[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

15 წლის მოზარდზე სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმას სახელმწიფომ სისტემური მიდგომებით უნდა უპასუხოს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 10 ივლისს, თბილისში მომხდარ ძალადობის შემთხვევას ეხმიანება, რომელიც სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის და სიძულვილის კონტექსტს ატარებდა. მოძალადე აზერბაიჯანულ ენაზე საუბრის გამო თავს დაესხა 15 წლის მოზარდს და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მოზარდის დედის თქმით, თავდასხმაში 26 წლის თავდამსხმელის მამაც მონაწილეობდა, მან 15 წლის ბიჭი გააკავა, როდესაც მისმა შვილმა მოზარდს ჭრილობები მიაყენა. მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვანს დანა ხუთჯერ ჩაარტყეს. სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღო.

ეს ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობა ან მუქარა მის მიერ გამოყენებულ ენას ან ქართული ენის არცოდნას უკავშირდება. 2025 წლის 19 სექტემბერს მარნეულში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ეთნიკურად აზერბაიჯანელ არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, ქართული ენის არცოდნის გამო თავს დაესხა, სცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოუწოდა, საკუთარ „სამშობლოში დაბრუნებულიყო“. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 სექტემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, შეიარაღებულმა პირმა ქართული ენის არცოდნის გამო ეთნიკურად აზერბაიჯანელ დედა-შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღით დაემუქრა. მიუხედავად ორივე შემთხვევის აშკარა ეთნიკური და ენობრივი კონტექსტისა, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ შეუწყნარებლობის მოტივი სათანადოდ არ გამოკვეთა. არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელსაც ინტეგრაციის ხელშეწყობის სპეციალური მანდატი აქვს, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია მსგავს შემთხვევებზე საპასუხოდ.

ძალადობრივი შემთხვევების განმეორებითი ხასიათი აჩვენებს, რომ საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთმანეთისგან იზოლირებულ ინდივიდუალურ დანაშაულებთან. ისინი უკავშირდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთნიკურ იერარქიებს, უმცირესობების ენების მიმართ შეუწყნარებლობას, აგრესიულ ნაციონალისტურ რიტორიკასა და სახელმწიფოს წარუმატებელ, ფორმალურ და ზედაპირულ ინტეგრაციის პოლიტიკას. აშკარაა, რომ საზოგადოებაში უმცირესობის ენაზე საუბარი კვლავ მტრულ განწყობილებას იწვევს დომინანტურ ჯგუფებში. ძალადობრივი შემთხვევების სისტემურობა და განმეორებითობა, სათანადო გამოძიების და პოლიტიკური რეაგირების გარეშე კიდევ უფრო საგანგაშოა, იმ რეალობაში როდესაც ინტეგრაციის პოლიტიკა სრულად ზედაპირული და უშინაარსო გახდა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან თავის მიტოვებულად და მივიწყებულად გრძნობენ და ამის საპირწონედ, ხშირად დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის ობიექტი ხდებიან საზოგადოების მხრიდან. ენის არცოდნის საფუძვლით უმცირესობებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაში არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ეს პრობლემა არასოდეს გამხდარა ხელისუფლების მხრიდან სისტემური სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირების საგანი.

ენის ნიშნით დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის გამოყენება წარუმატებელი განათლების პოლიტიკის პირობებში ასევე განგაშის საფუძველს ქმნის. გარდა იმისა, რომ ეთნიკურ შტრიხების მატარებელ კონფლიქტებს სახელმწიფო ვერ პასუხობს პოზიტიური და პრევენციული მექანიზმებით, წლების მანძილზე სახელმწიფომ ვერ შეძლო უმცირესობების ლინგვისტური უფლებების და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით არსებული სისტემური ბარიერების გადალახვა.

ლინგვისტური უფლებები უმცირესობების უფლებების განუყოფელი ნაწილია და მისი რეალიზება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს დასახული პრიორიტეტები ინტეგრაციის და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით, რომელიც მათ შორის მოიცავს უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების გაუმჯობესებას, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯები და ცვლილებები წლების მანძილზე არ მომხდარა და სისტემური პრობლემები კვლავ გამოწვევად რჩება. ამასთან პრობლემურია ინსტიტუციურ დონეზე უმცირესობების ენის ადმინისტრაციულ პრაქტიკაში სათანადო აღიარებისა და დანერგვის საკითხი, რაც ეთნიკურ უმცირესობებს ხშირად საბაზისო სერვისების საკუთარ ენაზე მიღების უფლებას ართმევს, რომელიც მათ შორის, საქართველოს კანონით არის გარანტირებული.

აღსანიშნავია, რომ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის სამიზნე კონკრეტული ადამიანი ხდება არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური ქცევის, არამედ მისი რეალური ან აღქმული ჯგუფური კუთვნილების გამო. ამიტომ ამგვარი ძალადობა მსხვერპლის თემისთვისაც გზავნილია, რომ მათი ენა, იდენტობა და საჯარო სივრცეში ყოფნა საფრთხის შემცველია. როდესაც სახელმწიფო სათანადოდ არ ავლენს დისკრიმინაციულ მოტივს, ძალადობას მხოლოდ კერძო დაპირისპირებად წარმოაჩენს ან შემთხვევებს იზოლირებულად განიხილავს, ის აძლიერებს დაუსჯელობის განცდას. ასეთი მიდგომა აზიანებს საზოგადოებრივ ნდობას, აღრმავებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის გაუცხოებას და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკს.

სამწუხაროდ, ეთნიკური და ლინგვისტური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით არსებული ოფიციალური სტატისტიკა და ანგარიშები, სავარაუდოდ, სრულყოფილად ვერ ასახავს არსებულ რეალობას. კერძოდ, არც საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ და არც ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ანგარიშები ამ ნიშნით შეუწყნარებლობის შემთხვევებს სათანადოდ არ ასახავს. ეს გარემოება, შესაძლოა, მიუთითებდეს არა დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შემთხვევების არარსებობაზე, არამედ ეთნიკური უმცირესობების მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელზე, რაც, თავის მხრივ, მათდამი ნდობის, ინფორმირებულობის ან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს უნდა უკავშირდებოდეს.

საქართველოზე გამოქვეყნებული მეოთხე შეფასების ფარგლებში, ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა დაიცვან პირები, რომლებიც შესაძლოა მუქარის, მტრული ქმედებების ან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ მათი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი ან რელიგიური იდენტობის გამო. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების გამო. კონკრეტულად, კომიტეტი ეხება დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებას არაერთი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლისთვის, რის გამოც დაზარალებულებს არ ეძლევათ წვდომა გამოძიების მასალებზე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არ ხდება შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოძიება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან საჭიროა დამატებითი ზომები, რათა მოხდეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ამ ზომებს შორის შესაძლებელია იყოს პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების საბაზისო, ისევე როგორც განგრძობადი გადამზადება მსგავსი დანაშაულების აღმოჩენასა და გამოძიებასთან დაკავშირებით. კომიტეტი საგანგებოდ შეეხო ანტისომხურ და ანტიაზერბაიჯანულ სიძულვილის ენას და აგრესიულ დისკურსს, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა პანდემიის და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენების პერიოდში. კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს შესაბამისი ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისკენ გაკეთებული მოწოდებების ეფექტიანი გამოძიების, დევნის და დასჯის მიზნით.

მიუხედავად ამ მოწოდებებისა, სახელმწიფოს არ მიუღია ქმედითი ზომები დანაშაულების პრევენციის და მათზე ადეკვატური რეაგირებისათვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მიმდინარე თავდასხმის მსხვერპლი ბავშვია. არასრულწლოვანზე ძალადობა მისი ენისა და სავარაუდო ეთნიკური კუთვნილების გამო სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებსაც უგზავნის შიშის შემცველ გზავნილს, რომ საკუთარი ოჯახის ენაზე საუბარმა შესაძლოა ისინი ძალადობის სამიზნედ აქციოს.

სახელმწიფოს პასუხი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სავარაუდო თავდამსხმელის დაკავებით. საჭიროა შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა, ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობის დადგენა, დაზარალებული მოზარდისა და მისი ოჯახის მხარდაჭერა და იმ სოციალური გარემოს გააზრება, რომელშიც ეთნიკური და ენობრივი ნიშნით ძალადობა განმეორებად სახეს იძენს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:

  • მომხდარი თავდასხმებისა და ძალადობის საქმეებში გამოკვეთონ შეუწყნარებლობის მოტივი და გამოძიებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, ასევე დამნაშავე პირების მიმართ არ გამოიყენოს დაუსჯელობისა და ძალადობისა და სიძულვილის წახალისების მიდგომა;
  • მიიღონ პრევენციული ზომები მსგავსი ძალადობის აღკვეთის მიზნით და მათ შორის, საზოგადოებასთან აწარმოონ სათანადო კომუნიკაცია მსგავსი შემთხვევების მიმართ სახელმწიფოს მკაცრი მიდგომების შესახებ.

მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:

  • მიიღოს ქმედითი ზომები ეთნიკური და ლინგვისტური ნიშნით დისკრიმინაციული განწყობების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, ფორმალური განათლების სისტემაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების პროგრამების დანერგვის, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის ხელშეწყობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების გზით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“