[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანგარიში

  FCNM საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს

მიმდინარე წლის 26 ივნისს, ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რიგით მეოთხე მოსაზრება გამოაქვეყნა. ანგარიში დეტალურად განიხილავს შეფასების მეოთხე ციკლის პერიოდში (2019-2023 წლები) ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ის არა ერთხელ იმეორებს სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის კრიტიკულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს ეთნიკური უმცირესობების თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია და მისი მრჩეველთა კომიტეტი ყველაზე ავტორიტეტული, სპეციალიზებული და ქმედითი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების სპეციალური უფლებების აღიარებას, დაცვასა და მონიტორინგს ითვალისწინებს. ეთნიკური უმცირესობების დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში აღნიშნულ კონვენციას ეფუძნება ევროკავშირიც და შესაბამისად, სწორედ მისი პრიზმიდან ხედავს კანდიდატ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობასა და პოლიტიკას.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მრჩეველთა კომიტეტის მეოთხე ანგარიშის მოკლე მიმოხილვას, სადაც წარმოდგენილია კომიტეტის ძირითადი შეფასებები, კრიტიკა და რეკომენდაციები.

  • მოქალაქეობა დაკარგული პირები და სოციალურ უფლებებზე წვდომა

მრჩეველთა კომიტეტი ანგარიშში განსაკუთრებით შეეხო საქართველოში დაბადებული ათიათასობით ეთნიკურად სომეხი ადამიანის (ასევე ეთნიკური ოსების და ჩეჩნების) მდგომარეობას, რომლებმაც საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს ამ ქვეყნებში სეზონური შრომითი მიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, მათ ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ეს პირები ამჟამად მხოლოდ ბინადრობის უფლებით სარგებლობენ საქართველოში. კომიტეტი იზიარებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციას და აღნიშნავს, რომ რადგან ბევრი სოციალური უფლება, მათ შორის, ჯანდაცვის უფლება, მიბმულია საქართველოს მოქალაქეობის ქონასთან, ამ პირებს წინააღმდეგობა ექმნებათ ზემოთ აღნიშნულ სერვისებზე წვდომაში. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის საჭიროა, რომ ამ პირებმა წარმატებით ჩააბარონ ქართული ენის გამოცდა. თუმცა, განათლების სისტემის ისტორიული სპეციფიკებისა და სისტემაში არსებული გამოწვევების გამო, ეს პირები ქართულ ენას არ ფლობენ გამოცდისთვის შესაბამის დონეზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი სთხოვს ხელისუფლებას, გაამარტივოს ამგვარი პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე წვდომა ენობრივი გამოცდების გამარტივებით და რიგ შემთხვევებში ენობრივი გამოცდის ვალდებულებისგან სრული განთავისუფლებით (მაგ. ხანდაზმულების), რაც კომიტეტის აზრით გაზრდის ამ პირების წვდომას ჯანდაცვაზე და სხვა სოციალურ უფლებებზე.

  • მონაცემების შეგროვება და 2024 წლის საყოველთაო აღწერა

კომიტეტი კრიტიკულად ეხება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროცესს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, მოქალაქეებს თავისუფალი თვითიდენტიფიკაციის და ერთზე მეტი კუთვნილების დეკლარირების საშუალება არ მიეცათ, ხოლო გამოყენებულ კითხვარში ნათლად არ იყო აღნიშნული, სავალდებულო იყო თუ არჩევითი, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილების დეკლარირება. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, 2024 წლისთვის დაგეგმილი საყოველთაო აღწერისთვის შეიმუშაოს და გაასაჯაროოს ახალი კითხვარი. აღწერის ახალი კითხვარი უნდა ითარგმნოს უმცირესობების ენებზე და უნდა იძლეოდეს ერთზე მეტი კუთვნილების დეკლარირების საშუალებას, ხოლო ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული კითხვები უნდა იყოს ღია და არასავალდებულო. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი აღწერას, წინ უნდა უძღოდეს ფართო კამპანია, რომელიც აამაღლებს ეთნიკური უმცირესობების ცნობიერებას საყოველთაო აღწერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ასევე, ინტერვიუერების სათანადო გადამზადება და პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ინტერვიუერების ჩართულობა, რაც კომიტეტის აზრით, გამოკითხულებში აამაღლებს აღწერისადმი ნდობას და შესაბამისად გაზრდის აღწერის ხარისხს.

  • თანასწორობის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად, პრობლემად რჩება შესაბამისი სარჩელების მცირე რაოდენობა. მრჩეველთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სარჩელების სიმცირე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ არასაკმარისი ცოდნით ეთნიკურ უმცირესობებში. კომიტეტი მკაფიოდ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთნიკურ უმცირესობებში, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობების, ისე შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს საჯარო ინსტიტუციების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხორციელების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით (წინა წლებში, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების მხოლოდ დაახლოებით 30% განხორციელდა). კომიტეტის აზრით, ეს ერთ -ერთი ყველაზე დიდი წინაღობაა სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ეფექტიანობისთვის. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელოვანი გამოსწორებისკენ.

ზომები სრული და ეფექტიანი თანასწორობისთვის

კომიტეტი ზოგადად დადებითად ეხმაურება სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 2021-30 წლების სტრატეგიას, თუმცა, იზიარებს სამოქალაქო სექტორის კრიტიკას სტრატეგიის და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში ეთნიკური უმცირესობების და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიმიტირებული ჩართულობის შესახებ. კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ჩაურთველობის შესახებ 2022-23 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ისევე როგორც უმოკლეს, რვა დღიან ვადასთან დაკავშირებით, რომელიც მიცემული ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად იმავე სამოქმედო გეგმაზე.

კომიტეტი ასევე მწუხარებას გამოთქვამს 2021-30 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილის უგულებელყოფის შესახებ. სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც არ მოხვდა სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში, კომიტეტი დადებითად გამოყოფს ქართული ენის უფასო გაკვეთილების იდეას მულტი-ეთნიკურ ოჯახების წევრთა და იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უვადო ბინადრობის ნებართვით ცხოვრობენ საქართველოში და არ აქვთ ქართული ენის სათანადო ცოდნა. მეორე დადებითი რეკომენდაცია რომელიც უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მიერ, შეეხება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ვებსაიტებისა და სოციალური ქსელების ინტერნეტ გვერდების თარგმნას შესაბამისი უმცირესობების ენებზე. კომიტეტი აღნიშნავს, რომ უმცირესობებთან დაკავშირებული სეგრეგირებული მონაცემების რეგულარული შეგროვება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც თანასწორობის მისაღწევად, ასევე შესაბამისი უწყებების მიერ ამ მიმართულებით მიღებული ზომების შესაფასებლად.

მრჩეველთა კომიტეტს მიაჩნია, რომ სტრატეგიის და წლიური სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის პროცესში საჭიროა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

  • თანასწორი წვდომა უფლებებზე

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობების წვდომა ჩარჩო კონვენციით მიერ დაცული უფლებების ნაწილზე, პრაქტიკაში გარანტირებული არ არის ზემოთ აღნიშნული უმცირესობების წევრების მიერ სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნის გამო. ქართული ენის არასათანადო ცოდნა ბარიერია არაერთ, მათ შორის, ხარისხიანი განათლების, ინფორმაციის და პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქმედითი მონაწილეობის, უფლებაზე წვდომისთვის.

კომიტეტი სპეციალურ ყურადღებას უთმობს უმცირესობებსა და საჯარო უწყებებს შორის კომუნიკაციის პრობლემას. იუსტიციის სახლის ფილიალები, სოციალური მომსახურების სააგენტოს და კომერციული ბანკების რეგიონული ოფისები და სხვა საჯარო დაწესებულებები მომსახურებას არ წევენ უმცირესობების ენებზე, ხოლო საკანონმდებლო ტექსტების მხოლოდ მცირე ნაწილია თარგმნილი ამავე ენებზე. ზემოთ მოყვანილი პრობლემების შედეგად, უმცირესობების წევრებმა ხშირად არ იციან საკუთარ უფლებების და მოვალეობების შესახებ და ვერ იღებენ საჭირო მომსახურებას.

კომიტეტი ეხება ბოშა უმცირესობის უფლებებსაც და აღნიშნავს, რომ მათ არ აქვს თანასწორი წვდომა უფლებებზე და ქართული ენის არასათანადო ცოდნა სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში მცხოვრები ბოშებისთვის. კომიტეტი მიესალმება მთავრობის მიერ ბოლო წლებში ბოშებისთვის პირადობის მოწმობების გაცემას და ხელისუფლებას ამ პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგან კომიტეტის მიხედვით, პირადობის მოწმობის ქონა ხშირად უფლებებზე, მათ შორის დასაქმებაზე და ჯანდაცვაზე ქმედითი და თანასწორი წვდომის წინაპირობაა.

მრჩეველთა კომიტეტი განსაკუთრებულად აღნიშნავს ქისტების სოციალურ გარიყულობას, მათ შორის უმუშევრობის და ზოგადად პანკისის ხეობაში სავალალო სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის პრობლემას. კომიტეტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ქისტი მოსახლეობის უსაფრთხოების პერსპექტივაში მოქცევის პრობლემაზე.

კომიტეტი მიმართავს ხელისუფლებას მიიღოს ქმედითი, გამიზნული და მტკიცებულებებზე დამყარებული ზომები, სომეხ, აზერბაიჯანელ, ბოშა და ქისტ უმცირესობებთან დაკავშირებული უთანასწორობების აღმოსაფხვრელად.

  • უმცირესობების კულტურისა და ენების დაცვა და ხელშეწყობა

უმცირესობების კულტურებისა და ენების დაცვასთან და განვითარების ხელშეწყობასთან მიმართებაში, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ გაღებული დაფინანსება არასაკმარისია. კომიტეტს მიაჩნია, რომ უმცირესობების კულტურული აქტივობების სახელმწიფო დაფინანსება უნდა იყოს განგრძობადი და განჭვრეტადი ხასიათის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების აქტივობების გაგრძელება.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ უმცირესობების კულტურების ვიწრო ფოლკლორულ ჭრილში აღქმა წარმოადგენს პრობლემას და მნიშვნელოვანია ამ კულტურების თანამედროვე გამოვლინებების და მათ მიერ ზოგად ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილის აღიარება.

კომისია ასევე ეხება კულტურულ მონუმენტებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ეთნიკური უმცირესობებისათვის. კომიტეტის მიხედვით, ასეთი მონუმენტების რეაბილიტაციის პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია, რის შედეგადაც, არაერთი სომხური ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია. კომიტეტს მიაჩნია, რომ ჩარჩო კონვენციის მეხუთე მუხლის სრული განხორციელებისათვის, საჭიროა შეიქმნას ეთნიკური უმცირესობებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული მონუმენტების სია და გამოიყოს სპეციალური დაფინანსება ამ მონუმენტების რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვისთვის.

კომიტეტი კრიტიკულად ეხმაურება 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში, რაოდენობრივად მცირე უმცირესობების კულტურებისა და იდენტობის დაცვის უგულებელყოფას. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს უმცირესობების კულტურების მიერ, ზოგად ქართულ კულტურასა და ისტორიაში შეტანილი წვლილის არაღიარების შესახებ. კომიტეტს მიაჩნია, რომ საჭიროა ეთნიკური უმცირესობების კულტურის სხვადასხვა ელემენტის, მათ შორის მათი ისტორიის, ენების და საერთო ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილის გათვალსაჩინოება.

ბოლოს, მრჩეველთა კომიტეტი ეხება ქართული სახელმწიფოს მიერ, რეგიონული ან უმცირესობების ენების შესახებ ევროპულის ქარტიის რატიფიცირებას. საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, აიღო ვალდებულება რომ ზემოთ აღნიშნული ქარტიის რატიფიცირებას მოახდენდა 2000 წლის 27 აპრილამდე. 2022 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ქარტიის ზედმეტი დაგვიანების გარეშე რატიფიცირების შესახებ მოუწოდა. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი მოაწეროს და რატიფიკაცია გაუკეთოს ევროპულ ქარტიას რეგიონული ან უმცირესობების ენების შესახებ.

  • ინტერ-კულტურული დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და საზოგადოების ინტეგრაცია

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების ქართული საზოგადოების განუყოფელ და ღირებულ ნაწილად აღქმა მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტებით და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. ეს ნაწილობრივ უმცირესობების შესახებ ქართული საზოგადოების არაინფორმირებულობითაა გამოწვეული, რისი მიზეზიც საქართველოში მათი ყოფნის, მათი კულტურის და ტრადიციების შესახებ არასაკმარისი განათლებაა.

რელიგიური უმცირესობების შესახებ, მრჩეველთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ მათ შესახებ დისკურსი უსაფრთხოების ჭრილშია მოქცეული. უმცირესობის რელიგიის წარმომადგენლები, ხელისუფლების და ზოგადად საზოგადოების მიერ ხშირად და უსაფუძვლოდ აღიქმებიან როგორც საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

კომიტეტი ეხება ქისტების მდგომარეობას პანკისის ხეობაში და აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობამ ქისტ თემში გააძლიერა სოციალური გარიყულობის შეგრძნება, რომელსაც რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებები ასაზრდოებენ. გადამეტებული საპოლიციო და უშიშროების კონტროლის გამო, პანკისის ხეობიდან ხდება მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება. ქისტ თემთან მიმართებაში, კომიტეტი ასევე ეხება ეთნიკური ქისტების გადამეტებულ კონტროლს სახელმწიფო საზღვრებზე, რაც ძირითადად სასაზღვრო პროცედურების გაჭიანურებით გამოიხატება. აღნიშნულია ასევე უსაფრთხოების სამსახურების მიერ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების შევიწროება და ქისტი უმცირესობის წარმომადგენლების დაშინების და დაუსაბუთებელი თვალთვალის შემთხვევები.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს პრივილეგირებული სტატუსით. მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიები, მათ შორის შემსუბუქებული საგადასახადო და ქონებრივ ვალდებულებები და მართლმადიდებელი სასულიერო პირების განთავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემების არათანასწორ მოპყრობაზე მიუთითებს.

მრჩეველთა კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მისი მესამე მოსაზრების ფარგლებში, სკოლებში დაფიქსირებული პროზელიტიზმის შემთხვევებთან დაკავშირებული რეკომენდაციის სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო. კომიტეტი ასევე ეხმაურება სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებულ სტიგმას და ცრურწმენებს რელიგიური უმცირესობების მიმართ. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული უარყოფითი სტერეოტიპების, მითების და სიცრუეების გაგრძელების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა უმცირესობების ჩართულობა სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში.

კომიტეტი ასევე ეხმაურება ქართული სახელმწიფოს მიერ, მისი ვალდებულებების შეუსრულებლობას მესხების რეპატრიაციის შესახებ. კომიტეტი იზიარებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციას და აღნიშნავს რომ ქართული სახელმწიფო გადაულახავ ბარიერებს ქმნის რეპატრირებული მესხებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. ერთ-ერთი ამ ბარიერთაგანი, არსებული მოქალაქეობის დათმობის ვალდებულებაა, რაც მესხებში იწვევს შიშს, რომ არსებული მოქალაქეობის დათმობა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე, მათ მოქალაქეობის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ აყენებს. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის არქონა, დამატებით პრობლემებს ქმნის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მესხებისთვის - როცა ისინი საქართველოში მცხოვრები ნათესავების მონახულების მიზნით ქვეყანაში შემოსვლას ცდილობენ, ისინი ხშირად ყოვლად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ქართველი მესაზღვრეებისგან. კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს მესხების რეპატრიაციის პროცედურის ფორმალურობის შესახებ და მიიჩნევს, რომ რეპატრიაციის პროცესის, ხელახალი, უფრო ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის, საჭიროა გულწრფელი დიალოგი ხელისუფლებასა და მესხ თემს შორის.

  • სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისგან და სიძულვილის ენისგან დაცვა

კომიტეტი ეხება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებას და სიძულვილის მოტივის არ დადგენას რელიგიის მიზეზით ჩადენილ დანაშაულებში. მრჩეველთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოების ვალდებულებაა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა დაიცვან პირები, რომლებიც შესაძლოა მუქარის, მტრული ქმედებების ან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ მათი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი ან რელიგიური იდენტობის გამო. სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება მიიღონ ყველა პრევენციული ზომა და გააკეთონ ყველაფერი, რათა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები, ისევე როგორც სიძულვილის ენის დანაშაულებრივი გამოხატვის შემთხვევები სათანადოდ იყოს გამოძიებული. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების გამო. კონკრეტულად, კომიტეტი ეხება დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებას არაერთი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლისთვის, რის გამოც დაზარალებულებს არ ეძლევათ წვდომა გამოძიების მასალებზე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არ ხდება შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოძიება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან საჭიროა დამატებითი ზომები, რათა მოხდეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ამ ზომებს შორის შესაძლებელია იყოს პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების საბაზისო, ისევე როგორც განგრძობადი გადამზადება მსგავსი დანაშაულების აღმოჩენასა და გამოძიებასთან დაკავშირებით.

კომიტეტი ასევე ეხმაურება ანტისომხურ და ანტიაზერბაიჯანულ სიძულვილის ენას და აგრესიულ დისკურსს, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა პანდემიის და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენების პერიოდში. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს შესაბამისი ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისკენ გაკეთებული მოწოდებების ეფექტიანი გამოძიების, დევნის და დასჯის მიზნით. ხელისუფლებამ, ასევე უნდა მიიღოს ზომები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ არსებული სტერეოტიპების და ცრურწმენების წინააღმდეგ, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კამპანიებით და სიძულვილის ენის გამოხატვის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებით.

  • რელიგიური გამოხატვის და ინსტიტუციების, ორგანიზაციების და ასოციაციების ჩამოყალიბების უფლება

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სალოცავ ადგილებზე წვდომის უფლება კვლავ პრობლემურად რჩება ნათელი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული რეგულაციების არ არსებობის გამო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს სალოცავი შენობების აშენების ნებართვების გაცემის პროცესი და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების რესტიტუცია. პრობლემურად და დისკრიმინაციულად მიიჩნევა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების განთავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულებისგან, იმის ფონზე, რომ 2023 წელს მიღებული ახალი თავდაცვის კოდექსი არც ერთი სხვა დენომინაციის სასულიერო პირებს არ ათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან.

კომიტეტი მოკლედ ეხება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის პრაქტიკას და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონს, რომელიც უმცირესობების რელიგიურ თემებს არ აძლევს სახელმწიფოს ფლობაში მყოფი ქონების, მათ შორის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების, შეძენის ან გაცვლის უფლებას

კომიტეტი ასევე ეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის ათწლიან პროცესს და ხელისუფლებისგან საბოლოო გადაწყვეტილების მოკლე ვადაში მიღებას ელის. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რელიგიური შენობების აშენების ნებართვის გაცემის პროცესში, ყველა რელიგიურ დენომინაციას თანასწორად უნდა მოეპყროს და თავი უნდა აარიდოს ყველანაირ დისკრიმინაციას და გადამეტებულ ფორმალიზმს. გადამეტებული ფორმალიზმის მაგალითად კომიტეტს ბათუმში არსებული მდგომარეობა მოჰყავს, სადაც მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობის უფლება არ ეძლევა, მაშინ როცა სხვა დენომინაციების (რედ. მართლმადიდებელი ეკლესიის) ტაძრების დე ფაქტო არსებობის თმენა ფიქსირდება, იმის და მიუხედავად, რომ მათ ასაშენებლად ოფიციალური ნებართვის მოთხოვნა არ მომხდარა.

კომიტეტი ასევე ეხმაურება უმცირესობის დენომინაციებისათვის საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამორთმეული ქონების მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიტაცების ფაქტებს, რაც კომიტეტის აზრით ამ უკანასკნელის პრივილეგირებული სტატუსიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს როლს, კომიტეტი ეხმაურება სააგენტოს მიერ რელიგიური ასოციაციების ფინანსურ და ქონებრივ საქმეებში პირდაპირი ჩარევის შემთხვევებს და სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის რისკს. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ რელიგიის სააგენტოს მთავრობისთვის არ წარუდგენია არც ერთ ისეთ რეკომენდაცია რომელიც დადებით ცვლილებას მოიტანდა რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით და რომ ზოგადად მაღალია სააგენტოს მიმართ უნდობლობის ხარისხი. კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მისი წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს შექმნას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის სალოცავ ადგილებზე ეფექტიანი წვდომის შესაძლებლობა და შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სალოცავი შენობების აშენების ნებართვები უნდა გაიცემოდეს დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად.

ბოლოს, კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას ზედმეტი გაჭიანურების გარეშე მოახდინოს გაუმართლებლად ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების ქონების რესტიტუცია ან კომპენსაცია.

  • მედია უმცირესობების ენებზე

კომიტეტი იმეორებს, რომ საჯარო, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში თანასწორი და ეფექტიანი მონაწილეობის წინაპირობაა, პიროვნების მიერ ინფორმაციის მიღების და გაცემის შესაძლებლობა იმ ენაზე რომელიც მას სრულად ესმის. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობების ენებზე საკმარისი რაოდენობის გადაცემების არარსებობის გამო, უმცირესობების ნაწილი ინფორმაციას მეზობელი ქვეყნების მედიასაშუალებებიდან იღებს. კომიტეტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას ეთნიკურ უმცირესობების წევრების და მათი ენების სათანადო წარმოჩენის გარანტია. ეს უნდა მოხდეს მათ შორის, შესაბამისი მედიასაშუალებების და გადაცემების მხარდაჭერით, რომლებიც მომზადდება ეთნიკური უმცირესობებისთვის ეთნიკური უმცირესობების წევრების მონაწილეობით. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა ისეთი მედია გარემოს შექმნისთვის, სადაც მრავალფეროვნება წარმოჩენილი იქნება როგორც ქართული საზოგადოების განუყოფელი და ფასეული ასპექტი.

  • უმცირესობების ენების გამოყენება საჯარო უწყებებთან ურთიერთობაში

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, უმცირესობების ენების გამოყენება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობაში, შესაძლებელია მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კოლექტიურად ცხოვრობენ“. ეს ხელისუფლების მიერ ინტერპრეტირდება როგორც „მჭიდრო დასახლება“. კომიტეტის მიხედვით, ეს კანონმდებლობა პრაქტიკაში გამორიცხავს უმცირესობების ენების საჯარო უწყებებთან ურთიერთობისას გამოყენებას ისეთ ადგილებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მცირე პროპორციით არიან წარმოდგენილი. თუმცა, კომიტეტი იმეორებს, რომ ჩარჩო კონვენციით გარანტირებული ეს უფლება უნდა იყოს დაცული ყველგან, სადაც ეთნიკური უმცირესობები ‘სოლიდური რაოდენობით’ და ‘ტრადიციულად’ ცხოვრობენ. შესაბამისად, ჩარჩო კონვენციით გარანტირებული უფლება ეხება ისეთ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ეთნიკური უმცირესობები შედარებით მცირე რაოდენობით ცხოვრობენ, თუკი ეს უკანასკნელნი ტრადიციულად მოცემულ ადგილას ბინადრობდნენ.

კომიტეტი მიიჩვევს, რომ საჭიროა შესაბამისი ქართული კანონმდებლობის გადახედვა, რათა მოხდეს ჩარჩო კონვენციით გარანტირებული ამ უფლების პრაქტიკაში განხორციელება. კომიტეტი იმეორებს, რომ სახელმწიფოები ვალდებულები არიან ჩამოაყალიბონ მკაფიო კრიტერიუმები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს „საკმარისი რაოდენობა“ და „საკმარისად დიდი რაოდენობა“ უმცირესობების ენების ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამოყენების კონტექსტში და არ დატოვონ ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლებების დისკრეციის საგნად.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ იმ საკრებულოებშიც კი, რომელთა წევრების უმეტესობის პირველი ენა არ არის ქართული და სხდომები ყოველდღიურ პრაქტიკაში შესაბამის უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, სხდომების ოქმები მხოლოდ ქართულ ენაზე იწერება.

იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ ფლობს ქართული ენის სათანადო ცოდნას, კომიტეტს მიაჩნია, რომ დოკუმენტების და განცხადებების ფორმების უმცირესობების ენებზე თარგმნა და მათი ინტერნეტში და მუნიციპალიტეტების შენობებში განთავსება, გააუმჯობესებს უმცირესობების ენობრივ უფლებებზე წვდომას.

ბოლოს, მრჩეველთა კომიტეტი მკაფიოდ მოუწოდებს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაადვილოს უმცირესობების ენების წერილობითი და ზეპირი გამოყენება ადმინისტრაციულ უწყებებთან ურთიერთობაში და აამაღლოს რაოდენობრივად მცირე უმცირესობების ცნობიერება შესაბამის უფლებებთან დაკავშირებით.

  • გვარების უმცირესობების ენებზე გამოყენება

კომიტეტი ისტორიული გვარების დაბრუნების პრაქტიკულ სირთულეებს ეხება, რაც გამოწვეულია მტკიცების ზედმეტად მძიმე ტვირთით, რომელსაც კანონმდებლობა მოქალაქეებს აკისრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი იმეორებს, რომ საკუთარი სახელის უმცირესობის ენაზე გამოყენება და მისი ოფიციალური აღიარება, უმცირესობების წევრების მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც ახლო კავშირშია მათ იდენტობასა და ღირსებასთან. სახელების ტრანსკრიფცია უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად ზუსტად და გვარების ტრანსკრიფცია არ უნდა იყოს შორს უმცირესობის ენის ძირითადი ელემენტებისგან. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ გვარების მართლწერა კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლოს, კომიტეტი სთხოვს ხელისუფლებას, სახელის და გვარის უმცირესობის ენაზე გამოყენების და მათი ოფიციალურად აღიარების უფლებაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, მათი უმცირესობების ენებზე გამოყენების მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჩარჩო კონვენციასთან.

  • ტოპოგრაფიული ნიშნები უმცირესობების ენებზე

კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შესაბამისი ტოპოგრაფიული მანიშნებლების ქართულ ენაზე განთავსების პარალელურად, აღადგინოს ტრადიციული ტოპონიმები უმცირესობების ენებზე. ასევე საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს ტოპოგრაფიული მანიშნებლების უმცირესობების ენებზე განთავსების ისეთი საკანონმდებლო საფუძველი და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობების მიერ შესაბამის უფლებაზე ეფექტიან წვდომას.

  • ინტერკულტურული განათლება და ცოდნა უმცირესობების შესახებ

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სოციალური მრავალფეროვნების, მათ შორის ეთნიკური და სხვა უმცირესობების შესახებ აუცილებლად უნდა შედიოდეს კურიკულუმში და უნდა იყოს ასახული საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებში, რომლებიც ყველა სკოლაში იქნება გამოყენებული. ეს აუცილებელია, არა მხოლოდ ინტერკულტურული ურთიერთგაგების და მოსწავლეთა შორის პატივისცემის ხელშესაწყობად, არამედ რაოდენობრივად მცირე ეთიკური ჯგუფების, სოციალურად ან ეკონომიკურად გარიყული ჯგუფების წარმომადგენლების ღირსებისა და თვით-აღქმის ასამაღლებლად. მნიშვნელოვანია ინტეგრირებული და ინკლუზიური კურიკულუმი ასევე აღიარებდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის ქალების, წვლილს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, თუ მეცნიერება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებლების გადამზადება, რათა ამ უკანასკნელებმა ხელი შეუწყონ განსხვავებული ეთნიკური, კულტურული და ენობრივი იდენტობების პატივისცემას, ინკლუზიასა და დიალოგს საკლასო და კლასგარეშე აქტივობებისას. კომიტეტი ასევე თვლის, რომ მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გადახედვა, რათა აღმოიფხვრას უმცირესობების სტერეოტიპული და ნეგატიურად აღწერის პრობლემა.

  • თანასწორი წვდომა განათლებაზე

მრჩეველთა კომიტეტი იზიარებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციას, რომ სკოლამდელ განათლებაზე წვდომის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობაა. დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საბავშვო ბაღების რაოდენობა 2.7 ჯერ ნაკლებია. მაგალითისთვის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის ძირითადად ეთიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ერთი საბავშვო ბაღიც კი არ არის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემების მიღმა, ასევე პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ზოგადი განათლების დაბალ ხარისხს ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, კომიტეტი კვალიფიციური მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობას უკავშირებს. კვალიფიციურ მასწავლებლების სიმცირის გარდა, სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა სახელმძღვანელოების ხარისხიც. სახელმძღვანელოების ნაწილი პირდაპირ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, შესაბამისად ისინი არ ასახავენ ქართულ რეალობას, რაც მოსწავლეების საქართველოსთან თვითიდენტიფიცირების პრობლემას ქმნის. კომიტეტი მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს სახელმძღვანელოების დამუშავებას ქვეყნის შიგნით, როგორც დიდი ისე, რაოდენობრივად მცირე ეთნიკური უმცირესობების ენებზე. კომიტეტი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ კომიტეტის მიერ წინა წლებში გაკეთებული არაერთი შესაბამისი რეკომენდაციის მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კვლავ გადაუჭრელად რჩება.

უმაღლეს განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებით, კომიტეტი საინტერესოდ მიიჩნევს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამას. თუმცა კი, კომიტეტი იზიარებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ქართული ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსისთვის ფასის გადახდა უწევთ, პრობლემატურია. შესაბამისად კომიტეტი მიიჩნევს, რომ საჭიროა დაფინანსების გაზრდა 1+4 პროგრამისთვის, რათა სტუდენტებს, რომელთაც ფინანსური პრობლემების გამო არ შეუძლიათ 1+4 პროგრამით სარგებლობა, გაუმარტივდეთ ამ პროგრამაზე წვდომა.

ბოლოს, კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს განათლების ყველაზე საფეხურზე თანასწორი წვდომისკენ მიმართული პოლიტიკა. ამ მიზნისთვის, ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების რაოდენობა, განსაკუთრებით იმ არაურბანულ ადგილებში სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას გაამარტივოს 1+4 პროგრამაზე წვდომა და პროგრამის ხარისხი იმისთვის, რომ პროგრამამ სასურველი შედეგები მოიტანოს.

  • ბოშების თანასწორი წვდომა განათლებაზე

ბოშების განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებით, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ბოშა გოგონების მიერ სკოლის მიტოვების მაღალ მაჩვენებელსა და მათ ახალგაზრდა ასაკში ქორწინების ფენომენს შორის კავშირს. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს სპეციალური პროგრამა რომელიც წაახალისებდა ბოშების მიერ საშუალო განათლების მიღებას. შესაბამისად, კომიტეტი იმეორებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ განათლების ყველა საფეხურზე თანასწორი წვდომა, აღბეჭდილია ჩარჩო კონვენციაში. სახელმწიფოებმა უნდა აწარმოონ სასკოლო მოსწრების, გაკვეთილების გამოტოვების და სკოლის მიტოვების, წერა-კითხვის, სკოლის დამთავრების, სასკოლო ნიშნების, გენდერული უთანასწორობების, უმაღლეს განათლებაზე და დასაქმებაზე წვდომის მაჩვენებლების მონიტორინგი. აღინიშნება, რომ არაპრივილეგირებული მოსწავლეებისთვის, შესაძლოა საჭირო იყოს მოსამზადებელი გაკვეთილები ან სპეციალური მრჩევლები და მასწავლებლები. ამისთვის, კომიტეტი ხელისუფლებას ბოშა მოსწავლეებისთვის სპეციალურ სასწავლო დამხმარეზე წვდომის შესაძლებლობას მიცემას სთავაზობს. კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინკლუზიური საკლასო ოთახების და კლასგარეშე კონტაქტის წახალისებას უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის.

ბოლოს ,კომიტეტი მკაფიოდ მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს და განახორციელოს გრძელვადიანი და განგრძობადი პოლიტიკა ბოშა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფადა განათლების ყველა დონეზე. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას განახორციელოს ბოშა ქალებისა და გოგონების განათლების პრობლემების კვლევა და ამ კვლევაზე დაფუძნებით განახორციელოს გამიზნული ზომები.

  • უმცირესობების და უმრავლესობების ენების სწავლება

სკოლებში, სადაც სწავლება უმცირესობების ენებზე ხორციელდება, ქართული ენის სწავლებას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი ეთმობა. უშუალოდ ქართული ენის გაკვეთილების გარდა, კურიკულუმში გათვალისწინებულია ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების საგნების სავალდებულოდ ქართულ ენაზე სწავლება. ამის და მიუხედავად, არასაკმარისი ადამიანური რესურსის და მასწავლებლების მიერ ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო, ეს მხოლოდ ნაწილობრივ და სკოლების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში ხორციელდება. პრობლემურია ასევე ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა უმცირესობების სკოლებში. კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის სწავლების ადეკვატური მეთოდოლოგიის შემუშავება განათლების ყველა საფეხურისთვის, დაწყებული სკოლამდელი განათლებით.

კომიტეტი ასევე კრიტიკულად ეხება ქართულ უნივერსიტეტებში სომხური და აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მიმართულებით სპეციალიზების შესაძლებლობის არ არსებობას. ამ სპეციალობების დასაუფლებლად, ახალგაზრდებს უწევთ სწავლის შესაბამის ქვეყნებში გაგრძელება. იმის გამო, რომ ამ სპეციალობების დაუფლება უცხოეთში უწევთ, აზერბაიჯანული და სომხური ენის და ლიტერატურის სპეციალისტები ვერ ახერხებენ მოსწავლეებისთვის საქართველოში არსებული აზერბაიჯანული და სომხური კულტურის ტრადიციის სწავლებას. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირერიცხოვანი უმცირესობების ენების სწავლება საჯარო სკოლებში, რომლებიც ან საერთოდო არ ისწავლება ან მათი სწავლება კვირაში მხოლოდ ორი საათით შემოიფარგლება, რაც შეუძლებელს ხდის სტუდენტების მიერ ამ ენების სრულყოფილად დაუფლებას.

ბოლოს, კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ქართული ენის სწავლების ხარისხი სკოლებში, სადაც სწავლება უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს და პარალელურად გაგრძელდეს უმცირესობების ენების გამოყენება სწავლების ძირითად ენად განათლების ყველა საფეხურზე.

  • ეფექტიანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

კომიტეტი იზიარებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციას და კრიტიკულად ეხმაურება ხელისუფლების მიერ, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობების საბჭოს და რელიგიათა საბჭოს ჩაურთველობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მათი რეკომენდაციების უმეტესობის არ გათვალისწინებას. კომიტეტი იმეორებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე გავლენის რეალური საშუალება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამისთვის აუცილებელია რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმების შექმნა იმისთვის, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა შეძლონ საკუთარი აზრის დაფიქსირება და რეკომენდაციების გაკეთება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ზემოთ მოყვანილი საბჭოების რეკომენდაციებს, ხოლო რეკომენდაციების შეუსრულებლობისას, აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთება. ბოლოს, კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს ნათლად განსაზღვროს რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების, ისევე როგორც ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების როლები და კომპეტენციები და სავალდებულო გახადოს ამ საბჭოებთან კონსულტაცია იმ საკითხებზე რომლებიც პირდაპირ ეხება ეთნიკურ უმცირესობებს.

  • ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაცია არჩევით და აღმასრულებელ ორგანოებში

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ისტორიულად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკური უმცირესობები არასდროს იყვნენ წარმოდგენილი მოსახლეობაში მათი პროპორციის შესაბამისად.

ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების ნაკლებობაა ასევე სახელისუფლებო დონეზე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში პრობლემად რჩება უმცირესობების არაპროპორციულად დაბალი წარმომადგენლობა ისეთ მუნიციპალიტეტებშიც კი სადაც ეთნიკური უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ (მაგ. გარდაბანი, ბოლნისი დმანისი, მარნეული, წალკა, ახალციხე). გამონაკლისია ახალქალაქი და ნინოწმინდა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ პრობლემურია სიტუაცია თბილისშიც, სადაც იმის და მიუხედავად, რომ მოსახლეობის 11% ეთნიკური უმცირესბების წარმომადგენელია, არც თბილისის საკრებულოს და არც თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წევრი არ არის ეთნიკური უმცირესობებიდან. რაც შეეხება მერებს, მხოლოდ ახალქალაქში, მარნეულში და ნინოწმინდაშია ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული მერი.

კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმცირესობების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაურთველობის გამო. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემა უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი წუხილების საჯარო დღის წესრიგში დაყენების საშუალებას უნდა აძლევდეს. სადაც პრაქტიკული მიზეზების გამო, უმცირესობების არჩევით ორგანოებში რეპრეზენტაცია ლიმიტირებულია, საჭიროა ალტერნატიული გზების გამოძებნა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე, რომელიც გაზრდის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რიცხვის როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ არჩევით და აღმასრულებელ ორგანოებში.

ბოლოს, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ ქალთა ჩაურთველობაზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის დასაძლევად საჭიროა კონკრეტული და გამიზნული ზომები.

  • სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა

გამოწვევად რჩება ეთნიკური უმცირესობების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაურთველობა. ეთნიკური უმცირესობების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის მთავარი ბარიერი ქართული ენის არ ცოდნა, უმცირესობების ენებზე შესაბამისი სერვისების და ინფორმაციის მიუწოდებლობა და ეკონომიკური რესურსების ნაკლებობაა. ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერები პრობლემას ქმნის უმცირესობების სერვისებზე წვდომაშიც. განსაკუთრებით მწვავეა სასოფლო სამეურნეო მიწების გადაფორმების პრობლემა ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში.

პრობლემურია ასევე ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო სამცხე-ჯავახეთში და პანკისის ხეობაში. აჭარაში და მარნეულში მცხოვრები ქალების უმეტესობა, სამედიცინო დახმარებას მხოლოდ მაშინ ითხოვს, როცა ტკივილი აუტანელი ხდება.

კომიტეტი ასევე ეხება ბოშების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბოშები არ არიან ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ გაცემულ სერვისებთან დაკავშირებით, იშვიათად იღებენ პასუხს საჯარო უწყებების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან ბინის ქირაობის პროცესში. ბოშების უმეტესობა უმუშევრად რჩება და საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების წევრებისგან სოციალური გარიყვა მათ სიღატაკის საფრთხის წინაშე აყენებს.

კომიტეტი იმეორებს, რომ სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობა არ უნდა იყოს ლიმიტირებული ბაზარზე და სერვისებზე თანასწორ წვდომაში. ეფექტური მონაწილეობა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ეთნიკური უმცირესობების სოციო-ეკონომიკურად არაპრივილეგირებულ სიტუაციაში არიან, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სპეციალური ზომები, რათა გაზარდონ ეთნიკური უმცირესობების წევრთა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ბოლოს, კომიტეტი იზიარებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სეგრეგირებული მონაცემების შეგროვების გარეშე, შეუძლებელია სოციალური და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი ეფექტიანობის შეფასება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“