დღეს ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში სამუშაოს შესრულების პროცესში გვირაბგამყვანი ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩამოშლილ სამთო მასაში მოყვა.[1] მისი ცხედრის ამოყვანა სამაშველო სამსახურებმა რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად შეძლეს. ეს ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულის დაღუპვის პირველი შემთხვევა არ არის.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშის მიმოხილვა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მაისში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაში არსებული ჭიათურის მაღაროებში არსებული შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა შემოწმდა. ინსპექტირება განხორციელდა მათ შორის შუქრუთის მაღაროში, რის შედეგადაც ინსპექტირებამ მაღაროზე 18 დარღვევა გამოვლინა და გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. თუმცა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“-ის ჭიათურის მაღაროებში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმებისათვის რემონიტორინგი არ ჩატარებულა.
ინსპექტირების ანგარიშის თანახმად შუქრუთის მაღაროზე:
- საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას არ არის სრულად გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების დროს არ იყო ამკრძალავი ნიშნებით და მასთან მიახლოება მოხდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების პასპორტი არასრულყოფილია. ასაფეთქებელი ნივთიერებების და მაინიცირებელი მასალების შესანახი ყუთი დაზიანებულია;
- მაღაროში განათება რიგ ადგილებზე არადამაკმაყოფილებელია;
- მაღაროებში არ არის უზრუნველყოფილი მოდინებული წყლის მაქსიმალური ამოტუმბვა;
- ელმავალი არ წარმოებს ყოველი ცვლის წინ სამომხმარებლო კონტროლის დოკუმენტირება/აღრიცხვა. ვაგონების დაგორების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ხის მორები და საბურღი შტანგები და მათი ნამტვრევები. ბუნიკები არასაკმარისია, ნაწილი დაზიანებულია (შტ. უბანი 3; შტ 6. უბანი 2) საწარმოს ეზოს ტერიტორიაზე ადგილი აქვს ვაგონების გადაადგილებას დასაქმებულების მიერ ფიზიკურ ძალის გამოყენებით;
- საწარმოში გამოიყენება ხის კუსტარული კიბეები;
- საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა;
- მოსაწესრიგებელია სახანძრო უსაფრთხოება;
- მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება;
- სამუშაო სივრცეში განთავსებული მაფრთხილებელი/ამკრძალავი ნიშნები დამზადებულია მუყაოსგან და მასზე დატანილი საინფორმაციო ხასიათის წარწერები რთულად აღსაქმელია
- მიმღები ბუნკერი, საყირავი არ არის უზრუნველყოფილი ასპირაციის საშუალებებით
- სამედიცინო პუნქტი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, არ არის მომარაგებული სადეზინფექციო საშუალებებით. მედ პერსონალი არ არის უზრუნველყოფილი სპეცტანსაცმლით
- საამქროები საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, კეთილმოწყობას, დასუფთავებას;
- დასაქმებულების განცხადებით, მუშა-მოსამსახურეების დღიური საკვების და წყლის ულუფა არასაკმარისია. ხშირია საკვებისმიერი ინტოქსიკაციები (ნაწილი ფიქსირებულია სამედიცინო პუნქტის ჟურნალში). ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა კვების პროდუქტების (მათ შორის რძის ნაწარმი) ტრანსპორტირება გამორთული მანქანა-მაცივრით. საკვები ულუფების შენახვა-გაცემა წარმოებს სამედიცინო პუნქტის ფართში;
- საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფართები (საშხაპეენი და სან. წერტილები) საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს - დაზიანებულია ჭერი, იატაკის საფარველი, კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები
- ჟანგბადის ბალონები მოუწესრიგებლადაა განთავსებული საწარმოს ტერიტორიაზე, მიმოფანტულია სამუშაო სივრცეში
- პერსონალი არ არის სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- სპეცტანსაცმელი ირეცხება დასაქმებულების მიერ ინდივიდუალურად, ოჯახის პირობებში. მუშა-მოსამსახურეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაზიანებული სპეცტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეცვლისას არსებული დროში გაწელილი პროცედურის გამო. ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა დაზიანებული სპეც. ფეხსაცმლით დასაქმებულის მიერ შრომითი პროცესში მონაწილეობა;
- სატვირთო-საბაგირო უბანი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. დასაქმებულებს არ აქვთ მოსასვენებელი და საკვები ფართი (იკვებებიან სამუშაო სივრცეში ანტისანიტარიაში).