საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
უკვე რამდენიმე თვეა, ჭიათურაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ადგილობრივების შრომისა და საცხოვრებლის უფლებების უხეში დარღვევების საპასუხოდ, ჭიათურელი მაღაროელები სისტემური ჩაგვრის, მძიმე ეკონომიკური პირობებისა და შრომითი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ იბრძვიან.
სახელმწიფო დუმს, თავად “ჯორჯიან მანგანეზმა” და მმართველმა კომპანიამ - “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” (CMC), კი სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, კომპანიის გაკოტრების განცხადებით ჯერ სასამართლოს მიმართეს, შემდეგ კი რეორგანიზაცია დააანონსეს. რეორგანიზაციის პროცესი დაახლოებით 3 600 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს. სახელმწიფოს მიერ შექმნილი მდგომარეობის სრული უგულებელყოფის პარალელურად, 2025 წლის 28 აპრილს, მაღაროელების აქციის მონაწილე 4 პირი დააკავეს, რომლებსაც 4-დან 6 წლამდე და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 13 მაისს კომპანიის წარმომადგენლები მაღაროელებს შეხვდნენ. მხარეებს შორის ხუთშაბათს (15 მაისს) დაგეგმილია გაცნობითი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი ოფიციალური დიალოგის დაწყებას კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა შედეგით დასრულდება აღნიშნული შეხვედრა და როგორი იქნება მომავალი მოლაპარაკებების დინამიკა.
პროცესში კომპანია მუდმივად წამგებიანობაზე აპელირებს, თუმცა, ამის მტკიცებულებებს არ ასაჯაროებს. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გადაწყვიტა, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უფრო დეტალურად შეესწავლა ეს საკითხი.
რაში გამოიყენება მანგანუმი? მანგანუმი ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, რკინა-მანგანუმის შენადნობების – ფერომანგანუმის, ფოლადის და უჟანგავი ფოლადის, წარმოებაში, ელექტროტექნიკურ და ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, ფარმაცევტული პრეპარატების, ლაქ-საღებავების წარმოებაში, კერამიკაში, მინისა და ტყავის წარმოებაში, ფოტოგრაფიაში. მანგანუმი ასევე გამოიყენება მინერალურ სასუქად სოფლის მეურნეობაში.
ვინ მოიპოვებს მანგანუმს საქართველოში? - “ჯორჯიან მანგანეზი” უდიდესი მადანმომპოვებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მანგანუმის მოპოვების 40-წლიან ლიცენზიას ფლობს. 2006 წლის 19 დეკემბრიდან კომპანიამ 16 430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით მიიღო.
ერთი მხრივ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივად, მადანმომპოვებელი კომპანიის ფინანსურ ანგარიშზე ერთი თვალის გადავლებით შეიძლება. თუმცა, კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომპანია წლებია, უარს ამბობს ფინანსური დოკუმენტის გასაჯაროებაზე.
თუმცა, თავად “ჯორჯიან მანგანეზი” აქტიურად საუბრობს ფინანსურ კრიზისზე. ამას ადასტურებს 2025 წლის 7 მარტს გავრცელებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც „ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება“, გადაწყვეტილების მიზეზად კი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და აუდიტის დასკვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც, მანგანუმის „მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია”.
ინფორმაციის გაუმჭვირვალობისა და ჩაკეტილობის პირობებში, რთულია ისეთ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემაც კი, როგორიცაა - “წამგებიანია თუ არა მანგანუმის მოპოვების ბიზნესი საქართველოში?”
სწორედ ამიტომ, ვეცადეთ, უფრო ღრმად ჩავყოლოდით აღნიშნულ კითხვას და შეგვესწავლა საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმაროს. კითხვაზე პასუხი კი თავად “ჯორჯიან მანგანეზის” იმპერიით უნდა დავიწყოთ, რომელიც არაერთ კომპანიას აერთიანებს.
1.1. მადანმომპოვებელი “ჯორჯიან მანგანეზის” იმპერია
არსებული მდგომარეობით, “ჯორჯიან მანგანეზი” წარმოადგენს უკრაინელი ოლიგარქის - იგორ კოლომოისკის, ოფშორული კომპანიის - “ჯორჯიან ამერიქან ელოიზის”, საკუთრებას. კომპანია აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატს, და ვარციხე ჰესს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. კერძოდ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობს ჭიათურაში მოპოვებულ ნედლეულზე, ხოლო ორივე საწარმო იყენებს ვარციხე ჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიას.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” 12 კომპანიაში ფლობს წილებს, საიდანაც, 11 შემთხვევაში, კომპანიების 100%-ის მესაკუთრეა. “ჯორჯიან მანგანეზმა” შვილობილი კომპანიები ძირითადად 2019-2020 წლებში დააარსა. კერძოდ, 12 კომპანიიდან 7 - 2019 წელს, ხოლო 2 - 2020 წელს, დააფუძნა.
ეს გარკვეულწილად ერთგვარი სტრატეგიული ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო. შვილობილი კომპანიები “ჯორჯიან მანგანეზს” სხვადასხვა მომსახურებას უწევენ, როგორიც არის ტრანსპორტირების, ტექნიკის შეკეთებისა და მსგავსი მომსახურებები, რაც შესაძლოა, საჭირო იყოს მადნის მოპოვების, გადამუშავებისა თუ რეალიზაციის პროცესში.
1.2. რატომ ფართოვდება “წამგებიანი” ბიზნესი?
ერთი კომპანიის მიერ დამოუკიდებელი კომპანიების დაფუძნება და შემდეგ მათთან ხელშეკრულებების გაფორმება ბიზნესში საკმაოდ გავრცელებულია და მას სხვადასხვა კანონიერი, სტრატეგიული და ფინანსური მიზანი გააჩნია. სხვადასხვა კომპანიების დაფუძნება იცავს დედა-კომპანიას შესაძლო ზარალისგან. მაგალითად, თუ რომელიმე შვილობილი კომპანია გაკოტრდება ან ვალი დაედება, მისი ვალდებულებები, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება დედა-კომპანიაზე.
მტკიცებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რას ემსახურებოდა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ კომპანიების დაფუძნება, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, გარდა სტრატეგიული და კანონიერი მიზნებისა, მსგავს გადაწყვეტილებას ფინანსური გათვლებიც აქვს.
კერძოდ, იდეა შემდეგში მდგომარეობს - კომპანია აფუძნებს შვილობილ კომპანიებს და ხელშეკრულებებს უფორმებს უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ბაზარზე დადგენილი ფასია, რის შედეგადაც:
ცხადია, მსგავსი ქმედება კანონთან შეუსაბამოა, რადგან ამგვარად კომპანია ცდილობს, დამალოს რეალური მოგება, ხოლო რეალური მოგების ხელოვნური შემცირებით მცირდება მოგების გადასახადიც. აღნიშნული საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და კანონმდებლობით, მათ შორის, საგადასახადო კოდექსით, დეტალურად არის მოწესრიგებული. კანონმდებლობა კი ადგენს, რომ დაკავშირებულ მხარეთა შორის გარიგებები უნდა მოხდეს ისეთივე პირობებით, როგორიც იქნებოდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი მხარეების შემთხვევაში.
თუმცა, კიდევ ერთხელ, დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა იდგა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ კომპანიების დაფუძნების სტრატეგიის უკან, შეუძლებელია, განსაკუთრებით კი კომპანიის ფინანსური დოკუმენტების შესწავლის გარეშე.
ჩვენს ძირითად კითხვაზე პასუხების ძიებას ბოლოს ყოველთვის კომპანიის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებამდე მივყავართ. შესაბამისად, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, მოკლედ განვმარტოთ თავად “ჯორჯიან მანგანეზის” პოზიცია.
საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება, აქვთ ვალდებულება, საკუთარი ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები ატვირთონ reportal.ge-ზე, ანუ ანგარიშგების პორტალზე, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არის შექმნილი.
მოქმედი კანონმდებლობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს ყოველი წლის ფინანსური საქმიანობის ანგარიში და გამოაქვეყნოს აუდიტის დასკვნა, თუმცა მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, საიტზე ვერ ნახავთ “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსურ ანგარიშებს.
თავად კომპანიის დირექტორის განმარტებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ფინანსურ ანგარიშგებას ამერიკული - U.S. GAAP-ის პრინციპით ამზადებს, reportal.ge კი „აიფარესის“ პრინციპით მომზადებულ ანგარიშგებას ავალდებულებთ, ახალ სისტემაზე გადაწყობა კი კომპანიისთვის დიდი ხარჯია, ამიტომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 30 000-ლარიან ჯარიმას იხდის და ფინანსურ მაჩვენებლებს სახელმწიფო პორტალზე არ აქვეყნებს.
შესაბამისად, მიუხედავად კომპანიის წამგებიანობაზე საუბრისა, “ჯორჯიან მანგანეზი” თავს არიდებს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების გასაჯაროებას.
თუმცა, ფეროშენადნობების ექსპორტის მონაცემების გათვალისწინებით, რომლის ჯგუფსაც თავად მანგანუმი განეკუთვნება, ბიზნესის წამგებიანობაზე საუბარი ნაკლებად რელევანტურია. ფეროშენადნობები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციების ათეულში მუდმივად იკავებს პოზიციებს. 2012-2023 წლებში, 3.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.
ცხრილი 1: ფეროშენადნობების ექსპორტის სტატისტიკა
ერთი მხრივ, ექსპორტი მრავალ გარემო ფაქტორზე, მათ შორის, მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეა, დამოკიდებული, რაც, ცხადია, მუდმივ/განუხრელ სტაბილურობას გამორიცხავს. თუმცა, 13 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ ფეროშენადნობების ექსპორტი, ძირითად შემთხვევებში, სტაბილურობას ინარჩუნებდა, განსაკუთრებით ისეთი გამოწვევების დროსაც კი, როგორიც კოვიდ პანდემია იყო. ხოლო, “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორის მიერ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილ კრიზისზე აპელირება, თავად კრიზისის ხანგრძლივობისა და სიმძიმის შეფასების გარეშე, არ იძლევა კომპანიის საქმიანობის წამგებიანად დაკვალიფიცირების თვითკმარ საფუძველს. აღსანიშნავია წარმოების შეწყვეტის ფაქტიც - 2024 წლის ნოემბერში “ჯორჯიან მანგანეზმა” განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ნოემბრიდან მარტამდე სრულად გაითიშებოდა საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდებოდა ფეროშენადნობების მოპოვების პროცესი. ცხადია, მსგავსი ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ფეროშენადნობის ექსპორტის სტატისტიკაზე. ერთი მხრივ, შესაძლებელია, მსოფლიო თუ შიდა ბაზარზე არსებულმა დროებითმა არასტაბილურმა მდგომარეობამ და რყევებმა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის მოგებასა და შემოსავლებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია თავად ამ მდგომარეობის ხანგრძლივობა. მაგალითად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წელი შედარებით რთული იყო ფეროშენადნობი ბიზნესისთვის, რადგან ექსპორტის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა 2024 წელს მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.
როგორც აღვნიშნეთ, “ჯორჯიან მანგანეზისა” და მისი შვილობილი კომპანიების ანგარიშგება ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ხელმისაწვდომია მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კომპანიის ფინანსური მონაცემები. შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზის” იმპერიაზე საუბარი მხოლოდ შვილობილი კომპანიებით არ ამოიწურება და საჭიროა, შევეხოთ დაკავშირებულ კომპანიებსაც, რომლებსაც, მათ შორის, განეკუთვნებიან მმართველი კომპანია, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC) და სხვადასხვა შუამავალი კომპანიები.
2.1. “ჯორჯიან მანგანეზით” გამდიდრებული კომპანიები?
შპს “მანგანუმ ლოჯისტიკი” ნათელია მაგალითია იმ კომპანიისა, რომელმაც “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორობით მილიონობით ლარის მოგება გამოიმუშავა - კერძოდ, 51 მილიონ ლარზე მეტის მოგება ჰქონდა 5 წლის განმავლობაში.
შპს “მანგანუმ ლოჯისტიკი” 2017 წელს დაფუძნდა და იმავე წელს გახდა “ჯორჯიან მანგანეზის” შუამავალი კომპანია. როგორც ეს თავად კომპანიის ანგარიშგების დოკუმენტშია მითითებული, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვება, გამდიდრება და ქვეკონტრაქტორების მეშვეობით ტრანსპორტირება ქ. ჭიათურიდან ქ. ზესტაფონამდე მისი მთავარი კონტრაქტორის, შპს “ჯორჯიან მანგანეზისათვის”.
შპს “მანგანუმ ლოჯისტიკი” 2017 წელს დაფუძნდა და იმავე წელს გახდა “ჯორჯიან მანგანეზის” შუამავალი კომპანია. 2018 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საერთო მოგებამ 9.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2018-2022 წლების განმავლობაში, კომპანიის საერთო მოგება 51 418 531 ლარი იყო.
კომპანიის დაფუძნებიდან მომდევნო წელს, “მანგანუმ ლოჯისტიკის” ამონაგები/შემოსავალი 91 761 775 ლარი იყო, კომპანიის დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი კი 32 ადამიანი.
სტატისტიკის მიხედვით, კომპანიისათვის ყველა წელი მომგებიანი იყო, გარდა 2023 წლისა. განსაკუთრებით მომგებიანი კი 2021 წელი აღმოჩნდა, რა დროსაც კომპანიის მოგებამ 19.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისათვის კომპანიის დასაქმებულთა რიცხვი 198 პირს შეადგენდა, ხოლო, კომპანიას 10-მდე კომპანიაში ჰქონდა წილები.
კიდევ ერთი, “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანიაა 2018 წელს დაფუძნებული “სტიილ ინთერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი”, რომელიც მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგია, “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს.
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების თანახმად, კომპანიის საქმიანობისა და შემოსავლის ძირითად ნაწილს მომხმარებლებისათვის ფეროსილიკომანგანუმის, ქვანახშირისა და კოქსის რეალიზაცია წარმოადგენს.
ფეროსილიკომანგანუმის, კოქსისა და ნახშირის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
კომპანიამ 6 წლის განმავლობაში საქონლის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით 2,129,330,230 ლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ 2019-2020 და 2023 წლები ზარალით დაასრულა, 6 წლის განმავლობაში მოგების სახით მაინც შეძლო ჯამში 288 მილიონი ლარის მიღება.
შესაბამისად, ზემოთ მოცემული ორივე კომპანიის საქმიანობის ძირითადი წყარო დაკავშირებულია მანგანუმთან. ორივე კომპანიის ფინანსური დოკუმენტები ცალსახად აჩვენებს, თუ როგორ შეძლეს მანგანუმზე მომუშავე კომპანიებმა დროის მოკლე მონაკვეთში მილიონობით ლარის მოგების გამომუშავება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებებს მანგანუმის ბიზნესის მომგებიანობის შესახებ.
2.2. “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია - შპს “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” (CMC)
როდესაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველმა კომპანიამ - “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” 2025 წლის 7 მარტს განცხადება გაავრცელა მიწისქვეშა სამუშაოების ფინანსურად წამგებიანობის შესახებ და დასაქმებულებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, სამუშაოების შეჩერების შესახებ აცნობა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილი იყო, ეპასუხა დასაქმებულების პროტესტზე.
3500 დასაქმებულს sms-ით აცნობეს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. 2025 წლის მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა. „დღეისათვის საწარმო გადახდისუუნაროა“, - განაცხადა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა. კომპანია გადახდისუუნარობის დასამტკიცებლად კი სწორედ 2025 წლის 7 მარტის განცხადების დროს ნახსენებ გერმანული საკონსულტაციო კომპანიის, DMT-ის, დასკვნას იშველიებს, რომლის თანახმადაც, მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია.
კომპანიამ, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა, 2025 წლის 22 აპრილს სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენისა და რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ კი facebook ქსელის მეშვეობით აქტიურად დაიწყო ვიდეოების გავრცელება ჭიათურაში სამთო წარმოების სრულფასოვანი აღდგენისთვის დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, განახლებულ საშტატო პოზიციებზე განცხადებების მიღების შესახებ. Facebook-ზე ინფორმაციის რეკლამირებაში თანხებიც კი დახარჯა.
რეორგანიზაციის პროცესს რუსეთის მოქალაქე, მიხაილ სოცკი, უხელმძღვანელებს, facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში CMC-ი სოცკს, როგორც „მაღალკვალიფიციურ მენეჯერს“, ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში, „საქნახშირის“ - რომელსაც სოცკი ხელმძღვანელობდა, - თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური პოზიციების, კერძოდ კი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პოზიციების, გამო გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მიხაილ სოცკი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” 2024 წელს დაფუძნდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო წევრები არიან თეიმურაზ ხონელია, ბაქარ დევდარიანი და ზურაბ ყანჩაველი.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” 7 კომპანიას ფლობს, რომლებიც 2024 წელს 100-100 ლარად იყიდა “ჯორჯიან მანგანეზისგან”. “მთის ამბების” ინფორმაციით, კომპანიების საქმიანობის სფეროები შემდეგნაირად გამოიყურება:
7 კომპანიიდან 5 მათგანის ანგარიშგება ხელმისაწვდომია. კომპანიების ფინანსური ანგარიშების მიხედვით, რომელიც ძირითადად 2021-2023 წლებს მოიცავს, ისინი ძირითადად საანგარიშო წელს წაგებით ასრულებენ. თუმცა, როგორც “ჯორჯიან მანგანეზის” შვილობილი კომპანიების შემთხვევაში აღვნიშნეთ, ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ თავად დამფუძნებელი/მესაკუთრე კომპანია წაგებაშია. რაც შეეხება, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” ფინანსურ დოკუმენტებს, ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
“ჯორჯიან მანგანეზი”, როგორც უდიდესი მადანმომპოვებელი, ცხადია, ძალაუფლებით სარგებლობს. ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესები ყოველთვის არსებობს მსგავს ბაზარზე მოთამაშე მსხვილი კომპანიების მიმართ. არჩევნების დროს, ასეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ ხელისუფლების საყრდენს, როგორც ფინანსური, ასევე გავლენებისა და ამომრჩევლების მობილიზების თვალსაზრისით.
როგორც წესი, ხელისუფლებასთან კავშირები სხვადასხვა ხილული თუ უხილავი ფორმით ვლინდება. “ქართული ოცნების” პოლიტიკამ, უფრო მეტად შეეზღუდა წვდომა საჯარო ინფორმაციებზე, კიდევ უფრო გაართულა კორუფციის რისკის მატარებელი შემთხვევების გამოვლენა ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისთვის. თუმცა, “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტისა და მასთან დაკავშირებული გარემოცვის “ქართულ ოცნებასთან” კავშირი და ურთიერთმხარდაჭერის გამოვლენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მანგანუმის ბიზნესში ჩართული კომპანიები, იქნება ეს “ჯორჯიან მანგანეზი”, თუ მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”, ისევე როგორც კონტრაქტორები, დაკავშირებული და შვილობილი კომპანიები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან, რაც, მათ შორის, გამოიხატება “ქართული ოცნების” მიმართ განხორციელებულ დონაციებში.
კომპანიის მესაკუთრეებმა თუ დირექტორებმა “ქართულ ოცნებას” წლების განმავლობაში ჯამში 1,085,000 ლარი შესწირეს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში მყოფი რამდენიმე კომპანიის დირექტორი, გიორგი ჭელიძე, რომლის მაგალითიც კიდევ უფრო უკეთ აღწერს ორმხრივად მომგებიან/სასარგებლო ურთიერთობას. 12 კომპანიიდან 2-ის დირექტორი სწორედ გიორგი ჭელიძეა. მან “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგაც გააგრძელა და 2024 წელს პარტიას 40 000 ლარი შესწირა. თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ამგვარი მხარდაჭერა მისთვისაც სასარგებლოა. მაგალითად, გიორგი ჭელიძე შპს ვუდმასტერის 18% წილის მფლობელია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ცნობით, შპს „ვუდმასტერს“ „აწარმოე საქართველოში“- დან 52,000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული. 13,000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. იგი ასევე არის შპს მეამას 5% წილის მფლობელი. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 145,000 ლარი აქვს მიღებული, „აწარმოე საქართველოში“-დან - 691,000 ლარი, 22,000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო.
გიორგი ჭელიძე ასევე შპს საქნახშირის არაპირდაპირი მფლობელია. კერძოდ, კომპანია საქნახშირის 100% მესაკუთრე შპს “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი” არის, რომლის 100% მესაკუთრე თავად გიორგი ჭელიძეა. ამონაწერის მიხედვით, შპს საქნახშირის გენერალური დირექტორი შპს “კოალ მენეჯმენტია”, რომლის დირექტორი და 100% მესაკუთრე რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკია. ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მიხაილ სოცკი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია. აღსანიშნავია, ისიც რომ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შპს “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიმ” ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” 2022 წელს 138 მილიონი ლარი ასესხა.
2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, პროკურატურამ „ჯორჯიან მანგანეზის“ იმჟამინდელი დირექტორის, უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. თუმცა, 2017 წლის შემდეგ, კომპანიას თითქმის ნახევარ მილიარდიანი ჯარიმები ჩამოაწერეს.
მიუხედავად იმისა, რომ მანგანუმის მოპოვების პროცესში კომპანია კვლავ განაგრძობს გარემოზე ზიანის მიყენებას, ინფორმაცია მასზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ ნაკლებად იძებნება. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 2018-2020 წლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია სულ 950 ლარით დააჯარიმა.
სტატიაზე მუშაობის პროცესში, ცხადია, ჩვენც დავინტერესდით ამ საკითხებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს წერილით მივმართეთ და 2012-2025 წლების განმავლობაში განხორციელებული ინსპექციის/შემოწმებების რაოდენობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო უწყებებს ინფორმაციის მოწოდების კანონით გათვალისწინებული ვალდებულება გააჩნიათ და ინფორმაციის მოწოდებისათვის არაუმეტეს 10 დღიანი მაქსიმალური ვადაა განსაზღვრული, უკვე 25 დღეა, უშედეგოდ ველოდებით პასუხებს ჩვენს კითხვებზე.
ცხადია, სახელმწიფოს მიერ კომპანიის საქმიანობაზე მონიტორინგის ბერკეტის გამოუყენებლობა მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისათვის კიდევ ერთი, ცალსახა მხარდაჭერის გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მანგანუმის ექსპორტის სტატისტიკის ძიების პროცესში, საგარეო ვაჭრობის საიტზე ნაცვლად მანგანუმსილიკონისა, მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტის სტატისტიკა აღმოვაჩინეთ, რამაც ჩვენი ყურადღება მარტივად მიიპყრო რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო.
ერთის მხრივ, მანგანუმის დიოქსიდი სანქცირებულ პროდუქტთა სიაშია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისათვის დაკისრებული სანქციებს საქართველო არ შეერთებია და შესაბამისად სამართლებრივად სანქციების ჩანაწერებთან შესაბამისობის ვალდებულება არ გააჩნია, საინტერესოა საქართველოდან რუსეთში განხორციელებული სანქცირებული პროდუქტის ექსპორტის ფაქტი.
გარდა ამ ფაქტისა, აღსანიშნავია ექსპორტის მზარდი სტატისტიკა. საგარეო ვაჭრობის საიტზე არსებული მონაცემები 2009-2025 წლების მონაცემებს მოიცავს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
მონაცემების მიხედვით, რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის (სასაქონლო კოდი: 282010), სანქცირებული პროდუქტის ექსპორტი 2021 წლიდან საგრძნობლად, თითქმის 5-ჯერ, გაიზარდა.
სამწუხაროდ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით უცნობია, თუ ვინ ახორციელებს ექსპორტს საქართველოდან რუსეთში. თუმცა, მეორე მხრივ, “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმის უდიდესი მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 40-წლიან ლიცენზიას ფლობს. შესაბამისად, მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტის საკითხსაც “ჯორჯიან მანგანეზთან” მივყავდეთ.
შეჯამება
საქართველოში მანგანუმის მოპოვებისა და მასზე მომუშავე კომპანიების მიმართ უამრავი გამოწვევა, პრობლემა და კიდევ უფრო მეტი უპასუხო კითხვა რჩება.
ერთი მხრივ, ბიზნესის წამგებიანობაზე საუბრის პარალელურად, არ არსებობს ფინანსური ანგარიშები, რომლებიც ამ ყველაფერს დაადასტურებს, პარალელურად კი ფეროშენადნობის ექსპორტის სტატისტიკა სულაც არ მიუთითებს ბიზნესის წამგებიანობაზე, ისევე როგორც, კომპანიების მიერ ახალი კომპანიების დაფუძნების ფაქტი, რაც ბიზნესის ზრდასა თუ სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაზე მიანიშნებს.
არსებულ მდგომარეობაში გამოსავალი შესაძლოა, სახელმწიფოს ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები ყოფილიყო, თუმცა სტატია ნაწილობრივ მაინც აჩვენებს იმ ცალსახად გამოხატულ მხარდაჭერას, რომელიც დაინტერესებულ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს.
ინსტრუქცია