საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19 მაისს, ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მმართველმა კომპანიამ, ,,Chiatura Management Company’’−მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოაცხადა[1]. აღნიშნული განცხადება მაღაროელებისთვის მოულოდნელად, იმ დროს გაკეთდა, როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე სამი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების არგადახდას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა[2]. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.
მდგომარეობის გამოსწორებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით, გასულ კვირას მაღაროელებსა და ახალ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. მაღაროელებმა ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დააყენეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები. მოკლევადიან მოთხოვნებს მიეკუთვნება პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის, მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქება[3]. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიას თავისი პოზიცია მაღაროელებისთვის 19 მაისს უნდა გაეზიარებინა. ამის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროტესტში მონაწილე მაღაროელები სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოაცხადა[4].
კომპანიის განცხადებით, ის სამსახურიდან ათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომლებთანაც ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება[5]. ამ კუთხით აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომპანია მაღაროელებისგან ითხოვს ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება[6]. ეს დოკუმენტია განცხადება, რომლის მიხედვით დასაქმებულები თანხმობას აცხადებენ რეორგანიზაციის პროცესზე და გადადიან სამსახურის მაძიებელთა რიგებში. განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ განყოფილებებს და პოზიციებს ეხება რეორგანიზაცია და რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს იგი განცხადების ხელმომწერი დასაქმებულისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,დასაქმებულები გაეცნენ განცხადების ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ახალ საშტატო ნუსხას, ვაკანტურ პოზიციებს, სამუშაო აღწერილობებს, ასევე თითოეული პოზიციის შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით პირობას, მათ შორის, სამუშაო საათებს’’, რაც არ მომხდარა[7].
ზემოაღნიშნული დოკუმენტის პრობლემურობაზე მეტყველებს ასევე მასთან დაკავშირებით კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ სოცკის მიერ გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებები მაღაროელებთან 20 მაისს გამართულ შეხვედრაზე. მაღაროელის შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდათ იმ მაღაროელებს, რომლებსაც ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, მიხეილ სოცკიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ მაღაროელები ,,შეცდომაში შეიყვანეს’’ და ,,ერთადერთი ხელმოწერა, რაც არსებობს, არის ხელმოწერა ხელშეკრულებაზე’’[8]. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა მეტი განმარტება მოითხოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტზე გაკეთებული ხელმოწერების საფუძველზე მომზადდება ხელშეკრულების დანართები[9]. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაროელებისგან წინასწარ იღებენ თანხმობას (ხელმოწერას) შრომის პირობების არსებით საკითხებზე, რომლებიც ჯერ მათთან შეთანხმებული არ არის და რომელთა შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. იმ მაღაროელებს კი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და უარი განაცხადეს მათი უფლებების უხეშად შელახვის პროცესში მონაწილეობაზე, სამსახურიდან უშვებენ.
კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ ხელმძღვანელობის მხრიდან ჭიათურელი მაღაროელების მჩაგვრელ და უსამართლო მოპყრობას, წლებია, განგრძობითი ხასიათი აქვს. კომპანია არაერთხელ შეეცადა დასაქმებულებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივ, მათთან შეუთანხმებელ ცვლილებას. კომპანიის მსგავს ქმედებას წარმოადგენდა 2023 წელს ულტიმატუმის ენით წამოყენებული უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო რეჟიმი და დატვირთვა, რასაც მაღაროელების მასშტაბური გაფიცვა მოჰყვა[10]. მაღაროელებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევას წარმოადგენდა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, რამდენიმე თვის მანძილზე, იძულებითი მოცდენის ვითარებაში მაღაროელებისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების - შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 60%-ის - გადაუხდელობა[11]. შედეგად, კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა საბანკო ვალდებულებების დამძიმებამ. შრომის ანაზღაურების დაგვიანებამ გამოიწვია საბანკო ვალდებულებების შესრულების დაგვიანება, რის შედეგადაც მაღაროელებს გაეზარდათ ბანკისგან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი[12]. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ ეტაპობრივად დაიწყო სახელფასო დავალიანებების დარიცხვა[13]. თუმცა, ამ დროისთვის მაღაროელებს კვლავ არ მიუღიათ ბოლო რამდენიმე თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება[14]. კვლავ მოუგვარებელია ასევე საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები[15]. აღნიშნული საკითხები მიეკუთვნებოდა მაღაროელების მიერ კომპანიის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დაყენებულ სასწრაფო მოთხოვნებს, რომლებზეც პასუხების გაცემის ნაცვლად კომპანიამ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან გაათავისუფლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
Chiatura Management Company-ს:
შრომის ინსპექციის სამსახურს:
მოვუწოდებთ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეხვდნენ პროტესტში მონაწილე მაღაროელებს და მოისმინონ მათი ხედვები არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზების თაობაზე.
[1] Chiatura Management Company, 19.05.2025:
[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 30.04.2025:
[3] ,,მაღაროელი’’, 16.05.2025:
https://www.facebook.com/100093316943092/videos/555931244220003.
[4] Chiatura Management Company, 19.05.2025: https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=122229543218236626&id=61557098790132&ref=embed_post.
[5] იქვე.
[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 30.04.2025: https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturashi-reorganizatsiis-protsesi-ukanonod-da-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebit-mimdinareobs.
[7] იქვე.
[8] ,,მაღაროელი’’, 20.05.2025:
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1217888929734915.
[9] იქვე.
[10] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 6.03.2025:
[11] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 24.03.2025: https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-krizisi-chiaturashi-magharoelebs-sakhelfaso-davalianeba-dauqovnebliv-unda-aunazghaurdet.
[12] იქვე.
[13] საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, 17.04.2025:
https://www.facebook.com/gtuc.ge/posts/1067229348768753?ref=embed_post.
[14] ,,მაღაროელი’’, 19.05.2025:
https://www.facebook.com/100093316943092/videos/1431305614545034.
[15] იქვე.
ინსტრუქცია