[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება

2019 წლის 19 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებულ, სოფელ შუქრუთში მდებარე მაღაროებთან - კოროხნალთან და შუქრუთთან აქცია გამართეს და შესასვლელის ბლოკირების გზით მაღაროების თანამშრომლებს არ მისცეს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. 20 სექტემბერს, დილით ადგილობრივებმა მესამე მაღაროს - ტყე 1-ის სამუშაო პროცესიც შეაჩერეს.

შუქრუთის მაცხოვრებლები შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროებში მიმდინარე სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მაღაროებში მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები აზიანებს შუქრუთის მცხოვრებთა სახლებს და მიწის ნაკვეთებს. ასევე, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები პრობლემურია ხმაურის მხრივაც. წიაღისეულის მოპოვების მიზნით მაღაროებში აფეთქებები ღამის პერიოდშიც მიმდინარეობს. კომპანიისგან არაერთი სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დღემდე არ მომხდარა. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მოითხოვს, რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" დაჩქარებულ რეჟიმში უზრუნველყოს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და ანაზღაურება.

EMC-ის წარმომადგენელი სოფელ შუქრუთში 2019 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლის მცხოვრებთა ჩივილებს. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად (წყლის დაბინძურება, გაუმართავი გზები) სოფლის მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ "ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროების ექსპლოატაციის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი დაასახელა. მათი განცხადებით, მიწისქვეშა აფეთქებების გამო სახლები დეფორმირებულია და  კედლები დაბზარული, ხოლო მოსახლეობის ეზოებში და სამანქანო გზებზე მიწის ჩავარდნის შედეგად ჩნდება ორმოები.

სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე "ჯორჯიან მანგანეზის" რამდენიმე მაღაროა, მათ შორისაა კოროხნალი, შუქრუთი, ტყე 1 და ტყე 2. ზემოთაღნიშნული პრობლემატიკის გარდა, გასულ წლებში ამ მაღაროებში იყო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებიც, რაც დასტურდება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებით.[1] იყო საწარმოო პროცესის შედეგად გარდაცვალების და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებიც. 2018 წლის მარტში შუქრუთის მაღაროში 47 წლის მუშა დაიღუპა[2], ხოლო იმავე წლის მაისში კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა.[3]

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს:

 

"ჯორჯიან მანგანეზს":

  • უზრუნველყოს მაღაროებში სამუშაო პროცესის განხორციელება კანონის მოთხოვნათა დაცვით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საკუთრების, გარემოს და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიუყენებლად;

 

საქართველოს მთავრობას:

  • განახორციელოს სოფელ შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის "საქმიანობის მონიტორინგი და ზეგავლენის შეფასება მოსახლეობის საკუთრების, გარემოსა და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
  • მიიღოს შემდგომი ზომები შუქრუთის მოსახლეობის საკუთრების, გარემოსა და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით;

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტს:

  • აქტიურად ჩაერთოს და მყისიერი რეაგირება მოახდინოს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემების მოგვარების პროცესში და უშუამდგომლოს მოსახლეობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან;
  • მიიღოს შემდგომი ზომები შუქრუთის მოსახლეობის საკუთრების, გარემოსა და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://emc.org.ge/ka/products/shromis-usafrtkhoeba-shukrutis-magharoshi

[2] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე   https://1tv.ge/video/cheris-chamoshlis-shedegad-chiaturis-magharoshi-musha-daighupa/

[3] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე  https://1tv.ge/news/chiaturashi-korokhnaris-magharoshi-musha-dashavda/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“