საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მაღაროელების და მათი თანამებრძოლების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დაადგინა. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი პირველი ინსტანციის სასამართლოს უსამართლო და დაუსაბუთებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე შეეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს. 2025 წლის 1 მაისს, დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლომ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა 12 ივნისს და 17 ივლისს, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, რომ გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეპიზოდს, რომლის გამოც დაკავებულებს მსჯავრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის დაედოთ, ადგილი ჰქონდა ჭიათურაში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის ფარგლებში, რომელიც დღემდე გრძელდება. გასული წლის მარტიდან “ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა, მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას აღმოჩნდა. მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას ითხოვდნენ. სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო.
მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებული გარემოებები არ შეესაბამება ქმედების კვალიფიკაციას და მოცემულ შემთხვევაში ორგანიზებულ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მერაბ სარალიძის ინტერესებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს წარუდგენს პოზიციას, რომელშიც მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის ბრალეულობას. უფრო ზუსტად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული რაიმე მოქმედება რაც დაადასტურებდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს. კერძოდ, არ დასტურდება, რომ დაზარალებულ თ. კ.-ს ავტომობილს გზა ჩაუკეტეს სარალიძის მითითებით, არ დგინდება მისი რაიმე სახის კავშირი ქვემოდან ამოვალ ავტომობილებთან და ავტომობილების მძღოლებთან და ამავე დროს დგინდება, რომ მოძრაობა შეფერხდა ობიექტური გარემოებების გამო და რაიმე წინასწარ განზრახულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. არ ფიქსირდება სატელეფონო კავშირი და შესაბამისი კომუნიკაცია, რომელიც ქმედების ორგანიზებისკენ იქნებოდა მიმართული. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ძალადობრივ ქმედებებში. ამის საპირისპიროდ, თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულის სიახლოვეს არაერთი პირი იყო, მათ შორის უცნობი პირები, ხოლო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულზე მიუთითებენ არ არის სანდო და ურთიერთშეთანხმებული, ცალკეულ შემთხვევებში ისინი მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს მერაბ სარალიძის და, ზოგადად, მაღაროელების უფლებების დაცვას. ეს საქმე კიდევ ერთი ილუსტრაციაა ხელისუფლების ანტისახალხო პოლიტიკისა, რომელიც მსხვილი კაპიტალის ინტერესის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დაბალანსების ნაცვლად, მშრომელების უფლებებს ფეხქვეშ თელავს და პროტესტში ჩართულ სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სისხლის სამართლის სისტემის გამოყენებით სამაგალითოდ სჯის, რითაც სოციალური წინააღმდეგობის საბოლოოდ დათრგუნვას ცდილობს.
ინსტრუქცია