[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი „ჯორჯიან მანგანეზსა” და შუქრუთის მოსახლეობას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

გუშინ, 9 ივნისს, დასრულდა მოლაპარაკებები „ჯორჯიან მანგანეზსა” და სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შორის. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანგრძლივი და სამართლიანი პროტესტი მათთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდა და პროტესტის მონაწილეები შიმშილობას წყვეტენ. მნიშვნელოვანია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი,” რომელიც წლების განმავლობაში ირიდებდა შეკითხვებს მოპოვების შედეგად მიყენებულ ზიანზე, შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის შედეგად იძულებული გახდა თავად გამხდარიყო მოლაპარაკების მხარე და ამით საკუთარი პასუხისმგებლობა ეღიარებინა. მხარეებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღმა, ზიანის შეფასებასა და მოსახლეობის განსახლების საჭიროებასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები მოუგვარებელი რჩება, ხოლო მოლაპარაკებების პროცესში გამოვლენილი შანტაჟის, დევნისა და მუქარის ფაქტები საგანგაშოა. „ჯორჯიან მანგანეზი” კვლავ უარს ამბობს ზიანის ანაზღაურების საერთო წესის შეცვლაზე, ხოლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მის ხელთ არსებული სამართლებრივი და სხვა ინსტრუმენტების დავის სამართლიანად მოსაგვარებლად გამოყენების ნაცვლად, წუხილების ჩასახშობად რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს. მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში ეჭვქვეშ დგება როგორც მიღწეული შეთანხმების აღსრულება, ისე სახელმწიფოს ნება და უნარი თავიდან აიცილოს მსგავსი პროცესების განვითარება წიაღისეულის მომპოვებელ სხვა სოფლებსა და რეგიონებში.

სამწუხაროდ, საკანონმდებლო დონეზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრული კვლავ არ არის. შესაბამისად, შუქრუთის მოსახლეობას, მიყენებული ზიანის კომპენსირების წესსა და ოდენობაზე უშუალოდ კომპანიასთან, კერძო ხასიათის მოლაპარაკებების გამართვა და სამოქალაქო წესით შეთანხმება მოუხდათ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი, კომპანიისათვის მხოლოდ ერთჯერადად განსაზღვრულ დელიქტურ ვალდებულებას არ წარმოადგენს და მისი მსგავსი სახით ანაზღაურება უსამართლო და არასწორი პრაქტიკის გამოვლინებაა. შუქრუთის მოსახლეობის ზიანი განგრძობით ხასიათს ატარებს და სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების პერმანენტულად უგულებელყოფის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად განადგურებული და დაზიანებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემო სათანადო საცხოვრისის უფლების შელახვის განმეორებითი და განგრძობითი შემთხვევაა და ამ უფლებების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.

შესაბამისად, ზიანის შეფასების არსებული წესის შენარჩუნება წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება. ქონებაზე მიყენებული ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობა და პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის ზრდა, ვერ განიხილება ზიანის დაანგარიშებისა და კომპენსაციის, ისევე როგორც განსახლების საერთო, ეროვნული სტანდარტის შემუშავების ალტერნატივად. ამ მექანიზმების გარეშე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მსგავსი მწვავე კონფლიქტები მომავალშიც გაჩნდება.

დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებისა და განსახლების ახალი, უფრო სამართლიანი წესის დამკვიდრებას ითხოვდნენ, შეთანხმების შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ „ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში.” აღნიშნული განცხადებით, კომპანია ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია კომპენსირების მოდელის შესახებ რაიმე ცვლილებას და ახალ პრეცედენტს. Შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან გაფორმებული „მემორანდუმები” სამართლებრივად ბუნდოვან დოკუმენტებს წარმოადგენენ, ხოლო იქ გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესახებ ადგილობრივებმა ხშირად არც კი იციან. „ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები აცხადებენ, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას კომპენსაციის „ჩანაცვლებითი ღირებულების” წესის მიხედვით განსაზღვრის შესახებ, თუმცა შეთანხმების კონფიდენციალურობის გამო ამ განცხადების შეფასება შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ სოფლის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც, კომპანიის განცხადებით, შეთანხმება ეფუძნება, ამ წესს არ ეყრდნობა. Შესაბამისად, ზიანის შეფასების არსებული მოდელი ადგილობრივთა ინტერესებს, როგორც წესი, არ ითვალისწინებს და ხანგრძლივი, განმეორებითი დავის საგანი ხდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის, რასაც პირველ რიგში სწორედ შუქრუთის მოსახლეობის მაგალითი ადასტურებს.

ამასთან შეთანხმების ამსახველი ხელშეკრულებები „ჯორჯიან მანგანეზმა” მხოლოდ 10 ინდივიდუალურ მესაკუთრესთან გააფორმა. შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები, ისევე როგორც მოლაპარაკებების პროცესის უთანასწორო და გაუმჭვირვალე ხასიათი, არსებითად პრობლემურია, რადგან კომპენსაციის შეთანხმებული მექანიზმის სამართლიანობა და სანდოობა საეჭვო რჩება, ხოლო პროტესტის მონაწილეთა მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტები დამატებით კითხვებს აჩენს შეთანხმების საგანზე.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებისა და პროტესტის განმავლობაში შუქრუთის მოსახლეობა არაერთხელ გახდა შანტაჟის, დაშინებისა და დევნის მსხვერპლი. შიმშილობის გამოცხადებამდე პროტესტის რამდენიმე მონაწილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, მათ აშანტაჟებდნენ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. ერთერთ ეტაპზე კომპანიამ შეთანხმების სანაცვლოდ მოსახლეობისთვის მომავალში პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვაც განიზრახა, რაც კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევაა. OC Media-ს დირექტორი კი, მოლაპარაკების პროცესში კომპანია, ასევე, ბერკეტად იყენებდა მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნასაც.

აშკარაა, რომ ამ უკიდურესად უთანასწორო პირობებში მხოლოდ სახელმწიფოს ქმედით ჩართულობას შეეძლო უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოლაპარაკების პროცესის უზრუნველყოფა. წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური და ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად და მიყენებული ზიანის სამართლიანად შეფასებისა და კომპენსაციისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან გადახედონ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობაზე ზედამხედველობის არსებულ მექანიზმებსა და პრაქტიკებს და ისინი უფრო გამჭირვალე, ქმედითი ზომებით ჩაანაცვლონ.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს

  • უზრუნველყოს მოპოვებითი საქმიანობით დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სათანადო და სამართლიანი სტანდარტის დადგენა, რაც “ჯორჯიან მანგანეზს” საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება.
  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი და ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის დაუყოვნებლივი აღრიცხვა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას

  • მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების ძიება წარიმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რაც გამორიცხავს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამ პირების უკანონო მსჯავრდებას.

  • დაუყოვნებლივ განხორციელდეს ეფექტიანი გამოძიება პროტესტის მონაწილეთა მიერ გაჟღერებულ შანტაჟის შემთხვევებზე და გამოვლინდეს დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“