საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ორი ძალადობრივი შემთხვევის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივს და კონტექსტს ატარებდა. ორივე შემთხვევაში მოძალადე ქართული ენის არცოდნის გამო დაესხა თავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებში ერთი შეხედვით ჩანს ძალადობის მოტივი და კონტექსტი, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკვეთია შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მოტივი. აღნიშნული ძალადობრივი ინციდენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს ხელისუფლების წარუმატებელ და ზედაპირულ ინტეგრაციის პოლიტიკას და ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის სისტემურ პრობლემებს.
2025 წლის 24 სექტემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საშაურმესთან, შეიარაღებულმა პირმა ქართული ენის არცოდნის გამო საშაურმეში დასაქმებულ ეთნიკურად აზერბაიჯანელ დედა-შვილს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღით დაემუქრა. დაზარალებულის მიხედვით, შეიარაღებულ პირს განსაკუთრებული აგრესია მუსლიმების მიმართ ჰქონდა. შეიარაღებული პირი მოგვიანებით პოლიციამ დააკავა და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.
აღმაშენებლის გამზირის ინციდენტამდე 4 დღით ადრე, 19 სექტემბერს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა და იგივე მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, მამუკა გიგანმა, ქართული ენის არცოდნის მიზეზით, ადგილობრივი საკონდიტროს ეთნიკურად აზერბაიჯანელ არასრულწლოვან მოქალაქეს სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგანმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეს მოუწოდა რომ საკუთარ „სამშობლოში დაბრუნებულიყო“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებული არასრულწლოვანის დედას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის გარემომ იძულებით დააწერინა ხელწერილი, რომელშიც იგი აცხადებს რომ მას და მის შვილს მამუკა გიგანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. სწორედ ამ წერილს დაეყრდნო სასამართლო და მამუკა გიგანი 22 სექტემბერს 15,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან. გიგანის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე არ არის ცნობილი მამუკა გიგანი ისევ აგრძელებს თუ არა საჯარო სამსახურში მუშაობას, თუ შეუჩერდა უფლებამოსილება.
წარუმატებელი სახელმწიფო ინტეგრაციის პოლიტიკების პირობებში ათწლეულობის განმავლობაში ეთნიკურად ქართული და ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსახლეობები გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთისგან გაუცხოებულად ცხოვრობენ. ამას მოწმობს ყოფით ნიადაგზე და ეთნიკური კონოტაციით წარმოქმნილი არაერთი კონფლიქტი, რასაც სახელმწიფო სისტემური, პოზიტიური ზომებით ვერ პასუხობს და შესაბამისად, მის პრევენციასაც ვერ ახდენს. ამ პრობლემას მაგალითად სოფელ ნახიდურთან მომხდარი ინციდენტიც ცხადყოფს. 2024 წლის 30 დეკემბერს სოფელ ნახიდურთან ეთნიკურად ქართველი მოქალაქის მიერ მართული ავტომანქანა ორ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სკოლის მოსწავლეს შეეჯახა, რასაც რამდენიმე წუთში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოყვა. შედეგად, ორი სკოლის მოსწავლე ავარიის შედეგად გარდაიცვალა, შეხლა-შემოხლის შედეგად კი 10 პირის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 2021 წელს დმანისში ასევე ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, სინამდვილეში მიუთითებს ინტეგრაციის პოლიტიკის სისტემურ გამოწვევებზე, ასევე უმცირესობებით დასახლებული რეგიონის ისტორიულ, ტრავმატულ კოლექტიურ მეხსიერებაზე სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები სოციალური იზოლაციის პირობებში, არაინკლუზიურ და უთანასწორო გარემოში თანაცხოვრობენ.[1] ყველა შემთხვევაში სახელმწიფომ დააიგნორა დაძაბულობის ფართო სოციალური კონტექსტი და არც სათანადო სამართლებრივი შეფასება და რეაგირება მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები სიმბოლური დანაშაულებია. მისი სამიზნეები კონკრეტული ადამიანები ხდებიან მათი სოციალური მიკუთვნებულობის გამო და ხშირად ეს თავდასხმა მოძალადეების და თავად მსხვერპლის მიერაც აღიქმება როგორც მთელ თემზე თავდასხმა. მსგავსი ტიპის დანაშაულები ანგრევს სოციალურ შეჭიდულობას და თანასწორობას და ხშირად თემთა შორისი კონფლიქტების და ძალადობის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ შეუწყნარებლობის დანაშაულების სათანადო იდენტიფიცირება/კვალიფიკაცია, სათანადო პრევენციული ზომების გატარება და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება არსებითია. სამწუხაროდ, ბოლო წლებია სახელმწიფო ამ ტიპის დანაშაულების მიმართ დემონსტრაციული გულგრილობას და სიბრმავეს იჩენს.
გარდა იმისა, რომ ეთნიკურ შტრიხების მატარებელ კონფლიქტებს სახელმწიფო ვერ პასუხობს პოზიტიური და პრევენციული მექანიზმებით, წლების მანძილზე სახელმწიფომ ვერ შეძლო უმცირესობების ლინგვისტური უფლებების და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით არსებული სისტემური ბარიერების გადალახვა.
ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტური უფლებები არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტით არის გათვალისწინებული და მისი შესრულების ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს. ამ საერთაშორისო დოკუმენტების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობების მიერ ენობრივი უფლების გამოყენება, ერთდროულად აერთიანებს, როგორც სახელმწიფოს მიერ უმცირესობათა ენების მხარდაჭერისა და აღიარების ვალდებულებას, ისე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არ ჩაერიოს უმცირესობათა მიერ საჯარო და კერძო სივრცეებში ურთიერთობისას ენის შერჩევაში.[2] აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულირების სულისკვეთებაა დაიცვას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იმ დომინანტური გარემოსგან, სადაც ისინი იძულებული იქნებიან უარყონ საკუთარი იდენტობა, ენა, კულტურა, და იძულებით ადაპტირდნენ უმრავლესობის მიერ დადგენილ დღის წესრიგთან.[3] ამასთანავე, გარდა იმისა რომ სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს უმცირესობებს საკუთარი ენა გამოიყენონ კერძო და საჯარო ცხოვრებაში, ის ვალდებულია “იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები და სადაც ეს მოთხოვნა პასუხობს რეალურ საჭიროებას, კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომელიც შესაძლებელს გახდის უმცირესობის ენის გამოყენებას ამ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობებში.[4] ნიშანდობლივია, იმის აღნიშვნაც, რომ ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტური საჭიროებების და უფლებების აღიარება პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მონაწილეობასთან და ინტეგრაციასთან.[5]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს დასახული პრიორიტეტები ინტეგრაციის და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით, რომელიც მათ შორის მოიცავს უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების გაუმჯობესებას, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯები და ცვლილებები წლების მანძილზე არ მომხდარა და სისტემური პრობლემები კვლავ გამოწვევად რჩება. უმცირესობები განათლების ყველა საფეხურზე აწყდებიან ბარიერებს, რაც მათ სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნას აფერხებს. მაგალითისთვის: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობაა. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის უკიდურესი დეფიციტის გამო, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ბავშვების ჩართულობა სკოლამდელ განათლებაში 25.5%-ს შეადგენს, მაშინ როცა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ეს ნიშნული 65%-ს უტოლდება[6]. აღსანიშნავია, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წილი სრულ მოსახლეობაში 68.3% და 65.9%-ია, 2024 წლის მონაცემებით, 21 საბავშვო ბაღიდან, ერთიც კი არ მდებარეობს უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
დამაკმაყოფილებელი სიტუაცია არც სასკოლო განათლებაშია - უმცირესობების სკოლებში შეინიშნება სასწავლო პერსონალის ნაკლებობა, ხოლო არსებული პერსონალის კვალიფიკაცია მკვეთრად ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. სკოლებში, სადაც სწავლება უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, ქართული ენის სწავლებას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი ეთმობა, აქვე, სერიოზული პრობლემაა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ნაკლებობაც[7]. შედეგად, 2021 წლის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობების 40.3% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და ცუდად ან ძალიან ცუდად კითხულობს სიტყვებს. ამ მხრივ, კახეთში (პანკისის გამოკლებით) განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა და ეს ნიშნული 63.8%-ს აღწევს. 39.8%-ს, მათივე შეფასებით, ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია. 50.8%-ს ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება ცუდად ან ძალიან ცუდად შეუძლია, ხოლო 42.1% ქართული სატელევიზიო არხებიდან ცუდად/რთულად იგებს ინფორმაციას[8]. ეს მონაცემები ცხადყოფს განათლების სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნებს ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით. ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მისი ბოლო, 2024 წლის შეფასების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც სწავლება უმცირესობების ენაზე მიმდინარეობს. თუმცა არასაკმარისი ადამიანური რესურსების, მასწავლებლების მიერ ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო, ასევე სახელმწიფო ენის სწავლების ადეკვატური მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, ქართული ენის ცოდნის ხარისხი არ უმჯობესდება.
ენის არცოდნის ნიადაგზე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული დისკურსი, სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში არ არის ახალი ფენომენი და ამგვარი სიძულვილის ენის ტალღა არაერთხელ დავინახეთ, მათ შორის პანდემიის დროს, ასევე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან განვითარებული მოვლენების ფონზე. აღნიშნული მძიმე გამოცდილებების მიუხედავად, სახელმწიფოს სათანადო ზომები არ მიუღია სიძულვილის ენის შემცირებისა და უმცირესობების უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის და კამპანიების გატარების მიზნით. უფრო მეტიც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრაქტიკულად დუმს მსგავსი კრიზისული პროცესების დროს და პოსტ-ფაქტუმ რეალობაშიც სრულ უმოქმედობას იჩენს. სწორედ ამ მოვლენების ფონზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, 2024 წელს მოუწოდა სახელმწიფოს მიიღოს შესაბამისი ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისკენ გაკეთებული მოწოდებების ეფექტიანი გამოძიების, დევნის და დასჯის მიზნით; ასევე მიიღოს ზომები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ არსებული სტერეოტიპების და ცრურწმენების წინააღმდეგ, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კამპანიებით და სიძულვილის ენის გამოხატვის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებით.[9]
წლების განმავლობაში ინტეგრაციის პოლიტიკის მოჩვენებითმა და ზედაპირულმა შინაარსმა ჩვენი საზოგადოების სოციალური ქსოვილის ფრაგმენტაცია და თემთა შორის იზოლაცია გამოიწვია. ფრაგმენტაციისა და გაუცხოების ეს პროცესი სათანადოდ არ არის აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან. მეტიც, სახელმწიფოს უმოქმედობა, ქმედითი ნაბიჯების არარსებობა და ზემოთაღწერილი სისტემური პრობლემების არდანახვა კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას და სიძულვილის ენას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მსგავსი სახის ძალადობრივი ქმედებების დაგმობას მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭოს და სამართლებრივი ზომების მიღების დროსაც დისკრიმინაციული მოტივების გამოვლენა სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტული მიმართულება გახდეს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
მომხდარი თავდასხმებისა და ძალადობის საქმეებში გამოკვეთონ შეუწყნარებლობის მოტივი და გამოძიებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, ასევე დამნაშავე პირების მიმართ არ გამოიყენოს დაუსჯელობისა და ძალადობისა და სიძულვილის წახალისების მიდგომა;
მიიღონ პრევენციული ზომები მსგავსი ძალადობის აღკვეთის მიზნით და მათ შორის, საზოგადოებასთან აწარმოონ სათანადო კომუნიკაცია მსგავსი შემთხვევების მიმართ სახელმწიფოს მკაცრი მიდგომების შესახებ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
მიიღოს სათანადო ზომები მსგავსი დანაშაულების მძიმე სოციალური შედეგების შესამცირებლად და განსაკუთრებით მარნეულის, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს თემთა შორისი დიალოგისა და კავშირების შენებას და შესაძლო კონფლიქტების პრევენციას.
აწარმოოს კამპანია უმცირესობების უფლებებისა და თანასწორობის შესახებ და ამ კუთხით სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულებების შესახებ.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქამრან მამადლი, კონსტანტინე ჩაჩიბაია, დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები, 2021.
[2] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, 27-ე მუხლი; ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ, მე-10 მუხლის 1-ელი ნაწილი.
[3] Report on the Linguistic Rights of Persons Belonging to National Minorities in the OSCE Area, Organization for Security and Co-operation in Europe, 1999.
[4] ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი.
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ანი ისაკაძე, „ ლინგვისტური უფლებების აღიარება საერთაშორისო სამართალში და ქართული რეალობა“, 2023
[6] Study on Quality of Early Childhood Education and Care in Georgia, Unicef, Summary, 2018, 6-7.
[7] Fourth Opinion on Georgia , პარა. 138-150
[8] ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის ( გარიყვის ) კვლევა - ანალიტიკური ანგარიში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, 2022, 74-75.
[9] Fourth Opinion on Georgia , პარა. 81.
ინსტრუქცია