[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

დღეს, ქუთაისში ჭიათურაში დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება

2025 წლის 1 აგვისტოს, 14:00 საათზე ქუთაისის რაიონულ სასამართლოში ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. საქმეს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი განიხილავს, რომელიც მოსამართლედ 18 ივლისს დაინიშნა და მაღაროელების საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც იგი მოსამართლის რანგში განიხილავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე შეეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.

2025 წლის 1 მაისს, მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, რომელთა ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლომ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა 12 ივნისს და 17 ივლისს, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, რომ გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, ჭიათურელი მაღაროელები უკვე 150 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ მათი უფლებების უმძიმეს დარღვევებს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამ მდგომარეობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა. ამასთან, კომპანიაში გამოცხადებული უკანონო რეორგანიზაციის შედეგად, ასობით მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლდა.

სოციალური სამართიანობის ცენტრი აგრძელებს მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძის ინტერესების დაცვას და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“