[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური კრიზისი ჭიათურაში: მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები 25-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ, ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით. დღეს მაღაროელები თბილისში ჩამოსვლას და პროტესტის დედაქალაქში გაგრძელებას გეგმავენ. არსებული ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში აქციები ჭიათურაშიც გაგრძელდება[1].

,,ჯორჯიან მანგანეზს’’ მაღაროელებისათვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის მაღაროელებისა და მათი ოჯახებისთვის. მშრომელებით თქმით, ისინი ფაქტობრივად ,,შიმშილის ზღვარზე’’ იმყოფებიან[2].

შრომის ანაზღაურების დაგვიანებამ მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნა ასევე მაღაროელების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით. შრომის ანაზღაურების დაგვიანება იწვევს საბანკო ვალდებულებების შესრულების დაგვიანებას, რის შედეგადაც იზრდება ბანკისგან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი[3]. არსებულ მძიმე მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი მაღაროელი:

,,ძალიან დიდი პრობლემაა - ჯერ ერთი, რომ ხელფასი - ის კუთვნილი 60% არ დარიცხულა და მეორე პრობლემა ის არის კიდევ, რომ, როცა დაირიცხება, ბანკი არის გამზადებული, რომ ეგრევე წაიღოს. ანუ, ადამიანებისთვის არაფერი არ იცვლება. ისევ ვერ შეძლებენ, რომ რაღაც ელემენტარული საჭიროება ოჯახში მიიტანონ’’[4].

„ჯორჯიან მანგანეზი“ 2024 წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფება „სპეციალურ რეჟიმზე“ და ამ პერიოდში მაღაროების მუშაობა შეჩერებულია, ხოლო დასაქმებულები იღებენ ხელფასის მხოლოდ 60%-ს[5]. კომპანია აცხადებდა, რომ სპეციალური რეჟიმის 4-თვიანი პერიოდი - 2024 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე - გამოყენებული იქნებოდა „კრიზისის დაძლევის გეგმის“ შესამუშავებლად, კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეთანხმების გზით[6]. თუმცა, კომპანიის მიერ მსგავსი დიალოგისა და კონსულტაციის პროცესი დღემდე არ გამართულა და ადგილი არ ჰქონია კრიზისის დაძლევის გეგმის შემუშავების რეალურ მცდელობას. ამავდროულად, კომპანია არღვევს დასაქმებულებთან გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ისეთი სახის იძულებითი მოცდენის შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოწვეული დასაქმებულის და დამსაქმებლის ბრალით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულებს გადაუხადოს შრომითი ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 60%.

მაღაროელების სასწრაფო მოთხოვნებია, დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი შრომის ანაზღაურება და ასევე მოლაპარაკებები გაიმართოს ბანკებთან, რათა გათვალისწინებული იქნას შეღავათები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე[7].

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს Chiatura Management Company-ის ახლახან გამოცხადებული გადაწყვეტილება, ეკონომიკურ მიზეზებზე (მათ შორის, მანგანუმის ბაზარზე ფასების სტაგნაცია) აპელირებით შეწყვიტოს ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები[8]. აღნიშნული გადაწყვეტილება მასობრივი გათავისუფლების საფრთხის წინაშე აყენებს დაახლოებით 3500 ადამიანს[9]. მასობრივი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს. ,,დასაქმების შეწყვეტის შესახებ’’ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი განიხილავს დასაქმების შეწყვეტას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული ან სხვა მსგავსი სახის მიზეზებით, მან კონსულტაციები უნდა გამართოს მშრომელების წარმომადგენლებთან და მისცეს მათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა მეშვეობით მასობრივი გათავისუფლება შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირებული[10].

ჭიათურაში შექმნილ მწვავე სოციალურ კრიზისთან დაკავშირებით ახლახან გაიმართა მთავრობასთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, მთავრობის, გაერთიანებული პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით[11]. კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე[12]. ხაზი უნდა გაესვას, რომ კომისიის შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს. აუცილებელია მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს - მათ მიერ შერჩეულ პირებს  - მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ ჭიათურაში არსებულ კრიზისთან და მათ ბედ-იღბალთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის ყველა შეხვედრაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზს’’:

  • დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს კომპანიაში დასაქმებულ პირებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება;
  • გამოაქვეყნოს ექსპორტთან, შემოსავლებთან, მოგებასთან და სხვა პროცესებთან დაკავშირებული მონაცემები, რომელიც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას ობიექტურად შეაფასოს კომპანიაში არსებული მდგომარეობა;
  • შეწყვიტოს მაღაროელების მასობრივი გათავისუფლების პროცესი.

შრომის ინსპექციის სამსახურს:

  • რეაგირება განახორციელოს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული პირების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან, მათ შორის, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასთან და მასობრივი გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობას:

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში არსებული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად;
  • ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ,,მაღაროელი’’, 21.03.2025:

https://www.facebook.com/100093316943092/videos/975400904792546/.

[2] ,,მაღაროელი’’, 22.03.2025:

https://www.facebook.com/100093316943092/videos/679520407975636/.

[3] ,,მაღაროელი’’, 21.03.2025:

https://www.facebook.com/100093316943092/videos/975400904792546/.

[4] ,,მაღაროელი’’, 21.03.2025: https://www.facebook.com/100093316943092/videos/975400904792546/.

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 06.03.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturashi-shekmnil-gangrdzobit-sotsialur-krizisze-pasukhismgebeli-sakhelmtsifoa.

[6] Chiatura Management Company, 31.10.2024:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=122182723190236626&id=61557098790132&ref=embed_post.

[7] ,,მაღაროელი’’, 21.03.2025:

https://www.facebook.com/100093316943092/videos/975400904792546/.

[8] ,,ნეტგაზეთი’’, 7.03.2025:

https://netgazeti.ge/news/766783/.

[9] იქვე.

[10] International Labour Organization - C158 - Termination of Employment Convention, 1982 (No. 158), Article 13, Paragraph 1, Subparagraph B:

https://normlex.ilo.org/dyn/nrmlx_en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_CODE:C158.

[11] დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 20.03.2025:

https://www.facebook.com/mohgovge/posts/1107714968059338?ref=embed_post.

[12] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“