საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"თუ თქვენ არ ფიქრობთ რომ თქვენი ხმა გადამწყვეტია, მაშინ მათ მისი ყიდვაც არ მოუნდებათ" - ამ სლოგანით მინდა დავიწყო ჩემი ბლოგი, რადგან საარჩევნო პერიოდში ადგილზე მუშაობისას და დაკვირვებისას აღმოვაჩინე ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც არჩევნებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულად კი ნინოწმინდასა და ახალქალაქში მოჩვენებითს, დეპოლიტიზებულს და უშინაარსოს ხდის.
როგორც წინა წლებში, წელსაც ჩვენ მივიღეთ არჩევნები რეალური შეჯიბრისა და ძალაუფლების გაზიარების გარეშე, სადაც მმართველი პოლიტიკური გუნდი უპირობოდ და ტრიუმფალურად იმარჯვებს. რა არის ის მიზეზები და ფაქტორები? რატომ ხდება ხელისუფლებებისთვის ასეთი მარტივი ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში ამომრჩევლების თითქმის სრული კონტროლი და ლოიალობის მოპოვება?! ამ მცირე ტექსტში რამდენიმე მიზეზზე გავამახვილებ ყურადღებას.
პირველი ფაქტორი არჩევნების რეალური მნიშვნელობის შესახებ რეალური გამოცდილების, რწმენის და ცნობიერების არარსებობაა. ეთნიკურ უმცირესობებს ხელისუფლებები ბუკლეტებით და ბილბორდებით გველაპარაკებიან, ცოცხალი, ნდობაზე დაფუძნებული რეალური პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი ყოველდღიურობისა და ორგანიზების ნაწილი არასდროს ყოფილა. საჭიროა, უფრო ინტენსიური მუშაობა მოსახლეობასთან, მათი სოციალური საჭიროებების გადაწყვეტა, საჯარო განათლების მხარდაჭერა, ნდობის შექმნილი დიალოგი, რომელიც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, ადგილობრივი პოლიტიკის ნაწილი არ ხდება. არჩევნები არ არის გამონაკლისი, მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული საარჩევნო უფლების / ხმის უფლების მნიშვნელობაზე. ყოველთვის ლიდერობს დამკვიდრებული მოსაზრება, რომ „არჩევნებით არაფერი შეიცვლება და ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია“. აღნიშნული მოსაზრება ადგილობრივი მოსახლეობაში საბჭოთა გამოცდილებიდან მოდის და რჩება. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენთან პოლიტიკური გარემო არც შეცვლილა და არ შეცვლილა არც ჩვენი თემის დამოკიდებულებები. ცხადია, ეს ჩვენი ბრალი არ არის. ეს იმ ელიტების პრობლემაა, რომელმაც ეთნიკური უმცირესობები ჩაკეტილობისთვის, უნდობლობისთვის და უცხოობისთვის გაგვწირა.
მეორე ფაქტორი თავად არჩევნების, როგორიც პრაქტიკის აღქმას უკავშირდება. არჩევნები რეგიონის მოსახლეობაში უფრო დაკავშირებულია ფულის შოვნის/ დასაქმების პროცესთან. მაგალითისთვის, რომ ეწვევით ნინოწმინდის ნებისმიერ სოფელს, დაინახავთ, რომ არჩევნების დროს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა „დასაქმებულია“ საარჩევნო აგიტატორებად, კოორდინატორებად, მძღოლებად, მაყურებლად და ა.შ. ალბათ, აქ მთავარი კითხვა ჩნდება: რამდენად იქნება შესაძლებელი ასეთ პროცესში დემოკრატიულ პრინციპებზე დამკვიდრებული არჩევნები, როცა გვარები და ოჯახები ერთად აორგანიზებენ საარჩევნო პროცესს? ეს დიდი გვარის და ოჯახის შიგნით სპექტაკლის თამაშს უფრო ჰგავს. ცხადია კითხვაზე პასუხი მარტივია: სანამ საარჩევნო უბანი ადგილობრივი ლიდერების კონტროლირებადი, არაპოლიტიკური სივრცე იქნება, სადაც არ არის გაცნობიერებული არჩევნების პოლიტიკური შინაარსი და მასში ჩართული ადამიანების დიდ ნაწილს არ აინტერესებს ხმის უფლების დაცვა, ჩვენი მდგომარეობა და მომავალი არ შეიცვლება.
მესამე ფაქტორს ყველასთვის ძალიან ცნობილია ფრაზა ავლენს, რომ „ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის მხარს უჭერენ მმართველ პარტიას“. მიუხედავად იმისა, მმართველი პარტია მოაგვარებს თუ არა მათ რეალურ პრობლემებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალობის, ერთგულების და მადლიერების დადასტურებას სთხოვენ. გასაგებია, რომ რეგიონში სუსტია ოპოზიცია, ისედაც მცირე ოპოზიციური ლიდერები კი წლიდან წლამდე არ იცვლებიან და საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს არც გვთავაზობენ. ასევე ოპოზიცია ყოველთვის სუსტია ფინანსური და ადამიანური რესურსებითაც. მაგრამ შექმნილი რეალობის გამო, ოპოზიცია ჩვენს რეგიონებში სამუშაო პროცესებსაც კი არ იწყებს. ამის შედეგია ის რომ მაჟორიტარულ ოლქების დიდ ნაწილში მხოლოდ მმართველ ძალას ჰყავდა კანდიდატები და რეალურად არჩევნების, ფორმალური არჩევანის შესაძლებლობაც არ ქონდათ ადგილობრივებს. სწორედ ამიტომაც მერის და პროპორციული სისტემით მიღებული ხმების თითქმის 80 პროცენტზე მეტი მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ამ პირობებში კი საბოლოოდ მივიღეთ პოლიტიკურად ერთგვაროვანი, არაპლურალისტური ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სადაც არავინ არავის აკონტროლებს.
მეოთხე მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობას არ აქვს ნდობა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. „სულ ერთია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, ჩვენი პრობლემები პრობლემად დარჩება“ - ასეთ იმედგაცრუებას ხშირად მოისმენთ ხოლმე ჩვენი სოფლების ქუჩებში და ბირჟებზე. თუმცა მიუხედავად ასეთი განწყობისა, როდესაც არჩევნებზე მიდგება საქმე, მაინც ნაცნობზე, შეგუებულ და ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალაზე აკეთებენ არჩევანს. ეს არჩევანი პირველ ყოვლისა შიშის ფაქტორს უკავშირდება. შიშს იმისა, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა მათ პასუხი მოსთხოვონ სხვაგვარი არჩევანის გამო. თუ გავითვალისწინებით ჯავახეთში მმართველობის კლანურ ბუნებას და მის ანტისოციალურ, დამაშინებელ და უკონტროლო გამოცდილებებს, ცხადი ხდება, რომ ჩვენ არჩევანი არც გვრჩება.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით, მაგრამ ეს არ მომხდარა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 25 წელზე მეტი გავიდა, ჩვენს რეგიონს ერთი და იგივე ადამიანები მართავენ რეგიონს და ადგილობრივებისთვის არაფერი იცვლება. კი ხშირად ეს სტაგნაცია ჩვენ გვბრალდება იმ მოტივით, რომ ჩვენ არ ვიცით ქართული ენა, ჩვენ პასიური თემი ვართ, დაბალი პოლიტიკური კულტურით და ა.შ. მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა - არსებობს კი ჩვენს სახელმწიფოში რეალური და ცოცხალი ინტერესი ეთნიკური უმცირესობები ჩაერთონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში და დაიჯერონ, რომ ისინი საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან?! ან უფრო მეტი, რა კეთდება რეალურად ამისთვის. ჩემი პასუხი სკეპტიკურია და პესიმისტური.
და მართლაც როდემდე უნდა ვითმინოთ ასეთი არჩევნები?
ინსტრუქცია