[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

კარტოფილი - ჯავახეთის „მეორე პური“

ტიგრან თარზიანი 

ფოტო: ნეტგაზეთი

ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში

ჯავახეთში სამ კვირაზე მეტია, რაც კარტოფილის მოსავალის ამოღების პროცესი დაიწყეს. ადგილობრივი მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ამ პროცესს და ბევრს წერენ იმ სირთულეებზე, რასაც ადგილობრივი გლეხები აწყდებიან. ზაფხულში მედია და სოციალური ქსელები წალეკა ადგილობრივი გლეხების პროტესტმა, როცა მათ გაფუჭებული კარტოფილი დემონსტრაციულად გადაყერეს და ამით საკუთარი შრომის დაუფასებლობას და არაღიარებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

ამ ბლოგში მინდა ყურადღება გავამახვილო იმ რამდენიმე სოციალურ და მეცნიერულ ფაქტორზე, რომელიც ჩემი აზრით, ადგილობრივი მეკარტოფილეების უკმაყოფილების და წუხილის მიზეზია და სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვს.

ამ ბლოგის მოსამზადებლად ადგილობრივ გლეხებს შევხვდი და ჩემი მოსაზრებების დიდი ნაწილი მათ ფიქრს და ხედვებს ეყრდნობა.

კარტოფილი მნიშვნელოვანი კულტურაა საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 25,000 – 30,000 ჰა კარტოფილი ითესება. მოწეული კარტოფილის უმეტესობა მოიხმარება პირველადი სახით. ჯავახეთში ჩვენები ამ კულტურას „მეორე პურსაც“ უწოდებენ ხოლმე. ქვეყანაში ზოგადად კარტოფილის მოსავლიანობის ზრდის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მისი მოყვანის მაჩვენებელი დაბალი რჩება, დაახლოებით 12-15 ტ/ჰა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავს მაჩვენებელბს (მინიმუმ 40 ტ/ჰა-თი).

მიზეზები ხელის გულზე დევს. პირველი და უმთავრესი მიზეზი დაბალი პროდუქტიულობისა და საკარტოფილე კულტურის შემცირებული მოგებისა. ცუდი ხარისხის სათესლე და დაბალმოსავლიანი ჯიშის კარტოფილია. ჩვენს ქვეყანაში კარტოფილის სათესლე ჯიშები საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, რომელიც 2-3 წლის შემდეგ უსარგებლო ხდება და ის მოსავლიანობასა და კულტურის ხარისხს მკვეთრად ამცირებს. საქართველოში ჩვენ აღარ გვაქვს კარტოფილის თესლის საკუთარი წარმოება, საზღვარგარეთიდან შემოტანილი სათესლე კარტოფილი კი ძალიან ძვირი ჯდება ( 3.5-4 ლარი).

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის მწარმოებლების უმრავლესობა სათესლე კარტოფილის წყაროდ იყენებდა არაფორმალურ სათესლე პროდუქტს (მაგ: ფერმაში მოყვანილი, მეზობლებისგან ან ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თესლი და აშ). რა თქმა უნდა, ასეთი თესლი ხშირ შემთხვევაში არის დეგენერირებული და იწვევს პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ვარდნას.

ადგილობრივი მეკარტოფილეები ჩემთან საუბრისას იხსენებენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს 1 ჰა მიწის ნაკვეთიდან ისინი უფრო მეტ მოსავალს იღებდნენ, ვიდრე დღეს. მათი თქმით, მაგალითად, ახალქალაქის სოფელ ბუღდაშენში ერთ ჰექტრიდან 50 ტონა კარტოფილის მოსავალი მიიღეს იმ პერიოდში. მე სრულად მესმის, რატომ საუბრობენ საბჭოთა კავშირის შესახებ დადებით კონტექსტში ჩვენი გლეხები. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმაზე უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის, ვიდრე ეს აუგადხსენებულმა სისტემამ მოახერხა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ადგილობრივმა მთავრობამ დაიწყონ ადგილობრივ ფერმერებთან/თვითდასაქმებულებთან მუშაობა ჩვენს ქვეყანაში კარტოფილის კარგი ხარისხის თესლის წარმოებისთვის. ეს პროცესი რომელიც შემცირებს, მაქსიმუმ გაანახევრებს ახალი სათესლე ჯიშების ღირებულებას და გაზრდის მოსავლიანობას. სახელმწიფო უწყებები უნდა უზრუნველყოფდნენ ქვეყანაში კარტოფილის წარმოებისა და თვითდასაქმებული მოქალაქეების შემოსავლის გაუმჯობესებას, პროდუქტიული ჯიშების ხარისხიანი სათესლე კარტოფილის გაძლიერებას და ფერმერების გადამზადებას საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. სხვანაირად გლეხების შრომა კვლავ წყალში ჩაიყრება. პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისმაც აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები უნდა იყოს. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და აქ სუფთა თესლის გამომუშავების დიდი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივების ჩართულობით შეიქმნას და განვითარონ ეს სფერო.

ჯავახეთის იმ სოფლებისთვის, რომლებიც ზღვის დონიდან 1800 ან 2000 მეტრზე მდებარეობს, არამომგებიანია მეკარტოფილეობით დაკავება, უფრო საინტერესო და მომგებიანი კი კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება შეიძლება გახდეს. შედარებით დაბალი სოფლებისთვის კი (ზღვის დონიდან 1500-1700 მეტრ სიმაღლეზე), რა თქმა უნდა, იდეალური პირობებია მაღალმთიანეთში წარმოებული სათესლე მასალის გამოყენებისა და დათესვისთვის. აღსანიშნავია, კიდევ ერთი გარემოება. ხარისხიანი და იაფი სათესლე მასალის შემუშავება მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ 80 ტონა კარტოფილის მოსავალის მიღებას დასჭირდება არა 5 ჰექტარი მიწა, არამედ 2 ჰექტარი, რაც მთლიანობაში მის პროდუქტიულობას გაზრდის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნინოწმინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში სოფლების უმრავლესობაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა სარწყავი სისტემის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუნიციპალიტეტს წყლის უზარმაზარი რესურსი გააჩნია. ჩვენი მხარე მდიდარია ტბებით, მდინარეებით, მაგრამ ეს რესურსები ადგილობრივების სასიცოცხლო ინტერესებს არ ხმარდება. ჩვენი ხალხი, რომელიც დღე და ღამე უმძიმეს კლიმატურ პირობებში, მთის მინდვრებში მუშაობს კარტოფილის მოსაყვანად, წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორ შეიძლება ეს რეალობა ჩაითვალოს სამართლიანად?!

ჯავახეთში არ არსებობს კარტოფილის გადამუშავებელი დაწესებულებები და თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც სოფლის მეურნეობას ასუსტებს. ჩვენი გლეხები პრიმიტიული ტექნოლოგიებით და მიდგომებით მუშაობენ მიწაზე და საკუთარი ოფლის და მძიმე, დაუფასებელი შრომის ფასად იბრძვიან გადარჩენისთვის. როგორ შეიძლება გლეხს ისევ პრიმიტიული იარაღებით და ტექნიკით უწევდეს მიწაზე შრომა,, მითუფრო მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა ჯავახეთის რეგიონის ცხოვრების მატერიალური საფუძველია?

მთავრობები ბევრს საუბრობენ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, მაგრამ ამ სისტემის მუშაობა ჩვენი ოჯახების და გლეხების რეალური ყოფიდან უნდა დავინახოთ. სამწუხაროდ, ქვემოთ და ქვემოდან რეალური ცვლილებები არ ჩანს და ჩვენი გლეხები მათი მეორე პურის მოსაპოვებლად მიწასთან მძიმე შრომას, ვიტყოდი, მიწასთან მძიმე ბრძოლას ისევ აწარმოებენ.

Կարտոֆիլ_-_Ջավախքի_«Երկրորդ_հաց»_1637153601.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“