საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ ეხმაურება ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ კატასტროფას და სახელმწიფოს მოუწოდებს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ადგილობრივების ფინანსური მხარდაჭერა და მათი მყისიერი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ზუსტად ერთი თვეა, ჭიათურელი მაღაროელები უწყვეტად მართავენ აქციებს და მათი სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მათ შორის, ხელფასის ანაზღაურებას, ითხოვენ. 24 მარტიდან მათმა ნაწილმა თბილისში გააგრძელა პროტესტი. დღეს, 28 მარტსაც, ჭიათურელი მაღაროელები აქციას მართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მათ მოთხოვნებს შორისაა, ჭიათურის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა, მინისტრთან შეხვედრა, ასევე, უმოკლეს ვადებში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის მოწვევა და მასში მაღაროელების მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს „ჯორჯიან მანგანეზმა“ უარი განაცხადა ჭიათურაში მანგანუმის მიწისქვეშა წესით მოპოვების განახლებაზე, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან შეაჩერა. 2024 წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კომპანია „სპეციალურ რეჟიმზე“ იმყოფებოდა და მაღაროელებს ხელფასის მხოლოდ 60 %-ს უხდიდა. თუმცა კომპანიამ ეს პირობაც დაარღვია და მშრომელებს თებერვლიდან შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ. ჭიათურელი მშრომელების მიმართ “ჯორჯიან მანგანეზის” სახელფასო დავალიანება დაახლოებით 10.1 - 16.2 მილიონ ლარს შეადგენს.
შედეგად, დაახლოებით 3 500 მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს ქმნის. ეს ადამიანები ვეღარ ახერხებენ საკუთარი თავისა და ოჯახების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, საკვების შეძენას. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მიმდინარე საბანკო ვალდებულებები, რომელიც კატასტროფულ ტვირთად აწვება მაღაროელებს - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ვეღარ ახერხებენ სესხების გადახდას, რაც საბანკო ჯარიმების მოცულობას ყოველდღიურად ზრდის. ამ პირობებში მათი კიდევ ერთი მოწოდებაა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კერძო ბანკებმა მათი მიმდინარე საკრედიტო დავალიანებები დროებით შეაჩერონ.
მიმდინარე კრიზისზე საუბრისას, მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, სადაც, მანგანუმის მოპოვების მიღმა, დასაქმებისა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს. ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს - 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი - 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულის პარალელურად, სოციალური დაცვის პროგრამებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 5.8 %-ია გამოყოფილი, რაც ადგილზე არსებული გამოწვევების გამკლავებისთვის საკმარისი არ არის.
მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის არარსებობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასაქმებული ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადებს უხდის, სამსახურის დაკარგვის შემდგომ, მინიმალური დაცვით მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, უმუშევრობის დაზღვევა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბების რისკების შემცირების მნიშვნელოვანი პრევენციული ინსტრუმენტია და გულისხმობს სამსახურის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, მინიმალური მხარდაჭერით შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანების ფინანსურად უზრუნველყოფას. ფინანსური ანაზღაურების ოდენობა ყველა ქვეყანაში განსხვავდება და ძირითადად დამოკიდებულია სადაზღვევო სქემაში დასაქმებულის შენატანებზე.
შესაბამისად, აშკარაა, რომ კომპანიის მხრიდან სახელფასო დავალიანების პირობებში მაღაროელების ოჯახებისთვის რთული იქნება თავის გატანა, სახელმწიფოს სპეციალური, დროებითი სოციალური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც დააკომპენსირების კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებებით მშრომელებისთვის მიყენებულ უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს. სახელმწიფოს მყისიერი ჩარევის გარეშე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდება და რაც ოჯახებს პრაქტიკულად შიმშილის წინაშე აყენებს.
მოსახლეობის სოციალური დაცვა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რაც გათვალისწინებულია როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, ისე საქართველოს კონსტიტუციით. კერძოდ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ასევე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
ამასთან, საერთაშორისო სტანდარტები პირდაპირ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მინიმალური საარსებო პირობები. მაგალითისთვის, ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი. პაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების აღწერისას, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკომპენსაციო მექანიზმი და მოიცვას სოციალური დაცვის შესაბამისი სქემით.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრეცედენტი საქართველოს რეალობაშიც არსებობს. 2018 წელს, ტყიბულში, მინდელის შახტაში 4 ადამიანის დაღუპვისა და შახტის მუშაობის გაჩერების შემდეგ, მეშახტეების ხელფასს სახელმწიფო უნაზღაურებდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, განაცხადა, რომ მოძიებული იქნებოდა ყველა წყარო (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი) იმისთვის, რომ მშრომელებს ანაზღაურება მიეღოთ. მეტიც, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 800 000 ლარის ოდენობით თანხა გამოუყო. დღეს, მოსახლეობის მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფისთვის, მწვავედ დგას იმავე მექანიზმის მყისიერად გამოყენების აუცილებლობა.
იმ კონტექსტში, როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ათასობით ადამიანმა შემოსავალი დაკარგა, და არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევისა და მუნიციპალური მხარდაჭერის მდგრადი სერვისები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მშრომელებისთვის უზრუნველყოს მყისიერი, სპეციალური სოციალური მხარდაჭერა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 90 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საკმარისია, რათა სახელმწიფომ ჭიათურის მოსახლეობა შიმშილისგან დაიცვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფოს:
ინსტრუქცია