[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

ადრეული განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები ჯავახეთიდან

ტიგრან თარზიანი 

როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ თქვენი შვილი (2-6 წლის) ნიჭიერია?

სოფელში, სადაც მე ვცხოვრობ, არ იყო და არ არის საბავშო ბაღი. არადა, ამჟამად სოფელში 15-მდე საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვია. სოფლის ყოველდღიური ცხოვრება მძიმეა. ესაა დამქანცველი შრომა, გრძელი სამუშაო დღე, ბევრი საქმე შინ და გარეთ. დილა იწყება ადრიანად, სამეურნეო და საშინაო საქმეების კეთებით. ოჯახის თითოეულ წევრს განსაკუთრებული როლი აქვს. ყველა შრომობს დილიდან გვიან ღამემდე. არც ბავშვები არიან გამონაკლისი. სოფელში ისინიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში და, შესაბამისად, არ აქვთ ასაკის შესაბამისი აღზრდისა და განათლების შესაძლებლობა. ის, რომ განათლება ადრეული ასაკიდანვე არაა ხელმისაწვდომი, ამძიმებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაციის მდგომარეობას. ისინი არ სწავლობენ ენას და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას.

განათლების გამოწვევები ეთნიკური უმცირესობებისთვის ჩემი აზრით საბავშვო ბაღების პრობლემიდან იწყება. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ბაღების რაოდენობა კატასტროფულად მწირია. მაგალითად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 31 სოფელია და აქ მხოლოდ 10 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი 64 სოფელია და აქედან მხოლოდ 12-14 სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი. ანუ ნინოწმინდაში ბაღების რაოდენობა სოფლების რაოდენობაზე 3-ჯერ, ახალქალაქში კი 5-ჯერ ნაკლებია. ამდენად, ჯავახეთში არსებობს სოფლების უდიდესი ნაწილი, სადაც ბავშვები საერთოდ ვერ ახერხებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.

არსებული საბავშვო ბაღებიც ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ნინოწმინდის შემთხვევაში საბავშვო ბაღები თითქმის ყველა შემთხვევაში სოფლების გაერთიანებული თემის ცენტრში მდებარეობს და გარშემო სოფლებიდან ბავშვებს დიდი გზის გავლა უწევთ ცენტრში მდებარე ბაღში მისასვლელად. მაგალითად, სოფელი ეშტიის თემში 4 სოფელია (ეშტია, ყაურმა, თორია, უჩმანა) და საბავშვო ბაღი მხოლოდ სოფელ ეშტიაში არსებობს. სხვა სოფლებიდან 3-4 წლის ბავშვებს 3-4 კმ გზის გავლა უწევთ, და თან ისე, რომ მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი არ არის. ბაღებში შვილების მიყვანას ძირითადად სოციალურად პრივილეგირებული ოჯახები უფრო ახერხებენ. ამ პირობებში ცხადია ჩნდება მთავარი კითხვა, რამდენადაა დაცული ბავშვების ინტერესები და უფლებები ამ შემთხვევაში?

სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ საბავშვო ბაღების პრობლემის მოგვარება მოკლე დროშიც შესაძლებელია, უბრალოდ ხელისუფლებებს ამის პოლიტიკური ნება არ აქვთ. ისინი უთითებენ, რომ სოფლებში არსებობს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი შენობები, რომლებიც დღეს უფუნქციოა. მცირე კოსმეტიკური რემონტის, ინვენტარის შეძენისა და ეფექტიანი დაგეგმვის პირობებში მათი აღდგენა და გამოყენება კი ადვილად შეიძლება.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გარდა იმისა, რომ არაა საკმარისი რაოდენობის სკოლამდელი აღზრდის ცენტრები, არსებულ საბავშვო ბაღებში პრობლემურია აღმზრდელების კვალიფიკაცია, ხელფასების სიმცირე, კვება, ინფრასტრუქტურა, ინვენტარი, სახელმძღვანელოები და სხვა. არსებულ საბავშვო ბაღებში არ ასწავლიან სათანადო დონეზე ქართულ ენას, ეს განპირობებულია რამდენიმე მიზეზით - არ გვყავს ბილინგვური განათლების პროფესიონალები და არ გვაქვს საჭირო სასწავლო ლიტერატურა. სამწუხაროდ, არსებული საბავშვო ბაღი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვის აღზრდა-განვითარება, ახლა არის მხოლოდ ადგილი, შენობა, სადაც ბავშვს აბარებ დილით და გამოგყავს საღამოს, მისი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა ამჟამად ასეთ ბაღებში არ ხერხდება.

ქართული ენის არცოდნა ყოვლისმომცველი საკითხია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ვინაიდან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა მონოეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში ცხოვრობს, ბავშვებისთვის დაწყებითი სკოლა წარმოადგენს სივრცეს, სადაც ისინი პირველად ისმენენ ქართულ ენას.

სკოლაშიც ეთნიკური უმცირესობები სასწავლო პროცესში ბევრ სირთულეს აწყდებიან, მითუმეტეს, დაწყებითი კლასში. მაგ., სახლში მეცადინეობისას მშობლებს არ შეუძლიათ შვილების ქართულენოვან საგნებში დახმარება, ვინაიდან მშობლებმა ქართული არ იციან. ბავშვებს საშინაო დავალებაში მშობლის ჩართულობა ხშირად სჭირდებათ, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები მეტად არახელსაყრელ პირობებში იმყოფებიან. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ არაქართულენოვანი სკოლების ბევრი მასწავლებელი ქართულ ენას თავისუფლად ვერ ფლობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ხშირად მარტონი რჩებიან სახელმძღვანელოებისა და რთული ტერმინოლოგიის პირისპირ.

და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?! ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, სკოლამდელი აღზრდის საკითხები სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, რის გამოც, სკოლამდელი განათლების წარმატება და განვითარება კონკრეტული მუნიციპალიტეტის კეთილ ნებასა ან იქ მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არც სწორი სტრატეგიული ხედვები და არც პრიორიტეტები არ აქვთ. მეორე მხრივ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხში სახელმწიფოს არ გააჩნია სკოლამდელი აღზრდის სისტემური მიდგომა, რაც ორმაგად გვაზიანებს ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც ცუდი განათლების გამო მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გადავიქცევით და რატომღაც ეს რეალობა ისევ ჩვენ გვბრალდება.

ცხადია, რომ ეს რეალობა ეთნიკურ უმცირესობებს მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში გვაყენებს. ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფოსთან შეხების პირველივე ეტაპიდან ეჯახებიან სისტემურ უთანასწორობას. მათ ხელი არ მიუწვდებათ თანასწორ განათლებაზე, ხოლო მათ მიერ გაწეული ფინანსური და სოციალური ხარჯი, როგორც სკოლამდელი განათლების მიღების პერიოდში, ასევე სასკოლო ან საუნივერსიტეტო განათლების მიღებისას, არასამართლიანი და არათანაზომიერია. ამ ტვირთის აღება ისევ პრივილეგირებული ოჯახებისთვის არის შესაძლებელი და ჩვენს შემთხვევაში განათლება თანასწორობის შანსებს კი არ გვიქმნის, არამედ პირიქით იმთავითვე, ბავშვობიდან გვართმევს მას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“