[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / სტატია

კულაკები და უმიწაწყლოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ავტორები: კოტე ჩაჩიბაია, ტიგრან ტარზიანი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფაქტობრივად ყველა სოფელში მოსახლეობა დაასახელებს ერთ ან რამდენიმე ადამიანს, რომელსაც სოფლის მიმდებარე მიწების დიდი ნაწილი საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული. სტატიაზე მუშაობის პროცესში დავეყრდენით მიმდინარე წლის განმავლობაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ჩატარებულ საველე სამუშაოებს, სადაც მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად ხშირად გამოყოფდა მიწის რესურსების უთანასწორო განაწილებას. საკითხის უკეთ გასაცნობად დამატებით ინტერვიუები ჩავატარეთ ამ თემაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ 10 გლეხთან და ფერმერთან, რომლებსაც ყველაზე მწვავედ ეხებათ ეს პრობლემა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 31 სოფელია, შესაბამისად ჩვენს მიერ მონახულებული სოფლების მდგომარეობის შესწავლა იძლევა შესაძლებლობას ვისაუბროთ პრობლემის სიმწვავეზე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პრობლემის სისტემურობას. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებლები განიცდიან მიწის ნაკლებობას და შესაბამისად სოფლის მეურნეობაში ჩადებული შრომის დაუფასებლობას. ჯავახეთში რთული კლიმატური პირობები, ხანგძლივი და ცივი ზამთარია.  მოსახლეობისთვის ასეთ პირობებში სოფლად საქმიანობის ძირითადი სფეროები მეცხოველეობა და მეკარტოფილეობაა. მეცხოველეობაში სამცხე-ჯავახეთი საქართველოს მოწინავე რეგიონია, ხოლო ქვეყნის კარტოფილის პლანტაციების 52% ასევე სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს და ამ რეგიონიდან მეკარტოფილეობით მიღებული მოსავალი 22%-ით აღემატება საქართველოს მიერ საშუალოდ მიღებულ მოსავალს.[1] თუმცა მიწის მცირე რესურსები არარენტაბელურს ხდის როგორც მეკარტოფილეობას, ასევე მეცხოველეობასაც, რადგან მცირე მიწაზე ვერ მოჰყავთ ცხოველის გამოსაკვებად საკმარისი გამხმარი ბალახი -  ჩალა. ასეთ ვითარებაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დამოკიდებული ხდება ერთეულ ადამიანებზე, რომლებსაც ხალხი კულაკებად მოიხსენიებს და რომელთაც დასაკუთრებული აქვთ მიწის რესურსების უდიდესი ნაწილი.

ნინოწმინდაში ისევე როგორც საქართველოს არა ერთ რეგიონში, მიწის უთანასწორო განაწილების სათავედ 90-იან წლებს ასახელებენ. სცენარი ფაქტობრივად ყველა სოფელში ერთნაირია:  საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები, ან მათთან დაახლოებული ადამიანები, ზოგჯერ მათი ოჯახის წევრებიც, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სარგებლობენ საკუთარი კავშირებით და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარე პრივატიზაციის შესახებ. 90-იანი წლების ქაოსში, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე, ფორმალური პროცედურების დაცვით და ხშირად მისი გვერდის ავლითაც, საკუთრების უფლებით ირეგისტრირებენ მიწის ნაკვეთების უდიდეს ნაწილს. სოფლის კომლებს რჩებათ მხოლოდ საკარმიდამო მიწის  (ბარში 1.25ჰა ფართობის, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰა ფართობის) ნაკვეთები, რაც ეფექტური სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის მიზერული რესურსია. ნინოწმინდაში მოსახლეობა აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის მიმართ ინტერესი არ იყო მაღალი. ამას ხელს უწყობდა, როგორც შესაბამის პროცედურებზე, პრივატიზაციის მიმდინარეობაზე ინფორმაციის არ ქონა, ასევე სოფლის მეურნეობის საქმიანობისადმი შედარებით დაბალი ინტერესი მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებიც ადგილზე, ჯავახეთში, მსუბუქი ინდუსტრიის საქმიანობაში იყო ჩაბმული ან მუშაობდა საბჭოთა კავშირის რომელიმე ინდუსტრიულ ქალაქში. ამ ადამიანებს არ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, რომ შეეფასებინათ მიმდინარე ცვლილებების კარდინალურობა და შეუქცევადობა. პრივატიზაციის პროცესის არადემოკრატიულად ჩატარების გამო, პროცესში ჩართვა ერთეულმა ადამიანებმა მოახერხეს. სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლის ფონზე, მოსახლეობისთვის დასაქმების ძირითად მიმართულებად უცხოეთში შრომითი მიგრაცია იქცა, რის გამოც სოფლის მეურნეობის მიმართ ადგილობრივების დაინტერესება არ გაზრდილა  და მიწის პრივატიზაციის შედეგები წლების განმავლობაში უაპელაციოდ შენარჩუნდა.

აღსანიშნავია, რომ ის პირები, რომლებმაც იხეირეს 90-იანების პრივატიზაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები იყვნენ არა მხოლოდ საბჭოთა ეპოქის დასკვნით ეტაპზე, არამედ შეინარჩუნეს თანამდებობები დამოუკიდებელი საქართველოს არა ერთი მთავრობის პირობებში და ზოგიერთი მათგანი დღესაც სახელმწიფო თანამდებობას იკავებს, ან ნათესაური კავშირები აქვს ამჟამინდელ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან. „ეს ადამიანი ვისაც ჩვენი სოფლის მიწები აქვს გაფორმებული, კომუნისტების დროს რაიკომში მუშაობდა, შემდეგ შევარდნაძის და სააკაშვილის დროს გამგებელი იყო და ახლა რამდენიმე წლის წინ მოხსნეს, თუ პენსიაზე გავიდა. აქ აღარ ცხოვრობს, მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩვენგან ფულის მისაღებად ჩამოდის“ - ასე აღწერს ერთ-ერთი გლეხი მის სოფელში მიწის გადანაწილებას და ადამიანს, რომლისგანაც მიწა იჯარით აქვს აღებული. ეს ვითარება ყოველთვის ართულებდა და ამჟამადაც ართულებს მიწების სამართლიანად განაწილებისთვის ბრძოლას. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსახლეობა ნიჰილისტურად არის განწყობილი. მათთვის არსებული მდგომარეობის ცვლილება შეუძლებლად მოჩანს.

ნიჰილიზმს ამძაფრებს ისიც, რომ მიწების უთანასწორო განაწილებამ მოსახლეობის კლასობრივი დაყოფა დააფუძნა. ის ერთეული ადამიანები, რომლებიც ფლობენ დიდ მიწის რესურსებს, იჯარის წესით გასცემენ სოფლის დანარჩენ მოსახლეობაზე მიწებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს „კულაკები“ უზრუნველად ცხოვრობენ, ზოგი მოსკოვში, ზოგი ერევანში და მხოლოდ კუთვნილი საიჯარო ქირის მისაღებად ბრუნდებიან სოფლებში. სოფლის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შრომითი მიგრაციით არ მიდის უცხოეთში, იძულებულია ადგილზე მოჯამაგირედ იმუშაოს და სხვის მეურნეობას მიხედოს, ან იჯარით აიღოს მიწა მდიდარი თანასოფლელისგან. ისინიც კი ვინც მუყაითი შრომით ახერხებენ მეურნეობის მეტ-ნაკლებად მოწყობას, ვერ ახერხებენ არსებულ უთანასწორობაში წინსვლას, სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას. „ყველაფერი რასაც აქ ხედავთ ჩემი შრომით შექმნილია. როგორც წარმატებული ფერმერის მაგალითი გერმანელ სტუმრებს დაათვალიერებინეს ჩემი მეურნეობა. გერმანელებს ძალიან მოეწონათ ყველაფერი, წამიყვანეს გერმანიაში, რომ ახალი რაღაცები შემესწავლა. გერმანიაშიც ვიყავი, ჩეხეთშიც, სხვაგანაც.. ბევრი რამ ვნახე, მაგრამ აქ რაც გავაკეთე არაფერში სახელმწიფოს არანაირი ხელშეწყობა არ მქონია. ასეთ პატარა მიწის ნაკვეთზე როგორ უნდა იარსებოს ოჯახმა?“ - გვიყვებოდა თავის საქმიანობაზე ადგილობრივი ფერმერი, რომელსაც მცირე ნაკვეთზე სხვადასხვა პირუტყვის სადგომები მოეწყო, მაგრამ მიწის სიმცირის გამო, მაინც სხვისგან უწევს ჩალის შეძენა, რაც ხარჯებს უზრდის. მისი თქმით, ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე რძე, რომელსაც თავად ყიდის.

სოფლად არსებული ვითარება დღითიდღე უარესდება. მოსახლეობის ბუნებრივი მატების გამო, ოჯახების საჭიროებებიც იზრდება. სამცხე ჯავახეთის განვითარების სტრატეგიის თანახმად: რეგიონის სოფლის მეურნეობა ძირითადად წარმოდგენილია შინამეურნეობებით, მათი 73 % სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებს, ხოლო დანარჩენი 27%-თვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ამასთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციის დონე ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციის მაჩვენებელზე მაღალია.[2] მიუხედავად სოფლის მეურნეობის საქმიანობაში არსებული მრავალი დაბრკოლებისა (სარწყავი სისტემების მოშლა, რთული კლიმატი, მიწების უთანასწორო გადანაწილება და სიმცირე, იმპორტირებულ პროდუქციასთან საბაზრო კონკურენცია) სოფლის მეურნეობაში წარმოებული მთლიანი დამატებული ღირებულების უდიდესი წილი სამცხე-ჯავახეთზე მოდის, რის ძირითად მიზეზადაც რეგიონული წარმოების კონსოლიდაცია (კარტოფილი, ხორცი, რძის პროდუქტები, ასევე მაღალი დამატებითი ღირებულების კალმახი) მიიჩნევა.[3]  

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ადრე არსებობდა მიწის სარეზერვო რესურსი, რომელიც ითვალისწინებდა, სწორედ ახალი ოჯახებისთვის მიწების გამოყოფას, მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში მიწის რესურსების სისტემურად გამოყენება, მათი ამგვარი კატეგორიზაცია არ ხდება. საქართველოში 2005 წლიდან მიწის გამოყენების ბალანსის შედგენა შეწყდა[4] და არ არსებობს სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართული პოლიტიკა მიწის რესურსების გამოყენების შესახებ. როგორც ახლად შექმნილ სსიპ მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცეს სარგებლობის უფლებით სოფლის მაცხოვრებლებზე კოლექტიურად. თუმცა მანამდე ამ საძოვრების აღრიცხვის და სისტემატიზაციის სამუშაოებია ჩასატარებელი. უკვე მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების შესახებ კი სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება არ იგეგმება კერძო საკუთრების უზენაესობის პრიმატიდან გამომდინარე. ხარვეზებით მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის ამჟამად მიმდინარე  პროცესიც, რომელიც 2016 წლის კანონის[5] საფუძველზე გამარტივებულია, მაგრამ ვერ აგვარებს მიწის შესახებ წარმოქმნილ სოციალურ დაპირისპირებებს. ამ პროცესის შესახებაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, არსებობს უნდობლობა პროცესის მიმართ, პროცედურები არ არის საკმარისად განმარტებული მოქალაქეებისთვის. რეგისტრაციის პროცესი მეტწილად სპორადულია, რაც ნიშნავს, რომ გაფანტულად, თავად მოქალაქეების სურვილით, შემთხვევითად ხდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მოუწოდებდნენ[6] სახელმწიფოს აქცენტი სისტემურ რეგისტრაციაზე გაეკეთებინა, რაც შეამცირებდა გაურკვევლობებს, გადაფარვას, შესაბამისად მეზობლებს შორის დავებს და რეგისტრაციის პროცესსაც ააჩქარებდა, სახელმწიფომ ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო მასშტაბური სისტემური რეგისტრაცია.

ეშტია, თორია, გორელოვკა, ტამბოვკა, საღამო, სპასოვკა, ორლოვკა, ნინოწმინდა და სხვა, ეს იმ დასახლებების ჩამონათვალია, სადაც 1990-იან წლების რეფორმის შედეგად არათანაბრად განაწილებული სათიბების  ფერმერებზე  გასხვისებული საძოვრების გამო 2020 წელს მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და მოხდა არა ერთი სოციალური დაპირისპირება[7]. მუნიციპალიტეტიც გვერდს ვერ უვლის მიწის შესახებ დაპირისპირებების სიმწვავეს და მისი გადაჭრის აუცილებლობას.[8]მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასაც ენიჭება გარკვეული როლი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესით ცნობის საკითხში, სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ აღიარების კომისიაში საქმეების გაჭიანურება, დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზია.[9] შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ მონიტორინგის საკითხის ეფექტურობაც ეჭვ ქვეშ დგება. ჩვენთან საუბარში ვერც ნინოწმინდის მაცხოვრებლები იხსენებდნენ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მათი პრობლემების თაობაზე მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

მიწის უთანასწორო განაწილების პრობლემის მოგვარებას ნინოწმინდაში მაცხოვრებელი გლეხები მათი საერთო, კოლექტიური ინტერესების დაცვაში ხედავენ. მათი აზრით, სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს სოფლად ძლიერი მეურნეობების არსებობით, სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდით, ადგილობრივი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებით, სოციალური დაპირისპირებების რისკის შემცირებით.  თუმცა ამჟამად შიდა მეურნეობებით მოსახლეობა თავის რჩენასაც კი ვერ ახერხებს ხშირად, არათუ განვითარებას, და ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს შრომით მიგრაციაში უწევს წასვლა.  გლეხების აზრით, ჯავახეთში შრომა და ცხოვრება ერთეული ადამიანების გარდა ყველასთვის სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, რაც კიდევ უფრო გაართულებს ახალგაზრდების შენარჩუნებას სოფლად და მთლიანობაში მოსპობს რეგიონის განვითარების პერსპექტივას. 

pr.gov.ge/p/1465

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რეგიონული უთანასწორობების ანალიზი. 2016წ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3Da3k3r

[2] სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014 – 2021 წლებში. ხელმისაწვდომია: http://gov.ge/files/275_38377_633986_137318.09.13%E2%80%931.pdf

[3] რეგიონული უთანასწორობების ანალიზი. 2016წ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Da3k3r  

[4] მიწის რესურსების გამოყენების აქტუალური პრობლემები საქართველოში. ხელმისაწვდომია: https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/231.

[5] საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3306633?publication=9

[6] მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკანონმდებლო პლატფორმის ანგარიში: დიალოგის პროცესი და შედეგები. ხელმისაწვდომია: https://pdf.usaid.gov/pdf_docs/PA00M6QK.pdf.

[7] ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები საძოვრებისა და წყლის პრობლემას აპროტესტებენ. ხელმისაწვდომია: https://droa.ge/?p=71109; დაპირისპირება საძოვრების გამო. ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=qIgjVhVq0x0; ნინოწმინდაში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს, პროტესტის მიზეზი სათიბი ფართობებია. ხელმისაწვდომია: https://droa.ge/?p=77845; ნინოწმინდასა და ტამბოვკაში საძოვრების პრობლემა აქვთ. ხელმისაწვდომია: https://sknews.ge/ka/old/27995; გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ – სპასოვკის მცხოვრებლები მთავარეპისკოპოს სპირიდონს სათიბების მითვისებაში ადანაშაულებენ. ხელმისაწვდომია: https://sknews.ge/ka/news/32556;

[8] ნინოწმინდაში მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა. ხელმისაწვდომია: https://sknews.ge/ka/old/28265.

[9] მიწის რეგისტრაციის რეფორმა. ხელმისაწვდომია: https://na

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“