[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ჭიათურაში რეორგანიზაციის პროცესი უკანონოდ და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისს და მივიჩნევთ, რომ საწარმოში რეორგანიზაციის და თანმდევი პროცესები უკანონოდ და შრომითი უფლებების სისტემური შელახვით მიმდინარეობს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მმართველმა კომპანიამ, „Chiatura Management Company”-მ ჭიათურაში რეორგანიზაციისა და მაღაროელების მასობრივი დათხოვნის პროცესი დაიწყო. პროცესი რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრინციპებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ჭიათურაში შექმნილი სოციალური კრიზისი.

22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში სამთო წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის პროცესს სათავეში ჩაუდგა მიხეილ სოცკი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა ექსპერტის სტატუსით[1]. მოცემული ჯგუფის მუშაობა წარიმართა ცალმხრივად, დამსაქმებელი კომპანიისადმი სასარგებლო მიკერძოებით და დასაქმებული მაღაროელების მიმართ არასამართლიანი მიდგომით. სამუშაო ჯგუფი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შეიქმნა და მის ფორმალურ მიზანს წარმოადგენდა ჭიათურის კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიება. თუმცა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კრიზისი უშუალოდ ეხება - ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე 61 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მხრიდან მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს. სამუშაო ჯგუფში მიწვეული იყვნენ და მონაწილეობდნენ კომპანიის წარმომადგენლები, მაგრამ არა კომპანიაში დასაქმებული მაღაროელები[2]. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობდნენ ასევე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები[3], რომელსაც ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელების დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს[4]. აღნიშნული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული მთავარი ფუნქცია - კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით მოეძებნა გამოსავალი დამსაქმებელ კომპანიასა და დასაქმებულ მაღაროელებს შორის ჩიხში შესული ურთიერთობიდან, არ უზრუნველყო რა დიალოგის პროცესში ერთ-ერთი ძირითადი მხარის - დასაქმებული მაღაროელების მონაწილეობა.

Chiatura Management Company-მ რეორგანიზაციის პროცესი 23 აპრილს დაიწყო. კომპანიის განცხადებით, რეორგანიზაცია ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული. აღნიშნულ მიზეზებს შორის კომპანია მოიხსენიებს ფინანსური მდგრადობის აღდგენის, ხარჯების შემცირებისა და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიურ და ნორმატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებებს. რეორგანიზაციის პროცესი მოიცავს კომპანიაში ყველა დასაქმებული პირის - დაახლოებით 3600 ადამიანის - სამსახურიდან გათავისუფლებას[5].

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის თანახმად დასაქმების შეწყვეტის შესახებ, დასაქმების შეწყვეტისას და დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას დამსაქმებელს ეკისრება მყარი დასაბუთების წარმოდგენის ვალდებულება, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლება განპირობებულია ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიზეზებით გამოწვეული რეორგანიზაციით[6]. „Chiatura Management Company”-მ 3600 დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში უხეშად დაარღვია დასაქმების შეწყვეტასთან დაკავშირებული აღნიშნული ფუნდამენტური პრინციპი. კომპანიამ ყველა დასაქმებულთან მიმართებით შეიმუშავა შაბლონური განცხადების ტექსტი, რომლითაც თითოეული დასაქმებული თავად მიმართავს კომპანიას და აცხადებს თანხმობას რეორგანიზაციის პროცესში სამსახურიდან გათავისუფლებაზე[7]. განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ განყოფილებებს და პოზიციებს ეხება რეორგანიზაცია და რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს იგი განცხადების ხელმომწერი დასაქმებულისათვის. განცხადების სავალალო ასპექტია ასევე ის ფაქტი, რომ მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, ,,დასაქმებულები გაეცნენ განცხადების ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ახალ საშტატო ნუსხას, ვაკანტურ პოზიციებს, სამუშაო აღწერილობებს, ასევე თითოეული პოზიციის შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით პირობას, მათ შორის, სამუშაო საათებს’’, რაც არ მომხდარა. დასაქმებულებს არ მიუღიათ ინფორმაცია განახლებული საშტატო სტრუქტურის, სამუშაო რეჟიმის, სამუშაო აღწერილობებისა და ანაზღაურების შესახებ[8].

ამასთან, კომპანიამ უხეშად დაარღვია საქართველოს შრომის კოდექსით მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი გეგმავს მასობრივ დათხოვნას, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში დაიწყოს კონსულტაციები დასაქმებულთა გაერთიანებასთან შესაძლო შეთანხმების მიღწევის განზრახვით. კონსულტაციები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების ან დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გზებსა და საშუალებებს და დათხოვნილ დასაქმებულთა კვლავ დასაქმების ან მათი გადამზადების მხარდაჭერის შესაძლებლობას. მსგავსი კონსულტაციები, როგორც პროფკავშირების გაერთიანებამაც დაადასტურა, არ გამართულა.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებთან. მათი წუხილები და ინტერესები ხელისუფლების მიერ სრულიად უგულებელყოფილია. ამის ფონზე კი ჭიათურაში დღითიდღე მძიმდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ასეულობით ადამიანი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჭიათურა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზეა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, 28 აპრილს პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც 4 ჭიათურელი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული და პატიმრობა ემუქრებათ.

მოვუწოდებთ ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ და Chiatura Management Company-ს, შეწყვიტონ რეორგანიზაციისა და მაღაროელების მასობრივი დათხოვნის უკანონო პროცესი. მოვუწოდებთ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეხვდნენ პროტესტში მონაწილე მაღაროელებს და მოისმინონ მათი ხედვები არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზების თაობაზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Chiatura Management Company, 22.04.2025:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=122222570654236626&id=61557098790132&ref=embed_post.

[2] დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 28.03.2025:

https://www.facebook.com/mohgovge/posts/pfbid05oarN9W9RP2iR37dSGVrmREYi9UtKqPzmAu7wSTixCE2PMA8nxWc4khBiexrPA56l.

[3] იქვე.

[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 29.03.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturel-magharoelebs-chiaturis-krizisis-shesakheb-shekmnil-samushao-jgufshi-monatsileobis-shesadzlebloba-unda-mietset.

[5] Chiatura Management Company, 23.04.2025:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=122222805116236626&id=61557098790132&ref=embed_post.

[6] International Labour Organization - Note on Convention No. 158 and Recommendation No. 166 concerning termination of employment, page 1 and page 11:

https://www.ilo.org/sites/default/files/wcmsp5/groups/public/@ed_norm/@normes/documents/meetingdocument/wcms_100768.pdf.

[7] ,,მაღაროელი’’, 24.04.2025:

https://www.facebook.com/watch/?v=3498460583796707.

[8] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“