[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა. ამ საკითხზე 6 ივნისს, EMC-ს ოფისში პრესკონფერენცია ჩატარდა. ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

განაცხადში მოსარჩელეები, დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

ამ საქმეში სიცოცხლის უფლების დარღვევას მოსარჩელეები რამდენიმე პერსპექტივით აყენებენ, მათ შორის:

  1. განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება;
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა. განმცხადებლების მტკიცებით, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თამირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;
  3. დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით, და არა სასწრაფო დახმარების მანქანით;
  4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე.
  5. გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს.

გარდა კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.

ყველა არსებით მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეები უთითებენ, რომ ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ იმ დარღვევებზე, რომელიც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პირადი ცხოვრების შელახვას უკავშირდება, განაცხადი ევროპულ სასამართლოში შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მოგვიანებით დამატებით გაიგზავნება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ კუთხით დავა საერთო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეობს და სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

მაჩალიკაშვილების ოჯახი წელიწად-ნახევარზე მეტია იბრძვის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მართლმსაჯულების მიღწევისა და სიმართლის დადგენისთვის, თუმცა, მათ ძალისხმევას ამ დრომდე სამართლებრივი და პოლიტიკური აღიარება არ მოჰყოლია. ისინი მუდმივად აწყდებიან უგულებელყოფის და დეჰუმანიზების რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან. ამ პირობებში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების აღდგენის ერთადერთ მექანიზმად რჩება.

განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“