საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის პირველ მაისს, ქუთაისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულ მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებს, გიორგი ნეფარიძეს და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2025 წლის 28 აპრილს, თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც იმავე ღამით ჭიათურის მცხოვრებლები დააკავეს. გიორგი ნეფარიძის და მერაბ სარალიძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ და მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთება ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე, ნაკლებად მზღუდავი აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენება, სრულად უზრუნველყოფდა ერთი მხრივ, ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას და ამასთან ერთად, მათ მიერ თუნდაც რაიმე სახის სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. ამასთან, გასათვალისწინებელია დაცვის მხარის მიერ შეთავაზებული გირაოს ოდენობა, 5000 ლარი, რაც კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საკმაოდ მძიმე მზღუდავ საშუალებად უნდა იყოს მიჩნეული.
მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო თუმცა, 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. თენგიზ გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას სდებენ ბრალად, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს სარალიძესა და ნეფარიძეს დაკავების დღიდან, 29 აპრილიდან შიმშილობა აქვთ გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად იქცა საპროტესტო პროცესებში მონაწილე პირთა საქმეების სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე წარმართვა. 2024 წელს, ეგრეთ წოდებული “რუსული კანონის” მიღების დროს, პროტესტში აქტიურად ჩართული ათობით პირი კრიმინალურ პოლიციაში, სწორედ 225-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ, 225-ე მუხლის საფუძველზე გამოკითხვა სისტემურად გამოიყენება პროტესტებში ჩართულ პირთა მიმართ, თუმცა, იმ სამოქალაქო აქტივისტების საქმეებში, რომლებიც თავად გახდნენ ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი, გამოძიება დღემდე ვერ ახერხებს პასუხისმგებელი პირების დადგენას და საქმისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემას.
ინციდენტის ფონია ასევე ჭიათურაში თებერვლიდან მიმდინარე პროტესტი და უმძიმესი სოციალური და ჰუმანიტარული ვითარება. როგორც ცნობილია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის ხელფასის გადახდა, მაღაროების დაკეტვის შესახებ გამოაცხადა და 3500 ადამიანი სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით სამსახურიდან გაათავისუფლა. თებერვლიდან მოყოლებული მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მშრომელების წარმომადგენლებს არ მიეცათ არც ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამმხრივი კომისიის შეხვედრებში და ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში შესაძლებლობა.
ხელისუფლების მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე, რამდენიმე დღის წინ მაღაროელებს გამოუცხადეს, რომ ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები აღდგებოდა, თუმცა საწარმოს რეორგანიზაციის პირობით, რასაც სათავეში რუსი ოლიგარქი, მიხეილ სოცკი ჩაუდგებოდა. რეორგანიზაციის პროცესში კი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება დაიგეგმა. ამ ფონზე კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მაღაროში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სადავო ინციდენტი მოხდა.
მაღაროელებისა და პროტესტში ჩართული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებამ, შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს და ჩიხში შეიყვანოს ქალაქში არსებული ვითარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეორგანიზაციისა და მაღაროელების უკანონო დათხოვნის პროცესი. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რომ უმოკლეს ვადებში შეხვდნენ მაღაროელებს და დიალოგის რეჟიმში მოძებნონ კრიზისის დაძლევის გზები.
ინსტრუქცია