საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ჭიათურაში შექმნილ კრიზისს და მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ჭიათურელ მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, რომელთა სამომავლო ბედიც ამ პროცესზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, 19 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში, „ჯანდაცვის სამინისტრო“) საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით, გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა, რომელზე ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, პროფკავშირების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლების შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“
ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 28 მარტს. ამავე ცნობის თანახმად, შეხვედრაზე მიიწვიეს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლებიც, ხოლო „ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა.“ მსჯელობა შეეხო ასევე მაღაროების დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლებას და ამ მიზნით კომისიის შექმნის საჭიროებას, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტება და მაღაროების არარენტაბელურობის შესახებ კომპანიის არგუმენტაციას შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ არც სამმხრივი კომისიის სხდომაზე და არც 28 მარტს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მიუწვევიათ და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ ჭიათურელ მაღაროელებს, ისევე როგორც ზოგადად ჭიათურის მოსახლეობის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელები, რომლებიც სამსახურის და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, ჯერ კიდევ 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ამგვარი უგულებელყოფა და მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრული გამორიცხვა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ და უფლებრივი პრინციპებს და დაუშვებელია, ასე გაგრძელდეს, მით უფრო, რომ მაღაროელები უკვე დიდი ხანია, უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, რომელიც ამ პროცესში დასაქმებულების მხრიდან მონაწილეობს. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები მშრომელებს არ ემუშავებიან და უფრო მეტიც, ცდილობენ მშრომელების ნაწილის დისკრედიტაციას. 27 მარტს, მძიმე ინციდენტიც მოხდა, როდესაც პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მაღაროელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამწუხაროა, რომ პროფესიული კავშირები, რომელიც შექმნილი შრომითი და სოციალური კრიზისის გადაწყვეტაზე მშრომელებთან ერთად უნდა მუშაობდეს, ამ ფორმით უპირისპირდება მაღაროელებს, რომლებიც მასობრივად სამსახურის გარეშე დარჩნენ და მესამე თვეა ხელფასი არ მიუღიათ.
ზოგადად, სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგის ნაკლოვანებაზე და მისი მუშაობის არაეფექტურობაზე მიუთითებს მის მიერ შემუშავებული ისეთი წინადადებების სიმწირე, რომელიც ხელს შეუწყობდა შრომისა და სოციალური დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას და მათ დაახლოებას რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზია ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგის პროცესი არ არის საკმარისად ინკლუზიური. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დღესდღეობით დაკომპლექტებულია მთავრობის, დასაქმებულთა გაერთიანებების (პროფკავშირების) და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან (თითოეული მხარე კომისიაში წარმოდგენილია 6 პირით).[1] კომისიის მუშაობაში და დიალოგის პროცესში ჩართული არ არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები (რომლებიც არ არიან გაერთიანების წევრები), რომლებსაც უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ შრომითი და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით და, მათ შორის, წარმოადგენენ ისეთი დარგების მშრომელებს, რომლებსაც სამმხრივ კომისიაში მონაწილე პროფკავშირი არ ფარავს.
ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ვერ უზრუნველყოფს მშრომელების რეალურ წარმომადგენლობას და იმ ფონზე, როდესაც თავად მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებას, აუცილებელია, კომისიის ფარგლებში შემუშავებულ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ჭიათურის საკითხს განიხილავს, ჩართული იყვნენ მშრომელების და ჭიათურის მოსახლეობის წარმომადგენლები.
შესაბამისად, მოვუწოდებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ შეხვდეს ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი ჩართულობა სამუშაო ჯგუფის/კომისიის ყველა მომდევნო შეხვედრაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სახელოვნებო სფეროს პროფკავშირი „გილდია“
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
პროფკავშირი „ლაბორი“
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
მედიატორთა პროფესიული კავშირი
[1] საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №159 სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, 2019 წლის 17 მაისი:
ინსტრუქცია