად, სტატიაში წარმოდგენილი კვლევა ჩემს პირად რეფლექსიებსაც ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ მე მეცხრე მთხრობელი ვარ ამ პანდემიური ამბებისა. ჩემი მთხრობელების მაქსიმალურ გახსნილობასა და გულწრფელობას ისიც განაპირობებს, რომ მათგან ნახევარს, ბევრი წელია ვიცნობ. მთხრობელთა შერჩევისას ბევრი ფაქტორი გავითვალისწინე. გარდა იმისა, რომ მთხრობელები უშუალოდ უნდა ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი მარნეულთან, მოვლენების ფართო პერსპექტივის წარმოსაჩენად, ვეცადე მათი განსხვავებული გამოცდილებაც გამეთვალისწინებინა. ერთ-ერთი მთხრობელი პანდემიის პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებაში, მარნეულის მერიაში მუშაობდა. ამდენად იგი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი და მისი წარმომადგენელიც იყო მოსახლეობისათვის. ამის გათვალისწინებით, როდესაც მის მოსაზრებებს დავიმოწმებ, მას შეცვლილი სახელით მოვიხსენიებ. დანარჩენ მთხრობელებს, თემატიკის მგრძნობელობის მიუხედავად, მათივე ნებართვით, ყველას, საკუთარი სახელით მოვიხსენიებ.

ეთნოგრაფიული კვლევის გარდა, რაც მარნეულის რაიონულ ცენტრსა და მის სოფლებში გასვლას გულისხმობდა, ორენოვანი კითხვარის საშუალებით, გამოვკითხე მარნეულში მცხოვრები 30 მოქალაქე. შევეცადე, ღია კითხვების საშუალებით, ანონიმურად გამეგო მათი გამოცდილების შესახებ, პანდემიასთან და მარნეულის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამ გამოკითხვით, მსურდა „გადამემოწმებინა“ იმ ნარატივებისა და განწყობების რელევანტურობა, რომლებიც ჩემმა მთხრობელებმა საუბრისას გამოთქვეს.

რაც შეეხება კვლევის თეორიულ ჩარჩოს, ვფიქრობ, მოცემული ვითარება საინტერესოდ თავსდება ჯეიმს სი სკოტის მიერ შემოთავაზებულ სახელმწიფოსა და ლოკალური თემის ურთიერთობის კონტექსტში ლეჯიბილითის (Legibility) გაგებაში. ეს ტერმინი ქართულად შეიძლება ითარგმნოს გარჩევადობად/წაკითხვადობად, როდესაც რაღაც იმდენად მკაფიოა, რომ მისი წაკითხვაც/გაგებაც შესაძლებელია. გარჩევადობა, როგორც წაკითხვის შესაძლებლობა, სახელმწიფოს სისტემისათვის აუცილებელი პირობაა სამართავად, მანიპულაციისა და ექსპლუატაციისათვის. როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს ცალკეული ტერიტორიის სრულფასოვან მართვას, არ ესმის ადგილობრივი მოსახლეობის, ხალხის ლოკალური თავისებურებების და განაგრძობს მცდელობას, ამის ერთ-ერთი შედეგი, ეფექტი, შეიძლება იყოს გარჩევადობის გაზრდა. ჯეიმს სი სკოტი სხვადასხვა მაგალითის საშუალებით საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც მაღალი მოდერნული იდეოლოგიების მატარებელი ინსტიტუტების კრახზე, საკუთარი სადავეების ქვეშ მოაქციონ ვრცელი ტერიტორიები და აკონტროლონ ისინი ტექნოლოგიური პროგრესის ან რაიმე სხვა აუცილებლობის სახელით (ამ შემთხვევაში, პანდემიის). ჯეიმს სი სკოტი ოთხი ფაქტორის კომბინაციაზე საუბრობს, როდესაც მაღალი ტექნოლოგიები (პანდემიის პირობებში, სწორედ ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, რომელთა აღსრულების ბერკეტებსაც სწორედ სახელმწიფო ფლობდა) უპირისპირდება ადგილობრივ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც იგი ძველი ბერძნული მითოლოგიიდან ნასესხები სიტყვით, „მეტისი“, გამოხატავს. სკოტის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „მეტისი“ შეესაბამება ადგილობრივ ცოდნას, რომელიც ემპირიულ გამოცდილებას ეფუძნება, კომპლექსურია და გულისხმობს ლოკალურ, ეკოსისტემასთან თანაცხოვრების უნიკალურ გამოვლინებას, ესაა სიბრძნე და ეშმაკობა ერთდროულად (Scott 2020). პანდემიის შემთხვევაში სახელმწიფომ ჩაკეტა ქვეყნის ის ტერიტორიები, რომელთა წაკითხვაც ნაკლებად შეეძლო. რაშიც, საბოლოოდ, შეიძლება დავინახოთ მისი მცდელობა, მათი კონტროლის გზით, ისინი უფრო მეტად წაკითხვადი/პროგნოზირებადი გაეხადა. პანდემიის პირობებში, სახელმწიფო წარმოჩინდა, როგორც ადმინისტრატორი, რომელიც აკონტროლებს საზოგადოებასა და ბუნებას, რომელიც თვითდარწმუნებულია და ეფუძნება ტექნოლოგიური პროგრესის პათოსს, ხოლო სამართავად ფიზიკურ ძალას ეყრდნობა. იგი არჩევს შედარებით „სუსტ“ სამოქალაქო საზოგადოებას, სადაც მისი კონტროლი ნაკლებად ვრცელდება. ასეთად შეიძლება დავინახოთ და აღვწეროთ 2020 წლის პანდემიური რეალობა ქართულად, როდესაც სახელმწიფო შეხვდა საკუთარ მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში.

პირველი კოვიდინფიცირებული და სახელმწიფო გადაწყვეტილებები

ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოში ახალი ვირუსის, კოვიდ-19-ის გამოჩენას, დიდი წინააღმდეგობა და განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. მოლოდინი ვირუსის შესაძლო გავრცელების შესახებ საქართველოში 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან გაძლიერდა. ვირუსის გავრცელების დინამიკა ლოგიკურად გულისხმობდა მოლოდინს, რომ ის საქართველოშიც გამოჩნდებოდა. ამის მანიშნებელი იყო საჯარო დისკუსიები დისტანციური სწავლების შესაძლებლობასა და ვირუსის გავრცელების სხვა პრევენციული ზომების შემოღებაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია უჰანის ჩაკეტვის შესახებ („რადიო თავისუფლება“ 2020). ევროპაში, განსაკუთრებით კი, იტალიაში შექმნილი ვითარება დრამატულად და დიდი სიმძაფრით შუქდებოდა (კუნჭულია 2020; მათითაიშვილი 2020). ვირუსის გეოგრაფიის ზრდასთან ერთად, მისი საქართველოში გამოჩენის ალბათობაც სულ უფრო რეალური ხდებოდა. თუმცა საკითხი ასე იდგა - როდის, საიდან და ვინ იქნება პირველი?

სწორედ კოვიდით დაინფიცირებული საქართველოს პირველი მოქალაქის გამოვლენა გახდა საქართველოს ახალი პანდემიური რეალობის დასაწყისი. კოვიდით დაინფიცირებული პირველი პაციენტის გამოვლენა, გასცდა სამედიცინო ინტერესს და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების დაუსრულებელ წყაროდ იქცა. პირველი კოვიდპაციენტის შესახებ ინფორმაცია საქართველოში 26 თებერვალს გავრცელდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო განცხადებით ეხმიანება შემთხვევას და ქვეყნის მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის მოსალოდნელი რისკების შესახებ („რადიო თავისუფლება“ 2020). სწორედ ამ ბრიფინგიდან, შეიძლება ითქვას, დაიწყო ახალი რეალობა, რომელიც ყველასთვის უცხო, ძნელად შესაგუებელი და დრამატული აღმოჩნდა. პირველი პაციენტის აღმოჩენასთან ერთად გამოიკვეთა ტენდეციები, რომლებიც სამოქმედო გეგმებად და პოლიტიკის ნაწილადაც იქცა სახელმწიფოს მხრიდან. რა გავიგეთ და რა შეიძლება გამოვყოთ ამ შეხვედრიდან:

  1. პირველი დაინფიცირებულის მოძრაობის ტრაექტორია - რაც გულისხმობდა საქართველოს მოქალაქის ვიზიტს ირანში და უკან დაბრუნებას აზერბაიჯანის გავლით. ამ მოცემულობიდან გავიგეთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირდა, იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაინფიცირების ადგილი კი - ირანი. იმ მომენტისათვის ირანის ისლამური რესპუბლიკა, უკვე ვირუსული ინფექციის მნიშვნელოვან კერად იყო წარმოდგენილი ქართულ მედიაში; მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც უშუალო საზღვარი არ გვაქვს, თუმცა მაინც საფრთხედ განიხილებოდა.
  2. დაინფიცირებული პაციენტის ლოკალური თემის დადგენა; პირველი დაინფიცირებული საქართველოში აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანული თემიდან. საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, ნაკლებად ან თითქმის არ ფლობენ ქართულ ენას. სამწუხაროდ, ქართული ენის არცოდნა, ხშირად, მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიღმა ტოვებს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 50 წლის აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცი იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი, სამმაგად უცხოდ, შესაბამისად, საფრთხედ მოინიშნა (ეთნიკურობასა და რელიგიურობას დამატებული ვირუსი). ამ ინფორმაციის გავრცელებას, ქსენოფობიური გამოხმაურებები მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან.
  3. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების მოლოდინი და ტენდენცია - პირველი ინფიცირებულის გამოვლენის ფაქტის რეზონანსულობა უკვე ქმნიდა ნიადაგს, რომ შესაძლებელი იქნებოდა მსოფლიოში გამოცდილი პრევენციული ზომების საქართველოში გადმოტანა, „ლოკდაუნი“, საკარანტინო ზონა, კომენდანტის საათი და ა.შ.

პირველი პაციენტის გამოვლენასა და მისი ვინაობის დადგენას, თავისებური მოლოდინი მოჰყვა, რომ ვირუსი სწორედ აზერბაიჯანულ თემში გავრცელდებოდა. მოვლენების ამ განვითარებას სახელმწიფო აფორმებს გადაწყვეტილებით,  ჩაკეტოს მარნეული და ბოლნისი.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, პანდემიის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება, ტელევიზიით, მარნეულის შესასვლელთან სამხედროებისა და გამშვები პუნქტის დანახვა იყო. პანდემიის ომთან გაიგივება მსოფლიო ლიდერების რიტორიკის ნაწილადაც იქცა, თუმცა სამხედრო ნაწილების ჩართვა ამა თუ იმ ტერიტორიის გასაკონტროლებლად, თვისებრივად ცვლიდა რეალობის აღქმას ლოკალურ დონეებზე. სამხედროების საშუალებით კონკრეტული მუნიციპალიტეტის იზოლირება დანარჩენი საქართველოსგან, საფრთხედ მონიშვნით, ერთი მხრივ, იქ მცხოვრებ ადამიანებს აიგივებდა ვირუსთან, ხოლო მეორე მხრივ, იქ მცხოვრებლებს უქმნიდა განცდას, რომ ისინი გაიმეტეს, გაწირეს და დასაჯეს როგორც „სხვა“. ვფიქრობ, სწორედ სამხედრო ნაწილების გამოყენება და ომის ეფექტის შექმნა შეიძლება დავუკავშიროთ სიძულვის ენის გააქტიურებასა და გაუცხოების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიმართ.

სახელმწიფოს გადაწყვეტილება და მარნეულის ჩაკეტვა

პანდემიის გამოცხადებიდან დაახლოებით ორი წლის თავზე, კამილას მარნეულში, სათემო რადიოს ოფისში ვეწვიე. კამილა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელია და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება როგორც საკუთარი თემის ინტეგრაციის, ისე ქვეყნის განვითარების კუთხით. ერთ-ერთი პირველი, რისი გახსენებაც კამილას ვთხოვე, პანდემიის გამოცხადება იყო, თუ რა ხდებოდა მაშინ მარნეულში. მან თქვა, რომ კოვიდი სრულიად დაუჯერებელი იყო, ვირუსი სერიოზულად არ აღიქმებოდა. რაც შეეხება მიზეზების კვლევას, მას თავისი მოსაზრება აქვს, თუ რატომ ჩაკეტეს მარნეული.

მე ჩემი აღქმა მაქვს, რატომ მოხვდა მარნეული [მოვლენების] ეპიცენტრში, რატომ არ გვჯეროდა, იმიტომ რომ, როცა საქართველოში რაღაც ხდება, აზერბაიჯანულ თემს ეს არ ეხება, ანუ ყოველთვის რაღაც ხდება საქართველოში და ჩვენ უბრალოდ შორიდან ვაკვირდებით. ამოვარდნილები ვართ მოვლენებიდან, ზუსტად ასეთი აღქმა იყო კოვიდის დროს, რომ ეს ყველაფერი სადღაც ხდება და საქართველოშიც რომ ხდება, ჩვენამდე მაინც არ მოდის. იმიტომ რომ ჩვენამდე არასდროს არაფერი არ აღწევს. კონტაქტი, სიახლოვე ფსიქოლოგიური არ არსებობს. მარნეულელი გამოყოფილია, ცალკეა“ (კამილა 2022).

იგი იხსენებს, რომ მარნეულის ჩაკეტვას მოჰყვა ერთგვარი პანიკა და დაჩაგრულობის განცდა, იყო ინფორმაციის დეფიციტი, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. ამ ყველაფერს ემატებოდა სიძულვილის ენის გააქტიურება, რაზეც არაერთ ანგარიშშია საუბარი (TDI). ამაზე მეტად მას მოსახლეობის იმ ნაწილის განცდები დაამახსოვრდა, რომელსაც სახელმწიფომ უთხრა, რომ უბრალოდ უნდა დაკეტონ მაღაზიები და სახლში დასხდნენ.

„ახსნის მაგივრად [სახელმწიფო] გეუბნება, დახურე მაღაზია, მე მოგიტან პურს და „გრეჩკას“. ეს ადამიანები არავისზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, სახელმწიფოზე მით უმეტეს, ყველაზე ბოლოს აქაურ ხალხს სახელმწიფოს იმედი აქვს, ამიტომ ყოველთვის საკუთარი ძალებით ნაშოვნი პურის ფულის იმედი აქვთ. უცებ სახელმწიფო გეუბნება, დახურე ის, რაც შენ შეჰქმენი, ჩემი მონაწილეობის გარეშე“ (კამილა 2022).

კამილას დაკვირვებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს სახელმწიფოსთან შეხება თითქმის არ აქვთ, ერთადერთი კავშირი სახელმწიფოსთან პენსიაზე გასვლის შემდგომ, პენსიის დანიშვნისას მყარდება.[1]

მთავარი პრობლემა, მისი აზრით, იყო კომუნიკაციის დეფიციტი, ან უბრალოდ მისი არარსებობა. მან დანანებით აღნიშნა, რომ ადგილობრივი მთავრობა არ იყენებდა და ნაკლებად თანამშრომლობდა სათემო რადიოსთან, რომელიც რაიონში სამ ენაზე მაუწყებლობს. მისი აზრით, პანდემიამ წარმოაჩინა, რომ ჩვენი სახელმწიფო ძალიან სუსტია ინტეგრაციის საკითხებში, უჭირს კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან, შესაბამისად, მოსახლეობა არ ენდობა მას.

2020 წლის აპრილის ინტერვიუში კამილა ხსნის კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტის მიზეზებს. აქ იგი ამბობს, რომ მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია, და მათი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება. შესაბამისად, საკარანტინო ზომებითა და გადაადგილების შეზღუდვით, მათ განსაკუთრებულად იზარალეს.

„უმეტესობას აგროსესხები აქვს აღებული და ეს ყველაფერი სესხით აქვთ გაკეთებული. უბრალოდ ისინი ცხოვრებაში პირველად სახელმწიფოზე გახდნენ დამოკიდებულები“ (კამილა 2020).

პირადად მისთვის, სახელმწიფოს სიმბოლოდ, პანდემიის პერიოდში, ის ჯარისკაცები და პოლიციელები იქცნენ, რომლებიც ე. წ. საკარანტინო საზღვარს აკონტროლებდნენ. ისინი „საზღვართან“ მოსულ ხალხს შენიშვნებს აძლევდნენ „ზედმეტი“ მოძრაობების გამო. როგორც კამილა იხსენებს, გამშვებ პუნქტთან სულ დაძაბულობა იყო. მისი აზრით, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფომ, ზრუნვის ნაცვლად, ძირითადად კონტროლის ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე.

სახელმწიფოს როლის მიმართ, პანდემიის მართვის პერიოდში, განსაკუთრებულად კრიტიკულია ქამრანი, რომელიც თბილისში, არასამთავრო ორგანიზაციაში მუშაობს. იგი საკუთარი, საგულისხმო გამოცდილებით აქტიურადაა ჩართული ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში. ქამრანი, გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმიანობითაა დაკავშირებული მარნეულთან, ასევე იხსენებს, რომ ბავშვობაში, ზაფხულობით, ხშირად ჩადიოდა მამიდასთან, სოფელ აღმამედლოში. მისი წარმოდგენით, მარნეული თავისებური ცენტრია ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის. ეს არის ადგილი, სადაც ვხვდებით ჩაიხანების კულტურას, ესაა სივრცე, სადაც აზერბაიჯანული ისმის და მეტი აზერბაიჯანელი ჩანსო. მისივე აზრით, შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ პირველად და ყველაზე ხანგრძლივად სწორედ მარნეული ჩაიკეტა საქართველოში.

„ალბათ ხელისუფლებაში ფიქრობდნენ, რომ იქ სიტუაციას ვერ მართავდნენ, მათ შორის ენობრივი ბარიერის გამო, ხიდჩატეხილობის გამო. რთულია, როცა არ გაქვს მედია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის საუბარს მიაწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, მათთვის გასაგებ ენაზე“ (ქამრანი 2022).

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი მომხმარებლური დამოკიდებულება გამოხატა მთავრობამ მუნიციპალიტეტის მიმართ, მან გაიხსენა კონკრეტული მაგალითი, როდესაც მაშინდელი პრემიერი მარნეულის შესასვლელთან, ბარიკადებზე მივიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა იღელვოს, მარნეულიდან, აუცილებლად გამოიტანენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დანარჩენ საქართველოში. როგორც იგი იხსენებს, ქვეყნის მაშინდელ პირველ პირს არაფერი უთქვამს მარნეულელების ჯანმრთელობაზე, მათ გაფრთხილებასა და დაცვაზე.

„სახელმწიფო არ ზრუნავს შენზე [მოქალაქეზე], შენს ჯანმრთელობაზე, ზრუნავს იმაზე, რომ შენს მიერ წარმოებული პროდუქტი გაიტანოს, მაგრამ არა შენზე“ (ქამრანი 2022).

მისივე თქმით, როცა მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა, ხალხი ფიქრობდა, რომ ვირუსი არ არსებობდა, ისინი არ იყვნენ ქართულ საინფორმაციო ველში მოქცეულნი. მართალია, უყურებდნენ აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ ქართული და აზერბაიჯანული თემი ერთ ტალღაზე არ ყოფილა. თუმცა ქამრანს ისიც კარგად ახსოვს, რომ ქართულენოვან საზოგადოებაშიც იყო კოვიდსკეფსისი, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე.

სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულ მზრუნველობაზე მეტად, მისი სადამსჯელო სახის წარმოჩენის მაგალითად, ქამრანს ახსენდება, თუ როგორ მიმართეს მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან მის ორგანიზაციას დახმარებისათვის. კაცი, რომელმაც არ იცოდა კომენდანტის საათის შესახებ, პურის საყიდლად გავიდა და სახელმწიფომ 3000 ლარით დააჯარიმა. როგორც ქამრანი იხსენებს, სახელმწიფოსთან დავის ეს კონკრეტული შემთხვევა, წარმატებით დასრულდა, გააუქმებინეს ჯარიმა. თუმცა მისი გამოცდილებით, ასეთი შემთხვევა მარნეულში ცოტა არ უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, თითქმის ყველა სოფელში ერთი ან რამდენიმე მაინც ხვდებოდა, ვინც ან თავად დაჯარიმდა, ან ფაქტის შესახებ იცოდა. ჯარიმებთან დაკავშირებით, სამირამაც გაიხსენა შემთხვევა, როცა ასაკოვანი მამაკაცი სათიბში დააჯარიმეს, იმის გამო, რომ საკუთარ ნაკვეთში ბალახს აგროვებდა. დავითმაც ღიმილით გაიხსენა, რომ მის სოფელში, შაუმიანშიც დააჯარიმეს რამდენიმე მისი თანასოფლელი, თუმცა გადახდაზე არც უფიქრიათ, საბოლოოდ კი აღარც მოუწიათ, დასძინა მან.

ყველაზე რთული და დაუძლეველი პრობლემა პანდემიის პირობებში, ცალსახად ენობრივი ბარიერი იყო, რომელზეც ყველა მთხრობელი ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებები თუ ქვეყნის პირველი პირების გამოსვლები ითარგმნებოდა, ცალკეულ შემთხვევებში მაინც, ეს საკმარისი არ ყოფილა. მეტიც, მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, საინფორმაციო კუთხით, ვაკუუმის განცდას ქმნიდა. ენობრივი ბარიერი ისევ აქტუალური გახდა უშუალოდ მარნეულში, კარანტინის დასრულების შემდგომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კომპენსაციების განაცხადების შევსებისას. სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, ვისაც პანდემიის გამო სამუშაოს შეწყვეტა მოუწია (მთავრობის №286 დადგენილება). 18 წლამდე ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად ასევე საჭირო იყო განაცხადის შევსება ქართულ ენაზე (მთავრობის №286). ენობრივი ბარიერის გამო, ეს სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა, რადგან აპლიკაცია მხოლოდ ქართულ ენაზე ივსებოდა. ქამრანი იხსენებს, რომ მან და მისმა მეგობრებმა ორგანიზაციიდან, 11 დღეში, 500 ბენეფიციარი დაარეგისტრირეს მარნეულის სოფლებიდან, რომელთაც თავად ამის გაკეთება უბრალოდ არ შეეძლოთ.

გიულგუნი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია თავის სოფელში, რომელიც ქართულს თავისუფლად ფლობს და როცა პანდემია დაიწყო, მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა. ჩაკეტილი მარნეულიდან, ჟურნალ „ინდიგოსთვის“ მოწერილ მის წერილებში ვკითხულობთ:

„დღეს დილას ყველას მოგვივიდა მესიჯი ტელეფონზე. მთავრობა გვთხოვს კარანტინის წესები დაიცავითო. მამაჩემმა დამიძახა, მოდი, ერთი, გვითარგმნე, რას იწერებიანო. ჩემ გარდა ქართულად არავინ არ ლაპარაკობს ოჯახში. მეზობლებსაც მე ვუთხარი, რა ეწერა.

...საღამოს ისევ მოვიდა მესიჯი მთავრობისგან. აზერბაიჯანულად. ის მოიწერეს, რაც დილას მამაჩემს გადავუთარგმნე. გაიგებს ეხლა ყველა“ (გიულგუნი 2020).

ახლა გიულგუნი ნაწილობრივ იუმორით იხსენებს იმას, რაც პანდემიისა და კარანტინის პერიოდში ემოციურად რთულად გადაიტანა. მას ჰქონდა წვდომა ქართულ საინფორმაციო არხებზე, ასევე სოციალურ ქსელებზე, შესაბამისად, მისთვის უსიამოვნო იყო ის გაღიზიანება, რაც სოციალური ქსელებიდან ვირუსის გავრცელების ბრალდებით საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და მარნეულელებს მიემართებოდა. მაშინ კი ძალიან განიცადა, თუმცა, მისი აზრით, სიძულვილის ენის გამომხატველ პოსტებს ცალკეული დაინტერესებული ჯგუფები, ბოტები და ტროლები უფრო ავრცელებდნენ, გარკვეული მიზნებით.

გიულგუნს  წლებია ვიცნობ, თუმცა მასთან სტუმრობა, 2022 წლის ოქტომბერში მოვახერხე. მისი სოფელი თექალო, მარნეულის ცენტრიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული, სადახლოს მიმართულებით, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ უნდა გადაუხვიო. სოფლად, ჩემთვის, ყველაზე თვალში საცემი ის იყო, რომ ეზოები მთლიანად ბოსტნეულის სათბურებისთვის ჰქონდა გამოყენებული. ძალიან შთამბეჭდავი იყო მოსავალი, რომელიც ეზოებში გაშენებულ ბოსტნებში გარედან ჩანდა. გიულგუნის ეზოც პარკი ლობიოსა და კიტრის მაღლარებს ეკავა. გიულგუნმა ამიხსნა, რომ ამ ღია და დახურულ სათბურებში ყოველდღიური, მძიმე რუტინული სამუშაოა. ყოველ მესამე დღეს, მანქანა მოდის, რომელიც მათ ბოსტნეულს იბარებს. მუდმივად არა, მაგრამ როცა სოფელშია, ყოველთვის ეხმარება ოჯახს ბოსტნეულის კრეფასა და დახარისხებაში. პანდემიის პერიოდი, მან, რა თქმა უნდა, სოფელში გაატარა. მასთან ხშირად მოდიოდნენ მეზობლები და რაღაცებს ეკითხებოდნენ, აზუსტებდნენ ინფორმაციას და თავიანთ გასაჭირსაც უზიარებდნენ. მას უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციიდანაც და ეკითხებოდნენ, თუ რა მდგომარეობა იყო სოფელში. ერთხელ, მარნეულის რადიოდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს სოფლად, იმის თაობაზე, თუ რა აწუხებდა მოსახლეობას კარანტინის პირობებში, ვიდეოგამოკითხვა ჩაეტარებინა. გიულგუნს ვთხოვე, გამოკითხვის შედეგები ჩემთვისაც გაეზიარებინა. ყველაზე მეტად, რაც მაშინ მოსახლეობას აწუხებდა და რაზეც ღიად საუბრობდნენ, მოსავლის რეალიზაციის საკითხი იყო. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა დიდწილად სწორედ  სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეა დამოკიდებული. ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა ხალხს, მით უფრო, რომ ნაწილს სესხი ჰქონდა აღებული. მოკლედ, ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ძალიან უჭირდათ მოსავლის გაყიდვა. გიულგუნს ზუსტად არ ახსოვს, მონაწილეობდნენ თუ არა მისი სოფლიდან საპროტესტო აქციებში, მაგრამ მარნეულში რომ იმართებოდა, ეს ფაქტი კარგად ახსოვს. დამატებით, პანდემიის პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებზე ვკითხე. დაფიქრდა და მითხრა, რომ ქალები კიდევ უფრო დაიტვირთნენ, მეტი საქმე დააწვათო. გარდა ამისა, მისივე დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში, ძალადობაც გაიზარდა ქალების მიმართ, რადგან მამაკაცები ძირითადად სახლში იყვნენ და ღიზიანდებოდნენ, ამის გამო აგრესიულებიც გახდნენო.  

პროტესტი და საპროტესტო აქციები მარნეულში

თუკი სადმე მარნეულზე და მით უფრო პროტესტის გამოხატვაზე საუბრობენ, იქ აუცილებლად გაიგონებთ სამირა ბაირამოვას სახელსაც. სამირას ყველა იცნობს, სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ პარტიებსა და დიპლომატიურ წრეებშიც კი. თავისი აქტიური, სამოქალაქო პოზიციით მან დიდი ხანია მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. პირადად მე, ძალიან კარგად მახსოვს მისი პოსტები სოციალურ ქსელებში პანდემიის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ მას 2015 წლიდან პირადად ვიცნობ, როგორც აქტიურ სტუდენტს. მახსოვს, პირველად როგორც სტუდენტმა, მარნეულში, საკუთარ ოჯახში, ნოვრუზ ბაირამზე დამპატიჟა. ეს უჩვეულო და სასიამოვნო შემოთავაზება იყო მაშინ ჩემთვის სტუდენტისგან. სამირა ყოველთვის პირდაპირი და ძირითადად კრიტიკულია, როგორც მთავრობის, სახელმწიფოს მიმართ, ისე ზოგადად, ქართული საზოგადოების მიმართაც. ის არ ინდობს არც აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და რაც მართებულად მიაჩნია. აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდეს.

2022 წლის 8 ივნისს, მობილურზე რომ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, სამირამ მითხრა, კარგი, მაგრამ ჯერ დაცვას უნდა შევუთანხმოო. მას უკვე თვეები იყო, რაც პოლიცია იცავდა, რადგან რადიკალური ძალების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. სამირამ მარნეულში, „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტა. ოფისის ფანჯრები უკრაინის დროშის ფერებში შეღება, რასაც მის მიმართ ძალადობრივი მუქარები მოჰყვა. 2022 წლის 22 მარტს პროკურატურამ სამირა დაზარალებულად ცნო და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო (ცქიფურიშვილი 2022). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამირას, თბილისში, მის დროებით საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ყველა წესის დაცვით, დათქმულ დროს შევხვდი.

სანამ კოვიდსა და მარნეულზე საუბარს შევუდგებოდით, სამირას ვთხოვე, თუ შეგიძლია ამიხსენი, ასეთი რატომ ხარ-მეთქი. მან თბილად გამიღიმა და მითხრა, რომ ადრეული ასაკიდან სხვანაირი ბავშვი იყო, ცელქი, მეამბოხე და დაუმორჩილებელი. იმდენად ცელქი და უმართავი ყოფილა, რომ ოჯახმა საჯარო სკოლაში მისი შეყვანა ვერ გაბედა. ის კერძო სკოლაში სწავლობდა და ეს მისი უპირატესობაც იყო, უფროს დასთან შედარებით. მისი მხრიდან, უპირატესობის მოპოვების მცდელობები კი, ერთგვარად ტრავმულ გამოცდილებას უკავშირდებოდა. მის ოჯახში, ისევე როგორც თემში, პირველი გოგოს შემდეგ, მხოლოდ ვაჟი ითვლებოდა სასურველად. როდესაც პირველი გოგოს შემდეგ დაიბადა, ისევ გოგო, სასიამოვნო არ ყოფილა, განსაკუთრებით მამის დედისათვის, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა, იმდენად, რომ რამდენიმე ხანი ბავშვისთვის სახელიც კი არ დაუქმევიათ. ამ მოცემულობას ისიც ამძიმებდა, რომ ექიმებმა დედამისს უთხრეს, რომ მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა. ბიჭის არყოლა ტრადიციულ საზოგადოებაში, მათ შორის, ქართულშიც, დიდ პრობლემად მიიჩნევა. მესმის, მაგრამ გაკვირვებული ვუყურებდი სამირას, მერე ვკითხე, საიდან იცოდა ეს ამბები, მითხრა, რომ დედამ მის ნათესავს ნახევრად ხუმრობით უამბო და არც უფიქრია, რომ ეს ბავშვსაც ესმოდა და მასზე ძლიერ მოქმედებდა. სამირა, ადრეული ბავშვობიდან მამასთან მეგობრობდა და მის საქმეებში უკეთ ერკვეოდა, ვიდრე დედის საოჯახო საქმეში. როგორც თავად იხსენებს, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭივით იზრდებოდა, რითაც მისი ბიოლოგიური გოგოობა თავისებურად „კომპენსირდებოდა“. რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა სასწაული და სამირას დედა ისევ ბავშვს, ამჯერად უკვე ბიჭს ელოდა. სამირას ახსოვს, როგორ გაახარა ამან,  მან პირადად შეურჩია მუცლადმყოფ ძმას სახელი, თქვა, რომ მის მსგავსად, ძმას, სამირი ერქმეოდა. ბავშვი დაიბადა და ოჯახი ბედნიერი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, სამირი მალე გარდაიცვალა. დაბნეული ვეკითხები, როგორ, რატომ?! მიზეზი, 90-იანი წლები აღმოჩნდა, როცა არეულობა იყო ქვემო ქართლში და მთელ საქართველოში. ექიმთან წასვლა მაშინ რთული და საშიში იყო. მოკლედ, იმ ვითარების გამო, ბავშვს ვირუსული დაავადება გაურთულდა და გარდაიცვალა, ვეღარ უშველეს. ამან კიდევ უფრო დათრგუნა სამირა და დააფიქრა იმ გარემოებებზე, რომელშიც ცალკეული ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე საერთო განუკითხაობის გამო. საბოლოოდ, სამირას ოჯახში მაინც გაჩნდა ბიჭი და გაიზარდა კიდეც. თუმცა დამოკიდებულება სქესის ტრადიციული აღქმის მიმართ მისთვის და მთელი ოჯახისათვის ტრავმულ გამოცდილებად დარჩა. ტრავმულად დარჩა ის უსიამოვნო ფონიც, რომელიც საქართველოში 90-იანი წლების შემდგომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოიკვეთა.[2] სამირამ მეუბნება:

„წარმოიდგინე, ჩემი სოფლიდან პირველი გოგო ვიყავი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და უმაღლესი განათლება მიიღო. მანამდე მარნეულში სწავლობდნენ, ან ბაქოში. მე, ერთი ვიყავი ქართულ საზოგადოებაში უფრო აქტიურად ჩართული. დავარწმუნე ჩემი ოჯახი, რომ ყველა ქართველი არ არის მოძალადე. ეს შიში დღემდე ცხოვრობს[3]... ნუ, თუ ოჯახში სტუდენტები არიან, ქართველებთან აქვთ ურთიერთობა, ამ ოჯახებში, რა თქმა უნდა, მოხდა ცვლილება. დარწმუნდნენ, რომ ქართველები არ არიან მოღალატეები. თბილისში არ ყოფილა საშიში, ნორმალური ქვეყანა ვართ და რაც იყო, დარჩა წარსულში“ (სამირა 2022).

ერთი შეხედვით, სამირას კერძო, პირადი გამოცდილება არსებითად ხსნის იმ მაღალი ხარისხის გაუცხოებას და უნდობლობას, რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ თემებს შორის საგრძნობი და ხელშესახები აღმოჩნდა. იზოლაცია და სახელმწიფოს მიმართ შიში, რომელმაც ვერ დაიცვა 90-იანი წლების არეულობისას და თაობები განუკითხაობისათვის გაწირა, ნაწილობრივ დღემდე ცოცხალია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის მეხსიერებაში. მხოლოდ ცალკეული ახალგაზრდა, ქართველებთან ურთიერთობის გამოცდილებით, ახერხებს დაძლიოს უსიამოვნო წარსულის მოგონებები.

ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებული აზრის თანახმად, მარნეული და ზოგადად უმცირესობებით დასახლებული რაიონები არ გამოირჩევიან აქტიურობით, მით უფრო ნაკლებად ან თითქმის არ გამოხატავენ უკმაყოფილებას. ტრადიციულად ყველა მმართველ პარტიას სჯერა, რომ იმ რეგიონებიდან, სადაც ეთნიკური უმცირესობა კომპაქტურად ცხოვრობს, მარტივად მიიღებს ხმების უმრავლესობას. ალბათ იმასაც ნაკლებად მოელოდნენ ქვეყანაში, რომ პანდემიის პირობებში მარნეული იქცეოდა პროტესტის ერთ-ერთ მთავად კერად. პანდემიის პერიოდში აზერბაიჯანულმა თემმა არაერთი და განსხვავებული პროტესტი გამოხატა. ქამრანი ორი სახის პროტესტს იხსენებს: სიგნალების პროტესტს და ფერმერების პერმანენტულ აქციებს. განსაკუთრებით საინტერესოა სიგნალების პროტესტი, როდესაც ეზოებში, ქუჩებში გაჩერებული მანქანებიდან საყვირის ხმას აგონებენ სიმბოლურად სახელმწიფოს, რომელიც გადაადგილების უფლებას უზღუდავდა. სიგნალების გამაყრუებელი ხმა ერთგვარად გამოხატავდა შინაგან პროტესტს, რომელიც, შეზღუდვების დაწესების გამო, შეიძლებოდა თითოეულ მოქალაქეს ჰქონოდა. სამწუხაროდ, ამ პროტესტის შესახებ მხოლოდ ის გავიგე, რომ მისი ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და გააფრთხილა. ამ პროტესტის მნიშვნელობასა და სერიოზულობაზე, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დაბარებული მოწმეები საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეზე დაკითხეს. რაც შეეხება ფერმერების პროტესტს, მას ნამდვილად დიდი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიაში, ისე ფართო საზოგადოებაში. სამირა იხსენებს, რომ ამ აქციებს ორგანიზატორები არ ჰყოლია, არც მიტინგის სახე მიუღია, გაბრაზებული, განაწყენებული ხალხი გამოვიდა ქუჩაში და აპროტესტებდა, ერთი მხრივ, მონოპოლიას, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, როდესაც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას მისცა უფლება ექსკლუზიურად შეესყიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები მარნეულში, მეორე მხრივ, ჩაკეტვას. ფერმერების გარდა, როგორც კამილა იხსენებს, ე.წ. საზღვართან, მარნეულის შემოსასვლელში, მიდიოდნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სამედიცინო მიზნით ესაჭიროებოდათ გასვლა მარნეულიდან და ამის ნებას არ რთავდნენ. ამის თაობაზე და ზოგადად პროტესტის გამოხატვაზე, ბუნებრივია, ჩემს მთხრობელს, მერიის თანამშრომელს ვკითხე. ბატონმა ალიმ გაიხსენა, როგორ იკრიბებოდა ხალხი მერიასთან, თუმცა მის მეხსიერებას პროტესტის მთავარ წყაროდ მარნეულელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება შემორჩა და ისიც, რომ მარნეული და მარნეულელები ვირუსთან გაიგივდნენ, შედარებით ნაკლებად კი, ფერმერების აქტიურობა. მისი თქმით, საპროტესტო შეკრებები სხვადასხვა მიზეზებით იმართებოდა, მათ შორის, ამა თუ იმ მიზეზით საკარანტინო ზონის დატოვების მოთხოვნითაც. მერიის თანამშრომელი იხსენებს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მათ მეტი ძალისხმევა სჭირდებოდათ, გაცილებით ხანგრძლივი დროით მუშაობდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ. მათზე დიდი ზეწოლა იყო და ყველაფერს აკეთებდნენ ცალკეული მოქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად. არ შემიძლია არ აღვნიშნო, „იუთუბის“ პლატფორმაზე განთავსებული ერთი ვიდეოსიუჟეტი მარნეულის მერიის მუშაობასთან დაკავშირებით, „როგორ მუშაობდნენ მარნეულის მერის წარმომადგენლები ახალი კორონა ვირუსის პანდემიის დროს“. ვიდეოში მარნეულის მერის წარმომადგენლები, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გაიზარდა მათი ფუნქციები პანდემიის დროს და რამდენად წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ მერის წარმომადგენლებს პენსიაც მიჰქონდათ ხანდაზმულებთან, ჩართულები იყვნენ სკრინინგის პროცესში და, რაც ყველაზე მთავარია, მოსახელობას დაეხმარნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზებაში. 6-წუთიან ვიდეოში დასკვნის სახით ნათქვამია, თუ როგორი მნიშვნელოვანია ზოგადად ძლიერი მუნიციპალური თვითმმართველობა (Georgian Media Club 2020).

სამირას მონათხრობის მიხედვით, ხალხის უკმაყოფილებას ისიც იწვევდა, რომ მათ ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ მერია სამართლიანად არ ანაწილებდა დახმარებებს. რაც მას პირადად სმენია, რიგ შემთხვევებში, დახმარებები პარტიული ნიშნით რიგდებოდა და არა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე. სოფლების ნაწილში, ასევე პრობლემური იყო წყლით მომარაგება. ჰიგიენური ნორმების დაცვაზე საუბრობდნენ, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ ჰქონდა, რაც ასევე იწვევდა პროტესტსა და გულისწყრომას. ქამრანი იხსენებს, როცა სოფლებში დადიოდნენ და მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვას სთხოვდნენ, ერთ-ერთ სოფელში, მოხუცმა ქალმა უპასუხა, კი ბატონო, თუკი დღეში ხუთჯერ ამომიტანთ წყაროდან წყალს, ზუსტად ეგრეც მოვიქცევიო. ამდენად მოსახლეობის პროტესტს მარნეულში სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისათვის მაინც საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა იყო. მთხრობელები იმაზეც საუბრობდნენ, რომ კომპანია „ჯიბე“, რომელიც მარნეულში შემოდიოდა, ძალიან დაბალ ფასში ცდილობდა პროდუქტის შესყიდვას. შესაბამისად, ასეთი დაბალი ფასი პროდუქტებზე დიდ მატერიალურ ზიანს აყენებდა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ თემაზე რადიო „მარნეულის“ ოფისში კამილასთან საუბრისას, მისმა ერთმა თანამშრომელმა გაიხსენა, რომ მამამისი ისე გაბრაზდა და განაწყენდა შემოთავაზებული ფასების გამო, რომ ჭარხალი მიწიდან არც კი ამოუღია, ისე გადახნა ტრაქტორით ნაკვეთიო.

საპროტესტო აქციებზე საუბრისას, კამილა იხსენებს იმ ფონს და ფრაზას, რომელიც გადმოსცემს მერიის წინ შეკრებილთა პათოსს, - „ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს!“ ეს ფრაზა სათაურში გადმოაქვს „ნეტგაზეთსაც“, რომელიც 30 მარტს, მერიასთან მარნეულის მოსახლეობის შეკრების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას (აფრიაშვილი 2020).

როდესაც პანდემიის პერიოდის მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ 2021 წლის 21 მარტი, როდესაც თვითორგანიზებულმა მოქალაქეებმა, მარნეულის ცენტრში, ნოვრუზ ბაირამი დემონსტრაციულად აღნიშნეს. კომენდანტის საათის პირობებში, მარნეულის ქუჩებში, 9 საათის შემდეგ ცეცხლის დანთება, ერთგვარი პროტესტი იყო სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებდა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავებულ ჯგუფებს. სოფიო ზვიადაძე 2020-2021 წლებში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პანდემიის მართვის პირობებში, ტოლერანტობის ოპტიკურ ილუზიას უწოდებს. იგი საუბრობს შერჩევით მიდგომებზე, რომელსაც სახელმწიფო იჩენდა ცალკეული რელიგიური ჯგუფის მიმართ, როდესაც 2021 წლის 6 იანვარს კომენდანტის საათის შეზღუდვა მოიხსნა. მისი თქმით, საქართველოს აზერბაიჯანული თემის ინიციატივა, ნოვრუზი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო, მთავრობას არც კი განუხილავს. ამის გარდა, თემის მოთხოვნა, დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით კომენდანტის საათი ერთი დღით გაუქმებულიყო, ასევე უგულებელყოფილ იქნა.

„რომ არა მთავრობის განსხვავებული მიდგომა უმცირესობების და დომინანტური რელიგიური (მართლმადიდებელი ქრისტიანები) ჯგუფისადმი, ეს გადაწყვეტილება რეგულაციების მკაცრ დაცვად ჩაითვლებოდა. სინამდვილეში კი მივიღეთ ტაქტიკური დისკრიმინაცია. რადგანაც მთავრობამ კომენდანტის საათის დროს დაწესებული შეზღუდვები სხვა შემთხვევებში არაერთხელ მოხსნა და, მათ შორის, რელიგიურ დღესასწაულზე, მაგალითად, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა“ (ზვიადაძე 2021).

ბუნებრივია, ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების მოთხოვნაც, ასევე შეიძლება განვიხილოთ აზერბაიჯანული თემის რეაქციად, პანდემიის პერიოდში მათ მიმართ გამოხატულ გაღიზიანებასა და მიუღებლობის განცდაზე. აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მიმართ გამოხატულმა ბრაზმა და მათი ვირუსთან გათანაბრებამ, ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში არსებითად შეაფერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების იდეა და მის აღსანიშნად, კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმების მოთხოვნა, სამირა ბაირამოვას ეკუთვნოდა (ნერგაძე 2021). კარგად მახსოვს მისი ფეისბუკკამპანიაც, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევას მოასწავებდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამირას ინიციატივას თბილისიდან ქართველი აქტივისტები ფართოდ გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს მის ინიციატივას, მათ შორის, მარნეულში ჩასვლითა და დღესასწაულის ერთად აღნიშვნით.

ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა მარნეულში, მარიამისთვის, ასევე განსაკუთრებული მოვლენაა. მას ბავშვობიდან ახსოვს ის პოზიტივი, რომელიც მის წარმოდგენაში ნოვრუზის აღნიშვნას დაუკავშირდა. იგი იხსენებს, რომ ეს იყოს ნამდვილი ახალი წელი, როდესაც ზამთარს ვაცილებდით და გაზაფხულის დადგომას ვზეიმობდითო. მისი თქმით, როგორც წესი, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ნოვრუზადე, ზუსტად იცოდა, რომ 21 მარტს, კარგი ამინდი დადგებოდა, რადგან ნამდვილი გაზაფხული ასე იწყებოდა. მარიამი მარნეულის დემოკრატიული განვითარების ცენტრში მუშაობს და ოჯახთან ერთად სოფელ თამარისში ცხოვრობს. მას, შესაძლებლობის მიუხედავად, არასდროს უფიქრია მარნეულის გარდა სადმე სხვაგან ეცხოვრა. მისთვის, ყველაფერთან ერთად, საინტერესო შეგრძნებაა, იყოს ეთნიკური უმრავლესების წარმომადგენელი უმცირესობა მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობა უმრავლესობაშია.   

მარიამი თავისი ხანგრძლივი გამოცდილებითა და საქმიანობით აქტიურადაა ჩართული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში. მასთან ოფისში, ბევრი ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებსაც ისინი ახორცილებენ, მათ შორის, კოვიდპანდემიის პერიოდიდან მოყოლებული. პანდემიის შეზღუდვების პირობებში, მათ აქტიურად გამოიყენეს სოციალური ქსელები და შექმნეს ღია ჯგუფი „დარჩი სახლში - ჩართვა მარნეულიდან“ (https://www.facebook.com/groups/274468463543836). ამ ჯგუფის საშუალებით, ისინი ინფორმაციას იღებდნენ ცალკეული ადამიანისა თუ ოჯახების საჭიროებებზე, შემდეგ მათთან აკავშირებდნენ ადამიანებს, ვისაც კონკრეტული პრობლემების მოგვარება შეეძლო. ამ პლატფორმაზე იდებოდა საინფორმაციო პოსტები. ამ ჯგუფში დამატებული ჰყავდათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. ფეისბუკჯგუფის მართვის გარდა, მარიამს, „ლოკდაუნის“ პირობებში, დროებით, რადგან თელეთში მცხოვრებ საინფორმაციოს ერთ-ერთ წამყვანს მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ გადაადგილება შეეზღუდა, მარნეულის ტელევიზიაში მუშაობაც მოუწია. როდესაც დახმარება სთხოვეს, მარიამი უყოყმანოდ დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ მასაც ეშინოდა ვირუსის, ტელევიზიაში ყოველდღე დადიოდა. ამ გზით ის მონაწილეობდა აუცილებელი და საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში. ამის გათვალისწინებით, მას ძალიან კარგად ახსოვს მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქციების დეტალები და პრობლემათა მოგვარების მცდელობებიც.

მარიამს ვკითხე, მისი დაკვირვებით, რა გავლენა იქონია პანდემიამ მარნეულის საზოგადოების ინტეგრაციაზე. ამ კითხვაზე პასუხად, მან გაიხსენა, თუ როგორი სოლიდარულები იყვნენ მარნეულელები ერთმანეთის მიმართ, ასევე, ბევრი კერძო ინიციატივა. ცალკეული  პირები თუ მაღაზიები უფასოდ არიგებდნენ საკვებს, საჭირო ნივთებს. ერთადერთი, გარედან, თბილისელები გვაბულინგებდნენო, ღიმილით დასძინა. საერთოდაც, რომ არა გარე ფაქტორები, თუნდაც ყარაბახის ომი და ა.შ.., ვირუსი და პანდემია ჩვენი საერთო გასაჭირი იყოო, ერთმანეთის დადანაშაულება რას გვიშველიდაო.

პანდემიური ცხოვრება და ადაპტაციის გზები

დაბნეულობისა და უსამართლობის განცდის მიუხედავად, მარნეულის მოსახლეობამ იპოვა პანდემიასთან თანაცხოვრების გზები, რაც ძირითადად რეგულაციებისათვის თავის არიდების მცდელობებსა და სოლიდარობის ძალიან მაღალ ხარისხში გამოიხატებოდა.

მარნეულის ცენტრალურ ქუჩებში, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ვიტრინებში გამოფენილი საქორწინო კაბები და აქტიური სილამაზის სალონები. 2022 წლის 25 სექტემბერს, დილიდან თითქმის მთელი მარნეული ფეხით შემოვიარე საქორწინო დარბაზების დასათვალიერებლად, მაინტერესებდა რა ხდებოდა, როგორ ემზადებოდნენ ქორწილებისათვის. ნანახმა - როგორც დარბაზების მასშტაბებმა, ისე სამზადისმა, რომელიც იქ მხვდებოდა, - ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ცნობისმოყვარე გამვლელის კითხვებსაც ენთუზიაზმით პასუხობდნენ. დარბაზში მოფუსფუსე ხალხი დაუზარებლად მიხსნიდა, რას რატომ აკეთებდა. ზოგჯერ დამტვრეული ქართულით, ზოგჯერ კი სხვას ეძახნენ, რომ ჩემთვის აეხსნათ ქართულად, ან რუსულად. იმ დღეს ხუთი საქორწინო დარბაზი მოვინახულე და ხუთივეში აქტიური სამზადისი დამხვდა. ქუჩებში შევამჩნიე ბაფთებით მორთული მანქანები, გადატვირთული სალონები და ახლომახლო მოფუსფუსე პატარძლის გულშემატკივრები. როგორც ჯეიჰუნმა მითხრა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მარნეულში განსაკუთრებით საგრძნობია ქორწილის მნიშვნელობა, თავისი მასშტაბებითა და პომპეზურობით.

ამ თემებით ასე არ დავინტერესდებოდი, რომ არა ჯეიჰუნთან რამდენიმე თვის წინანდელი შეხვედრა. ჯეიჰუნი ერთ-ერთ ცნობილ კერძო ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობს და მისი ცნობადობა ბევრად სცდება მარნეულს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩააბარა და უმაღლესი განათლება საქათველოში, პირველ ქართულ სასწავლებელში მიიღო. მართალია, მე არ მისწავლებია ჯეიჰუნისათვის ქართული ენა, მაგრამ მაინც ჩემს სტუდენტად მიმაჩნია. მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლისას, დღეში რამდენჯერმე მოდიოდა დეკანატში და სულ რაღაცას მეკითხებოდა. ერთხელ მითხრა, არ მიწყინოთ, ამდენ კითხვას რომ გისვამთ, ჩემთვის, ეს, ქართული ენის პრაქტიკააო. თავაზიან ბიჭს, რომელმაც ზუსტად იცოდა საით მიდიოდა და რა სურდა, ვინ უსაყვედურებდა?! ჯეიჰუნმა საკმაოდ რთული გზა გაიარა იმ აღიარებამდე, რომელიც ქართული საზოგადოებისგან მიიღო. იგი სიფრთხილითა და იუმორით ეკიდება აზერბაიჯანული თემის მიმართ გამოხატულ ქსენოფობიურ გამოხტომებს.

გადაღებაზე ვიყავი [ბოლნისში]. ტაქსისტები ისხდნენ და შევეკითხე: პანდემია დასრულდა და როგორი მდგომარეობაა, თავს როგორ გრძნობთ-მეთქი. ამათი ჯიშიო და დაიწყო გინება. ამათი შემოტანილიაო ....  გავჩუმდი, ვერაფერი ვთქვი (ჯეიჰუნი 2022).

ჯეიჰუნი ცალკეული მოქალაქის ქსენოფობიურ განწყობას არ აზოგადებს ქართველებზე. ის ქართული საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს თავს და ყოველთვის ფრთხილია შეფასებებში. ვთხოვე გაეზიარებინა თავისი ხედვა, თუ როგორია მისთვის მარნეული. მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით მარნეული ძლიერი და აქტიური ადგილია, სულ მოქმედებაშია.

            „მარნეული ფულიანი ხალხის, მილიონერების ქალაქია“ (ჯეიჰუნი 2022).[4]

ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი შეფასება, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, ამიტომ, დასაზუსტებლად, ვკითხე, რას გულისხმობ-მეთქი. მიპასუხა, რომ მარნეულის მოსახლეობა დღე და ღამე მუშაობს, რომ ძალიან მშრომელი ხალხია აქაური აზერბაიჯანელები. სიმდიდრის გამოვლინებად კი იგი იმ პომპეზურ ქორწილებს მიიჩნევს, რომლებიც შემოდგომობით ასობით ტარდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან, ამას ემატება მზითევი და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ქორწილის ხარჯები სულ უფრო იზრდება და ამ სფეროში დასაქმებულებიც მდიდრდებიანო. მოკლედ, ასე, საგანგებოდ გამოყო საქორწინო ბიზნესი. დავსვათ შეკითხვა - რა ხდებოდა ორი წელი მარნეულში? საერთოდ აღარ ეწყობოდა ქორწილები? მარიამი იხსენებს სანქციებს და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ და ამბობს, ეგრე შეკრებებიც აკრძალული იყო, მაგრამ როგორც კი კარანტინი მოიხსნა, მას მერე მარნეულში სულ ქორწილის ხმები ისმოდაო. მარიამი იხსენებს სალონში გაგონილს, რომ სხვა რაიონებიდანაც აქ ჩამოდიან და პოლიციასაც, ვითომ არ ესმისო. ჩვენთვის ვამბობთ, აბა რისთვის ჩაგვკეტესო.

ამ თემაზე კამილასთანაც ვისაუბრე, მანაც დამიდასტურა პანდემიის დროს ქორწილების გამართვა:

 „ქორწილი [მარნეულში] მაინც იყო, აკრძალული რომ იყო, მაინც აკეთებდნენ, ნუ არა 400 კაცზე, არამედ 150 კაცზე. მაინც ჩუმად აკეთებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში იყო თითქოს. ეუბნებოდნენ, ფოტო არ დადო, ხუთი დღის მერე დადე ფოტო და ასე. ზოგს ბავშვი რომ ეყოლათ, მერე დადო ქორწილის ფოტოები“ (კამილა 2022).

გიულგუნმაც გაიხსენა ქორწილები სოფელში პანდემიის პერიოდში, მგონი დააჯარიმეს კიდეც, მაგრამ არ ადარდებდათო. ვკითხე, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი აქაურებისთვის ქორწილი-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ქორწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან ბევრი მათგანისთვის ეს გარეთ გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა, ამ დროს გამოდის ქალი სახლიდან, ემზადება, სხვებთან ურთიერთობს და საზოგადოების ნაწილად გრძნობს თავსო.

ქორწილებზე პანდემიის დროს, სამირა იხსენებს:

„როცა ძალიან მკაცრი წესები იყო, არ აღნიშნავდნენ ქორწილს. მაგრამ ზოგიერთები, ვინც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული იყო,    მაინც აღნიშნავდნენ. ზოგმა იცოდა, ჯარიმა რომ იქნებოდა, მაგრამ მაინც აღნიშნავდნენ: რა ვქნათ, ქორწილი მაინც უნდა გადავიხადოთო!“ (სამირა 2022)

ამდენად, მოქალაქეებისათვის პანდემიის პერიოდში ქორწილის გამართვა და მასში მონაწილეობა, თავისებურ პროტესტად და ადაპტაციის ფორმად იქცა. ამ კულტურისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტი წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის გამოხატვის თავისებურ ფორმად ჩამოყალიბდა. ქორწილების გამართვა პანდემიის პერიოდში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი რეაქცია შეზღუდვებზე, რომლებიც აღიქმებოდა უსამართლოდ და რეპრესიულად.

უკლებლივ ყველა მთხრობელი იხსენებს სოლიდარობის განსაკუთრებულ განცდასა და მასთან ასოცირებულ კონკრეტულ ქმედებებს პანდემიის პერიოდში. მარნეულის ჩაკეტვის შემდგომ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიგებდნენ პურს უფასოდ საცხობის მფლობელები. სამირა თავად იყო ინიციატორი თანხის მოგროვებისა, რომლითაც პროდუქტები შეუძინეს, მათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა დახმარება.

მარნეული, მაგალითად, სოციალური დახმარების, სოციალური გაზიარების კუთხით, თანადგომის კუთხით, მე ვიტყოდი, საქართველოში სანიმუშო ქალაქია (ჯეიჰუნი 2022).

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაუთოხნეს მარნეულის სოფელ მარადისში კარტოფილის ყანა ოჯახს, რომელიც კოვიდის გამო საავადმყოფოში იყო გადაყვანილი („რადიო თავისუფლება“ 2020). კამილამ და ჯეიჰუნმა გაიხსენეს მარნეულის მეჩეთის დადებითი როლი ჰუმანიტარული დახმარების დარიგების კუთხით. ჯეიჰუნი ამბობს, რომ მერიაც კი, თავის შეძენილ პროდუქტს მარნეულის მეჩეთს გადასცემდა, რადგან კარგად იცოდნენ, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა დახმარება. სამირამ გაიხსენა, რომ დახმარებას არიგებდა როგორც იმამ ალის მეჩეთი, ისე მარნეულის ეპარქიაო. ჩავეკითხე, ეპარქიის წარმომადგენლები ალბათ ქართველებს ეხმარებოდნენ და მეჩეთი - მუსლიმებს-მეთქი, სამირამ მითხრა, არაო, ორივე ორივეს ურიგებდაო. სამირამ აქვე გაიხსენა, მარნეულის იმამ ალის მეჩეთის წარმომადგენელთა კრეატიულობა, როდესაც მანქანით გადაადგილების ნებართვაზე მერიიდან უარი მიიღეს, და სხვა რამ მოიფიქრეს.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირტაგი ასადოვი აცხადებს, რომ მარნეულის მერიამ მოსახლეობისათვის პროდუქტის დასარიგებლად მანქანით გადაადგილების ნებართვა არ მისცა, რის გამოც მათ პროდუქტების დარიგება ურიკაზე შებმული ვირით მოუწიათ (რადიო „მარნეული“ 2020).

მარიამის თქმით, პანდემიის დროს მარნეულში არ იყო მოქალაქეებს შორის გარჩევა, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. „კამილას რადიოც“, მისი მთელი კოლექტივი, ცდილობდა მარნეულის სომეხი ეროვნების მოსახლეობისათვის ხმის მიწვდენას, მათ მშობლიურ ენაზე. რადიოში ამჟამად ერთი სომხურენოვანი ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ახალ ამბებს სომხურ ენაზე თარგმნის. ამის მიუხედავად, მარნეულის სომხური მოსახლეობა, როგორც კამილა ამბობს, რამდენადმე დაკარგულია იდენტობის თვალსაზირისით და მათი საჭიროებების გაგება მარნეულში არც ისე ადვილია.

დავითმა, 2018 წელს, ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩააბარა. იგი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სტუდენტი გახლდათ. როდესაც ეკითხებიან, საიდანაა, პასუხობს, რომ შაუმიანიდანაა და არა მარნეულიდან. მარნეული, მისთვის ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, აზერბაიჯანულ თემთან უფრო ასოცირდება, შესაბამისად, მასთან საკუთარ თავს არ აიგივებს. საუბრისას, მიყვება, რომ ერთ დროს, როდესაც სახელმწიფოები და საზღვრები ამ სახით არ არსებობდა, მარნეული ისეთივე სოფელი იყო, როგორც შაუმიანი, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. როდესაც ვკითხე, სად იძენენ პროდუქტებს, საჭირო ნივთებს მისი თანასოფლელები, მიპასუხა, რომ შაუმიანში ყველა სახის მაღაზია, მარკეტი და სუპერმარკეტი აქვთ. დანანებით ამბობს, რომ შაუმიანში მხოლოდ ბანკი და მსგავსი დაწესებულებები არ აქვთ. დავითი კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის და უნივერსიტეტში მოხვედრამდეც კარგად ფლობდა ტექნიკას. მახსოვს, ქართული ენის სწავლებისას, წლების წინ, მითხრა, რომ უკვე საკუთარი შემოსავალი აქვს და სოფელში ძალიან საჭირო ადამიანია. თუ ვინმეს ტელეფონი ან კომპიუტერი გაუფუჭდება, ჩემთან მოაქვთო. დავითს პანდემიის შემდეგ შეხვედრისას ვკითხე, ალბათ როგორ გამოგადგა შენი პროფესია კარანტინის დროს-მეთქი. ამ თემაზე საუბრისას ბევრი კარგი შემთხვევა გაიხსენა, როცა რჩევასა და დახმარებას სთხოვდნენ თანასოფლელები. ისიც უშურველად ეხმარებოდა. ჩემთვის საინტერესო იყო ენობრივი სიტუაცია მის სოფელში. თავად ქართულს კარგად ფლობს, როცა ქართული ენის პროგრამაზე ჩააბარა, უკვე თავისუფლად საუბრობდა ქართულად. ვკითხე, რა ენაზე საუბრობთ აზერბაიჯანელებთან მარნეულის ბაზარში ან მაღაზიებში-მეთქი. მითხრა, რომ კარგად ესმის აზერბაიჯანული ენა და საუბარიც შეუძლია, ისევე როგორც რუსული. ღიმილით მითხრა, რომ იგი პროგრამისტივით ჩაკეტილი და ასოციალური არ არის და ძალიან უყვარს ურთიერთობები. რაც შეეხება მის თანასოფლელებს, მათ რუსული და აზერბაიჯანული უკეთ იციან, ვიდრე ქართული. დავითს, სხვა მთხრობელების მსგავსად, ვკითხე, თუ როგორ აღიქვამდა მისი სოფლის მოსახლეობა პანდემიას და ჩაკეტვას. მისი გულწრფელი პასუხი ძალიან ჰგავდა სხვა მთხრობელებისას, მოსახლეობისათვის ვირუსი არ იყო რეალური, თუმცა რეალური იყო ჩაკეტვა, შეზღუდვები, რომელიც კი არ იცავდა, პირიქით, მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი განცდა არც ქართულენოვანი საზოგადოებისთვის იყო უცხო. თუმცა მარნეულის შეთხვევაში გაცილებით მძაფრი იყო აღქმა და მას ემატებოდა ეთნიკური ასპექტი, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე რეაქციის სახით, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფი, შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციისათვის სასურველ ნიადაგს ქმნიდა და დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების გზებს ეძებდა.

რაც შეეხება მარნეულელთა ონლაინ გამოკითხვის შედეგებს, ის, რაოდენობრივი თვალსაზრისით, არსებითად, ამყარებს ჩემი მთხრობელების მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს. ერთი სხვაობა, რაც გამოიკვეთა, ის იყო, რომ გამოკითხულთა მეხუთედი ფიქრობს, რომ მარნეულის ჩაკეტვა სახელმწიფოს მხრიდან გამართლებული და აუცილებელი იყო. ამასთანავე, მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის. ქართული სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვის დადებითად შეფასება რამდენადმე სცდება ჩემი მთხრობელების მიერ გადმოცემული მარნეულის მოსახლეობის განწყობას, თუმცა მას ერთგვარად აბალანსებს. ასევე საინტერესოდ გამოვლინა ონლაინ რესპონდენტების მიერ მარნეულის, როგორც ადგილის აღქმა. თუ ჩემი მთხრობელებისათვის მარნეული ძირითადად აზერბაიჯანულ თემთან ასოცირდება, მთხრობელების ნაწილი, მასზე, როგორც მრავალფეროვან, მულტიკულტურულ ადგილზე საუბრობს.[5] ამდენად, დისტანციური და ანონიმური გამოკითხვა, რამდენადმე აზუსტებს და არსებითად თანხვედრაშია მთხრობელების მიერ გადმოცემულ ფაქტებთან.

ჩემი მთხრობელებისგან, რომლებსაც დიდხანს და გულახდილად ვესაუბრებოდი ყველა მწვავე საკითხზე, რომელიც კოვიდპანდემიამ და მარნეულის ჩაკეტვამ ამოატივტივა, გავიგე, რომ მათი მხრიდან სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ მწვავე კრიტიკა, არ მიემართება უშუალოდ ქართულ საზოგადოებას. მათმა უმრავლესობამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მარნეულის ჩაკეტვის პერიოდში ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილისგან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა მიიღეს. მათი უმრავლესობა კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ვერ მოახერხა ეთნიკურ უმცირესობებზე სათანადო ზრუნვა, მათი ინტეგრირება და დაცვა. ისინი საკუთარ კრიტიკას ასევე ავრცელებენ მეზობელ ქვეყნებზეც, რომლებიც ამ რეგიონში გავლენის მოპოვებასა და მის გაძლიერებას ცდილობენ, რაც, მათი აზრით, ასევე დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ინტეგრაციისათვის. მათი კონკრეტული პანდემიური გამოცდილება, რომელიც სახელმწიფოსთან აქტიურ შეხებას დაუკავშირდა, არაერთგვაროვან, თუმცა ცალსახა შეფასებებს აერთიანებს. მათ მიერ გამოთქმული კრიტიკა სახელმწიფოს ინტეგრაციული პოლიტიკის ხარვეზებს უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის სამართავად სამხედრო და ომის ეფექტის გამოყენებას სიძულვილის ენის გააქტიურება და გაუცხოება მოჰყვა, მათი კრიტიკა ნაკლებად მიემართება ეთნიკურად ქართველ თანამოქალაქეებს. მათი აზრით, პანდემია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და მან არსებული პრობლემები თვალსაჩინო გახადა. პანდემიამ ისიც აჩვენა, რომ არსებულ პრობლემებს დაფარვა კი არა, აღიარება და გადაჭრა სჭირდება.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპანდემიამ ქართულ რეალობაში არსებული მოუგვარებელი საკითხები, ხელახლა დააყენა დღის წესრიგში. პანდემიის პირობებში სახელმწიფოს აღქმა ეთნიკურ უმცირესობებში ცალსახად პრობლემურად წარმოჩინდა. თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ომის ეფექტის გამოყენებამ, სამხედრო ძალების ჩაყენებამ მარნეულის და ბოლნისის შესასვლელებთან, ხელი შეუწყო იქ მცხოვრები უმცირესობების მიმართ გაღიზიანების ზრდას. პანდემიამ სახელმწიფო უფრო ხელშესახები და კონკრეტული გახადა მისი მოქალაქეებისათვის, რაც ერთგვარი სიახლე იყო. ამ შეხებას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამწუხაროდ, არ შეუქმნია დადებითი გამოცდილება, რაც, ერთი მხრივ, პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებსა და რეპრესიული აპარატის ჭარბ მობილიზებას უკავშირდება, და მეორე მხრივ, 90-იან წლების უსიამოვნო მოგონებებს. საბჭოთა კავშირის ნგრევამ და შემდგომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა თავისებური დაღი დაასვა ქართულ და აზერბაიჯანულ თემებს შორის ურთიერთობას. ქვემო ქართლის შემთხვევაში, გაჩნდა გაუცხოება, რომლის დასაძლევად, ქართულმა სახელმწიფომ საკმარის ძალისხმევას არ მიმართა. პანდემიის პერიოდში, ინფორმაციის დეფიციტისა და გაურკვევლობის ფონზე, ადგილობრივმა მოსახელობამ, სახელმწიფოს მხრიდან მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვა. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული შეზღუდვებით დაირღვა ადგილობრივთა ტრადიციული რუტინული ყოველდღიურობა, მათი მობილობა და სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობა.

დღევანდელი გადმოსახედიდან  რთული და შეუძლებელია მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილების აუცილებლობის გადაჭრით შეფასება. ფაქტია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან კომუნიკაციის პირდაპირი არხები, შესაბამისად, შედარებით მარტივი გზა - კონტროლის დაწესება, ჩაკეტვა არჩია. თუმცა ჩაკეტვის პირობებშიც გამოჩნდა კომუნიკაციის აუცილებლობა მოსახლეობასთან. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში განვითარებულმა პანდემიურმა რეალობამ სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოვლენა და სუსტი ინტეგრაციული პოლიტიკა წარმოაჩინა.  პანდემიამ ასევე აჩვენა, რომ ადაპტაციასთან ერთად აზერბაიჯანულ თემს შეუძლია პროტესტის ორგანიზება, მისი გამოხატვის გზების პოვნა და საჭიროების შეთხვევაში, ახასიათებს სოლიდარობის მაღალი მობილიზაციის უნარი. სოლიდარობა, ტრადიციული ცხოვრების წესთან ერთად, პანდემიასთან გამკლავების ფორმად გადაიქცა. სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრულ და უთანასწორო მიდგომას, ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოლიდარობა და შემოქმედებითობა დაუპირისპირა, რასაც ჯეიმს სი სკოტი მეტისს უწოდებს. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის განხორციელების მცდელობას, ადგილობრივმა თემმა საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით უპასუხა. პანდემიის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სახელმწიფოს ნაკლებად ესმის თავისი მოქალაქეების და რომ საკუთარი ძალისხმევა არა მათ კონტროლზე, არამედ დაცვაზე, ინტეგრაციის და მონაწილეობის ხელშეწყობაზე უნდა მიმართოს.

წინამდებარე სტატია შეიქმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და  გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

            

02_პანდემიის_ეფექტი_როცა_სახელმწიფო_მარნეულში_შეხვდა_მოქალაქეებს_1681986500.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Bibliography

Club, G. M. (2020, აგვისტო 1). როგორ მუშაობდნენ მარნეულის მერის წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს. Retrieved from თვითმმართველობის დროა:

https://www.youtube.com/watch?v=78ySwV75coA

Lehtinen M and Brunila T (2021) A Political Ontology of the Pandemic: Sovereign Power and the      

Management of Affects through the Political Ontology of War. Front. Polit. Sci. 3:674076. doi: 10.3389/fpos.2021.674076

Nyer, P. (2006). The Accidental Citizen: Acts of Sovereignty and (un) Making Citizenship. Economy and Society 35 (1), 22-41.

Scott, J. C. (2020). Seeing like a state. Yale University Press.

ამბები, ა. (2020, მაისი 1). მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულთა ოჯახს ნაკვეთი გაუთოხნეს. რადიო თავისუფლება.

ამბები, ა. (2020, თებერვალი 26). საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. რადიო თავისუფლება.

ამბები, ა. (2020, იანვარი 22). ჩინეთი მოსახლეობას აფრთხილებს, არ ჩავიდნენ ქალაქში, საიდანაც ახალი ვირუსი გავრცელდა. რადიო თავისუფლება.

აფრიამაშვილი, ს. (2020, მარტი 20). „ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს” – მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა. „ნეტგაზეთი.

ბოშიშვილი, ა. (2020). ქვემო ქართლის ეთნიკური და დემოგრაფიული სურათი (ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა). თბილისი: თსუ.

(2019). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა. თბილისი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.

(2021). ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თბილისი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

კახა გაბუნია, რუსუდან ამირეჯიბი. (2021). საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა. თბილისი: კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ევროპის ოფისისა და ლევან მიქელაძის ფონდის ერთობლივი პროექტი - „საქართველოს მომავალი“.

კუნჭულია, ლ. (2020, თებერვალი 26). კორონავირუსი: ირანისა და იტალიის მდგომარეობა დამაფიქრებელია საქართველოსთვის. რადიო თავისუფლება.

მათითაიშვილი, ვ. (2020, თებერვალი 24). ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით – იტალია, ირანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა. პუბლიკა.

მამედოვა, კ. (2020, აპრილი 23). რამ გამოიწვია კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტი მარნეულში?

მელიქიშვილი, ლ., & ჯანიშვილი, ლ. (2021). ეთნიკურ ჯგუფთა ინტეგრაცია ქვემო ქართლში (სომხები და აზერბაიჯანი). თბილისი: თსუ.

ნინო ლომაძე, გ. ნ. (2020). წერილები მარნეულის სოფლებიდან. ინდიგო.

სოფიო ზვიდაძე, დავით ჯიშკარიანი. (2018). იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური. ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მხარდაჭერილი EMC, 1-17.

ქამრან მამედლი, კონსტანტინე ჩაჩიბაია. (2021). დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები. თბილისი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ცქიფურიშვილი, ნ. (2022, აპრილი 6). სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. „ნეტგაზეთი.

[1] ეთნიკური უმცირესობების დაბალ ჩართულობასა და მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ადასტურებენ. დაიწერა არაერთი ანგარიში და რეკომენდაცია, სადაც საუბარია ამ რეალობის განმაპირობებელ ფაქტორებზე, როგორიცა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელი, თვითკმარი სოფლის მეურნეობა, სტერეოტიპული წარმოდგენები და საბჭოთა მემკვიდრეობა (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა, 2019) (ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, 2021) (კახა გაბუნია, რუსუდან ამირეჯიბი, 2021), (მელიქიშვილი & ჯანიშვილი, 2021).

[2] 90-იან წლებში საბჭოთა სისტემის რღვევას ნაციონალისტური ტენდენციების გაძლიერება მოჰყვა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, „სხვა“ ჯგუფად მონიშვნას. ამას ემატებოდა ორი კონფლიქტი ქვეყნის შიგნით, რომელიც ეთნოკონფლიქტებად გაფორმდა, შესაბამისად, ეთნიკური ნიშნით ქვეყნის მოსახლეობის დაყოფა, საუკეთესო ნიადაგს არ ქმნიდა ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაზე ფიქრისათვის.

2021 წელის 17 მაისს, დმანისის მუნიციპატიტეტში მომხდარი კონფლიქტის გასააზრებლად, კვლევის ავტორები დაპირისპირების მიზეზებს უღრმავდებიან და 90-იანი წლების ვითარებას იხსენებენ. როგორც თავად ავტორები აღნიშნავენ, ამ თემაზე მსჯელობას მნიშვნელოვნად ართულებს მოსახლეობის ტრავმატული მეხსიერება და სამეცნიერო რეფლექსიის დეფიციტი ქართულ აკადემიურ წლეებში (ქამრან მამედლი, კონსტანტინე ჩაჩიბაია, 2021).

[3] სამირა, აქ, საუბრობს 2015 წელზე, როდესაც მან თსუ ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩააბარა. 2010 წლიდან, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში, ფუნქციონირებს „1+4“ პროგრამა. ამ გზით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ ეროვნული გამოცდები და ერთწლიანი ქართულის მომზადების შემდგომ სწავლა მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე განაგრძონ. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერესი ამ პროგრამის მიმართ ყოველწლიურად იზრდება - კონკრეტული სასწავლებლის მაგალითზე, ჩაბარებულ სტუდენტთა რაოდენობა, პირველ პერიოდთან შედარებით, 250%-ით გაიზარდა.

[4] ცალკეული კვლევა, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის ხელისშემშლელ პირობებზე, მათ შორის, ასახელებს, სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა, 2019).

[5] ქვემო ქართლის და მათ შორის მარნეულის ისტორიულ გამოცდილებაზე, როგორც მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ ტეერიტორიაზე, საუბრობს ისტორიკოსი, მკვლევარი ალექსანდრე ბოშიშვილი, რომელიც ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებს მიმართავს (ბოშიშვილი, 2020).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“