საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: polyphony.ge
10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt. გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას შეეხება:
ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის მიმართულებით 2019 წელი არ ყოფილა მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების მომტანი. ინტეგრაციის პოლიტიკაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი რუტინული აქტივობები არსებითად არ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ რეალურ პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევებს და უმცირესობების დაბალი, უფრო კი „წარმოსახვითი“ პოლიტიკური მონაწილეობის პირობებში რთულდება არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და ინტერესების სათანადო პოლიტიკური არტიკულირება.
ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა უფლებების დაცვის, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპების ნაცვლად, მეტწილად ისეთ პრობლემურ პერსპექტივებს ეფუძნება, როგორიცაა უსაფრთხოება, გეოპოლიტიზირება და კულტურული დომინაცია. სახელმწიფო პოლიტიკა სათანადოდ ვერ ხედავს იმ ღრმა და სტრუქტურულ უთანასწორობას, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მიმართ არსებობს ისტორიული იგნორირების და დომინაციის პრაქტიკის გამო. ამ მიდგომების პირობებში კი სახელმწიფოს არ გააჩნია სპეციალური პოზიტიური პოლიტიკები (მათ შორის, პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებაზე ორიენტირებული სპეციალური მექანიზმები, დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკა, სოციალური დაცვის პროაქტიული მიდგომები), რომელიც მისი აღმოფხვრის სისტემურ და ინსიტიტუციურ შესაძლებლობებს შექმნიდა.
მიმდინარე წელს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კვლავ ისმოდა პრობლემური და დისკრიმინაციული განცხადებები ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ნიშანდობლივი იყო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გამაუცხოვებელი განცხადება, რომელმაც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მეზობელ ქვეყანას დააკავშირა. მიმდინარე წელს პარლამენტში დაფიქსირდა კიდევ ერთი სიმპტომატური შემთხვევა, როდესაც პარლამენტის დეპუტატმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს შეიხს ქართული ენის არ ცოდნის გამო შენიშვნა მისცა და მიუთითა, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქეა, ქართულ ენაზე უნდა ილაპარაკოს.
EMC-ის აქტიური მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში აჩვენებს, რომ ქართული ენის დომინაციის პოლიტიკას მძიმე სოციალური შედეგები მოაქვს ადგილობრივი აზერბაიჯანელი თემისთვის. სახელმწიფო ენის სწავლების პოლიტიკის გაძლიერება არსებითია, თუმცა წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა და სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანოები არ უზრუნველყოფენ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის რესურსებს, რაც პოლიტიკიდან ადგილობრივების დიდი ნაწილის გარიყვას იწვევს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) უახლოესი კვლევა აჩვენებს, რომ უმცირესობების რეგიონებში ადიგლობრივი მუნიციპალიტეტისთვის ადამიანების თითქმის 70%-ს არც კოლექტიური და არც ინდივიდუალური საჭიროებისთვის არასდროს მიუმართავს. რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კიდევ უფრო მძიმე პრობლემაა.
ქვემო ქართლის სოფლებში მძიმედ დგას სასიცოცხლო რესურსებზე (მიწა, სასმელი და სარწყამი წყალი) და ბაზისურ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც ცხადია, ეთნიკური უმცირესობების სოციალურ მოწყვლადობას ზრდის.
ამ რეგიონებში პრობლემურია წინასასკოლო განათლების ინფრასტრუქტურის სიმცირე. განათლების ხარისხი კი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში მკვეთრად დაბალი და უთანასწოროა, რაც ამ ჯგუფებს სათანადო განვითარების შესაძლებლობას უსპობს. ამ დრომდე განათლების სამინისტროს არ შეუმუშავებია სპეციალური ხედვა და პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ზოგადი განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებს რეალურად უპასუხებდა.
1+ 4 პროგრამის მხარდაჭერით განათლებამიღებული ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი ასევე დაბალია და სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფისთვის დასაქმების მხარდამჭერი სპეციალური პოლიტიკა (სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის მიღმა) სახელმწიფოს არ გააჩნია.
საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო კულტურის დომინაციის თვალშისაცემი პრაქტიკა, რაც ადგილობრიცი კულტურის პოლიტიკაში ნათლად ჩანს, მათ შორის, ადგილობრივი დღესასწაულების გადაწერის, უმცირესობების კულტურის სუსტი რეპრეზენტაციის მექანიზმებით.
ხაზი უნდა გაესვას 1+4 პროგრამის მნიშვნელოვან სოციალურ შედეგებს, რაც, მათ შორის, ჩანს რეგიონში ახალგაზრდა, კარგი განათლების მქონე აქტივისტების უნიკალური რესურსის შექმნაში, რომლებიც პოლიტიკური თვითგამორკვევის და ორგანიზების საინტერესო გამოცდილებებს ქმნიან.
2019 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო პანკისის ხეობისთვის. 21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის უზრუნველყოფისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება დაგეგმა იმ პირობებში, როცა ჰესების გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში პოლიცია და სუს ადგილობრივი ლიდერებისა და აქტივისტების პოლიციის განყოფილებებში დაბარებისა და მუქარის ტაქტიკით აქტიურად ცდილობდა ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის შესუსტებას. ჰესების თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში სრულიად უკანონოდ ღიად იყო ჩართული შს მინისტრის მოადგილე. აპრილის მოვლენების შემდეგ ჰესის მშენენებლობის საკითხი დროებით შეჩერდა, თუმცა, ჰესების კასკადის მშენებლობის და მისი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენების შესაფასებლად დემოკრატიული კონსულტაციების პროცესი სახელმწიფომ მიანც არ შექმნა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰესების თემის გარშემო პოლიციის და სუს-ის აქტიურმა ინტერვენციამ და ამ პროცესში შიდა ინტერესთა ჯგუფების შექმნისა და წახალისების სტრატეგიამ, თემში შიდა დაპირისპირების რისკები გაზარდა, რაც, ადგილოვრივების თქმით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ადგილობრივ ჯგუფებს შორის შეიარაღებული კონფლიქტითა და მძიმე მსხვერპლით დასრულდა.
მიმდინარე წელს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესს კვლავ არ მოჰყოლია მნიშნელოვანი შედეგი. მაჩალიკაშვილების ოჯახს ისევ არ აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, სუს-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის დაკითხვის პროცესმა აჩვენა, რომ გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წელს EMC-იმ განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც მალევე დაიწყო კომუნიკაციის პროცესი საქართველოს მთავრობასთან. მაჩალიკაშვილების ოჯახების მიმართ უსამართლობის კიდევ ერთი გამოვლინება 21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების დროს მათი ოჯახის წევრის, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის თვითნებური დაკავება იყო, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, ისევე როგორც ჰესებთან დაკავშირებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, ძალის დემონსტრირების ის მაგალითებია, რომელიც პანკისის ხეობაში სხვადასხვა ხელისუფლების პოლიტიკას ისტორიულად ახასიათებს. დემონსტრაციულად რეპრესიული სპეცოპერაციები ხეობაში ადგილობრივებში დაუცველობას, შიშს და გაუცხოებას ქმნის. თუმცა, დასჯის, რეპრესიის ამ მძიმე შემთხვევებს ხელისუფლების მხრიდან სრული უმოქმედობა ან/და ძალის გამოყენების გაუმართლებელი ლეგიტიმაციის და ნორმალიზების რიტორიკა ახლავს თან (ამ კუთხით, სიმპტომატურია, ახლანდელი შსს-ს მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ჰესების წინააღმდეგობის საპირისპიროდ უფრო მეტ ძალას გამოიყენებდა). ის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური მექანიზმებით არ ცდილობს ადგილობრივი თემში სოციალური უსაფრთხოების და ნდობის გაჩენისთვის საჭირო ძალისხმევის გაწევას.
ხეობაში თვალშისაცემია ადგილობრივების მიგრაციის მზარდი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში ხეობაში შექმნილ კრიზისს და უიმედობას ასევე უნდა უკავშირდებოდეს.
პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები, რომელიც არსებულ სოციალურ ფრუსტრაციას და უნდობლობას დაძლევდა. რეპრესიასა და კონტროლზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, თანასწორობასა და მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემობრუნების შესახებ არა ერთი რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობას არ აღმოაჩნდა ამგვარი პოლიტიკის გატარების პოლიტიკური ნება და რესურსი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პანკისის ხეობის განვითარების გეგმის პროექტიც სხვადასხვა უწყებების რუტინული საქმიანობების კომპილაცია უფროა, ვიდრე რეალურ სოციალურ ცვლილებებზე და პოზიტიურ განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა.
ბოლო წლებში ადგილობრივი აქტივისტები ცდილობენ შეცვალონ თემის სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფების გამოყენებით მართვის პოლიტიკის სტრუქტურა და ის უფრო დემოკრატიული, მონაწილეობითი და ღია გახადონ. თუმცა, იმ პირობებში როდესაც ხელისუფლება მის მიდგომებს ხეობასთან დაკავშირებით არ ცვლის და კვლავ საფრთხის და კონტროლის არადემოკრატიული მექანიზმით ოპერირებს, ადგილობრივი აქტივისტებისთვის სოციალური ცვლილებების მიღწევა რთული ხდება და ცვლილების მიღწევის რწმენის ძალაც სუსტება.
ინსტრუქცია