[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ჭიათურაში დაკავებულების მიმართ გამოყენებული  პატიმრობის ძალაში დატოვებაზე 12 ივნისს იმსჯელებს

2025 წლის 12 ივნისს, 14:30 საათზე ქუთაისის რაიონული სასამართლო ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის მიმართ შეფარდებულ პატიმრობას გადასინჯავს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 17 ივლისს ჩატარდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე შეეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.

2025 წლის 1 მაისს, მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, რომელთა ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სასამართლო ვალდებულია, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი და დღევანდელი სასამართლო სხდომის მიზანიც სწორედ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის, გადახედვაა.

საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთება ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე და ჭიათურელების კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი ნეფარიძის სახელით, ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებულ მექანიზმს, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელსაც მიმართა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმართვა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებას ეხება, რომელმაც გარემოსა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კომპანიის მიერ მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევებისა და სახელმწიფოს მიერ ჭიათურის წინაშე არსებული გამოწვევების სრული უგულებელყოფის პირობებში, აქტივისტები სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან. ამისთვის ისინი ისჯებიან და დევნისა და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან. სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული დაკავებული ჭიათურელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეც, რომლის ფონია ჭიათურაში თებერვლიდან მიმდინარე პროტესტი და უმძიმესი სოციალური და ჰუმანიტარული ვითარება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.

სოციალური სამართიანობის ცენტრი აგრძელებს მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძის ინტერესების დაცვას და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“