[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით გარემოს დამცველთა საკითხზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორჰუსის კონვენციით[1] გათვალისწინებულ მექანიზმს, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს, მიმართა. საჩივარი აქტივისტის - გიორგი ნეფარიძის, სახელით გაიგზავნა, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმართვა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებას ეხება, რომელმაც გარემოსა და ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კომპანიის მიერ მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევებისა და სახელმწიფოს მიერ ჭიათურის წინაშე არსებული გამოწვევების სრული უგულებელყოფის პირობებში, აქტივისტები სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან. ამისთვის ისინი ისჯებიან და დევნისა და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2006 წელს, 40 წლის ვადით მოიპოვა. კომპანია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მოპოვებით საქმიანობას აწარმოებდა, რასაც მიწის ჩაქცევა, სახლების მნიშვნელოვანი დაზიანება და ნგრევა მოჰყვა. დაზიანდა გზები, სკოლა, ეკლესიები და სასაფლაო, ასევე, დაბინძურდა გარემო. თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას მშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.

“ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, შუქრუთში 150-მდე ოჯახის უძრავი ქონება (სახლი და მიწა) დაზიანდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში კომპანია თავს არიდებდა, სრულად და სამართლიანად აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი ადამიანებისათვის, რომლებიც პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩნენ. პირიქით, “ჯორჯიან მანგანეზმა” პროტესტში მონაწილე 33-მდე ოჯახიდან მხოლოდ 5-6 შინამეურნეობას გადასცა წინასწარი შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაცია. მეორე მხრივ, ოჯახების ნაწილს კომპენსაცია არასრულად გადაეცა, ხოლო 18 შინამეურნეობას საერთოდ არ მიუღია რაიმე ტიპის კომპენსაცია.

ჭიათურაში შექმნილ კრიზისსა და უფლებების უხეშ დარღვევას ადგილობრივები უკვე რამდენიმე წელია, აპროტესტებენ. სხვადასხვა დროს ისინი როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში, მართავდნენ აქციებს და პროტესტის უკიდურეს ფორმებს - შიმშილსა და პირის ამოკერვას, მიმართავდნენ. პროტესტი ახალი ძალით 2024 წლის მარტში, “კოროხნალის” მაღაროს შესასვლელთან გაგრძელდა - ადგილობრივებმა მაღაროს შესასვლელი ჩაკეტეს და კომპანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და ყველა დაზარალებულისთვის ადეკვატური კომპენსაციის გაცემა მოითხოვეს.

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ნაცვლად, პროტესტის დასუსტებისთვის კომპანიამ და “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ მეთოდებს მიმართა. კერძოდ, 2024 წელს, მაღაროს შესასვლელის ბლოკირებისათვის პროტესტის სამი მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წელს პროტესტის 4 მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაც დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ზემოაღნიშნულ ბერკეტთან ერთად, პროტესტის წინააღმდეგ კომპანიამ საჩხერის რაიონულ სასამართლოს საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელით (ე.წ. SLAPP Lawsuit) მიმართა და პროტესტის მონაწილეებისთვის კომპანიის მუშაობისთვის ხელშემშლელი საქმიანობების აკრძალვა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 2024 წლის აგვისტოში, კომპანიამ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, 30 ადამიანის წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს, დროებითი ღონისძიების სახით კი მათი ქონების დაყადაღება მოითხოვა. “ჯორჯიან მანგანეზს” აღნიშნული მოთხოვნაც, სასამართლომ დაუსაბუთებლად დაუკმაყოფილა.

პროტესტის დასუსტებისთვის ასევე გამოყენებული იყო 5 მაღაროელის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლება, რამაც მათი და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე უმძიმესი ზეგავლენა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ქმედებები აქ არ შეჩერებულა. მიმდინარე წლის მარტში “ჯორჯიან მანგანეზმა” განაცხადა, რომ მიწისქვეშა მოპოვების სამუშაოები აღარ გაგრძელდებოდა, რამაც ჭიათურა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ამასთან, კომპანიამ აპრილში რეორგანიზაციის პროცესი გამოაცხადა, რომლის წარმართვაც რუს ოლიგარქს - მიხაილ სოცკის, დაევალა. რეორგანიზაციის შედეგად, 19 მაისს, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოცხადდნენ. ამ გადაწყვეტილებით, მაღაროელები და მათი ოჯახები ფაქტობრივად შიმშილისა და საბანკო ვალდებულებების გამო საცხოვრებლის დაკარგვისათვის გაიწირნენ.

იმ უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, რის წინაშეც ჭიათურელები დგანან, სახელმწიფო არ იღებს ღონისძიებებს მათი მხარდაჭერისთვის. პირიქით, იგი მშრომელებს კომპანიის წინაშე მარტოდმარტო ტოვებს. ეს გასაკვირი არცაა იქიდან გამომდინარე, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები თუ კომპანიასთან დაკავშირებული პირები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და მსხვილი შემომწირველები არიან და სახელმწიფოსგან თვითონაც არაერთ ბენეფიტს იღებენ.

ამ და სხვა არაერთი სისტემური გამოწვევიდან გამომდინარე, გიორგი ნეფარიძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გარემოს დამცველების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებას, გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და გარემოს დამცველების საქმიანობისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნას ითხოვს.  

აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის მექანიზმი ორჰუსის კონვენციის ფარგლებშია შექმნილი და მის ფუნქციას გარემოს დამცველთა და აქტივისტთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, თემატური საჩივრების სწრაფი და ეფექტიანი განხილვა, მყისიერი დაცვითი ღონისძიებების მიღება, და მთავრობებისა და ადამიანის უფლებათა რელევანტური ორგანოების წინაშე პრობლემური საკითხის დაყენება წარმოადგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გააგრძელებს ჭიათურელი მაღაროელებისა და, ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის, უფლებებისა და ინტერესების დაცვას და მოვლენათა განვითარების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია გარემოსდაცვით საკთხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“