[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურაში დაკავებულების საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

2025 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე ქუთაისის რაიონულ სასამართლოში ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც სასამართლო, მათ შორის, განიხილავს მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე შეეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.

2025 წლის 1 მაისს, მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, რომელთა ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 12 ივნისს სასამართლომ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, რომ გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესაც მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, ჭიათურელი მაღაროელები უკვე 30-ე დღეა შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა. მოშიმშილეების, განსაკუთრებით კი მშრალ შიმშილობაზე მყოფი ადგილობრივების, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყოველდღიურად საგანგაშო ხდება.

ჭიათურელი მაღაროელები მიმდინარე წლის თებერვლიდან საპროტესტო აქციებს მართავენ კომპანიების, "ჯორჯიან მანგანეზისა" და Chiatura Management Company-ის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევების გამო. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამ მდგომარეობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა

სოციალური სამართიანობის ცენტრი აგრძელებს მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძის ინტერესების დაცვას და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“