საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
28 თებერვლიდან „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები აქციებს მართავენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მშრომელების პროტესტი მოჰყვა კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევას და ხელფასის ჩარიცხვის დაგვიანებას. უფრო ზუსტად, „ჯორჯიან მანგანეზი“ გასული წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფება „სპეციალურ რეჟიმზე“ და ამ პერიოდში მაღაროების მუშაობა შეჩერებულია, ხოლო დასაქმებულები იღებენ ხელფასის მხოლოდ 60%-ს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია აცხადებდა, რომ 2024 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე - 4 თვიანი პერიოდი - გამოყენებული იქნებოდა „კრიზისის დაძლევის გეგმის“ შესამუშავებლად.[1] სინამდვილეში, მაღაროელების თქმით, იმის ნაცვლად, რომ 1 მარტიდან მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში განახლებულიყო, თებერვალში, მათ კუთვნილი ხელფასის 60%-იც კი არ ჩარიცხვიათ, როგორც ამას მათ კომპანია ჰპირდებოდა.
ჭიათურა უკვე წლებია უმძიმესი შრომითი, სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა, მომპოვებელი კომპანიის გარდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც კომპანიას სპეციალური მმართველის ხელით ჯერ კიდევ 2017 წლიდან მართავს.
სპეციალური სამუშაო რეჟიმი და 2023 წლის გაფიცვა
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ჭიათურაში „სპეციალური სამუშაო რეჟიმი“ იქნა შემოღებული, რომლის განმავლობაშიც მშრომელები მხოლოდ ანაზღაურების ნაწილს იღებენ. 2023 წელს, მაღაროელების მასშტაბურ გაფიცვას, რომლის განმავლობაში ადამიანებმა უკიდურესი პროტესტის ფორმებს, შიმშილობას და თვალების ამოკერვასაც კი მიმართეს, წინ უძღოდა საწარმოში სპეციალური რეჟიმის ამოქმედება კომპანიის მიერ. კერძოდ, 2023 წლის 1 თებერვალს დაწყებული სპეციალური რეჟიმი კომპანიის განცხადებით, მაისში უნდა დასრულებულიყო და საწარმო ძველ სამუშაო რეჟიმს დაჰბრუნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, კომპანიამ მაღაროელებს პრაქტიკულად, ულტიმატუმის სახით, ახალი პირობები წაუყენა, რაც განსხვავებულ სამუშაო რეჟიმს და გაზრდილ დატვირთვას გულისხმობდა. კომპანიის მხრიდან კოლექტიური ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივი ცვლილების უკანონო მოთხოვნას მაღაროელების გაფიცვა მოჰყვა. 2023 წლის ივნისში მაღაროელები პროტესტის გამოსახატად თბილისშიც ჩამოვიდნენ, სადაც კომპანიის მიერ შემოთავაზებულ უსამართლო პირობებს აპროტესტებდნენ, რომლებიც მათ პრაქტიკულად სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო რეჟიმით და დატვირთვით მუშაობას აიძულებდა.
საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გაფორმდა სამედიაციო შეთანხმება, რომლის აღსრულებაზე ზედამხედველობა შრომის ინსპექციამ იკისრა.[2]
შუქრუთელების პროტესტი სათანადო კომპენსაციის მოთხოვნით
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტიდან მორიგი პროტესტი დაიწყეს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმაც. მათი პროტესტის ბიძგი, თავის მხრივ, გახდა კომპანიის მიერ შუქრუთში მოპოვების პროცესების გააქტიურება, რაც, მათივე თქმით, მათი სახლების საბოლოოდ დანგრევის რისკებს ქმნიდა ისე, რომ კომპანია „ჩანაცვლებითი ღირებულების“ ანაზღაურების და მათი განსახლების ვალდებულებას კვლავ არ იღებს. კომპანიამ შუქრუთელებს მოლაპარაკების და მათი მოთხოვნების გათვალისწინების ნაცვლად, დისკრედიტაციის მასობრივი კამპანიით უპასუხა; პროსახელისუფლებო მედია ავრცელებდა ინფორმაციას შუქრუთელების სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სინამდვილეში მედიის ნაწილის და კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავდა სრულ სურათს და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. შუქრუთელების ნაწილს კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია, სხვებს კი მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურდათ ზიანი. ხოლო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც 2021 წლის პროტესტის შემდეგ, კომპანიისგან შედარებით მსხვილი ანაზღაურება მიიღეს, მიუთითებდნენ, რომ იმ ფონზე, როდესაც კომპანია განსახლების ვალდებულებას არ კისრულობდა, მათი მიზანი იყო კომპანიისგან პირობის მიღება, რომ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად, მათი სახლები მთლიანად არ დაინგრეოდა,
კომპანია შუქრუთელების პროტესტს მიაწერდა საქმიანობის შეფერხებას ჯერ კიდევ 2024 წლის მარტიდან, თუმცა კომპანიის განცხადებებში ასევე არის მითითებები საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კრიზისზე და მანგანუმის დაბალ ფასზე, რაც მათი მტკიცებით, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებას არარენტაბელურად აქცევს და აუცილებელს ხდის „სპეციალური რეჟიმის“ შემოღებას.
მოპოვების არამდგრადი მოდელი და მისი სოციალური გავლენები
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით, 2046 წლამდე აქვს გადაცემული. ჭიათურაში კომპანიის საქმიანობაზე და მანგანუმის მოპოვებაზე პრაქტიკულად მთელი ქალაქის ეკონომიკაა დამოკიდებული და, სამწუხაროდ, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიღმა ბევრი მსხვილი დასაქმების ადგილი არ არის. კომპანიის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე 3000-ზე მეტი მშრომელია დასაქმებული, რომლებიც, ოჯახებთან ერთად, პერიოდულად შემოსავლის ნაწილის ან საერთოდ შემოსავლის გარეშე რჩება კომპანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო.
ასეთ დროს, მათ, დამატებითი ფინანსური პრობლემები ექმნებათ: იმის გამო, რომ „სპეციალური რეჟიმის“ განმავლობაში, კომპანია დასაქმებულებს მხოლოდ ხელფასის 60%-ს უხდის, რთულდება საბანკო ვალდებულებების დაფარვა. როგორც მშრომელები, 2023 წლის გაფიცვის დროს ჰყვებოდნენ, კომპანიამ მაშინ ჭიათურაში მოქმედ ზოგიერთ ბანკთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც, ამ პერიოდის განმავლობაში მათ სესხის [ძირი თანხის] დაფარვის ვალდებულება უნდა შეჩერებოდათ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, სესხის გადავადების გამო, მათ მიერ ვალად აღებულ თანხას, დამატებითი პროცენტები დაემატა, რის გამოც ჯამში მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ეს იქამდე იყო გათვალისწინებული. საბანკო ვალდებულებების დაფარვის პრობლემაზე მაღაროელები საუბრობენ ამ პროტესტის დროსაც.
აშკარაა, რომ ამგვარი კრიზისები ჭიათურაში უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად და პერიოდულ მოვლენად იქცა, კომპანიის და სახელმწიფოს მხრიდან ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების არასათანადო ორგანიზებისა თუ სხვა გარემოებების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა პრაქტიკულად მსხვერპლად ეწირება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს აქვს ყველა ბერკეტი კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად; ერთი მხრივ, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სახელმწიფოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სექტორია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიის პირდაპირი მმართველია და, ამდენად, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო აშკარა და გამოკვეთილია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 2017 წლიდან სპეციალური მართვის რეჟიმშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს.
გარემოსდაცვითი ზიანი და ღია კარიერული წესით მოპოვების მძიმე შედეგები
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით,[3] კომპანიაში სპეციალური მმართველი გარემოსდაცვითი დარღვევების გამო დაინიშნა, მაშინ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 400 მილიონ ლარს აჭარბებდა.[4]
ამ დრომდე, ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა, სოფელ შუქრუთში და ითხვისში მოპოვებით დაზარალებულ მცხოვრებლებს, რომლებსაც სახლები დაუზიანდათ და დაენგრათ სათანადო კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. ადგილობრივები ყვებიან, რომ მაღაროებში მოპოვების შეჩერების პარალელურად, კომპანია კიდევ უფრო აფართოებს ღია კარიერული წესით მოპოვებას, რომელიც ტექნოლოგიურად დაუხვეწავი პროცესია და უზარმაზარი ტერიტორიების გადათხრას მოითხოვს. ამგვარი მოპოვება უმძიმეს ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. გარემოსდამცველები ჭიათურის სოფლებში შექმნილ ვითარებას ეკოლოგიური კატასტროფად მოიხსენიებენ; კოოპერატორები, რომლებიც მადანს მოიპოვებენ, არ ახდენენ დამუშავებული ტერიტორიის გადასწორებას და რეკულტივაციას, რის გამოც ჭიათურის ის სოფლები, სადაც კოოპერატორები უკვე შევიდნენ სავსეა უზარმაზარი ორმოებითა და გორებით, რაც პირდაპირ ფიზიკურ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებლებს.
მიგვაჩნია, რომ ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მომპოვებელი კომპანიის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. რესურსების მოპოვების სოციალურად უპასუხისმგებლო და არამდგრად პრაქტიკაზე მიუთითებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სოციალური მდგომარეობაც. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების 33,7% სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურად შემწეობას იღებს, ხოლო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას ითხოვს მოსახლეობის 60%-ზე მეტი.[5]
ზოგადად, მანგანუმის მოპოვება, რომელიც ამოწურვადი რესურსია, მოითხოვს იმგვარ დაგეგმვას, რომელიც გასაღებიდან მიღებული სარგებლის რეინვესტირებას და ქალაქის განვითარებისთვის გამოყენებას გახდის შესაძლებელს. ამასთან, ბაზარზე რესურსის ფასის ცვლადობის გათვალისწინებით, რესურსის წინდახედული მოპოვების სხვადასხვა მოდელი სარეზერვო ფონდების, დაზღვევის სისტემის და სხვა ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებას გულისხმობს.[6] ამის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, წლების განმავლობაში, მანგანუმის გასაღებიდან მილიონობით ლარის მოგებას იღებდა, ახლა, როდესაც, მისი მტკიცებით, ბაზარზე კრიზისია, ამ კრიზისის საფასური მშრომელებმა უნდა გადაიხადონ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითია, ხელისუფლებამ მიიღოს ქმედითი ზომები ჭიათურაში შექმნილი შრომითი, სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის გადასაჭრელად; მოვუწოდებთ:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
შრომის ინსპექციის სამსახურს:
მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს:
[1] იხ., კომპანიის ფეისბუქ გვერდზე („Chiatura Management Company”) გამოქვეყნებული 2024 წლის 31 ოქტომბრის პოსტი.
[2] აღსანიშნავია, რომ მედიაციის შედეგად, მაღაროელების მოთხოვნების მხოლოდ ნაწილი დაკმაყოფილდა და ისიც ნაწილობრივ. მაგალითად, ხელფასის მოთხოვნილი 40%-იანი ზრდის ნაცვლად, კომპანია მხოლოდ 11,9%-ით ზრდას - ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად ინდექსაციას დათანხმდა, რისი ვალდებულება მას, ისედაც, კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჰქონდა. მაღაროელების მოთხოვნების დიდი ნაწილი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების და საბაზისო შრომითი უფლებების მიმართულებით, კომისიური მუშაობის წესით განხილვას დაექვემდებარა.
[3] იხ., საქართველოს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, 2017 წლის 11 მაისი.
[4] იქვე.
[5] სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები.
[6] იხ., გიორგი ცინცაძე, ივნისის გაფიცვა ჭიათურაში, მაუწყებელი, 2023 წლის 3 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://www.mautskebeli.ge/all-articles/648.
ინსტრუქცია