[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს

გუშინ, 24 ივნისს ჭიათურელ მაღაროელებსა და კომპანიას შორის 12 ივნისს დაწყებული მედიაციის პროცესი შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რითაც მშრომელების პროტესტი დასრულდა.

მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმებას, ხანგრძლივი მოლაპარაკებები უსწრებდა წინ, რომელიც 23 ივნისს დილით ადრე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, ხოლო შეთანხმების ხელმოსაწერად მაღაროელები 24 ივნისს დაიბარეს. აღსანიშნავია, რომ მაღაროელებს შეთანხმების პირობების წინასწარ წერილობით გაცნობის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ისინი შეხვედრაზე პირდაპირ ხელმოსაწერად შეიყვანეს და შეთანხმების რამდენიმე ეგზემპლარიც გასაცნობად იქვე გადასცეს (სამედიაციო შეთანხმების ელექტრონული ასლი წინასწარ გაზიარებული არ ყოფილა).

სამედიაციო შეთანხმების მიხედვით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაკმაყოფილებას ექვემდებარება მაღაროელთა მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილი, ხოლო მოთხოვნების უმრავლესობა უნდა გადაწყდეს კომისიური წესით მუშაობის საფუძველზე.

პირობები, რომლებზეც კომპანიის მხრიდან სრული თანხმობა არსებობს შემდეგია:

  1. ხელფასის ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად 11,9%-ით ზრდა;[1]
  2. დროებითი რეჟიმის გაუქმება და 2022 წელს მოქმედ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნება;
  3. ე.წ. ბიულეტენის ანაზღაურება 100%-ით;[2]
  4. პროტესტის გამო გაცდენილი დღეების 60%-ით ანაზღაურება;[3]
  5. უზრუნველყოფილი იქნება შვებულებით სარგებლობა;
  6. კომპანიებში განხორციელდება შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური კონტროლი;
  7. დასაქმებულებს მიეცემათ მუშაობის მალე დაწყების საშუალება.

შეთანხმების მიხედვით, დასაქმებულების, დამსაქმებლის, პროფკავშირის და სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა „დაამუშაოს“ შემდეგი საკითხები, რომლებზეც არსებობს „პრინციპული თანხმობა“ კომპანიის მხრიდან:

  1. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
  2. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  3. ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  4. ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
  5. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
  6. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
  7. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს საკითხის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი პოზიციის გათვალისწინება;
  8. მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების კანონის დაცვით წარმართვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების პატივისცემა;
  9. დარკვეთის მაღაროს ვახტურ რეჟიმზე გადაყვანა;

შესაბამისად, სამწუხაროდ, ისეთი საბაზისო საკითხებიც, როგორიცაა მაღაროელების ულუფის გაუმჯობესება, სანატორიუმის ფუნქციონირების აღდგენა, ბანკში დამატებით დარიცხული პროცენტების გასტუმრება და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტექნიკის განახლება კომისიური წესით მუშაობას დაექვემდებარა. ეს მაშინ, როდესაც ეს საკითხები შრომითი უფლებების საბაზისო დონეზე დაცვას შეეხება და მათ სწორედ უფლებრივ ჭრილში დანახვა და დაუყოვნებელი აღსრულება და უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

ამასთან, როგორც ითქვა, კომისიური წესით მუშაობას დაექვემდებარა გარემოს დაცვის მიმართულებით მაღაროელების მოთხოვნებიც - ღია კაერიერული წესით მოპოვებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვის შესახებ. როგორც ცნობილია, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება, რომელიც ტექნოლოგიურად დაუხვეწავი პროცესია და უზარმაზარი ტერიტორიების გადათხრას მოითხოვს, უმძიმეს ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ კომპანიას და სახელმწიფოს, ამ პუნქტებზე მუშაობისას, კომისიის საქმიანობაში ჩართოს ჭიათურის სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ამ პროცესით ყველაზე მეტად ზარალდება.

სამედიაციო შეთანხმების მიხედვით, ჯორჯიან მანგანეზის ობიექტებზე სამუშაო პროცესი 1 ივლისიდან უნდა აღდგეს.

არსებითია, რომ მომავალში კომისიის მუშაობის პროცესში საბაზისო უფლებრივი საკითხები არ გახდეს ვაჭრობის და მანიპულაციის საგანი კომპანიის მხრიდან და მაღაროელების სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, არსებითად შესრულდეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაღაროელების მხარდაჭერას პროტესტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს; ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით კომისიის მუშაობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

[1] როგორც ცნობილია, მშრომელები თავდაპირველად ხელფასის 40%-ით მატებას ითხოვდნენ, ხოლო შემდეგ, კომპრომისულ 20%-ზე განაცხადეს მზაობა. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ხელფასის 5%-ით ზრდა დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის დასაწყისში ავტომატურად, ისედაც უნდა მომხდარიყო, რაც არ შესრულდა კომპანიის მიერ. ამასთან, 5%-ზე მეტი ინფლაციის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა განხილულიყო მათთვის ხელფასის მეტად ზრდის საკითხიც, რაც ასევე არ მომხდარა. შესაბამისად, ინფლაციის მიხედვით ანაზღაურების ზრდა, კომპანიის მხრიდან რამე დამატებით დათმობად ვერ ჩაითვლება, რადგან ეს საკითხი სრულად იყო გათვალისწინებული კოლექტიური ხელშეკრულებით.

[2]ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, საქართველოს შრომითი კანონმდებლობით სწორედ დამსაქმებელმა უნდა აანაზღაუროს.

[3] ჩვენი შეფასებით, მაღაროელების პროტესტი გამოიწვია კომპანიის უკანონო გადაწყვეტილებამ, დასაქმებულების ანაზღაურება და გრაფიკი ცალმხრივად შეეცვალა. საქართველოს შრომის კოდექსი, ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენა სწორედ მის მიერ უნდა ანაზღაურდეს

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“