[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

1 წელი ჭიათურაში მორიგი სოციალური კრიზისის დაწყებიდან - ქალაქი ამ დღეს განადგურებული ეკონომიკით და ოთხი უსამართლო პატიმრით ხვდება

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჭიათურა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს. ამ ერთი წლის განმავლობაში სამსახური დაკარგა დაახლოებით 1500-მა მაღაროელმა, ხოლო პროტესტში მონაწილე ოთხი ადგილობრივი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

გასული წლის 28 თებერვალს მშრომელების უწყვეტი პროტესტის დაწყება მოჰყვა კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევას და ხელფასის ჩარიცხვის დაგვიანებას. „ჯორჯიან მანგანეზი“ 2024 წლის 31 ოქტომბრიდან „სპეციალურ რეჟიმზე“ იმყოფებოდა და ამ პერიოდში მაღაროების მუშაობა შეჩერებული იყო, ხოლო დასაქმებულები იღებდნენ ხელფასის მხოლოდ 60%-ს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია აცხადებდა, რომ 2024 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე - 4 თვიანი პერიოდი - გამოყენებული იქნებოდა „კრიზისის დაძლევის გეგმის“ შესამუშავებლად. სინამდვილეში, მაღაროელების თქმით, იმის ნაცვლად, რომ 1 მარტიდან მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში განახლებულიყო, თებერვალში, მათ კუთვნილი ხელფასის 60%-იც კი არ ჩაერიცხათ, როგორც ამას მათ კომპანია ჰპირდებოდა.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ მშრომელების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით 3 500 მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რამაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისი შექმნა. მშრომელები, რომლებიც მთლიანად “ჯორჯიან მანგანეზიდან” მიღებულ ანაზღაურებაზე იყვნენ დამოკიდებული, მოულოდნელად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ამ პირობებში სახელმწიფო მთელი წლის განმავლობაში უხეშად უგულებელყოფდა პროტესტში ჩართულ მაღაროელებს და მიუხედავად არაერთი თხოვნის თუ მოწოდებისა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არც ერთ ეტაპზე არ შეხვდნენ უხელფასოდ დარჩენილ მაღაროელებს. უფრო მეტიც, ჭიათურელი მაღაროელები დემონსტრაციულად არ მიიწვიეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მაღაროელების პროტესტის პარალელურად, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2025 წლის აპრილში, როდესაც “ჯორჯიან მანგანეზის” ახალმა მმართველმა კომპანიამ „Chiatura Management Company”-მ ჭიათურაში რეორგანიზაციისა და მაღაროელების მასობრივი დათხოვნის პროცესი დაიწყო. 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში სამთო წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის პროცესს სათავეში ჩაუდგა მიხეილ სოცკი, რომელიც იქამდე ცნობილი იყო როგორც ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის მმართველი.

რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც 23 აპრილს გამოცხადდა, იმთავითვე უკანონო იყო და წარიმართა როგორც საქართველოს შრომის კოდექსის, ისე შრომის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით, მათ შორის, სრულად იქნა უგულებელყოფილი მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი გეგმავს მასობრივ დათხოვნას, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში დაიწყოს კონსულტაციები დასაქმებულთა გაერთიანებასთან შესაძლო შეთანხმების მიღწევის განზრახვით. მსგავსი კონსულტაციები, როგორც პროფკავშირების გაერთიანებამაც დაადასტურა, არ გამართულა.

აპრილის ბოლოს პროტესტის მონაწილე ოთხი ადგილობრივის - მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძის და თენგიზ გველესიანის დაკავებას - უმძიმესი გავლენა ჰქონდა მაღაროელების პროტესტზე და კომპანიას პრაქტიკულად ხელი გაუხსნა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა 1500-ზე მეტი ადამიანი ისე, რომ ჭიათურისთვის ამ მოვლენის სიმძიმე დანარჩენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი, ადგილობრივების მიერ ჩვენთვის გაზიარებული ცნობების მიხედვით კი, მაღაროებში მანგანუმის მოპოვება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ხოლო რეორგანიზაციის დაწყებამდე მომუშავე 3500 ადამიანიდან დაახლოებით 1500-2000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, რაც ქალაქისთვის, რომლის ეკონომიკა მთლიანად კომპანია “ჯორჯიან მანგანეზზე” იყო დამოკიდებული, უმძიმესი სოციალური კატასტროფის ტოლფასია. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მიმდინარე საბანკო ვალდებულებები, რომელიც კატასტროფულ ტვირთად აწევს მაღაროელებს - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ვეღარ ახერხებენ სესხების გადახდას, რაც საბანკო ჯარიმების მოცულობას კიდევ უფრო ზრდის.

ჭიათურელები ჰყვებიან იმ გავლენებზე, რაც მაღაროელების მასობრივ დათხოვნას მოჰყვა: შემცირებულია ქალაქში მოქმედი მცირე ბიზნესების მუშაობა, დასაქმებულების ნაწილი მშენებლობაზე და სხვა ფიზიკურ სამუშაოზე თბილისში გადავიდა, ნაწილმა კი საერთოდ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა.

წლების განმავლობაში ხელისუფლება, არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მონოინდუსტრიული ქალაქის რესურსზე მიჯაჭვულობის მოცემულობა შეეცვალა და შეექმნა პირობები ეკონომიკის ალტერნატიული დარგების განსავითარებლად. შედეგად, მანგანუმის მოპოვების შემცირებას მაშინვე მოჰყვა უმძიმესი შედეგები ქალაქისთვის, რომელიც უამრავმა ადამიანმა უკვე დატოვა და მომავალში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მძიმე სურათია მოსალოდნელი. ამ ფონზე, პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩენს და დემოგრაფიული საკითხების გადაჭრაზე საუბრობს, აბსოლუტურად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსამსახუროდ დარჩენილი ასობით მაღაროელს და მათ ოჯახებს მინიმალური მხარდაჭერა მაინც აღმოუჩინოს, რათა კიდევ ერთი ქალაქი ადგილობრივებისგან არ დაიცალოს.

თუმცა, ჩვენთვის ნათელია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავად არის ჩართული მშრომელთა ექსპლუატაციაში, ვერ იქნება ამ ჩაგვრის აღმოფხვრის რეალური ინიციატორი. უკვე წლებია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ოფიციალურად სახელმწიფო მართვის ქვეშ იმყოფება, ხოლო არაოფიციალურად არაერთი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, რომ ბუნებრივი რესურსიდან მიღებული შემოსავალი „ქართული ოცნების“ ინტერესებს სასარგებლოდ ნაწილდება.

ამდენად, ჭიათურა რჩება მშრომელების ექსპლუატაციის, გარემოს განადგურების და უმძიმესი უსამართლობის კერად. იმედს გვაძლევს მხოლოდ ის, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მაღაროელები, კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი თანამებრძოლების თავისუფლების და სამართლიანი შრომითი და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მოთხოვნით, ხოლო სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ გააგრძელებს მშრომელების მხარდაჭერას.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“