საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში შექმნილი უმძიმესი კრიზისი მყისიერ რეაგირებას საჭიროებს და ხელისუფლების მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ჭიათურაში უკვე მე-12 დღეა, მაღაროელები საბაზისო შრომით პირობებს ითხოვენ, მე-6 დღეა, რაც ათი მაღაროელი შიმშილობს, ხოლო გუშინ, 16 ივნისს ერთ-ერთმა მათგანმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა.
12 ივნისს დაწყებულმა მედიაციამ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ მედიატორის დანიშვნის შემდეგ, შრომითი დავის გადასაწყვეტად და მხარეთა შორის მოლაპარაკების ხელშესაწყობად დაიწყო, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. „ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ უარს აცხადებს მაღაროელების მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. პარალელურად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანია თავისი პოზიციონირებით ცდილობს დაპირისპირება შეიტანოს თავად მაღაროელებს შორის და ამ გზით მათ პროცესის უსამართლო გადაწყვეტაზე დათანხმება აიძულოს.
კერძოდ, კომპანიის განცხადების მიხედვით, იგი მზადაა, აღადგინოს საწარმოო ობიექტების მუშაობა იმ დასაქმებულებისთვის, ვინც კომპანიის პირობებზე თანახმაა, ხოლო დანარჩენებთან გააგრძელოს მედიაციის პროცესი და ამ პერიოდში მათ ხელფასის 60% გადაუხადოს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ პროტესტის პერიოდში დაგროვილი განაცდურის 100%-ით ანაზღაურებაა. ვინაიდან, მაღაროელების პროტესტი გამოიწვია კომპანიის უკანონო გადაწყვეტილებამ, დასაქმებულების ანაზღაურება და გრაფიკი ცალმხრივად შეეცვალა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, იძულებითი მოცდენა სწორედ მან უნდა აანაზღაუროს.[1]
მიგვაჩნია, რომ, ზოგადად, შრომითი დავების გადასაწყვეტად, მედიაციის პროცესი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეების პოზიციების არსებითად დაახლოების შესაძლებლობა არსებობს; მოცემულ შემთხვევაში კი, მაღაროელების მხრიდან კომპანიის პირობებზე დათანხმება, როგორც ამას ის ითხოვს, რეალურად ნიშნავს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე დათანხმებას,[2] რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებასთან არის დაკავშირებული და არ შეიძლება მოლაპარაკებას დაექვემდებაროს. ამ კუთხით მშრომელების უსაფრთხოებაზე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც კომპანიას 2017 წლიდან სპეციალური მმართველის მექანიზმით მართავს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებთ სახელმწიფოს, როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველსა და წარმოების პროცესზე კონტროლის მქონე სუბიექტს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს მაღაროელების ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
[1] ხ., საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 42.1.
[2] მაღაროელების თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებული ახალი გეგმა არის არარეალისტური, რომლის შესრულებასაც ისინი ვერ შეძლებენ ან თუ შეძლებენ - შრომის უსაფრთხოების ნორმების იმგვარი სრული უგულებელყოფის ხარჯზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს. ვრცლად, იხ., სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „რას ითხოვენ მაღაროელები ჭიათურაში და რატომ არის მათი მოთხოვნები სამართლიანი“, 15 ივნისი, 2023, https://socialjustice.org.ge/ka/products/ras-itkhoven-magharoelebi-chiaturashi-da-ratom-aris-mati-motkhovnebi-samartliani.
ინსტრუქცია